გამიჯნურების ფილოსოფია, ანუ ქრაშინგის პერიპეტიები

( სიტყვა)

"ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა."


 
სავარაუდოდ ტარიელის ადგილას ბევრი ჩვენგანი ყოფილა, ბევრ ჩვენგანს ჰყოლია არარაციონალური ტრფობის ობიექტი და გაგვჭირვებია მიხვედრა, რატომ ხდება ასე. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, უხვქრაშიანი და მრავალი ემოციური ეიფორიისა და მენტალური დაცემის შემდეგ გადავწყვიტე გამერკვია, სად იყო დამარხული ძაღლის თავი. კვლევის შედეგები საინტერესო აღმოჩნდა.

 
როგორ ხდება გამიჯნურება (დაქრაშვა)?

 
გამიჯნურების დროს, ჩვენი ტვინის ლიმბური ნაწილი ჩვენს სექსუალურ ლტოლვას კონკრეტული ადამიანისადმი დამოკიდებულებად გარდაქმნის. რატომ? იმიტომ, რომ ტვინის ამ ნაწილს სჭირდება დოფამინი, ბედნიერების ჰორმონი, მისი მიღების ყველაზე მარტივი გზა კი სექსია. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია გულის მუშაობაზე, სუნთქვაზე და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებზე. აგრეთვე სწორედ მისი "დამსახურებაა" დამოკიდებულება ტკბილეულზე, გართობაზე და ნარკოტიკებზე. გამიჯნურებულის მკურნალობა სწორედ ნარკომომხმარებლის მკურნალობას ჰგავს.

საინტერესოა ფაქტი, რომ ტვინის ეს ნაწილი ცხოველებსაც აქვთ, თუმცა ისინი არ მიჯნურდებიან. ჩვენგან განსხვავებით მათ არ გააჩნიათ ე.წ. "კორტექსი", ტვინის ნაწილი რომელიც რაციონალურად მოქცევას გვაიძულებს, ამიტომ ცხოველები პირდაპირ იკმაყოფილებენ საკუთარ ლტოლვას.

 
ვისზე(დ) შეიძლება გავმიჯნურდეთ?

 

საინტერესო და არც ისე სასიამოვნო ამბავი: ჩვენი ტვინის ლიმბური ნაწილის ევოლუცია არ ხდება! შესაბამისად ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ორი მილიონი წლის წინ. სწორედ ამიტომ, გამიჯნურების არაცნობიერი მიზეზი შეიძლება იყოს პოტენციური პარტნიორის სიმდიდრე, ძალა ან სექსუალურობა. გილოცავთ, აიხსნა ჩვენი არარაციონალური გამიჯნურების საიდუმლო!

 
და რა ვქნათ?

 
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გავარკვიოთ, რა ტიპის მიჯნურობა დაგვატყდა თავს. შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ტიპი:

 
მეგობრული მიჯნურობა - მეგობართან ძალიან დაახლოება, მასთან დიდი დროის გატარების სურვილი შეიძლება აგვერიოს რომანტიულ გრძნობებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მძაფრი ემოცია არ არის აუცილებლად რომანტიული.

 

გაკერპება - ხშირად, ადამიანისგან ვქმნით კერპს, რომელსაც თაყვანს ვცემთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რეალისტურად ვაფასებდეთ ჩვენს გულისსწორს და ვიაზრებთ მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს.

 

მომენტალური მიჯნურობა - ასეთი ტიპის გამიჯნურება დიდხანს არ გრძელდება, ჩვენი კორტექსი მარტივად იაზრებს გრძნობის ირაციონალურობას და სულ მალე ყველაფერი მთავრდება.

 

რომანტიული მიჯნური - ასეთი ტიპის გამიჯნურება გრძელვადიანია და გონება ვერაფერს აკლებს. თუ ხშირად წარმოიდგენთ თავს გულისსწორთან ერთად რომანტიულ სიტუაციებში, სავარაუდოდ სწორედ ამ ტიპის მიჯნური ბრძანდებით.

იმის გასარკვევად, თუ რომელი ტიპის მიჯნურობა დაგატყდათ თავს, შეგიძლიათ სახელდახელო ქვიზიც გააკეთოთ:

 
და თუ გავიდა ოთხ თვეზე მეტი, ნათლად ხედავთ ამ ადამიანის უარყოფით მხარეებს და მაინც გინდათ მასთან რომანტიული ურთიერთობა, ვერ წყვეტთ მასზე ფიქრს და თავს კომფორტულად გრძნობთ, გილოცავთ, თქვენ ის იპოვეთ!

 

 

 

პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა


ახლა ცოტა პირად გამოცდილებაზეც მოგიყვებით. პირველი ადამიანი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, არის ტომი. ტომი ჩვეულებრივი, გარეგნობის გარდა არაფრით გამორჩეული გოგო იყო, როდესაც პირველად შევეჩეხე და გავმიჯნურდი. სიტყვაში "გავმიჯნურდი" ვგულისხმობ დოფამინის უწყვეტ ნაკადს მასზე ფიქრისას, სრულიად ირაციონალურ ქცევას მისი დანახვისას და ექსტრემალურად გაზრდილ პროდუქტიულობას, იმისთვის, რომ რამე შეემჩნია. წლინახევრიანი წვალებისა და პირველი კომუნიკაციის შემდეგ გავიაზრე, რომ ტომი სულ არ ყოფილა ისეთი, როგორიც წარმომედგინა. ჩემთვის არასასურველი ღირებულებები, ხასიათი და ა.შ. ეწინააღმდეგოდა იმ კერპს, რომელიც მყავდა შექმნილი. "სულ რაღაც" ორ წელიწადში თამაში დამთავრდა. აქვე რჩევა: თუ გინდათ, საკუთარი შექმნილი კერპის ტყვეობაში არ მოექცეთ, კრიტიკული თვალით შეხედეთ თქვენს გულისსწორს და ეცადეთ მოუძებნოთ რაც შეიძლება მეტი კარგი და ცუდი თვისება. ეს დაგეხმარებათ რეალური სურათის შექმნაში.

 
მომენტალური მიჯნურობა, ჩვენნაირი, უხვქრაშიანი ადამიანებისთვის, ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას. მოკლევადიანი გულისსწორი მარტივად შეიძლება ვიპოვოთ ბანაკებში, არდადეგებზე და სხვა მოკლევადიან სიტუაციებში, თუმცა როგორც კი ასეთი სიტუაცია დასრულდება, ურთიერთობა თანდათან ან ერთბაშად კარგავს ხიბლს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ თავს ძალა დაატანოთ და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ გულისსწორთან, ცხოვრება ხომ მომენტია და სავარაუდოდ სხვა დროს ერთმანეთს საერთოდ ვეღარ შეხვდებით.

  

საინტერესო შემთხვევაა მეგობრული მიჯნურობა: ადამიანი, რომელიც დიდი ხანია შენს გვერდითაა, შენთვის უეცრად მნიშვნელოვანი ხდება. ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი ცოტაოდენი ლოდინი და კრიტიკულად აზროვნებაა, თუ საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ გინდათ იყოთ მეგობარზე მეტი ამ ადამიანისთვის, იმოქმედეთ!

    

რაც შეეხება რომანტიულ ქრაშს, თუ უკვე დიდი დრო გავიდა, სიტუაციას რაციონალურად იაზრებთ, ერთმანეთს ემოციურად ეწყობით და თავს ბედნიერად გრძნობთ, არ მისცეთ თქვენს ეჭვებს საშუალება დაანგრიონ თქვენი კომფორტი!

 

კომენტარები