სოციალური შფოთვა

( სიტყვა)

პრობლემა, რომელზე საუბარსაც ვაპირებ, ბევრს აწუხებს, სამაშველო რგოლში შეძვრომა კი ძალიან რთულია. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ დაზარალებულთაგან ძალიან ცოტა საუბრობს საკუთარ მდგომარეობაზე. დახმარების ხელს ვერც საზოგადოებისგან დაელოდებიან, რადგან ამ ადამიანების მხოლოდ მათ ესმით, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მსგავსი შეგრძნებების მსხვერპლი. შეგრძნებების, რომელთაც სოციალური შფოთვითი ფობია აღვიძებს.

   

ცოტა რამ სოციალური შფოთვითი აშლილობის შესახებ:


სოციალური შფოთვითი აშლილობა, აქამდე ცნობილი, როგორც სოციალური ფობია, დაავადებაა, რომელიც ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან, ორიდან ათ წლამდე, ზოგთან კი შედარებით გვიან, ზრდასრულ ასაკში იწყებს განვითარებას. კვლევის თანახმად, ამ ფობიის ზემოქმედების ქვეშ, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 7% ცხოვრობს. განსახილველია ორი ძირითადი შემთხვევა:

 

- აშლილობა თავს იჩენს ფობიის მქონე სუბიექტის საჯარო გამოსვლის წინ (პრეზენტაციის წარდგენა, აუდიტორიის წინ სიმღერა, ა.შ);

   
- ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც სხვების დაკვირვების საგანი შეიძლება გახდეს. 


უკანასკნელი შემთხვევა მოიცავს ერთი შეხედვით პრიმიტიულ, ყოველდღიურ აქტივობებს, როგორიცაა: ქუჩაში გადაადგილება, მეტროთი მგზავრობა, ბარში შევლა ლანჩზე, წვეულებაზე წასვლა, ადამიანის გაცნობა... მოკლედ, ყველაფერს, რისგანაც ცხოვრება შედგება. სოციალური შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს გამუდმებით ეშინია, რომ ის რამეს არასწორად გააკეთებს და მას გაკიცხავენ, დაამცირებენ, დასცინებენ, განსჯიან, იფიქრებენ, რომ ის უშნო, უნიათო, ზედმეტი, გამოუსადეგარი და უბადრუკია. ამ ფიქრს თან ერთვის ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა მთელი ციკლი - აჩქარებული პულსი, მხედველობის გაუარესება, ოფლიანობა, კანკალი, ნერწყვის დაშრობა, ხმის გაბზარვა, გონების გათიშვა... ზოგ შემთხვევაში, თავს იჩენს შერჩევითი მუტიზმი - მეტყველების უნარის დამახინჯება ან სრული დაქვეითება. სიმპტომები ადამიანიდან ადამიანამდე ცვალებადია, თუმცა ზოგს ყველა მათგანი ერთდროულად ესხმის თავს.

 

ფობიას იმდენად დიდი ტკივილის  მიყენება შეუძლია, ადამიანს აღარ უნდა ამ ტკივილთან შეხვედრა და, ჯერ ურჩევნია ჯერ კიდევ ცოცხალმა, სიცოცხლე შეწყვიტოს - სახლში იკეტება. აღარც სამსახური აქვს, აღარც გარეთ გამოსვლის სურვილი... სამეგობრო წრეში მხოლოდ ისინი რჩებიან, ვისი გაცნობა და გაგებაც აქამდე მოახერხა. უარს ამბობს შესაძლებლობებსა და ოცნებებზე. სამაგიეროდ, სახლშია, უსაფრთხოდ. არც ვინმეს აწუხებს საკუთარი არსებობით და არც თავად იქმნის დისკომფორტს.

 

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა სიმორცხვეს არ მივაწეროთ. მორცხვი ადამიანი, დისკომფორტის მიუხედავად, ახერხებს წარმატებით გაართვას თავი მოცემულ დავალებას, შფოთვით აშლილობის მქონე კი ყველანაირად ცდილობს სიტუაციას თავი აარიდოს და, თუ არ გამოუვიდა, კატასტროფული მარცხისთვისაა განწირული.

 

ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ სოციალური ფობიის მქონე ადამიანი სულაც არ იქცევა ასოციალურად. ის უბრალოდ იბრძვის.

 

საიდან ვიცი ეს ყველაფერი? იქიდან, რომ მსხვერპლთა რიგებში მეც აღმოვჩნდი. თუმცა გამიმართლა, ძალიან გამიმართლა, რომ ფობიასთან შეჯახება მხოლოდ საჯარო გამოსვლებისას მიწევს. იმ მომენტიდან, რაც არსებული მდგომარეობა გავიაზრე, ვცდილობ გავიხსენო წამი, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა და ადამიანები, რომელთა ქცევამაც გზაზე ეკლები გამიფინა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ის უბრალოდ არსებობს ჩემს ცხოვრებაში და ისეთ გამოცდებს მიწყობს, რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით:

 

    

* * *


შაბათი

 

დღეს შაბათია. სამშაბათს უნივერსიტეტში პრეზენტაცია უნდა გავაკეთო კურსელების თვალწინ. ვღელავ, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში, თითქმის არცერთი მსგავსი აქტივობა არ შემისრულებია ისე, როგორც ვგეგმავდი, ისე, როგორც შემეძლო.

 
კვირა

 

საპრეზენტაციო დაფა თავზე მეცემა, ვვარდები, გამუდმებული ზუზუნი მესმის. გული მიჩქარდება, ვშფოთავ, თავბრუ მესხმის.

მეღვიძება.

გამთენიის 4 საათი სრულდება.

ვმშვიდდები.

 
ორშაბათი

  

ტექსტს კარგად ვისწავლი და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ასე რომ ვერ ენდომებათ, რამე შემეშალოს და მერე დამცინონ. არა, ბავშვების კეთილგანწყობას ნამდვილად ვგრძნობ, ამის არ უნდა მეშინოდეს. მთავარია ტექსტი კარგად ვისწავლო.

  

სამშაბათი 

  

უხალისო დილა თენდება.

პირველ ლექციაზე უგუნებოდ ვზივარ - ამის შემდეგ, პრეზენტაცია უნდა გავაკეთო.

სლაიდშოუს რთავენ.

ნეტავ, ავად გავმხდარიყავი და როგორღაც ეს ლექცია გამეცდინა.

იწყება.

 

თანდათან ვუახლოვდები გილიოტინას. 

  

პრეზენტაციის შესავალს ვამთავრებ და ვგრძნობ, რომ პირი მიშრება. ასე ჯერ არ  დამმართნია, ალბათ, უარესსაც უნდა ველოდო. ამას ვიაზრებ თუ არა, გულისცემა მიხშირდება და მას ჯერ ყელში, შემდეგ, თავში ვგრძნობ. თავბრუ მესხმის. მგონია, რომ სხეულში უზარმაზარი ხმის გამაძლიერებელი დამიმონტაჟეს და ბოლო ხმაზე ჩართეს. ვთრთი, გამოსახულება დროდადრო ირევა. ფურცელი, რომელიც მიჭირავს, ნელნელა სველდება.ტექსტი მავიწყდება. ბლუყუნს ჯობს გავჩუმდე, გავიხსენო და გავაგრძელო.

 

სიჩუმე ხალხს აწუხებს, რამდენიმე წყვილი თვალი შემომეკრო სხეულზე. ლუკა აქამდე არ მიყურებდა, ახლა ამომხედა, ალბათ, ჩემი მოსმენა აღარ შეუძლია. ანაც დაბნეული მიყურებს, ალბათ, რა საზიზღრად გამოვიყურები. გვანცა ხელით მანიშნებს, გააგრძელეო და ინსტინქტურად ვაგრძელებ საუბარს, თუმცა პარალელურად იმ ფრაზაზე ფიქრს ვერ ვიშორებ, რომელიც თავიდან ამომიფრინდა.

 

პირი ძალიან გამიშრა. ტუჩები ღრძილებზე მეკრობა და მეტყველება მიჭირს. კონტროლს ვკარგავ. თვალს გამჭვირვალე კარისკენ ვაპარებ. გაქცევა მინდა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გავაფუჭებ ყველაფერს და სხვებსაც მეტი სალაპარაკო ექნებათ ჩემს სასაცილო საქციელზე. გული თავში მიცემს. ხელები მეყინება, მე მგონი სიცხე მიწევს, დამთავრდა.

   

    

* * *

 

ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ძალიან კარგად ვხვდები. აკვიატებული შიშები ხელს მიშლის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში. რაღაც უნდა შევცვალო, ვერავინ მიშველის, თუ საკუთარ პრობლემას თვითონ არ ვებრძოლე.

 
ჩემი ფობიისგან მონსტრი შევქმენი. მე მას ყოველ ჯერზე ვხედავ. უზარმაზარია, ნაცრისფერი. თან სულ მტვრის ქარიშხალი  დააქვს.. ავდგები და დედას გავაცნობ, იქნებ, დედასი შეეშინდეს და ნაკლებად დამიბრიყვოს.

 
დედას უკვირს, რომ აქამდე ვერ შენიშნა ჩემი მონსტრი, რჩევებს მაძლევს და ფსიქოლოგთან ვიზიტსაც მთავაზობს - „ცოტა ხანიც და, თუ მაინც ვერ ვაჯობე, წავიდეთ.“

 
ამ საუბრის შემდეგ, ჩემს მონსტრს ხელით დავათრევ ყველგან, სადაც ჩემს მოსასმენად მომართული ყური მეგულება და თითს ვიშვერ - „აი, ესაა ის უძღები ბოროტება, გზაზე რომ მეღობება და ყოველ ჯერზე მიწასთან მასწორებს!“ ახლა კი თქვენც გეუბნებით - მე დიდ მონსტრთან ერთად ვცხოვრობ.

  
მონსტრი ჩემგან ასეთ ქცევას არ ელოდა. დაბნეულია, ცოტა დაიმორცხვა კიდეც. ვამჩნევ, რომ ლექტორის დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ხელის აწევა აღარ მიჭირს და იმასაც ვხედავ, რომ არავის ეცინება ჩემს საუბარზე. ალბათ, იმიტომ, რომ არაფერია სასაცილო. ნამდვილად ასეა, რადგან ჩემს საუბარს მომდევნო დღეებშიც სერიოზულად ეკიდებიან. უცხოებსაც უფრო მარტივად ვესაუბრები, აღარც ის ფიქრი მაქვს აკვიატებული, რომ გარშემომყოფებს ჩემი არსებობა აწუხებთ.

 
ასე ცხოვრება მომწონს. თავისუფლებას ვგრძნობ.

 

* * *

 
დღეს კვირაა. ხუთშაბათს ისევ პრეზენტაციის დღეა. ვიცი, რომ დღე მარტივად არ ჩაივლის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თურმე მონსტრის დამარცხება შესაძლებელია. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ წამს სულ უფრო პატარავდება მას შემდეგ, რაც დავანახე, რომ რაღაც მეც შემიძლია და არ ვაპირებ, ასე უბრალოდ გავანადგურებინო თავი.

   

   

სამაშველო რგოლი

 

დასაწყისში ნახსენებ სამაშველო რგოლში შეძრომა, როგორც გითხარით, ძალიან რთული რამაა. სირთულის მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებმაც შფოთვით აშლილობასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვეს  და მას შემდეგ ლაღად და ბედნიერად დააბიჯებენ დედამიწაზე. სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი მოიძებნება ისეთი, ვინც ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

   

რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენჩვენს მონსტრებს მოვერიოთ? 


პირველი: ცნობიერების ამაღლება. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ამ მდგომარეობას სახელი აქვს, მარტო თვითონ არ არის ასეთ მდგომარეობაში და უამრავი სხვაც  იბრძვის იგივე მონსტრის დასამარცხებლად. 

 

მეორე: იმის გააზრება, რომ მონსტრები ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები კი არა, ის შეგრძნებები არიან, რომლებიც სიცოცხლეს გვართმევენ. 


მესამე: საუბარი. გულიდან ამოიღეთ ტკივილი და დაანახეთ მათ, ვისაც თქვენი შველა უნდა. შეგიძლიათ ჩემსავით მოიქცეთ და სრულიად უცხოებსაც თამამად უთხრათ, რომ პრობლემა გაქვთ, რომლის აღმოსაფხვრელადაც იბრძვით. ამაში მოსარიდებელი არაფერია. 

 
მეოთხე: ვიზიტი ფსიქოლოგთან. ოჯახის წევრები და მეგობრები აუცილებლად დაგვეხმარებიან, მაგრამ პროფესიონალის რჩევები ამ დახმარებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. 

 

და ბოლოს, თუ საკუთარ თავს მარტომ ვერ უშველე, თუ ვერც მეგობარი იპოვე, რომელიც მოგისმენს და არც ფსიქოლოგთან მისვლის საშუალება გაქვს, გეზი ჩემკენ აიღე. გპირდები, მე და შენ ერთად მოვიგებთ ომს.

 

კომენტარები