კვირა საღამო: შენ გელიან მოსკოვში

( სიტყვა)

ისრაელში ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი საფეხბურთო კლუბი, ბეითარ იერუსალიმი არსებობს. 1936 წელს შეიქმნა, შემდეგ დაპაუზდა და 1942 წელს აღადგინეს რევიზიონისტული სიონიზმის მიმდევრებმა. მოძრაობის ხასიათი რადიკალურად ნაციონალისტური იყო. შესაბამისად იყო კლუბიც - ყვითელ-შავ ფერებში შემოსილი გუნდი „მსოფლიოს ყველაზე რასისტი გულშემატკივრებით“, როგორც თავის თავს ეძახიან ბეითარის ფანები. კლუბის ისტორიაში მუსლიმი ფეხბურთელის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობდა 2015 წლამდე, სანამ ორი ჩეჩენი - სადაიევი და კადიევი დაიმატეს. რთული გამოსაცნობი არაა, რა რეაქცია ჰქონდათ გულშემატკივრებს. არა თუ თამაშებზე, ვარჯიშებზეც დაჰყვებოდნენ ფეხბურთელებს და ლანძღავდნენ, აგინებდნენ ორივეს. საწყალ სპორტსმენებს პოლიცია აცილებდა გასახდელიდან მოედნამდე და პირიქით.

 

ის, რომ ისრაელი (ვისთვის - დადებითი, ვისთვის - უარყოფითი ემოციის მატარებელი) ძალიან პრინციპული სახელმწიფოა, ეგ ცალკე ამბავია. მე იმაზე უფრო მეფიქრება, როგორი ცოდო, არაწინდახედული ტიპები აღმოჩნდნენ ის ჩეჩნები. ან არა იცოდნენ, რას სჩადიოდნენ, რაც აბსოლუტური უინტელექტობის მაჩვენებელია, ან იცოდნენ სადაც მიდიოდნენ და როგორც ბასიანი გეგმავდა აგვისტომს ომის 10-წლის თავზე პეტერბურგის ანდერგრაუნდში პუტინის რუსეთის დამხობას, ეგრე აპირებდნენ ისრაელის მმართველ პარტიასთან ასოცირებული ბეითარის კულტურულ გარდაქმნას. ცხადია, არ გამოუვიდათ. კლუბმა ჩამოიყვანა, გულშემატკივარმა თათხა, დააჩმორა და შემდეგ გააგდო.

 

ვაი, რომ ეგრე გვაჩმორებენ რუსები ოდითგანვე. გინდა სპორტში, გინდა - კულტურაში. ჩავალთ, ვიმღერებთ, ავაფრიალებთ დროშას, წამოვალთ. ჩავალთ, ვითამაშებთ, იშვიათად მაგრამ აქაც ავაფრიალებთ დროშას, წამოვალთ. რამე სხვა არის უთავმოყვარეობა თუ მეშლება? რა თქმა უნდა, იმ ჩეჩნების მსგავსად თორნიკეს არავინ დახვდება. არც გალანძღავენ - პირიქით. მაგრამ რუსების ტაქტიკაც ხომ სწორედ ეგაა!? „ჩვენი პატარა ძმები“, ბორჯომი, ღვინო, გართობა, ხინკალი, ხაჩაფური. ჩვენ ვართ აქ დაჩაგრულები და ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები მტრის წინააღმდეგ, თორემ აბა რუსეთის 20% ჩვენ არ წაგვირთმევია, რამე გასაბრაზებელი რომ ჰქონდეთ მათ - ჩვენზე.

 

 

რუსული მედიაც, რა გასაკვირია, ეგრევე ამუშავდა. კაპიტან ზბორნი გრუზიი მოსკოვში ითამაშებსო. აჟიოტაჟს რომ ფედერაციის მხრიდან თოკოს გამართლება მოჰყვა, ეგეც თარგმნეს და ძიაძია ვოვას პროპაგანდისტული მანქანაც კმაყოფილი დარჩა, დარწმუნებული ვარ.

 

იფიქრებთ ახლა, სძულს ამას რუსეთიო. არა, მართლა. ერთი რუსული სიმღერაც კი მაქვს ფლეილისთში. მესმის, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია რატომ თამაშობს ყაზანის „რუბინში“. 19 წლის ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელიც მაგარ ფეხბურთს ითამაშებს. მისთვის რუსეთი ტრამპლინია. იმედია.

აქ კი საქმე არის თორნიკე შენგელიაში - უძლიერეს კალათბურთელში, ეროვნული ნაკრების კაპიტანში, რომელსაც უამრავი სხვა შეთავაზება ჰქონდა. საუკეთესო ევროპული კლუბიდან, რეალიდან, მაგალითად. მიუხედავად ამისა, ის გადავიდა რუსული არმიის კლუბში. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად რომელიღაც სხვა კომპანიის მფობელობაშია. ბოლოს და ბოლოს ეგრე ჰქვიათ - Центральный спортивный клуб Армии (ЦСКА). აწი შენგელიამ გულზე უნდა ატაროს საბჭოთა წითელი ვარსკვლავი და უცქიროს რუს ჯარისკაცებს ტრიბუნაზე.

 

დასანანია უბრალოდ. თოკო რამდენადაც მაგარია, იმდენად ცოდოა, რომ ამხელა დარტყმა მიიღო. ლოგიკური და სამართლიანი დარტყმა, მე ვიტყოდი. იმიტომ, ჩვენს დროში სპორტსმენი აღარ არის უბრალოდ ბურთის მსროლელი. მით უმეტეს, თუ ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხარ. ეს ნიშნავს რომ ქვეყნის სიმბოლო ხარ, რომლის შეხედულებებიც მნიშვნელოვანია და რომლის თითოეული ნაბიჯიც ყურადღების ცენტრში მოექცევა. გინდა - არ გინდა, ქვეყანას წარმოადგენ და არა მხოლოდ შენს თავს. და როდესაც საქმე ქვეყნის პრინციპებსა და ფასეულობებს ეხება, იქ სიმბოლოები ბევრს ნიშნავს. რომ არ ნიშნავდეს, არ მოუწევდა არავის თავის მართლება.

 

 

გავრილოვი რომ ჩამოვიდა, რატომ გავბრაზდით, გახსოვთ? პარლამენტის თავჯდომარის სკამში რომ ჩაჯდა და ამაღლებული ადგილიდან გველაპარაკებოდა, იმიტომ. არც პარლამენტი გვევასება დიდად, არც პარლამენტის თავჯდომარე და დიდად, ალბათ, არც მისი სკამი. საქმე სიმბოლიზმშია. გავრილოვის იქ ყოფნით ჩვენი ინსტიტუცია დამცირდა. იგივეა ახლაც. იშვიათად, ამ დონეზე მოთამაშე ძლიერი სპორტსმენი გვყავდეს, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს ღირსეული კარიერისთვის და ბოლოს მაინც, ბოდიში და, ჩაისვარა. კულტურულ პონტში, მხოლოდ! თორემ, თორნიკეს საკუთარი ძალა და პროფესიონალიზმი ნამდვილად არავისთვის აქვს დასამტკიცებელი. თავად თქვა, CSKA-ში გადასვა მეტ მოგებას და ჩვენი დროშის მეტ ფრიალს ნიშნავსო. ეჭვი არ მეპარება - საქართველოს დროშას ნამდვილად ააფრიალებს მოსკოვში. უბრალოდ, მაგას ტრიო მანდილიც აკეთებს.

 

კომენტარები