Mother of Dragon

( სიტყვა)

წინა ზაფხულს, მაცივრის ხელოსანი გამოვიძახეთ, კარზე ზარის გაგონებისას ჩემს შვილს გაქცევას ვერავინ ასწრებს, ახლაც პირველი გამოცხადდა პოსტზე.  გავაღეთ - ხელსაწყოებით შეიარაღებული ასაკოვანი კაცი რამდენიმე წამი გვათვალიერებდა, მერე ისე, რომ არცერთისთვის არ მიუპყრია მზერა, ერთბაშად გაისროლა - ბავშვებო, მაცივრის გასაკეთებლად ვარ მოსული და იქნებ უფროსს დაუძახოთო. ისე დავიბენი, მართლა ვაპირებდი დედის დაძახებას, მაგრამ  დედაც მე ვარ და ის „უფროსიც“ მე გამოვდიოდი ჰოდა მორიდებულად შემოვიპატიჟე.

    

არა, 16 წლის არ ვარ, 20 წლისამ გავაჩინე, ვიცი ზოგიერთის ბებია ან დედა ჩემხელა 3 შვილს ზრდიდა და „ოჯახს უძღვებოდა“ მაგრამ ჯერ კიდევ ცოტახნის წინ საკუთარ ოთახს რომ არ ალაგებდა და მამა დღესაც ციყვს ეძახის, იმ გოგოსთვის, საკუთარი გოგოს ყოლა ცოტა რთული აღმოჩნდა.

     

ახალბედა დედის ცხოვრებას სიტყვა „მოლოდინი“ ყველაზე უკეთ აღწერს. ჯერ 9 თვე ელოდები რომ ბოლო-ბოლო გამოძვრება „დამპყრობელი“ და ყველაფერი მორჩება,_ მოხერხებულად დაწვები, დასიებულ ფეხებს საყვარელ ფეხსაცმელს მოარგებ, შარდის ბუშტთან აღარ შეათანხმებ სიცილის და ცემინების ხარისხს..

     

რომ გამოძვრა და გგონია დაისვენებ, ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება..

    

პირველი სამი თვე დანაღმულ ველზე ცხოვრებას გავს, თითისწვერებზე ცხოვრობ, ახლადგამოჩეკილი გენერალი კი გაურკვეველი მიზეზებით გაჰკივის…

       

 

ის ტიპი არასდროს ვყოფილვარ, ყველა პატარას ჩასაყლაპად რომ დასდევს, ბავშვები კი მიყვარდა, ოღონდ სხვისი და ისიც ცოტახნით, შენ რომ გაეთამაშები და დედამისი უვლის. მოკლედ დედა ისე გავხდი, არ ვიცოდი წინ რა მელოდა. არც ორსულობისას ნაყიდი წიგნი დამხმარებია, ახალბედა მშობლებს პატარასთან მოპყრობას რომ ასწავლის. იქ ნამდვილად არ ეწერა, რომ ბავშვები სულ ტირიან. არა, რომ ტიროდნენ ვიცოდი, მაგრამ სულ?? ჰო, კიდევ ხშირად აღებინებენ, უფროსწორედ შენზე აღებინებენ. გაწიწკნიან თმას, საერთოდ არ სძინავთ, ან ძალიან ცოტა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ გაგაღვიძეს. არაფერი წერია იმაზე, რომ გაჩენის შემდეგ პათოლოგიური შიშები გიპყრობს, სამი წუთით ჩაძინებულს ხელს ცხვირზე აფარებ, რომ დარწმუნდე სუნთქავს, მერე იმას ეღვიძება და ისევ გაუთავებელი სირენა ირთვება, რომელიც ყველგან გესმის, აბაზანაში, ეზოში, სტუმრად... ხან ყური სტკივა, ხან მუცელი ზოგჯერ ერთედ. უკვე მერამდენედ ურეკავ ექიმს, რომელიც დაუღლავად განუგეშებს დარეფრენებული ფრაზით - 3 თვის შემდეგ შეიცვლება... არ დაიჯეროთ! ყველაზე "მშვენიერი" ჯერ წინაა, როცა სასიცოცხლო ენერგია უკვე გამოგეცალა, სწორედ მაშინ იწყება კბილების ამოსვლა, ისევ ტირილი, შიში, ნარწყევთან ერთად ახლა დორბლიც გისვია და ის ფაფაც, დიდი მონდომებით რომ უხარშავდი. ხანდახან მეგონა რომ ეს ბავშვი, რომელიც 9 თვე ჩემს სხეულს შემოხიზნული ვატარე, სხვისია, ან მძინავს და გაღვიძებისას დედა ყავას დამახვედრებს სამზარეულოში. არ გეგონოთ რომ რამეს ვნანობ, არა! მას შემდეგ, რაც ჩემს სხეულში ჩასახლებული გულისცემა პირველად მოვისმინე არასდროს მინანია, უბრალოდ შეგუება რთული იყო.

       

გამოცდილები გამშვიდებენ - მალე გაივლის და სიმძიმის თრევისგან დაგრძელებულ კიდურებსაც საშველი დაადგება, „რას ამბობ ისე მალე იზრდებიან ბავშვები“, ცოტაც და ილაპარაკებს, ცოტაც და დაჭკვიანდება... ეს მალე კი უსასრულოდ იწელება, მაგრამ იმედი ხომ გაქვს?! ჰოდა შენც ელოდები..

       

პირველად როდის დავათვალიერე სარკეში საკუთარი გამოსახულება არ ვიცი, მაგრამ ნებაზე მიშვებული წარბის და მოუწესრიგებელი სახის ნახვა არ გამხარებია. სასწრაფოდ დავტოვე დედასთან და გავიქეცი.. სალონის შემდეგ ბედნიერი დავბრუნდი, აღარც ტირილი მაღიზიანებდა, არც ხმაური. ძალიან რთულია ყველაფერი წესრიგში გქონდეს, მაგრამ საკუთარი თავის დავიწყება ყველაზე დიდი შეცდომა მგონია, რასაც დედები ვუშვებთ, თვითკმაყოფილება პირდაპირ აისახება განწყობაზე. ბავშვის აღზრდისთვის, მხოლოდ პამპერსები და გემრიელი საჭმელი არ კმარა, მათ ბედნიერება სჭირდებათ, მუდამ დაღლილი და მოწყენილი დედა კი გაღიმებასაც რთულად მოახერხებს...

     

ამ გოგომდე არ ვიცოდი, როგორია მოუშორებელი დარდი, რომელიც ყველგან თან დაგყვება და არასოდეს მთავრდება.  მიუხედავად იმისა, რომ აღარასოდეს ვიქნები ისეთი უდარდელი, ვიცი რომ წინ უნდა ვიყურო, ვაგრძელებ სწავლას და ახლა ორმაგად ჩაშავებული და კონილერით კარგად გაფერადებული თვალის უპეებით, ვუვლი ბავშვს, ვსწავლობ და ვმუშაობ. შფოთთან ერთად ცხოვრებამ უფრო აქტიური გამხადა, მეტად დავაფასე დროც, რომელიც აქამდე არასდროს მყოფნიდა. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს თავისი ბენეფიტებიც აღმოაჩნდა, დედლაინის დაგვიანებისას, ბებია ბაბუის საიქიოში გასტუმრება აღარაა საჭირო, ცალ ხელში ატირებული ბავშვის ყოლაც საკმარისი მიზეზია რომ შეგინდონ.

     

ჩემი პატარა დრაკონი, ნელ-ნელა იზრდება, მეც აღარ ვარ შეშინებული პატარა, Now  I’m a mother of dragon and I’m ready to conquer the world <3

    

კომენტარები