რეგულაცია იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას

( სიტყვა)

როგორც იცით, პარლამენტმა მიიღო „თამბაქოს კონტროლის“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1 მაისიდან სიგარეტის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის, ღამის კლუბებში, რესტორნებსა და ბარებში. ამ სტატიაში სწორედ ამ რეგულაციაზე ვისაუბრებ და დავამსხვრევთ მითებს, რომელიცამ კანონის ირგვლივ არსებობს.

 

დავიწყოთ იმით, თუ რას ითოხვენ და რის მიღწევას ცდილობენ ამ რეგულაციის ავტორები. გუგული მაღრაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანთაგან, რომელიც საქართველოს პარლამენტის საიტზეა მოცემული, შეგვიძლია, 3 მთავარი გამოვყოთ:

 

თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება
თამბაქოს მოხმარების  
საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან
რეალურად, სამივე ეს არგუმენტი, რომლითაც ამ რეგულაციას ამართლებენ, არის სრულიად უსაფუძვლო და ახლა სწორედ თითოეულ მათგანზე ვისაუბრებ.

  

  

თამბაქოს რაოდენობის შემცირება

   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 30% მოიხმარს თამბაქოს - ეს რიცხვი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იგივე სტატისტიკას შევადაროთ, აღმოჩნდება, რომ ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბულგარეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, კვიპროსს, ლატვიას, ლიტვას, უნგრეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთსა და თურქეთს. დაახლოებით ჩვენნაირი  სტატისტიკა აქვს ჩეხეთსა (28%) და ესპანეთს (26%) (ევროსტატის ოფიციალური მონაცემები, 2014წ.) - ყველა ქვეყანაში, რომელშიც ევროსტატის მონაცემებით პროცენტულად უფრო ბევრი მწეველია, ვიდრე საქართველოში, უკვე წლებია მოქმედებს ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენთან 1 მაისს შევა ძალაში - ჩნდება საკმაოდ მარტივი კითხვა, თუ ამ რეგულაციებმა ვერ შეამცირა მწეველთა რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორ შეძლებს ამას საქართველოში?

    

თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება

  

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილიანობის შემცირებაზეც. American Cancer Society-ს 2016 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების მიზეზით 5,967 მამაკაცი იღუპება, რაც სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 23.1%-ია. ქალებში კი ეს რიცხვი 5.7%-ია. ამ კომპონენტშიც არსებობენ მთელი რიგი ქვეყნები, რომლებშიც იკრძალება მოწევა, თუმცა სიკვდილიანობა მაინც საქართველოზე და სხვა ისეთ ქვეყნებზე მაღალია, რომლებშიც ამგვარი რეგულაცია არ არსებობს. მაგალითისთვის, ირლანდიაში მოწევა შეიძლება ყველგან, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, თუმცა სიკვდილიანობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია (16%).

   

    

საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან

    

კიბატონო, აკრძალეთ მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში, ვგულისხმობ, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ შენობებსა თუ ტრანსპორტში, რადგან ეს ქონება ხალხს ეკუთვნის, ყველას ეკუთვნის და მართლაც იჩაგრება არამწეველი, თუმცა დაუშვებელია ეს შეზღუდვა გავრცელდეს კერძო საკუთრებებზე. საქმე იმაშია, რომ სიგარეტები არიან ღამის კლუბების უმრავლესობის მთავარი სპონსორები, მათი დაფინანსების გარეშე კი, უბრალოდ ძალიან რთული იქნება ამგვარი დაწესებულებების არსებობა, თანაც, დაწესებულებაში მოწევის შემთხვევაში უშუალოდ კომპანია ჯარიმდება - ეს და სხვა მთელი რიგი რეგულაციები ბიზნესს დამატებით ტვირთად აწვება და საბოლოო ჯამში, მათ გაკოტრებას იწვევს.

 

„თამბაქოს კონტროლის“ კანონი ცუდი იმიტომ კი არ არის, რომ მოწევას კრძალავს, არამედ - ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავს, კერძო საკუთრების უფლებას ლახავს. თუ მე მაქვს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოწევის უფლება, რატომ არ უნდა მქონდეს სხვა სახის პირად საკუთრებაში მყოფ შენობაში იგივეს გაკეთების ნება? სახლში, საწოლის ნაცვლად მაგიდები რომ დავდგა და ყველა მსურველი სტუმარი მივიღო ხოლმე, მოწევა უნდა ამეკრძალოს?

 

„კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დიდ პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს იაფად არ დაუჯდება“

- ილია ჭავჭავაძე. 

 

თავისუფალი ბაზრის პირობებში, არსებობს ისეთი რესტორნები, ბარები, რომლებშიც მოწევა შეიძლება და არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც მოწევა აკრძალულია. როცა ადამიანი შედის რომელიმე ზემოთხსენებულში, იგი საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებს არჩევანს, თუმცა საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მათ უკეთ იციან, როგორ ადგილას ურჩევნია თითოეულ ადამიანს გართობა.უტრირებულად, თუმცა გიჩვენებთ დღევანდელ სიტუაციას, წარმოიდგინეთ, რომ ხართ საფეხბურთო მინი სტადიონზე, სადაც ასევე არის კალათბურთის ფარები. თქვენ, გიოსა და ცოტნეს გსურთ, რომ ითამაშოთ ფეხბურთი, თუმცა დათოს უნდა კალათბურთის თამაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეთ, რომ ითამაშოთ ფეხბურთი, თუმცა მოდის სახელმწიფო და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დათოს უფლებები შეილახა და თქვენ ყველამ კალათბურთი უნდა ითამაშოთ. არ თვლით, რომ ეს სრული სიგიჟეა? იგივე ხდება „თამბაქოს კონტროლის“ კანონითაც, მე ვაკეთებ არჩევანს, რომ მეგობრებთან ერთად შევიდე რესტორანში, რომელშიც მოწევა დაშვებულია, თუმცა სახელმწიფო მეუბნება, რომ მე ისეთ ადგილას უნდა შევიდე, სადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია, რადგან ჩემთვის ასეა უკეთესი და ეს მე არ ვიცი.

 

ვიქტორ ჰიუგო თავის ერთ-ერთ რომანში ირონიულად აღწერს შუასაუკუნეების ერთი ჩვეულებრივი ევროპელის იდეოლოგიას: „გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ მეფემ ჩვენს მაგივრად იფიქროს, ამისთვის მან ჩვენზე კარგადაც უნდა იკვებოს და ჩვენზე კარგადაც უნდა იცხოვროს“  - თქვენც ასე თვლით, რომ სახელმწიფომ ჩვენს მაგივრად უნდა იფიქროს და გადაწყვიტოს, რა არის ჩვენთვის უფრო სასარგებლო? იმ სახელმწიფომ, რომელიც ბიზნესის გაკოტრებას მიესალმება...!?

   

 

რეალურად, დღევანდელ პირობებში არანაირი რეგულაციის მიღება საჭირო არ არის. თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა აჩვენებს, რომ განვითარებად ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტი მწეველია, ვიდრე განვითარებულში. ყველანი ვთანხმდებით, რომ სიგარეტი საზიანოა, იწვევს ნაადრევ სიკვდილს, კიბოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუმცა ერთადერთი გზა, ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს სიგარეტი, ადამიანთა გამდიდრებაა.ამგვარი რეგულაციები კი ამ პროცესს პირდაპირ უშლის  ხელს. ასე რომ, ამჟამინდელი ჩვენი ერთადერთი საზრუნავი სწრაფი ეკონომიკური ზრდები უნდა იყოს - მე კი მოვითხოვ, პარლამენტის მიერ მიღებულ რეგულაციებს შეფუთვაზე ეწეროს „რეგულაცია იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას“, „რეგულაცია იწვევს თქვენს გაღარიბებას“, „რეგულაცია იწვევს სიკვდილს“!!!

 

„მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის, რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა“

- ესეც ილია.

 

GOT: სეზონი 8, სერია 5 EXPLAINED

GOT - სეზონი 8, სერია 1 (explained)

კომენტარები