კვირა საღამო: კვოტირება

( სიტყვა)

კვირა-საღამოსთვის ვემზადები. ეგეთი რამე მოვიფიქრე, რომ ერთგვარი შეჯამება მოვიწყო ხოლმე კვირის ბოლოს - კვირა დღეს. ისეთ ინტენსიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გეგონება ღმერთი ყოველ 7 დღეში ახალ სამყაროს ქმნის. ბოლო სერიაში ის გადარჩება და სახელად ეწოდება საქართველო. როგორც წესი, ამ 7 დღეში მომხდარი მოვლენები იმსახურებენ ხოლმე, მინიმუმ - ქრონოლოგიურად დალაგებას. აზრობრივად თუ დავალგეთ, ვაფშე მაგარი. შეიძლება დასკვნებსაც გამოვკრათ ხელი.

 

დავწერ ხოლმე ყოველი კვირის ბოლოს, ასე, დღიურივით. თუ რედაქტორს მოეწონება, წაგაკითხებთ, თუ არა - მომწერეთ მეილზე და ჩაგიგდებთ. წინასწარ ჩემზე წარმოდგენა რომ გქონდეთ, სადღაც შუაში ვარ ყოველკვირეულ ასავალ-დასავალსა და მიშა მშვილდაძის გადაცემას შორის. ხო დიდი სპექტრია? მუღამიც ეგაა. ერთი კვირის ბოლოს შეიძლება რუსეთის აგენტი მეძახოთ და მეორე კვირის ბოლოსაც - რუსეთის აგენტი. გააჩნია რომელს უფრო მაღალი ხმა გექნებათ.

 

თემაც არ მაქვს ცუდი. არც ასავალ-დასავალს ვკითხულობ და აღარც მშვილდაძის გადაცემას ვუყურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორივემ განიხილა ეს საკითხი. თან ვიცი დაიღალეთ ამ თემით, ამიტომ სხვა ლექსიკით შევფუთავ. პირველ კვირა საღამოს ვიფიქრებთ პარლამენტარების სასქესო ორგანოებზე! რა ჰორორია, არა?! მე და ჩემი მეგობარი ვლაპარაკობდით. კვოტებზე იღადავა, რა სისულელეაო. თან გოგოა ეს ჩემი მეგობარი და მეთქი, რა ვიცი, შეიძლება არ იყოს.

 

ჰოდა იმის მერე საკმარისად ვიფიქრე. მართლა. მათ შორის, იმიტომ, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სადაც რეგულაციები და ხელოვნური ჩარევები ჭირივით ეზიზღებათ. ვაიდა ვინმემ არგუმენტირებულად ჩამჭრას დებატში, მას ავტომატურად გადაეცემა ჩემთვის „სოციალისტის“ შეურაცხმყოფელად დაძახების 4 წლიანი ლიცენზია.

 

ბევრის წერაც არ მინდა. ისედაც ბევრი იკითხეთ ამ თემაზე და ამიტომ, მოკლედ ვიზამ.

 

რაზეა ბაზარი? - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, მათ შორის გენდერული კვოტები მიიღო. პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად მითითებული უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს დროებითი მექანიზმი მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის.

 

 

ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია ჩემი კურსელების, თავისუფლების ინსტიტუტის, თამარ ჩერგოლეიშვილისთვის და, მოკლედ, ჩემი და ბაია პატარაიას გარდა, პაჩწი ყველასთვის.

 

ერთი მხრივ, ისეთი საზოგადოება ვართ (აი, კაცი რომ ქალს ბენზინს გადაასხამს და ისე ეცდება მის დაწვას), რომ ნებისმიერი ბანალური არგუმენტიც გაამართლებს. პროცენტულობაც კი. საქართველოს პარლამენტში 149 მოქმედი დეპუტატიდან მხოლოდ 21 არის ქალი (14%). მაშინ როცა, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც კი 22%-ია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში შედის ირანი. ირანში ქალებს არ აქვთ მანქანის ტარების უფლება. სხვათაშორის მათ საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება შარშანღა მისცეს და იქაც კი! იქაც კი, 6% პარლამენტარებისა - ქალია. პროცენტულობაზე იფიქრებენ მავანნი, ეგრე პარლამენტში მყოფი ქალების ყველაზე მაღალი პროცენტი რუანდას და ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომლებიც განვითარებადი, ღარიბი სამყაროს ნაწილი არიანო. ნაწილობრივ მართალია, მაგრამ განვითარებული და მდიდარი სამყარო რას ამბობს? განა ევროპარლამენტში დეპუტატების 36% ქალი არაა? ფინეთში, ნორვეგიასა და ესპანეთში - 40%. გავიგე შვედები დაქცეულან ყველაზე მეტად - 47% ყოფილან ქალები პარლამენტში.

 

ზოგადად, მკაცრად იდეოლოგიზირებული ადამიანების პრობლემაა, რომ საკითხებს უყურებენ ‘ყველაფერი ან არაფერი’ პრინციპით. უმეტესად თვლიან, რომ ნებისმიერ პრობლემას მიესადაგება ერთი, წინასწარ დაწერილი ფორმულა. არადა, არა. რუანდაშიც და შვედეთშიც ბევრნი არიან ქალები პარლამენტში - მერე? ცუდი ყოფილა თუ კარგი? ვის რაში გამოადგა, ვიცით? ფაქტი ისაა, რომ 21-ე საუკუნეში ქალი და კაცი თანასწორი უნდა იყოს ყველგან. კონსტიტუციითაა ეს თანასწორობა გარანტირებული და შესაბამისად უნდა იყოს პოლიტიკაშიც. რა, საჯარო მმართველობა, პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღება არ არის ქალთა საქმე? თუ არის კიდევ,  გარდა პოლიტიკისა, ქალები დასაქმებულთა მხოლოდ 14% სად არიან, რომელ სფეროში?

 

საუბარი არ არის მაინც და მაინც წარმომადგენლობითობის პრინციპზე, რომ თითქოს ქალების პრობლემების - მხოლოდ ქალ დეპუტატებს ესმით. უამრავი ქალი პარლამენტარი ვიცი, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ქალთა უფლებები. ეს ჩემი ‘მოწინააღმდეგეების’ არგუმენტიც კი არის. ისევე, როგორც ის, რომ თითქოს კვოტების დაწესება ავტომატურად გულისხმობს ბოდიში შემდეგ მოწვევასთან და „დებილი ქალი დეპუტატების“ პარლამენტში მოხვედრას, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის არჩეული რომ ქალია და რასაც დრამატულ ფონად ახლავს განათლებული, თუმცა დაჩმორებული (ე.წ. დისკრიმინირებული) კაცი დეპუტატის აცრემლებული თვალები. აი, დაჩი ბერაიასი, მაგალითად. ეგ ბედკრული და ჩაგრული, ეგა!

 

არადა, სინამდვილეში საქმე უბრალოდ ეხება კანდიდატებისგან შემდგარი საარჩევნო სიების კვოტირებას. ანუ, პარტიები მეტს იმუშავებენ ნიჭიერი, ჭკვიანი ქალების აღმოსაჩენად და შესთავაზებენ მათ საარჩევნო სიაში ყოფნას. კონკურენციაა ერთგვარი, რომლის შედეგადაც, ერთი პარტიის ქალებისა და კაცებისგან შემდგარი საარჩევნო სია დაუპირისპირდება მეორე პარტიის ქალებისა და კაცებისგან შემდგარ საარჩევნო სიას? ღმერთო ჩემო, რა უჩვეულოა!

 

 

მუღამი სოციალური და კულტურული ბარიერების მოხსნის აქტუალიზებასა და პოლიტიკური სპექტრის მრაფალფეროვნებაში, გრძელვადიან პერსპექტივაში - სტერეოტიპების დამარხვაშია.

 

ან, განა რას ცვლის ეს? ვინ აღარ იქნება პარლამენტში, ვიზეც გული დაგვწდება - ენზელ მკოიანი? ნუ გეშინიათ, მისი მოღვაწეობა უახლოეს მომავალში არ მორჩება. სულ რომ ქალების სასარგებლოდ იყოს კვოტირება 149 – 1-ზე, ენზელი მაინც შევა პარლამენტში. 151-ე წევრადაც, თუ საჭირო იქნება.

             

ზემოთნახსენებ მრავალფეროვნებაზე კი ქართული სკოლა გამახსენდა. ყველაზე მრავალფეროვანი ინსტიტუტი სამყაროში! იქ ხომ პირიქითაა, 3 კაცის გარდა ყველა მასწავლებელი ქალია. იმ სამიდან კი ორი აუცილებლად ფიზკულტურის მასწავლებელი. რატომ, აღზრდა კაცის საქმე არაა? თავი არ აღმაზრდევინოთ ახლა!

 

რჩევები აბიტურიენტებს

სპორტი და პოლიტიკა

კომენტარები