3 კბილი ნიორი VS ერთი ფუტკარი

( სიტყვა)

ილუსტრატორი: მარიამ (ლომსკი) ლომიძე


რა შუაშია 3 კბილი ნიორი პატიოსან ფუტკართან? და ეს ყველაფერი კიდევ - კანონებთან? ჩვენს ქვეყანაში 700-ზე მეტი კანონი მოქმედებს, რომელთა არც ისე პატარა ნაწილი სრულიადაც არ აღემატება ლოგიკურობით ამ სტატიის სათაურს.

  

მხოლოდ თქვენთვის, მე მოვიძიე ისეთი კანონები, რომლებიც გაგვაოცებს კანონმდებლის გონებამახვილობით, ლოგიკურობითა და გამჭრიახობით.

  

მაშ ასე, დავიწყოთ!

   

 

ფუტკართან ყველა ტყუისო?

ძალიან მაგარია, როდესაც შენი ქვეყანა მეფუტკრეობის განვითარებაზე ზრუნავს და ცალკე გამოსცემს „კანონს მეფუტკრეობის შესახებ“, თუმცა სანამ საკითხში ღრმად შევალთ, განმარტება გვჭირდება, ხომ უნდა ვიცოდეთ, რა არის დედა ფუტკარი, რა არის სკა და ასე შემდეგ. კანონმდებელიც არ იბნევა და ამაყად:

    

მუხლი 3. დედა ფუტკარი - მდედრობით სქესის ფუტკარი, რომელსაც განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები.

   

ძალიან მარტივია, ავიყვანთ ხელში ფუტკარს, შევამოწმებთ მის სქესს, შემდეგ შევამოწმებთ თუ როგორ აქვს მას განვითარებული სასქესო ორგანოები და დავასკვნით, არის თუ არა ის დედა ფუტკარი. კანონი არ გვთავაზობს სასქესო ორგანოთა შემოწმების მეთოდოლოგიას, თუმცა ამას ჩვენითაც მოვაგვარებთ. აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი აგრეთვე ზრუნავს ფუტკრების ქართველობის შენარჩუნებაზე (მაგათ მაინც არ წაართვან ქართველობა):

  

მუხლი 4.1. ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის უკან დაბრუნება.

  

ეჰ, ასე მოითხოვს სამშობლო, რომელ ქვეყანაშიც დაიდგამ სკას, იმ ქვეყანას უნდა ემსახურო ბოლომდე, ხოლო თუ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები უძღები შვილი.

    

 

 

ცოტა მარილიც დაამატე, თორემ დაგვიჭერენ

ძალიან გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სამინისტროს მიერ დამტკიცებული დიეტების შესახებ ნორმატიული აქტი გვაქვს და დავიწყე მისი კითხვა. საკმაოდ სასარგებლო და სასიამოვნო რაღაცები აღმოვაჩინე, თუმცა როცა 49-ე მუხლს მივადექი, გულმა რეჩხი მიყო:

      

მუხლი 59.2. ხაშის დამზადების წესი ასეთია 

  

საქონლის კარგად გასუფთავებულ და გარეცხილ ჩლიქებსა და ფაშვს დაჭრიან, ათავსებენ ალუმინის ჭურჭელში და წამოადუღებენ, ნახარშს გადააქცევენ. შემდეგ კვლავ უმატებენ წყალს 1:3 თანაფარდობით (მოსახარში მასალის 1 კგ-ს უმატებენ 3 ლიტრ წყალს), ხარშავენ თვდახურულ ჭურჭელში საშუალოდ 6-7 საათს. უმატებენ 3 გ ნიორს და მარილს გემოვნებით.

   

თუ ხაში გიჭამიათ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ გამოთქმა „გემოვნებაზე არ კამათობენ“ მას არ ეხება. ყველაზე მეტი კამათი სწორედ ხაშიც ნივრიანობაზე შეიძლება. თუმცა, კანონმდებელს ეყო თავხედობა და გადაგვიწყვიტა, რომ ჭეშმარიტი სწორედ ის ხაშია, რომელსაც 3 გრამი (არც 2.5, არც 4) ნიორი ექნება. მადლობა!

   

ასევე, კანონი სამუდამოდ წყვეტს დავას ლუარსაბსა და დარეჯანს შესახებ და გვთავაზობს ჩიხირთმის რეცეპტსაც:

   

მუხლი 59.3. ჩიხირთმის დამზადების წესი:

  

მსუქან ქათმის ხორცს ჭრიან ასო-ასოდ და შუშავენ ნელ ცეცხლზე ხორცის შეფერადებამდე, უმატებენ ხახვს და წვრილად დაჭრილ ქინძს. კერძს ხარშავენ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაყრიან მარილს და უმატებენ 2 ლ წყალს. ადუღებენ ხორცის მოხარშვამდე. ნახარშს ასქელებენ ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და ადუღებენ. კარგად ათქვეფილ 4 კვერცხის გულს ალესავენ ღვინის ძმარში და ასხამენ უკვე ცეცხლიდან გადმოდგმულ წვნიანში.

    

კანონი ბევრ სხვა სიურპრიზსაც გვთავაზობს, როგორიცაა არტალას დამზადების წესი, ეკალას, ღანძილის, ან გოგრის ფაფის რეცეპტი. გირჩევთ ნახოთ ეს კანონი და პირდად გაეცნოთ მას. დამიჯერეთ, არ ინანებთ.

    

 

     

დედის ძუძუ ჯობია!

კანონი, რომელმაც გადაატრიალა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო, „კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის“ და კიდევ რაღაცების შესახებ. იურისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ „სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა“, ამიტომ პირდაპირ კანონით ახდენენ ბუნებრივი კვების პროპაგანდას და ხელს უშლიან ხელოვნური საკვების გამავრცელებლებს.

      

მუხლი 6. ბავშვთა საწოვარების მწარმოებლებს და გამსაღებლებს ეკრძალებათ, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვარიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყაურების შეთავაზების მიზნით, ნებისმიერი კონტაქტის დამყარება ორსულ ან ჩვილბავშვიან ქალებთან, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებთან, უშუალოდ, ან მესამე პირის დახმარებით, წერილობით, ფოსტით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

აგრეთვე კანონმდებელი ზრუნავს, რომ დედებმა ეტიკეტზევე ამოიკითხონ საჭირო ინფორმაცია:

   

მუხლი 21.2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ეტიკეტზე, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთი მასალის ეტიკეტზე მთავრული ასოებით უნდა აღინიშნოს შემდეგი წინადადება:

    

ა) „ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია“;

   

ვფიქრობ, სჯობს ეტიკეტზე მსგავსი წარწერებიც იყოს:


- მართლა დედის ძუძუ სჯობია (სიმღერით წასაკითხად).
- არ შეჩერდე! წაუდედისძუძუე!
- დაიღალე? მოგშივდა? დედის ძუძუ დაგეხმარება!
- გაქვს შესვენება? მიირთვი დედის ძუძუ!  
   

სხვა ვარიანტები შეგიძლიათ კომენტარებში შემოგვთავაზოთ.

     

      

ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!

ბოლო და ჩემი ფავორიტი:

  

ადამიანებს სხვადასხვა რაღაცების ეშინიათ: გველების, ობობების, სიბნელის, დახურული სივრცის, ფინალური გამოცდების და ა.შ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კანონი არ გვეხმარება ამ შიშების დამარცხებაში. თუმცა ჰექსაკოსიოჰექსეკონტაჰექსაფობები გამონაკლისები არიან. სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია მათი რაოდენობა, ადამიანებისა, რომელთაც ეშინიათ სამი 6-იანის. სახელმწიფომაც რა ქნას, დგება და კრძალავს პირად ნომერში სამი ცალი ექვსიანის ერთად მოხვედრას:

   

საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანება, მუხლი 14.5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99- მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

   

კანონის კითხვა არც ისე მოსაწყენი საქმეა, მთავარია როგორი განწყობით მიუდგებით მას.

კომენტარები