სკოლა ისევ დისტანციურად გვეწყება...

( სიტყვა)

სკოლა ისევ ონლაინშია და ყოველ დილით ავტობუსის მაგივრად ჩემი არც ისე პატარა თავის ჩატვირთვას ველოდები ინტერნეტში.

მეგობრები მომენატრა, მასწავლებლებიც, სკოლის დერეფნებში სირბილი და ზარის ხმაც მომენატრა... რას ვიფიქრებდი?! ერთი სული მქონდა ხოლმე გაკვეთლებიდან სახლში გამოვქცეულიყავი, ახლა კიდევ სიამოვნებით გავიქცეოდი სკოლაში.

სკოლა კი მენატრება, მაგრამ სიმართლე ითქვას სახლიდან სწავლასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. რა დადებითი მხარე? მაგალითად, დილით არ გიწევს ვეებერთელა ჩანთის ჩალაგება და სკოლამდე მითრევა, არც იმაზე ნერვიულობ თუ 10 წუთი დააგვიანე, იტყვი რომ ინტერნეტმა გაჭედა. ხანდახან როცა გაკვეთილი მავიწყდება ვჩერდები ხოლმე ვითომ გაიჭედა და ვიხსენებ რა უნდა მეთქვა.

მოკლედ, ონლაინ სწავლებას კარგად მოვერგე, თან ჩემი ოთახი საკლასო ოთახზე ბევრად კომფორტულია. ყველაფერი ახლოსაა. ავდგები ლოგინიდან და ჰოპ უკვე სკოლაში ვარ. მორჩება სკოლა, დავკეცავ ლეპტოპს და უკვე სახლში ვარ. მოკლედ, ყველაზე დიდთავა და ყველაზე სწრაფი ვარ.

ერთადერთი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი ვერ მოთავსდება მგონი ამ ფორმატში, ამიტომ მე და ჩემმა კლასელებმა გადავწყვიტეთ გაკვეთილების შემდეგ ფიფა ვითამაშოთ ხოლმე ონლაინში, რომ არ მოვდუნდეთ და ესეც საქმეა. 

მე თუ მკითხავთ, კიდევ ბევრი დადებითი რამის მოებნა შეიძლება ონლაინ სკოლაში. ნუ, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ ვირუსისგან დაცულები ვართ. მარტო დადებით რაღაცებზე, რომ არ ვილაპარაკო და ვიღაცებმა არ მითხრან აი შე ზარმაცო სკოლაში წასვლა გეზარება და მაგიტომ მოგწონს ონლაინ სწავლებაო, ვიტყვი, რომ უარყოფითი მხარეებიც აქვს ამ ფორმატს, მაგალითად: ვერ იტყვი, რომ დავალება სახლში დაგრჩა, იმიტომ, რომ ისედაც სახლში ხარ და გადაწერაც არ გამოვა საკონტროლოებზე... არა მე ისედაც არ ვიწერ, სხვები იწერენ და იმათზე ვამბობ, რომ ალბათ არ მოსწონთ. 


მოკლედ სახლში ყოფნა და აქედან სწავლა კარგია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაკიდება აქაოდა მაინც არ დავდივარ სკოლაშიო არ გამოვა. თუ გვინდა მალე დავუბრუნდეთ ძველებურ ცხოვრებას რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. 

სახლიდან ყველა გავდივართ, თუ სკოლაში არა შეიძლება მეგობართან, მაღაზიაში ან ნათესავებთან, ჰოდა სიფრთხილეა საჭირო. პირბადე, ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, დეზობარიერიც თუ საშუალებაა და ხელების ხშირად დაბანა. არც დისტანციის დაცვა გვაწყენს, მე თუ მკითხავთ. ნუ მე მიწევს 4-5 მეტრიანი დისტანცია დავიცვა, თავი მაქვს 3 მეტრიანი და იმიტომ, თორემ თქვენ ნორმალურთავიანებს 2 მეტრიანი დისტანციაც გეყოფათ.

მოკლედ, უნდა წავიდე ახლა დავალება დავწერო და მასწავლებელს გავუგზავნო, თორემ ხვალ ვირტუალურ ორიანს დამიწერენ ვირტუალურ ჟურნალში და ასე მითხრეს, მანდ ნიშნებს მერე ვეღარ გადაგიკეთებთო.




ავტორი

დავითა

კომენტარები