ყველაზე ისტორიული სტატია

( სიტყვა)

ცოტა ხანია რაც ფეიკ ნიუსები განსაკუთრებით მწვავე პრობლემა გახდა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი კომუნიკაციის საშუალებების მასობრივი ხელმისაწვდომობაა, თან ინფორმაციის უამრავი მომწოდებელი გაჩნდა ბაზარზე, ნებისმიერს შეუძლია რამოდენიმე კლიკით ბლოგი შექმნას და სტატიები წეროს, მიდი და არკვიე მერე რომელი წყაროთი იხელმძღვანელა. თან მაშინ, როცა დრო ცოტა, საქმე კი ბევრი გაქვს.

ტყუილების თქმა ახალი ხილი როდია, კომუნიკაციის საშუალებები კი ადრეც არსებობდა. ჰოდა დავინტერესდი ადრე თუ ავრცელებდნენ ფეიკ ნიუსებს. ჩემი არც ისე პატარა თავი ჩავრგე ინტერნეტში და რამოდენიმე საინტერესო ფაქტსაც გადავაწყდი.

1. მეფე ავადაა

XVIII საუკუნის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში იაკობინელების აჯანყების დროს რამოდენიმე საეჭვო რეპუტაციის მბეჭდავი ფეიკ ნიუსებს ავრცელებდა. ისე შორს წავიდნენ, რომ ერთ დღესაც დაწერეს მეფე ჯორჯი ძალიან ავად არის და ალბათ ვერ გადარჩებაო. ინფორმაცია სხვა უფრო ავტორიტეტულმა მბეჭდავებმა წაიღეს და საბოლოოდ ზუსტად ვერავინ გეტყოდა მართლა ავად იყო თუ არა ჯორჯ მეორე. ამ ფეიკ ნიუსების აზრი მონარქის გავლენის დასუსტება იყო, რადგან იშვიათად ვინმე მიემხროს სიკვდილის პირას მყოფ ლიდერს.

2. სიცოცხლე მთვარეზე

1835 წელს გამოცემა The New York Sun-მა გამოაქვეყნა სტატიები, რომელებიც ამტკიცებდნენ, რომ მთვარეზე სიცოცხლე აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ავტორიტეტულ მეცნიერ სერ ჯონ ჰერშელს მიაწერეს. ავტორი ამტკიცებდა მეცნიერმა რაღაც საოცარი ტელესკოპი გამოიგონა და მთვარეზე საოცარ ქმნილებებს ყოველდღე აკვირდებაო. დეტალებში იყო გაწერილი გამოგონება და მთვარის მკვიდრების ნახატებიც კი გამოაქვეყნეს.

საბოლოოდ, როცა გამოცემამ მიზანს მიაღწია და ბევრი მკითხველი მოიზიდა, განაცხადეს, რომ მთვარეზე სიცოცხლის აღმოჩენა სხვა არაფერი იყო თუ არა სიცრუე.

3. მარკ ტვენის თითქმის სიკვდილი

1897 წელს ნიუ იორკში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მწერალი მარკ ტვენი ლონდონში უკიდურეს სიღარიბეში ებრძოდა სიკვდილს. ცნობილი ადამიანების გარდაცვალების ნიუსები დღესაც საკმაოდ პოპულარულია. მორგან ფრიმანის ან როუენ ატკინსონის (მისტერ ბინი) ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ იმდენი ნიუსი მინახავს. ერთხელ მეგობარს დავენაძლევე ორივე გარდაცვლილია-მეთქი და მას შემდეგ რაც ეს სანაძლეო 50 ბუქნად დამიჯდა, საკმაოდ ეჭვის თვალით ვუყურებ ამგვარ სიახლეებს.

მარკ ტვენმა მალევე უარყო ეს ნიუსი და განაცხადა ჩელსიში ვცხოვრობ ცოლთან და შვილებთან ერთად, ჩემს ყოფას კი ღარიბულს ნამდვილად ვერ უწოდებს ადეკვატური ადამიანიო. ეს ტყუილი კი მისი ბიძაშვილის ავადმყოფობას დაუკავშირა, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა ისიც დასძინა, რომ უკვე ორი სამი კვირაა რაც გამოკეთდაო. მოკლედ, ცნობილ ადამიანებს ადრეც “ხოცავდნენ” თურმე ჟურნალისტები. 


4. პირველი მსოფლიო ომი

1917 წლის გაზაფხულზე, როცა პირველი მსოფლიო ომი მთელ ევროპას მოედო, ლონდონში თაიმსმა და დეილი მეილმა გამოაქვეყნა ანონიმური ავტორის წერილები, რომლებშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ იყო ქარხანაში სახელად კადარევი (Kadaververwertungsanstalt). ის გერმანიაში მდებარეობდა და გვამებისგან გლიცერინის ამზადებდნენ საპონისა და მარგარინისთვის.

საზარელი ნიუსია არა? გათვლაც სწორედ ასეთი იყო, ეს ინფორმაცია კი MI7-ის თანამშრომლებმა გაავრცელეს სპეციალურად. MI-7 (Military Intelligence, Section 7) პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ორგანო იყო დიდ ბრიტანეთში, რომელიც პროპაგანდასა და ცენზურაზე მუშაობდა.


5. სამყაროთა ომი

იმიტირებული ქრონიკა გახსოვთ? როცა ტელეკომპანია იმედმა რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების სქემა საკმაოდ რეალისტურად შემოგვთავაზა და ნახევარი საქართველო გადარია? ჰოდა ამაზე უარესი და ფართომასშტაბიანი რამ გააკეთა კოლუმბიის სამაუწყებლო კომპანიამ 1938 წლის 30 ოქტომბერს.

შოუ რადიოს რეგულარულ პროგრამაში საგანგებო ჩართვით დაიწყო, რომლის დროსაც ჟურნალისტი ამტკიცებდა ერთ-ერთმა მეცნიერმა მარსზე აფეთქებები დააფიქსირაო. ცოტა ხანში მსმენელს აუწყეს ნიუ ჯერსიში მეტეორი ჩამოვარდა და 15 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაო, ამაზე არ გაჩერდნენ და ეგ მეტეორი კი არა ხომალდი იყო, რომლიდანაც უცნაური არსებები გამოდიან და ადამიანებს ხოცავენ რაღაც უცნაური იარაღებითო.

სინამდვილეში ეს ყველაფერი ცნობილი მწერლის ჰერბერტ უელსის მოთხრობის "სამყაროთა ომის" ადაპტაცია იყო და თავს არავინ დაგვსხმია კაცობრიობას, თუმცა მთელი ამერიკის მასშტაბით დაიწყო პანიკა, ათასობით ადამიანი რეკავდა პოლიციაში, რეპორტიორები კი შემთხვევის ადგილისკენ მიიჩქაროდნენ.

მოკლედ, რადიოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, არ გვეგონა თუ ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებდაო და უამრავი კრიტიკაც დაიმსახურეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზანი ტყუილის გავრცელება არ იყო, ფეიკ ნიუსი მაინც ფეიკ ნიუსია და საპატიო მეხუთე ადგილი დაიმსახურეს ჩემს სიაში (თუმცა არ ვიცი ეს რა ლოგიკით განვალაგე ასე). 


მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ინტერნეტამდეც ახერხებდა ხალხი ფეიკ ნიუსების გავრცელებას და ამისთვის სხვადასხვა საინტერესო მეთოდს პოულობდნენ, დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი სხვა მაგალითი არსებობს, თუ რამე კარგს იპოვით მომწერეთ, მეც ვეცდები კდიევ მოვძებნო რაღაცები და დავწერო. კარგი იქნება თუ ყველაზე ძველ ფეიკ ნიუსს აღმოვაჩენთ როგორმე და უფრო კარგი იქნება, თუ ცოტა თავს გავანძრევთ ყველა.



ავტორი

დავითა

სამეცნიერო ქვიზი

კომენტარები