რაც მამას უნდა

( სიტყვა)

მე: ხო მამა, გისმენ
მამა: დედაშენმა დამირეკა, როდის აპირებ სახლში წასვლას? (სადღაც 11
საათია)
მე: აუ არ ვიცი რა, ბევრნი ვართ და ვერთობით, თან ჯერ მგონი არ აპირებენ
დაშლას.
მამა: მერე რა? ხო გითხარი, პირველი რო წამოხვალ უფრო კაი ტიპი იქნები-
თქო?
მე: აუ ხო, მაგრამ ძალიან ვერთობით და კიდე მინდა აქ ყოფნა რა.. (აქ უკვე
აივანზე ვარ. მეგობრებმა, რომლებიც cool ტიპად მიცნობენ, ჩემი
ცრემლნარევი და ანერვიულებული ხმა არ უნდა გაიგონ)
მამა: კარგი, 12-ის ნახევარზე გამოდი იცოდე.
მე: აუ კაი რაა, ძაან ადრეა ჯერ.
მამა: როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ მე შენს ადგილას 12-ზე უკვე
სახლში ვიქნებოდი.

 
ვითომ ხომ არაფერი, თითქოს არც მიშლის გვიან მისვლას, მაგრამ
მაგრძნობინებს, რომ თვითონ როგორც ფიქრობს ეგრე თუ არ მოვიქცევი,
იმედები გაუცრუვდება, ცუდი შვილი ვიქნები და ა.შ.

 
12-ის ნახევარზე გავედი.

 
* * * 

 

მე: მე ვფიქრობ, რომ ქორწინებამდე აუცილებელია წყვილის ერთად
ცხოვრება.
მამა: კი ბატონო, გეთანხმები მაგაში. მაგრამ როგორ ფიქრობ, რამდენი ხანი
უნდა იყოს წყვილი ერთად, სანამ სექსი ექნებათ? (ვინ დააწესა
სტანდარტები, როცა მოგინდება მაშინ უნდა გქონდეს, მაგრამ მაგას ხომ
არ ვეტყვი, მერე იფიქრებს, რომ...)
მე: ერთი-ორი წელი, ალბათ.
მამა: ნუუ კაი, შეიძლება. შენ ხომ არ გაწვება ის? (ჩემს შეყვარებულს
გულისხმობს)
მე: არა კაცო, მაგაზე ჯერ არცაა საუბარი (არადა უკვე გვქონდა სექსი)
მამა: კაი ხო, ისე ბიჭებს მალე უნდათ ხოლმე, ზედმეტად ადრე თუ “მიეცი”
მერე ინტერესი ეკარგებათ. მე რო მარტივად დამეკერებოდა ვინმე და
“წავიზასავებდით” დიდად აღარ მაინტერესებდა. თქვენ არ ვიცი რას და
როგორ აკეთებთ ხოლმე ახლა, მარა მაინც. ხო, რა გიკვირს, ცოტა ხნის
წინ ვიყავი შენხელა, გგონია არ ვიცი თქვენი მაიმუნობები?

 

ოცი წლით უფროსია ჩემზე და ძველმოდური ნამდვილად არაა. იცის
რომ გათხოვებას არ დაველოდები “ლეგალური სექსისთვის” და

პირდაპირ არც მთხოვს ამას. მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ გაიგებს, რომ
უკვე ასეა, არ მოეწონება.

 
ჰოდა ვერც გაიგებს.

 

  

 

* * *

 
მამა: აუ კაი რა, ხო იცი რო არ მევასება ეს კანაფი, ადებილებს ხალს
მე: შენ რო არ გევასება, ეგ იმას ნიშნავს, რომ აკრძალული უნდა იყოს?
საშინელებაა მაგის გამო ხალხის დაჭერა.
მამა: დაჭერა კაი, მაგრამ იცი რატომ არის ჰოლანდიაში ლეგალური?
დაადგინეს რომ ხალხის დიდი ნაწილი იმიტომ ეწეოდა, რომ
აკრძალული იყო. ჩვენთან კიდე ლეგალური რომ იყოს ყველა მოწევდა
და გამწვანდებოდა ხალხი, ვეღარ იმუშავებდა, ჩავიძირებოდით...

 
ისევ გრძელი მონოლოგი დაიწყო. ბევრ რამეში არ ვეთანხმები,
არგუმენტებიც მაქვს, აზრის ჩამოყალიბების და გამოთქმის
პრობლემასაც არ ვუჩივი. ოღონდ ეს სხვებთან. როცა ოპონენტი მამაა,
ყველაფერი პირიქით არის. ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ ვიძაბები. ხმა
მიკანკალებს, ხელები მიცივდება და სახე მიხურდება. უფრო და უფრო
მინდება ტირილი.

 
არ მინდა ვიტირო, ამიტომ ვჩუმდები.

 
***

 
ადრე შეყვარებული მყავდა, რომელმაც ერთხელ მითხრა, მე შვილებთან
ძალიან ახლოს არ ვიქნები, მამა ავტორიტეტი უნდა იყოს, შვილს მისი
რიდი უნდა ჰქონდესო. სიახლოვისთვის დედა ეყოლებათ, მე კიდე
ყველაფერი ვერ უნდა გამიბედონო.
არ ვიცი, მამაჩემმაც გააზრებულად გააკეთა თუ არა ეს, მაგრამ ფაქტია,
რომ ვერ ვეწინააღმდეგები. არადა ხანდახან ძალიან მინდა, ვუთხრა,
რომ 12-ის ნახევარი და 1-ის ნახევარი დიდად არ განსხვავდება
ერთმანეთისგან, რომ უკვე მქონდა ჩემს ბიჭთან სექსი, რომ მომიწევია
და არ გავმწვანებულვარ, რომ მომბეზრდა მასთან „კაი ტიპის“ თამაში,
ისეთი მინდა ვიყო, როგორიც ვარ.
მაგრამ მერე იმედი რომ გაუცრუვდეს? ცუდი შვილი რომ აღმოვჩნდე?
შუა ლაპარაკში ტირილი რომ ამივარდეს?

 
და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება

კომუნიზმი in a nutshell

მე ვირჩევ ავტოსტოპს

კომენტარები