მესია

( სიტყვა)

იმედია კარგად გრძნობს თავს. ყველაზე უკეთ მან იცის, რამდენი რამ წყდება დღეს საღამოს. არამარტო მისთვის - ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვისაც. არადა, სულ არ ვარ არგენტინის ქომაგი. დიდად არც არასდროს მომწონდა ეს ნაკრები. უბრალოდ ახლა, როცა ვიცი, რომ მისთვის ეს ბოლო შანსია, მთელი გულით მინდა რუსეთიდან გამარჯვებულები წამოვიდნენ.

   

მე კი არ მესმის, მაგრამ რატომღაც თანამედროვე ფეხბურთში ტიტულებით ფასობ. ხოდა, თუ გვინდა, რომ ჩვენი ჯადოქარი ისტორიაში საუკეთესოდ შემორჩეს, მსოფლიოს ჩემპიონატის თასია საჭირო. დანარჩენი ყველაფერი მოგებული აქვს... რამდენჯერმე, ძალიან ლამაზი გზებით.

   

   

ერთი ქართველი კომენტატორი ციტირებდა არგენტინის წინა მატჩის წაყვანისას - მესისთვის ეს მუნდიალი შუბლზე მიბჯენილი რევოლვერივითააო. ასეთი ზუსტი შეფასება მე არ მომისმენია - პრესა, გულშემატკივრები, სხვისი გულშემატკივრები... უდიდესი ზეწოლაა. და, ნუ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როცა საუკეთესოობაზე გაქვს პრეტენზია. 

 

     

და ყველამ ვიცით, მესის სანაკრებო კარიერა საუკეთესო არაა. უამრავი იმედგაცრუება, წარუმატებლობა და გაუგებრობა. მსოფლიოს ჩემპიონატის წაგებული ფინალი, მათ შორის. ცოტა ხნის წინ ცხელ გულზე ისიც თქვა, ნაკრებიდან წავალო. ამას ემატება მარადონას ფაქტორიც - მეორე ფენომენი არგენტინიდან, რომელმაც ყველაფერთან ერთად მსოფლიოც მოიგო.

   

ხოდა, რჩება ჩვენი გენიოსი ამ დიდი გამოწვევის წინაშე იგუაინთან, სამპაოლისთან და მოწინააღმდეგის 5 მცველთან ერთად. ამ ხუთიდან ხუთივე მესისთან დგას. იციან, იგუაინი გამაზავს. გამაზავს იგუაინი, მაგრამ ‘ჰეითერები’ მესის დასცინიან... "ჰაჰა, გუნდური თამაში მარტომ ვერ მოიგოო."

 

      

ეჰ, მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან.

   

და როგორია, როცა ამ დრამას მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს? რამდენად ფენომენალურიც არ უნდა იყო, პირველ რიგში ადამიანი ხარ.

   

არ ვიცი, არ ვიცი...

   

არ ვიცი დღეს რას ველოდო. რაც არ უნდა მოხდეს, ჩემთვის საუკეთესო კი იქნები, მაგრამ მენანება, ყველა რომ არ გაღიარებს. ვიღაც მაინც იტყვის, მარადონა ან ვინმე ჯობდაო. მინდა, ამის თქმის საფუძველი არ ჰქონდეს.

   

აბა შენ იცი. მჯერა, რევოლვერი არ გაისვრის და იტყვი შენს სათქმელს ამ მუნდიალზე.

 

კომენტარები