გოგონა ფერადი მაკიაჟით

( სიტყვა)

გამარჯობა.


თქვენთვის როდესმე უკითხავთ "ნორმალური ადამიანივით" წყლის დალევა თუ შეგიძლიაო, იმისდა მიუხედავად, რომ არანაირი უნარი შეზღუდული არ გაქვთ?

ჩემთვის - კი.


როდესმე უთქვამთ, ურჯულო ხარ და უფალს უნდა ებარებოდე, რადგან ეშმაკს სცემ თაყვანს, პირსინგი, რომ გიკეთიაო?


ჩემთვის - კი.


მსგავსი ფრაზები იმდენი  ინტერპრეტაციით მაქვს მოსმენილი, რომ დიდი ნაწილი აღარც  კი მახსოვს.


მე მარიამ ჟორდანია ვარ, იგივე მემე, 18 წლის. მემე იმიტომ, რომ ყოველთვის ყველასგან განსხვავებული ვიყავი (გარეგნულად), რის გამოც მეგობრებმა მემე შემარქვეს. ეს სიტყვა ჩემი გარშემომყოფების შემთხვევაში უნიკალურის, ერთადერთის მნიშვნელობას ატარებდა.


ჩემი პროექტში  პირველი გამოსვლა, თითქოს დასტური იყო იმისა, რომ ჩემი ზედმეტსახელის ღირსეული მატარებელი ვიყავი. საქართველომ ფერად წინდებიანი გოგონას როლში გამიცნო.


მიუხედავად იმისა, რომ ვოკალურ ასპარეზზე, საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში გამოვჩნდი, სიმღერაზე მეტად არასოდეს არაფერი მყვარებია. ჩემი და სულ იმას იხსენებს, როგორ ვუყურებდი ბავშვობაში ჩემს მეგობრებთან ერთად ანიმაციურ ფილმ “რაპუნცელს“ და როდესაც ისინი სხვადასხვა ფერებით და ფორმებით იყვნენ გაოგნებული, მე საუნდტრეკებს ვიზეპირებდი.



 

 

   

შემდეგ იყო საქართველოს ვარკსვლავი, უკრაინის ახალი ხმა.. ჩემს გამოსვლებს ყოველთვის უამრავი ნახვა ჰქონდა. საქართველოს ვარკვლავის გამოჩენის შემდეგ სტატიებიც კი იწერებოდა, სათაურებით “ვინ არის გოგონა, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს..“, "რითი დაიმსახურა მარიამ ჟორდანიამ ამდენი ნახვა.." ხალხისგან უმეტეს წილად უამრავი დადებითი ემოცია მოდიოდა, რაც ჩემს სწრაფვასა და სცენისადმი სიყვარულს სულ უფრო და უფრო ამყარებდა.

    

მაგრამ... პოზიტივსა და სიყვარულში ნეგატიური კომენტარებიც გამოერეოდა ხოლმე. 

აი, მაგალითად ტკბილად ფორმულირებული კეთილის მსურველის კომენტარი:

 

"რატომ იმახიჯებ თავს საყვარელო. ეგ ჯართი ცხვირიდან მოიშორე. არ გიხდება, თავისუფლება ჯართების ასხმაში არ გამოიხატება".

 
ხშირად შევხვედრივარ ცხოვრებისეულ რჩევებსაც:

 

ეგ საზიზღრობები მოიხსენი, უფრო საყვარელი იქნები. იყავი ის, რაც ხარ!"


უამრავი ასეთი დამამცირებელი კომენტარი იწერებოდა ჩემი მისამათით. დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ნორმალურად მეცხოვრა საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ასე ურთიერთობენ ერთმანეთთან. იმისათვის, რომ შემყვარებოდა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

    

პირსინგები მხოლოდ 2-3 წელია მაქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ბულინგის მიზეზის მოძებნა აქამდეც  არ უჭირდათ. პატარაობიდან ზედმეტი წონა მქონდა, რაც ჩემს კლასელებს, ახლობლებს, გამვლელებსა და, რა თქმა უნდა, ტელემაყურებლებსაც არასდროს გამორჩენიათ. ადრეულ ასაკში ხშირად ვდარდობდი და ვნერვიულობდი საზოგადოებისგან ასეთ დამოკიდებულებაზე. ხშირად ეს იყო ჩემი დეპრესიული ხასიათის მიზეზიც და ალბათ დიდი ბიძგიც იმისკენ, რომ ჩემი თავი მიმეღო ისეთი როგორც ვარ.

 

ჩემი ჰობიც ერთგვარი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ ვაწვდი საკუთარ თავს ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს. მაკიაჟის კეთება თინეიჯერობის პერიოდში დავიწყე, როდესაც ავადმყოფობის გამო შრამები დამრჩა, რაც ჩემს წონასთან ერთად კიდევ უფრო დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი ყველაფერი მესწავლა, რომ დამეფარა ისინი. 

     

 


დღეს, როგორც მეუბნებიან, ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდის და ჩემი, როგორც მემეს, ერთ-ერთი აქსესუარიც ფერადი მაკიაჟია.  ხშირად უთქვამთ, რომ კლოუნს ვგავარ, დაუსვამთ კითხვა, რატომ არ ვარ ნორმალური. 

 

თუმცა ვის აქვს პასუხი კითხვაზე რა არის ნორმალური?!

  

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარეგნობა და მაკიაჟი, ბევრი ადამიანისთვისთვის გამაღიზიანებელია, გამაღიზიანებელია მხოლოდ იმიტომ, რომ შავ ხაზთან ერთად ერთ თვალზე სამი წითელი წერტილი მაქვს და მეორეზე კი მწვანე. ყველაზე დიდ სტიმულს ცხოვრებაში მაინც ადამიანები მაძლევენ. მაგალითად გოგონები, რომლებსაც მოსწონთ ჩემი მაკიაჟი.

   

მე მჯერა იმის, რომ როდესაც ბევრ პოზიტივს გასცემ, პოზიტივი გიბრუნდება. მგონია, რომ სადაც დღეს ვარ, სამყაროს დიდი საჩუქარია. მე დღეს პროექტ „დიდი სცენის“ ფინალისტი ვარ და მგონია, რომ თუ რაღაც მთელი გულით გინდა, აუცილებლად აგიხდება. ოცნებებს არ აქვს ფსკერი და არ აქვს საზღვარი.

  

გული მწყდება იმაზე, რომ როდესაც ამ პროექტის განმავლობაში მთელი ჩემი ძალისხმევა კარგად სიმღერაში ჩავდე, კომენტრაებში ხშირად ვხვდები ფრაზებს:

  

„გახდი და მერე იმღერე“,

„ბოდიში კი კარგად მღერი, მაგრამ ამ ჯართს რომ მოიხსნი მერე დაგირეკავ..“,

“უმაგრესი შესრულებაა, მაგრამ სახეზე ვერ ვუყურებ..“.

 
…მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნებები ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი გულის საქმეში ჩადებას, შედეგი მოაქვს.. მხოლოდ იმიტომ, რომ მქონდეს საშუალება ვიყო ის, ვინც ვარ და ისეთი, როგორიც ვარ, დამიჭირეთ მხარი კვირას, 22:00 – 00:00 მხოლოდ ერთი ზარით ნომერზე 0322 77 99 15 (ზარი უფასოა).

  

მჯერა, რომ ამ ორმა საათმა შეიძლება ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს, რომ უფრო გავძლიერდები და უფრო თავდაჯერებული გავხდები.

გიყვარდეთ თქვენი თავები ისეთები, როგორებიც ხართ და არ მისცეთ არავის უფლება, დაგაშორონ თქვენს ოცნებებს! მე ამას ვცდილობ, მაგრამ მაინც მჭირდებით.


დიდი სიყვარულით,


მემე მარიამ ჟორდანია

ავტორი

იმიტომ

კომენტარები