5 შემთხვევა, როცა სახელმწიფომ “ვერ” დაგვიცვა

საშიშია, ასე აღარ შეიძლება-მეთქი და თავდაცვის იარაღები გამოვიწერე. წიწაკის სპრეიც აქვე ვიყიდე. ვითომ დამიცავს? ალტ-ინფოელს რომ წიწაკის სპრეი შევასხა, კვახად გადაიქცევა? გასაღებზე ჩამოკიდებული თავდაცვის იარაღები რომ მოვიქნიო, ყველა მოძალადე გაქრება და დედამიწასაც გადავარჩენ? ნწ… ყველაზე ბევრი საკუთარი თავი დავიცვა, ეგეც ყოველთვის ვერა, და სახლამდე მირბენა მივასწრო ხოლმე. 

დაუცველები ვართ. ბევრი მოძალადე და ბევრიც ძალადობის მხარდამჭერია. სადღაც, 2-3 მშვიდობის მტრედი რომაა იმასაც ფრთებს აგლეჯენ და სხვაგან უშვებენ. დაუცველები ვართ ინდიდვიდუალურად და კოლექტიურადაც. ინდივიდუალურად ამ საქმესთან გამკლავება უფრო ადვილია, თუმცა ხშირად ეს ცდაც წარუმატებლობით სრულდება ხოლმე. 

ყოველთვის თუ ვერა, ზოგჯერ სახელმწიფომ უნდა ისახელმწიფოოს, კეთილი ინებოს და დაგვიცვას. აქ წარუმატებლობების გარდა რამე გვინახავს? სახელმწიფოს დიდი როლი აქვს ადამიანის ღირსების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვაში, თუმცა ეს როლი ჯერ კიდევ გაუაზრებელი და მოურგებელია. ხშირია, როდესაც სახელმწიფო არ იცავს ერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. ხოდა, ხუთი ივლისის ერთი წლის თავზე, 5 ამბავი გავიხსენოთ, როდესაც სახელმწიფომ არ დაგვიცვა: 

17 მაისი — 5 ივლისი

ამ ორი დღის ძალადობრივ მოვლენებს შორის 8 წლიანი შუალედი იყო. ლგბტქ+ თემისთვის ეს 8 წელი არც დაცულობისა იყო, არც სოლიდარობის, არც ცნობიერების ამაღლებისა და მით უმეტეს — არც მშვიდობის. 

9 წლის წინ, «თბილისი პრაიდის» პირველად ჩატარების მცდელობისას, სახელმწიფომ ვალდებულება არ შეასრულა, ადამიანების საცემად გამოსული ჯგუფი არ დააშოშმინა, არ დააკავა სახელმწიფომ. ადამიანები კი დაუცველები დარჩნენ. 

გასული წლის 5 ივლისს კი მედიის თანამშრომლებსა და უბრალოდ რენდომ გამვლელებზე ძალადობის წახალისებაში ღირსეული როლი შეასრულა ქვეყნის პრემიერმა. კარგად დაორგანიზებული და მრავალჯერ ტელევიზიით გაჟღერებული გეგმის ცოდნის მიუხედავად, მაშინ სახელმწიფომ არავინ დაიცვა მორგოშიას მუშტისაგან. დაილოცოს ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციას რომ ასე ამშვენებს. 

ნინოწმინდის პანსიონი

ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და მისი კარიც მხოლოდ სასულიერო პირებისთვისაა ღია. მონიტორინგის ჯგუფებს არ უშვებენ. 

გასულ წელს სახალხო დამცველი თითქმის ყველა ანგარიშში ახსენებდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული აღზრდის სტილი და დასჯის მეთოდები ბავშვების საუკეთესო ინტერესს სცდებოდა და მათ უფლებებს არღვევდა. სახელმწიფო უწყებები არაფერს ამბობდნენ ამ ფაქტზე, რაც გასაგებია, როდესაც საპატრიარქო ძალაუფლების წყაროა. 

სახელმწიფომ ვერ დაიცვა 57 ბავშვი პანსიონში. ვერ შეძლო ამ ჩაკეტილი დაწესებულების გახსნა და მცირეწლოვანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მკაცრად კონსერვატორული, ძალადობრივი, სტრესული გარემოსაგან დახსნა. ბავშვების ნაწილმა პანსიონი დიდი ხნის შემდგომ დატოვა, თუმცა მასში ჯერ კიდევ რჩებიან დაუცველი აღსაზრდელები. 

მსხვერპლი ქალები

სახელმწიფო ძალადობისგან ვერ იცავს ქალებს, ვერც უსაფრთხო გარემოს უქმნის მათ და ვერც შესაბამის კანონმდებლობას. სასამართლოც იშვიათად აღიარებს გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს. 

ქალებიც საკუთარი თავის დაცვისა და ამაზონიდან გამოწერილი, თავდაცვის იარაღების ამარა არიან. ინდივიდუალურად უწევთ პრობლემასთან გამკლავება. მათ დასაცავად კი სამოქალაქო სექტორი ბევრად აქტიური და ქმედითია.  

ყოველ წელს ასობით ფაქტი გვაქვს გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობისა. მოძალადეები კი, ძირითადად, ქმრები ან ყოფილი ქმრები არიან. მაგალითად, აქვე, რამდენიმე თვის წინ ქმარმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი მოკლა. რამდენიმე დღის წინაც ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში მოკლა. ფემიციდი და ქალებზე ძალადობა არაა ჩვეულებრივი კრიმინალური ქეისები, რომლებიც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღების დათმობას არ საჭიროებს. 

Who do you call, when the police murders?

დაცვის მაგივრად ბევრი სიცოცხლე შეუწირია პოლიციას: დაშინებით, გაუფრთხილებლობით, თავაშვებულობით, ტერორით… საპოლიციო სისტემა არ გვივარგა.  

პოლიციას, ზოგჯერ პირადი და ზოგჯერაც სხვისი ინტერესით, ხმისთვის აუწევია, ვიღაცასთან სერიოზული ტონი დაუჭერია, სკოლის მოსწავლესთან უხეშად ულაპარაკია და დაუშინებია.  ვერც სკოლაში წასული ლუკა სირაძე დაიცვეს და არც მცდელობა ჰქონიათ — პირიქით. ხელში ჩაიგდებენ სკოლის მოსწავლეებს და ვინ იცის, რას ეუბნებიან. 

სახელმწიფო ვერ გვიცავს პოლიციისაგან, რომელიც ზოგჯერ ყველაზე დიდი მოძალადეა. ვალდებულებისა და სიფრთხილის უგულებელყოფამ ბევრის ცხოვრება შეწყვიტა, განსაკუთებით მაშინ, როცა საქმე აბსურდულ ნარკოპოლიტიკასთან გვქონია. ცოტა ხნის წინაც, ნაროპოლიტიკისა და პოლიციისგან ვერ დაიცვეს ახალგაზრდა. გაურკვეველი ნივთიერების ძირიდან აღებისა თუ გაქცევის გამო დაუცველი დარჩა სისტემასთან. 

დევნილები 

სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვა დევნილები, რომელებიც სანატორიუმის, გაუმართავ შენობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ და ახალი საცხოვრებელი ფართის გადაცემას ითხოვდნენ. 

დევნილებს არ ელაპარაკებოდნენ, მით უმეტეს, პრობლემის მოგვარებაზე არ ზრუნავდნენ და ვერც ადამიანი დაიცვეს პროტესტის უკიდურესი ფორმისგან. 

დაცულები რომ ვიყოთ, ჩვენთან ერთად სახელმწოფომაც უნდა იზრუნოს, თავისივე ფუნქცია უნდა შეასრულოს. დაცულობის შეგრძნება არ გვაქვს, ძალიან ხმამაღლა თუ იყვირებ და ბევრს გააგებინებ, მერე შეიძლება კეთილი ნება გამოიჩინონ და ყურადღება მოგაქციონ, ესეც იშვიათად. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ საკუთარი თავდაცვის კაპიტალის იმედი უნდა გვქონდეს. სანამ ხელისუფალნი ვერ მიხვდებიან, რომ უბრალო საჯარო სამსახურში არ მუშაობენ, 9-დან 6-მდე, ისევ  თავდაცვის იარაღების გამოწერას გირჩევ.