საპრეზიდენტო არჩევნები - მკიდია, არ მკიდია?

( სიტყვა)

რამდენიმე თვეში ახალი პრეზიდენტი უნდა გვყავდეს. ალბათ გვიფიქრია, ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის პირველი პირი და რისი გაკეთება შეუძლია. შეიძლება ფავორიტი კანდიდატიც გვყავს და გვინდა მალე პრეზიდენტად ვიხილოთ.... ან კიდევ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოება მხოლოდ მომაბეზრებელი საარჩევნო რეკლამებიდან, სასაცილო დაპირებებიდან და ბილბორდზე გაბრტყელებული კანდიდატების მომღიმარი სახეებიდან გავიგეთ.

 

ვიცი, რომ საარჩევნო სისტემა უკვე წლებია ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნები ქვეყნის მართვაში მონაწილეობის ის შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. თუ ჩვენ ცვლილებებს მოვითხოვთ და ველით სიახლეებს, არჩევნები საუკეთესო საშუალებაა ამის გამოსახატავად. თუმცა, ჩვენი ტოლების დიდ ნაწილს უბრალოდ "კიდია" არჩევნებიც, პოლიტიკაც, ქვეყნის პირველი და მეორე პირიც. მათ ყოველდღე მოუწოდებენ ტელევიზორიდან, ფეისბუქიდან, უთოდან, ავტობუსზე გაკრული პლაკატიდან: მოდი არჩევნებზე, გააკეთე სწორი არჩევანი, აირჩიე საკუთარი მომავალი და ა.შ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს მოწოდებები არც ისე ეფექტიანია. ხომ არ აჯობებს, რომ თავად მათ მოვუსმინოთ? სანამ ამას კანდიდატები გააკეთებენ (ან იქნებ კიდეც აკეთებენ, ვინ იცის ?!) გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩავატარო და ჩემი სამეგობროდან ის ხალხი გამოვკითხო, ვისაც არჩევნები ყველაზე მეტად კიდია, მოვისმინო მათი მთავარი არგუმენტები მერე კი შეძლებისდაგვარად გავაბათილო ისინი.

 

 

 

რატი, 19 წლის, სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში

კიდია არჩევნები იმიტომ, რომ - "მისი ხმა ვერაფერს გადაწყვეტს"

 
"ახლა რაშია საქმე: პრეზიდენტის არჩევნებზე რომ მივიდე, უნდა დავკარგო ჩემი დროის დაახლოებით 2 საათი. თან დასვენების დღეს, როცა შემეძლო ეგ დრო ბევრად პროდუქტიულად გამომეყენებინა. შანსი იმისა რომ ჩემმა ერთმა ხმამ რაიმე გადაწყვიტოს ცოტაა და თუ გადაწყვიტა, შანსი იმისა რომ ჩემ მიერ არჩეულმა კანდიდატმა პირადად ჩემი ცხოვრება გააუმჯობესოს მიზერულია. ჰოდა მითხარი, რატომ უნდა დავკარგო ეს დრო ტიპისთვის, რომელიც საჩემოს, დიდი ალბათობით, ვერაფერს გააკეთებს. მარტივი მათემატიკაა: უქმე დღის რამდენიმე საათისგან მიღებული მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება მაგ დროის ალტერნატიულ ღირებულებას - თითქმის ნულოვან შანსს, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დადებითისკენ შეიცვალოს. ამიტომ, მგონია, რომ არჩევნებზე სიარული, თუ რაიმე დამატებითი სტიმული არ არის, არაეფექტიანია"

*  *  *

 

 

 

მოსაზრება "ჩემი ხმა ვერაფერს გადაწყვეტს", ვფიქრობ, არარელევანტურია, მაშინ, როცა მრავლად გვაქვს იმის მაგალითები, რომ ერთ ხმას გადაუწყვეტია გამარჯვებულის ბედი. მაგალითად:

 

  • 1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისის კონტროლი მოუტანა;
  • 1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯა დაუჯდა;
  • 1776 წელს ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა;
  • 1845 წელს ერთმა ხმამ გადაწყვიტა ტეხასის შტატების შემადგენლობაში შესვლა;
  • 1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ანდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს;
  • 1876 წელს ერთი ხმით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი;
  • 1924 წელს ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი;

პრეცედენტები გვაქვს საქართველოშიც:

 

  • 1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის მაჟორიტარული არჩევნები;
  • 2017 წელს ერთი ხმის წყალობით თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა;
  • 2017 წელს ერთი ხმით აჯობა ლერი კვიციანმა ოპონენტს და მესტიის საკრებულოს დეპუტატი გახდა;

შეიძლება ძნელი გასააზრებელია, რომ "ერთი ხმა ძალაა", თუმცა ფაქტები სხვას მეტყველებენ.

 

*  *  *

რაც შეეხება იმას, რომ პიროვნული სარგებელი არ იქნება პრეზიდენტის არჩევით, არ მგონია სწორი მიდგომა, რადგან პრეზიდენტი თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში უფლებამოსილია იყოს საქართველოს სახელმწიფო მეთური და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. ამასთან ერთად, პრეზიდენტი წარმოადგენდეს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, შეუძლია ნებისმიერ კანონპროექტს ვეტო დაადოს, დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და ა.შ.

    

შეიძლება მართალია, რომ პრეზიდენტი პიროვნულ სარგებელს ვერ მოგვიტანს, თუმცა პიროვნული ზიანის მოტანა ნამდვილად შეუძლია ჩვენი თავისუფლების შემლახავი კანონების ხელმოწერით, ჯარში გაწვევით, ფაშისტი მოსამართლეების დანიშვნით, რუსეთთან კოლაბორაციული პოლიტიკის გატარებით და ა.შ.

    

თუ ვინმესთვის ამის გააზრების შემდეგაც სულ ერთი ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან პიროვნულ სარგებელს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოუტანს, მაშინ ვფიქრობ, ეს ადამიანი ღირსი იქნება თუნდაც ერთი დღე იცხოვროს იმ საქართველოში, რომლის სახელმწიფო მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი ბატონი სანდრო ბრეგაძეა, მრჩევლები კი კორკოტა, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია.

 

 

 

    

ალექსანდრე, 18 წლის, სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებებზე

არჩევნები კიდია იმიტომ, რომ "მისთვის სასურველ კანდიდატს ნაკლები შანსი აქვს"

   

"არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ რომელიმე კანდიდატი მომეწონება და ჩავთვლი, რომ რეალური შანსი ექნება. თუ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის იდეოლოგიური სხვაობა მკაფიო არ იქნა და არ გამოიკვეთა კანდიდატი, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური მხარდაჭერის მოპოვების პოტენციალი აქვს, ვთვლი, რომ არჩევნებზე წასვლა უბრალოდ დროის დაკარგვა იქნება"

    

ვეთანხმები ალექსანდრეს, რომ შეიძლება რომელიმე ღირსეულ კანდიდატს ამ მოცემულობაში ნაკლები შანსები ჰქონდეს რიგი ფაქტორების გამო. პირველ რიგში კი ფინანსები. მმართველი პარტიის მონოპოლიური შემოწირულობების სისტემის გამო ოპოზიციური პარტიები ფინანსების მოზიდვას ვერ ახერხებენ. ამას ემატება უზარმაზარი სახელმწიფო, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რესურსი ხელისუფლების სასარგებლოდ, რაც საბოლოო ჯამში თითქმის შანსების გარეშე ტოვებს მის კონკურენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზუსტად ასეა, არ ვფიქრობ რომ ეს იძლევა იმის საბაბს, რომ "დავიკიდოთ" და გავუმარტივოთ ვიღაცებს გვმართონ. ვფიქრობ, ამან პესიმიზმი და უმოქმედობა კი არ უნდა მოიტანოს შედეგად, არამედ, პირიქით,-პროტესტი და წინააღმდეგობა. გამოსავალი არა გაჩუმება, არამედ ხმამაღლა საუბარია ამაზე. ხოლო იმ აზრს, რომ "ფულიანი ან ხელისუფლების კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს", მანამ ექნება ძალა, სანამ ჩვენ თვითონ არ უარვყოფთ და დავუპირისპირდებით ამ მახინჯ პრაქტიკას.

 

 

 

ანი, 24 წლის, მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში

არჩევნები კიდია იმიტომ, რომ - "არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს"

ალბათ ეს ის მომენტია, როცა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გავაკეთოთ, რათა მინიმუმ თავიდან ავიცილოთ გაპრეზიდენტებული სანდრო ბრეგაძე. ხოლო თუ თვლით, რომ თქვენი ხმა ვერაფერს გადაწყვეტს, ეგ ზემოთ უკვე გავაბათილე. ეს სამი გაბათილებული არგუმენტია-ხოლმე ხშირ შემთხვევაში მიზეზი, თუ რატომ კიდიათ ახალგაზრდებს საპრეზიდენტო არჩევნები.

    

დასასრულისთვის, მართალია, ჩვენთან არჩევნებზე ხმის მიცემა უფლებაა და არა მოვალეობა, მაგალითად ისე, როგორც ავსტრალიაში ან სინგაპურში, თუმცა თუ ჩვენ ეს უფლება გვკიდია, მაშინ ხელისუფლებისგანაც არაფერს უნდა ველოდოთ - საპასუხო დაკიდების გარდა, რა თქმა უნდა.

 

კომენტარები