ვინ და რატომ იდგა 12 მაისის აქციაზე

( სიტყვა)

ფოტოს ავტორი: დავიდ სარქისოვი

  

ნარკომანები, გასულები, უსაქმურები, უცოდინრები - მაისის აქციებში მონაწილე ადამიანებს სხვადასხვა იარლიყი არაერთხელ მიაკერეს. ამბობდნენ, რომ მათ ადარდებთ მხოლოდ ნარკოტიკის ლეგალიზაცია, აინტერესებთ მხოლოდ კლუბური ცხოვრება და სხვა არაფერი. 

 

imitom.ge დაინტერესდა, ვინ და რატომ იდგა მაისის აქციებზე:

 

*  *  * 

 

 

მაია ცირამუა, 50 წლის, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი: 

"აქ იმისთვის, მოვედი, რომ მოვუწოდო ჩემი თაობის ადამიანებს - დადგნენ ამ ახალგაზრდების გვერდით, რომელბსაც აქვთ სრულიად ჯანსაღი პროტესტი მათი უფლებების შელახვის გამო. ასევე მოვედი იმისთვის რომ ვუთხრა ხელისუფლებას - ისინი იქ არ იბრძვიან სადაც უნდა იბრძოდნენ, ანუ პრობლემა სულ სხვაგან არის. აქ იმისთვისაც მოვედი, რომ მადლობა ვუთხრა ახალგაზრდებს პროტესტის სრულიად ახლებული ფორმატისთვის - ცეკვით პროტესტის გამოხატვისთვის."

 

*  *  *

  

ბესო კუნელაური, 29 წლის, რედაქტორის მოადგილე:

"ღამის ცხოვრება არ მაინტერესებს, მაგრამ აქ მაინც მოვედი, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ჩემი უფლებები შეილახა. დღეს აქ თუ არ ვიდგები, ხვალ გადამივლიან თავზე მეც, ჩემს შვილებსაც, ჩემს დასაც. ეს თუ შერჩათ, მერე კიდეც ბევრი რამე შერჩებათ." 

 

*  *  *

    

დემეტრე ერგემლიძე, 27 წლის, წამყვანი:

"აქ მოვედი იმიტომ რომ ბოლო წლებია რეალურად ქართველ ახალგაზრდობას ყველგან უხტებიან, უხტებიან საკუთარ საძინებლებში, სოციალურ ქსელში, უხტებიან კლუბებში და რეალურად აღარ რჩება ადგილი სადაც ადამიან თავს თავისუფლად იგრძნობს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა ან შევიწროვება როგორ მთავრდება ხოლმე. ეს არასდროს მთავრდება კარგად იმიტომ რომ ადამიანი შინაგანადაა თავისუფალი არსება და მას სჭირდება თავისუფალი გარემო.

 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციაზე ჩემ მოსვლას, ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს 12 მაისის ღამეს როცა ამბეიბი მოხდა თბილისში დედაჩემთან ორი სასწრაფო იყო მისული. მან იცოდა რომ ვმუშაობდი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ხანდხან თავისუფალი დროის გატარებას გალერიში ან ბასიანზე ვამჯობინებ. მე მოვედი აქ იმიტომ რომ მინდა ვიპოვნო ადამიანი ერთი, ვინმე პასუხიმგებელი პირი რომელიც მივა დედაჩემთან და ეტყვის, რომ მე დემეტრეს კი არ დავსდევ, არამედ დავდევ ვიღაც სხვებს, დამნაშავეებს. მინდა, რომ ეს სტიგმა რომელიც არსებობს ჩვენი თაობის მიმართ, რაც შეიძება მალე მოიხსნას."

 

*  *  *

  

ნინო კვირიკაშვილი (კვირა), 44 წლის, ჟურნალისტი:

"2007 წლის 7 ნოემბერს იმედში ვმუშაობდი და ვიცი რა არის, როდესაც შენს სივრცეში სპეცრაზმი შემოდის. ასეთ დროს თანადგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მოვედი. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ეს არის აქცია თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთთვის. ის ადამინები, რომლებსაც ვიცნობ და ვის იდეებსაც ვიზიარებ ზუსტად ვიცი, რომ ნარკორეალიზატორებს კი არა, იმ ღირებულებებს იცავენ, რომლებსაც მე. შესაბამისად აქ მოვედი თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად. 

 

ეს ადგილი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველ აქციაზეც აქ ვიყავი - 9 აპრილს. ქვეყანაში რაც კი საჭირბოროტო საკითხია ყველა აქ წყდება. და კიდევ ერთი, პროტესტი ცეკვით, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ, ეს იყო ალბათ ელექტორნული რევოლუცია, სრულიად ახალი სიტყვა ქართული პროტესტის ისტორიაში."

  

*  *  *

 

 

ქეთი ქავთარაძე, 28 წლის, სარეკლამო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:

"დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ ვგრძნობ თავს თავისუფლება-შეზღუდულად, იმიტომ, რომ სახელმწიფოს „ბრძოლა“ ნარკოდანაშაულთან არის მხოლოდ ძალის დემონსტრირება, მხოლოდ კუნთების თამაში. სამწუხარო რეალობა ჩემთვის არის ის, რომ ამ ყველაფერს ნიღბავენ როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ფორმა მისაღები გახდეს. ჩემი სურვილია, რომ აქ ყოფნით დავაფიქსირო: მე არ ვეთანხმები სახელმწიფოს ასეთ ნაბიჯებს და მინდა, რომ თავისუფლების ასეთი დოზით შეზღუდვა უბრალოდ აღარ გაგრძელდეს."

 

*  *  *

 

 

მერაბ თაფლიძე, 17 წლის, აბიტურიენტი:

"დღეს იმისთვის მოვედი რომ შევუერთდე აქციის მონაწილეებს ჩემი პროტესტის გამოსახატავად. პოლიციელებმა ძალიან უხეშად იმოქმედეს 12 მაისს ბასიანში მყოფ სტუმრებზე და მეც მოვედი აქ რომ ყველასთან ერთად ეს ქმედება გამეპროტესტებინა. ჩემი აზრით ეს ხალხი აქ იმისთვის დგას, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან და პროტესტი გამოთქვან მთავრობის მიმართ, მათი უხეში ქმედებების მიმართ და ჩვენი უფლებების შელახვის გამო."

 

*  *  *

 

 

ქეთი ლობჟანიძე, 35 წლის, ტრენერი:

"მოვედი იმიტომ, რომ ვფიქრობ, ადამიანებს ძალადობრივი მეთოდით ვერაფერს ასწავლი და შეაგნებინებ. მგონია, რომ აქ თავისუფლების დასაცავად ვარ, იმისთვის, რომ ვიცხოვრო როგორც მინდა, ვიარო სადაც მინდა. ასეთივე ალბათობით შეიძლება შემომივარდნენ ბიბლუს გალერიში, სადაც წიგნს ვკითხულობ. ამიტომ წარმოუდგენელია ასეთი მეთოდით ბრძოლა ნარკოდილერებთან. კი, მათთან ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ არა კლუბში - არა იქ, სადაც ახალგაზრდები საცეკვაოდ დადიან. მოვედი აქ ყვავილებით იმიტომ, რომ ეს არის მშვიდობის გამოხატულება და მგონია, რომ აქაც სწორედ ასეთი ხალხია. ეს ჩვენგან განსხვავებული ახალი თაობაა ბევრად უფრო გახსნილი გონებით ინტელექტით და შესაძლებლობებით და ამის შეზღუდვა არ შეიძლება."

ავტორი

იმიტომ

კომენტარები