სად ჩავიცვათ 50 ლარად, ანუ Day off Day off-ში

( სიტყვა)

უკვე გაზაფხულია. ვემშვიდობებით თბილ ტანსაცმელს და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავიცავამთ რაიმე ახალს და ფერადს. ამიტომ იმიტომ-მა გადაწყვიტა გაარკვიოს, როგორ მოვემზადოთ სეზონისთვის, თანაც ისე, რომ მთელი სტუდენტური ქონება ახალ ტანსაცმელზე არ დაგვეხარჯოს.

     

ამისთვის მე და ალექსანდრე დავძმობილდით დაა Dayoff-ს მივადექით. ეს მეორადი ტიპის მაღაზიაა, რომელიც უკვე ორი წელია არსებობს. მისი მფლობელები არაქართველი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საკუთარი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს. როგორც თვითონ გვითხრეს, საქართველო ძალიან მოსწონთ, თუნდაც იმის გამო რომ აქ ძალიან ბევრი ვეგანური საჭმელია. ჩვენი პოსტი, მათი პატარა მაღაზიის დათვალიერებაში დაგეხმარებათ და დაგარწმუნებთ, რომ გარდერობის განახლება 50 ლარადაც შესაძლებელია.

 

    

ქურთუკი: 55 ლარი, მაისური: 15 ლარი, წელის ჩანთა: 13 ლარი 

   

Dayoff- ის სამოსის უმეტესობა ძირითადად ახალგაზრდებისთვის არის შერჩეული, უფრო მეტად კი კინომოყვარულები არ დარჩებიან გულგრილები. პირველი, რამაც მაშინვე თვალი მომჭრა და გული ამიჩქარა, ეს წითელი მაისურია. დარწმუნებული ვარ, სიტკომების და განსაკუთებით Big bang theory - ის მოყვარულები ზუსტად გაიგებდით, რა ვიგრძენი. Dayoff-ს არც წლევანდელი ტრენდები გამორჩა და წელის ჩანთებითაც მომარაგდნენ, მართალია ჩემი სტილი არ არის მაგრამ მაისურს ნამდვილად უხდება. სამაგიეროდ, ჯინსის ქურთუკები მომწონს, ნებისმიერი ფერისა თუ ზომის. ამ ქურთუკის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ძალიან თბილია და შემოდგომის სუსხშიც კი შეძლებთ ჩაცმას. შიგნიდან კი ისეთი ფერადია და ისე სუსხავს,რომ თქვენც ჩემსავით მეორე მხრიდანაც მოინდომებთ მის მორგებას. ზუსტად არ ვიცი, კორსიკის რეგიონის დროშას რა დანიშნულება აქვს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეგეც თავის მხრივ გამორჩეულს ხდის.

    

  

  

პერანგი: 15 ლარი, ქვედაბოლო: 20 ლარი

   

ეს პერანგი კი, ალბათ, უფრო კლასიკური ტანისამოსის მოყვარულებისთვისაა და მათთვის, ვისაც მუხლამდე ქვედაბოლოები მოსწონს. სხვათა შორის, Dayoff-ში ქვედაბოლოებიც ძალიან ბევრია და ერთმანეთს არც ერთი ჰგავს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მე მაცვია ველვეტისაა, უზარმაზარი ელვაც აქვს და ძალიან საინტერესო ვიზუალიც.

        

    

პერანგი: 13 ლარი, ქევედაბოლო: 20 ლარი, აქსესური: 15 ლარი

    

Dayoff-ი გრძელი ქვედაბოლოების მოყვარულებსაც არ დაგტოვევთ ხელცარიელებს. მიუხედავად იმისა, რომ კოჭამდე კაბა არასდროს ჩამიცვამს და მით უმეტეს, ხავერდის, მაინც ვიტყვი, რომ ეს წითელი ფერის სილამაზე ნამდვილად ღირს შესაძენად. მართალია, უხერხულობის შეგრძნება არ გამქრალა, რადგან თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს, ჰიპი ვიყავი, ანდა ფიბი Friends-იდან. ამ შეგრძნებას ეს უცნაური ჟილეტიც მიმძაფრებდა, რომელიც ზუსტად არ ვიცი, სად შეიძლება რომ ჩაიცვათ, მაგრამ, აი, The velvet underground-ის და უფრო სწორად, ენდი უორჰოლის ცნობილი "ბანანის" დანახვამ ამ პატარა მაღაზიაში, ნამდვილად გამაკვირვა. 

    

  

   

ქურთუკი: 35 ლარი, მაისური: 15 ლარი

   

რა თქმა უნდა, Day Off-ს არც ბიჭები დავიწყებია, განსაკუთრებით გაგიმართლებთ, თუ ჩემსავით ერთი-ორი ზომით დიდი ტანსაცმლის მოყვარული ხართ. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, იყო ხაკისფერი დიდი ქურთუკი, რომელიც ზედგამოჭრილია გაზაფხულისა და შემოდგომის არაპროგნოზირებადი ამინდებისთვის. ქურთუკის განსაკუთრებული ღირსება მისი პრაქტიკულობაა. დიდი ზომა, რომელმაც სხვა ტანსაცმელთან შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ, ამ ქურთუკისთვის პირიქით, დიდი პლიუსია. მისი ჩაცმისას თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი. მისი ფერი და სტილი საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა დიზაინის ტანსაცმელს შეუხამოთ. მაგალითად ამ პოსტმოდერნისტულ მაისურს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ვიზუალით.

    

  

   

Hoodie: 20 ლარი
   

თუ პოსტმოდერნში ბოლომდე ჩაფლული ხართ და საკუთარ თავს ჰიპსტერსაც შეიძლება უწოდებდეთ, ეს ეგზოტიკური Hoodie თქვენთვის ზედგამოჭრილია. წინა ქურთუკივით, ეს Hoodie-ც ძალიან კომფორტულია სატარებლად და მოძრაობისას არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. ამას ემატება დრაკონებითა და იაპონური იეროგლიფებით გაფორმებული ვიზუალი, რომელიც იასამნისფერ ფონზე მეტად საინტერესო იერს აძლევს მას. მითუმეტეს, ბოლო წლებში მსგავსი სტილი თბილისში სწრაფად იკიდებს ფეხს, ჰოდა თქვენც შეგიძლიათ ორიგინალური Hoodie-თ არ ჩამორჩეთ ტრენდს.

    

  

    

ქურთუკი: 30 ლარი, მაისური: 13 ლარი 

    

ეს შავი ქურთუკი და მაისური კი განსაკუთრებით მათ მიიზიდავს, ვინც ჩემსავით ორდინალურისა და თანამედროვე სტილის ნაზავს ანიჭებს უპირატესობას. თუ ფანტაზიას დაძაბავთ, შეიძლება თავი ჯეიმს დინად ან ჯონი ბრავოდაც წარმოიდგინოთ. ქურთუკის სადა და თანამედროვე დიზაინი გაძლევთ თავისუფლებას, რომ ის სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელთან შეახამოთ. გარდა ამისა, მისი პარქტიკულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითქმის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში.

     

მოკლედ, თუ კარგად დაძებნით, საყვარელი სერიალისა თუ ბენდის სიმბოლოებიან ნივთს აუცილებლად იპოვით და ისევე გაგითბებათ გული. როგორც მე და ალექსანდრეს გარდა ამისა, აქ ნახავთ უამრავ ფერად საწვიმარს, თბილს თუ შედარებით გრილს, სხვადასხვანაირ კეპებს თუ Hoodie-ებს. ხშირად ზურგჩანთებსაც იხილავთ და კომიქსების პრინტიან ბოტებსაც კი! ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადგილია თბილისში ასეთი მრავალფეროვანი არჩევანით და რაც მთავარია მხიარული, გულღია, დახმარებისთვის მზად მყოფი და ღიმილიანი ადამიანებით.
   

კომენტარები