Ainsi sera, groigne qui groigne - ინტერვიუ მარიამ მღებრიშვილთან

( სიტყვა)

ის გამონათქვამი ჰომ იცით, ყოველთვის მთვარე ამოიღე მიზანში და ნებისმიერ შემთხვევაში ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდებიო? მთელი ეს ამბავი, რაზეც მინდა გიამბოთ,  ასეთი ისტორიაა. აი, სამსახურისა და ონლაინ პრეზენტაციების შემდეგ, საწერად რომ დაჯდები, მულანის საუნდტრეკს დალუპავ (იმ ეპიზოდისას,  რომ გადაწყვეტს მამამისის ნაცვლად, თავად  წავიდეს არმიაში, თმას შეიჭრის, ბიჭივით გამოეწყობა და ხმალსაც მოიპარავს) და დაფიქრდები, როგორ განსაკუთრებით უხდება ეს მუსიკალური განწყობა დასაწერ ტექსტსაც, რადგან არანაკლებ მამაც და გამბედავ ადამიანზე უნდა გიამბოთ.


ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ჩემმა უნივერსიტეტმა მორიგი პოსტი დადო წარმატებული კურსდამთავრებულის შესახებ, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე უცხოეთში მიიღეს, მორიგი უკვე ნაცნობი, დანაშაულის განცდა გამიჩნდა. დანაშაულის გრძნობა, რომ მე არ ვიცი, რა მინდა. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ხშირად გვებადება ხოლმე წარმატების ისტორიების მოსმენისას. თუმცა, ამ პოსტს  ბოლომდე რომ ჩავყევი, ეს შეგრძნება სხვა ემოციებმა ჩაანაცვლა. მაშინვე გახარებული ზედა სართულზე ავვარდი და დედაჩემსა და მამაჩემს ვუამბე მარიამზე. რამდენიმე დღეში კიდევ მასაც მივწერე და ვთხოვე, რომ გვესაუბრა. ამ სტატიით, მინდა სხვათა დანაშაულის გრძნობაც სხვა ემოციებით - მოტივაციით, მიზანდასახულობითა და ბრძოლის ჟინით, ჩავანაცვლო.


ისტორია იმაზე მეტად შთამბეჭდავია, ვიდრე თავად ის ფაქტი, რომ მარიამი აშშ-ისა და ევროპის ერთდროულად რვა უნივერსიტეტში მიიღეს სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე, მათ შორის: Columbia University, University of California Santa Barbara, State University of New York Albany, Central European University – (თითქმის ყველგან სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით); ასევე, Middlebury Institute of International Studies, Cal State Long Beach-ისა და Uppsala University -ში. უკვე იმდენად შთამბეჭდავი ჩართული წინადადება გამომივიდა, მთელი თავისი ჩამონათვალით, რომ დროა შეგახსენოთ - უფრო შთამბეჭდავი ნაწილი ახლა იწყება. 


მარიამმა 2018 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი და, როგორც ჩვენთან იტყვიან, მართველია. მითხრა, რომ წლის ბოლოს საკმაოდ მოწყენილი და გამოცარიელებული იყო. რთულია, ჩააბარებ უნივერსიტეტში, პირველ კურსზე კანტსა და ნიცშეს აანალიზებ, თავი დიდი ვინმე გგონია, გგონია, რომ უნივერსიტეტის დასრულებისას ცხოვრება თავისით დალაგდება, ეგრევე ძალიან მაგარ სამსახურს იპოვი და თვითრეალიზებასაც იოლად მოახერხებ. მერე, ფილოსოფიის ლექციიდან გამოსულს, სამყაროს შესაცვლელად გამზადებულს, დაგიდებენ სამსახურში 200 დოკუმენტს დასასკანერებლად და იწყებ კამიუსა და ეგზისტენციალიზმის გადააზრებას.


„რამდენიმე სტაჟირება როცა დავამთავრე, მივხვდი, კონკრეტული გზა არ მქონდა განსაზღვრული. ნებისმიერ მოსაწყენ სამუშაოს ავიტანდი, თუ მეცოდინებოდა, რაღაც დასახულ მიზანს ემსახურებოდა. პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტში მიზნები დავკარგე, სრულ აპათიას ვგრძნობდი, არ ვიცოდი, რა მინდოდა და საით მივდიოდი. ასეთი სიცარიელე იშვითად რომ ოდესმე მეგრძნო, მანამდე ხომ სულ გაწერილი იყო სამომავლო გეგმები! რუტინას რომ არ ჩავეყლაპე, მივხვდი,  შესვენება უნდა ამეღო და, საბედნიეროდ,  მქონდა ამ შესვენების აღების ფუფუნება. 3 თვე სახლში დავჯექი, დავიწყე იოგა, მედიტაცია, ვცდილობდი მთლიანად გამეთავისუფლებინა გონება, საკუთარ თავში გამორკვევა ვცადე, დღიურის წერა დავიწყე, ვფიქრობდი, რა მინდოდა მქონოდა 10 წელიწადში, 5-ში, 1 -ში.”


ცხადია, გარშემო ყველა მეკითხებოდა, რატომ არ მუშაობ, რა გჭირსო, მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ იმ მომენტში, ცხოვრების ეფექტურად გასაგრძელებლად, მჭირდებოდა ეს ანტრაქტი. ჰოდა, დავჯექი, დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე ყველაზე დიდი ოცნებები. ყველანაირი ლიმიტების გარეშე, როგორი იქნებოდა ჩემთვის იდეალური ცხოვრება. ერთი რამ აშკარა იყო, პირველი ნაბიჯები ამ გზაზე, აშშ-ში სწავლის გაგრძელებაზე გადიოდა. მანამდე ევროპაშიც მქონდა გაგზავნილი აპლიკაციები, რამდენიმე უნივერსიტეტმა მიმიღო კიდეც, თუმცა მერე დაფინანსების მოპოვებაც აღარ მიცდია. ახალი გზა მქონდა ნაპოვნი, მხოლოდ წინ ვიყურებოდი და გარშემო აღარაფერი არსებობდა".


ამერიკის მსგავსად, სამხრეთ კორეაც საკმაოდ შორსაა და, მარიამის მსგავსად, მეც მეუბნებიან - რა გინდა კორეაში, ასე შორს, რთულიაო. მთლად ადამიანების სკეპტიკურ განწყობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ მგონი ბოლო დროს მეც შემეპარა ამ ოცნების რეალურობაში ეჭვი. თუმცა უკვე მივხვდი, ეგ არ უნდა მექნა, შენ თუ არ გჯერა, სხვა რატომ დაგიჯერებს?


„ძალიან ხშირად ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები გვიბიძგებენ , რომ საშუალოს დავჯერდეთ.“ - ამ დილემის შესახებ მიპასუხა მარიამმა - „ვიღაც თუ სამსახურზე დაიწუწუნებს, ეგრევე მივახლით, რა გაწუწუნებს, მადლიერი იყავი იმით, რაც გაქვსო. თითქოს, უმადურობაა არ იყო კმაყოფილი იმით, რაც გაქვს. მე კი ვფიქრობ, რომ ყოველთვის თუ იმას დაჯერდები, რაც უბრალოდ დაგემართა, ვერასდროს წახვალ წინ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიზღუდოთ ოცნებაში თავი. მართალია, ხშირად ყოველდღიურ რუტინაში იკარგება ეს ყველაფერი და შაბათ-კვირას ბარში ვაყოლებთ ხოლმე გულს აუხდენელ ოცნებებს, რომლებიც აუხდენელი მხოლოდ იმიტომაა, რომ თავად გადავწყვიტეთ ასე. რეალურად, არაა საჭირო სამსახური მიატოვო და ახალი ცხოვრება დაიწყო. უბრალოდ, უნდა ირწმუნო მომავლის და ნელ-ნელა დაიწყო შენი ოცნებისთვის ნაბიჯების გადადგმა. მოხვალ 7-ზე სახლში დაღლილი? დაანებე თავი უაზრო სქროლვას და საკუთარ თავს დააძალე პირველი ნაბიჯის გადადგმა. ონლაინ კურსის აღება, იუთუბ ვიდეოს ჩაწერა, შენი პატარა საიდ-ბიზნესის წამოწყება. არ ვიცი, რაც შენს გულს გაუხარდება. მთავარია, მხოლოდ იმას არ დასჯერდე, რაც საჭიროა.“


მარიამმაც გადაწყვიტა, საჭიროზე უფრო მეტი გაეკეთებინა. იმისათვის, რომ ამერიკაში გაეგრძელებინა სწავლა, სრული დაფინანსება სჭირდებოდა. ფიქრობდა, რომ მისი სწავლის საფასური მშობლებს არ უნდა გადაეხადათ. თანაც, საკუთარ თავს ეჯიბრებოდა და ცდიდა თავის  ახალ თეორიას იმის შესახებ, თუ სადამდე შეიძლება მიგიყვანოს გაჯიუტებულმა მონდომებამ. 


„GPA მქონდა 3.16. ნორმალური GPA-ია, მაგრამ ნორმალური GPA სრულ დაფინანსებას არ მოგცემს, თანაც, როცა გავიკითხე, გავიგე, რომ დაფინანსების მოპოვება ძალიან რთული ამბავი იყო, სტატისტიკურად ცოტას აძლევდნენ, მითუმეტეს სრულს. გადაწყვეტილების მიღებისას ტვინში ეგრევე უამრავი დაბრკოლება გაჩნდა. ამ დაბრკოლებებზე ერთბაშად არ მიფიქრია, თორემ თუ ცხრათავიანი გველეშაპის ცხრავე თავს ერთად უყურე, ყველაფერი შეუძლებელია. One step at a time, one problem at a time. მოკლედ, ეტაპობრივად დავიწყე მათთან გამკლავება და გადავწყვიტე GPA-ს ნაკლი სხვა რაღაცით დამებალანსებინა: კარგი ხარისხის ნაშრომი გამეგზავნა, მაღალი ქულები მიმეღო GRE-ში (სამაგისტრო უნარების ტიპის გამოცდა აშშ-ში) და კარგი სამოტივაციო წერილები დამეწერა“.


ამ მიზნების შესრულებას, საკუთარ თავზე მუშაობის ჭკვიანურად მოფიქრებული სისტემა, დიდი ძალისხმევა და ცოტა არ იყოს, არაადამიანური ტემპით ცხოვრება დასჭირდა.


2019 წლის გაზაფხულზე მარიამი უკვე მუშაობდა full-time მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ დროს, მისი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა - ჯერ სამსახურის საქმეებს აკეთებდა, შემდეგ, როცა საღამოს სამსახურიდან ყველა მიდიოდა და ოთახი იცლებოდა, მეცადინეობას იწყებდა - დღეში 30 ახალ სიტყვას სწავლობდა, 200-ს კი იმეორებდა. თარგმნიდა, წერდა, არ მოსწონდა, შლიდა და თავიდან წერდა ყოველ სიტყვას თავის საბაკალავრო ნაშრომში და არ ისვენებდა, სანამ სრულყოფილებამდე არ მიიყვანა ყველა ნიუანსი. ინიშნავდა დროს და წერდა საგამოცდო ესეებს, რომ ლიმიტირებული დროისთვის მზად ყოფილიყო. აკეთებდა ტესტის ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს, ორიგინალში კითხულობდა კლასიკურ ლიტერატურასა და ყველა ლამაზ კონსტრუქციას, წინადადებას, სიტყვას იწერდა, აკონსპექტებდა, რომ ლამაზად წერა ესწავლა. ისევ აკეთებდა ტესტის ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს, მუშაობდა ფრილანსერად და იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს უწერდა დავალებებს, რომელშიც სწავლის გაგრძელებას აპირებდა.


სახლში ღამის 11 საათზე მიდიოდა და მაშინ, როცა საჭირო უკვე გაკეთებული ჰქონდა, როცა ყველაზე დაღლილი იყო, როცა ლუკმის გადაყლაპვაც ეზარებოდა, თავის თავს აძალებდა ცოტა მეტი გაეკეთებინა. იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტსა და პირობებში მზად ყოფილიყო გამოცდის საწერად, სახლში მოსული მეგობარს ურეკავდა და საათნახევრის განმავლობაში ისევ ტესტს წერდა.


ჯამში მარიამმა 3 თვეში 1600 ახალი სიტყვა ისწავლა, დახვეწა ინგლისური ენა. შვებულება არ აუღია, რათა კალაპოტიდან არ ამოვარდნილიყო და, პრაქტიკულად, არ გაუცდენია არც ერთი დღე სიტყვების სწავლისა და ტესტის გაკეთების გარეშე. კითხვაზე, თუ როგორ ასწრებდა ამ ყველაფერს, მპასუხობს: 


„უაზრო რაღაცები ამოვიღე ცხოვრებიდან. ისეთები, რასაც იმ მომენტში ჩემი მიზნისთვის სარგებელი არ მოჰქონდა. ცხოვრებაში ყველაფერი ორ ნაწილად დავყავი - აქტივობები, რომლებიც ემსახურებოდა ჩემს მიზანს და აქტივობები, რომლებიც დროს მაკარგვინებდა. ასე ვფიქრობდი, დღეს რომ გავიდე ბარში, დავკარგო 5 საათი, ხვალ გავიღვიძო ნახევრად ცოცხალმკვდარმა და მერე მთელი დღე ბოსტნეულივით ვიდო ლოგინში, მიღირს ამ დღის დაკარგვა? მეგობრებსაც იშვიათად ვნახულობდი და მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან საჭირო ვიყავი ან დიდი დღესასწაული იყო. ცხადია, ეს დროებითი და რამდენიმეთვიანი კარანტინული რეჟიმი იყო გამოცდების წინ. ყველა გავაფრთხილე, რომ ოქტომბრის თვიდან დავუბრუნდებოდი ჩვეულ ცხოვრებას. ბუნებრივია, მთელი ცხოვრების იზოლაციაში და მუშაობაში გატარებას არავის ვურჩევდი. მხოლოდ დროებით, როცა საჭიროება მოითხოვს. ისე კი, ასეთ დროს ტოქსიკური ურთიერთობები ყველაზე კარგად მჟღავნდება. საბოლოო ჯამში, ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანები მხარს მიჭერდნენ ყველაფერში, მიჩვეულები იყვნენ ჩემს გრაფიკსაც.“


როცა ადამიანი რაღაცის სურვილით ასე ძალიანაა შეპყრობილი, ყველაზე დიდი შიში მაინც ამ მისიის წარუმატებლობაა. მარცხმა ამ დროს შეიძლება წელში გაგტეხოს და გაგრძელების სურვილიც აღარ დაგიტოვოს. მარიამის პირველი მცდელობა ასეთი კრახით დასრულდა.  პირველად აპლიკაცია ფულბრაითში გააგზავნა და Guess what?  არ დაურეკეს, გასაუბრებაზეც არ დაიბარეს.


„კი არ მეწყინა, მეტკინა. წარმოიდგინეთ, მთელ შენს ცხოვრებას რომ ერთი რაღაცის გარშემო ატრიალებ, აი, ეგეთ რეჟიმში რომ ცხოვრობ და პირველივე ცდაზე კისერს იტეხ. თან არ იცი, რამდენი ხანი ჩავკირკიტებდი მაგ ერთ აპლიკაციას, რამდენჯერ დავწერე და გადავწერე თავიდან. ზეპირად ვიცოდი ყველა ესე, მართლა იდეალურამდე მყავდა მიყვანილი. იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის, ჩემი პირველი მისია და ბრახ, ასეთი ამბავი დამეცა თავზე. რა მექნა, ერთი-ორი დღე რომანტიკულ კომედიებს ვუყურებდი, სიტყვების სწავლისგანაც გავითავისუფლე თავი. მერე ეს ჩემი დაწუნებული ესეები ოთახში გამოვიკარი და გავაგრძელე გამოცდებისთვის მეცადინეობა“.


გადატვირთულმა გრაფიკმა და დასვენების გარეშე მუშაობამ შედეგად  Burnout (გადაწვა) გამოიწვია. ჯანმრთელობის პრობლემები და თავბრუსხვევბი დაეწყო. GRE-ის გამოცდის წერის დროსაც კი მთელი ოთახი ტრიალებდა. თუმცა ხომ გახსოვთ, ნებისმიერ მდგომარეობაში რომ ემზადებოდა გამოცდის საწერად? ჰოდა, ეტრიალა ოთახს, რამდენიც უნდოდა. მარიამმა GRE-ში უმაღლესი ქულები მიიღო. განსაკუთრებით ვერბალურ ნაწილში, 170-დან 163, სტატისტიკურად, ამაზე მაღალი შედეგები ტესტის ისტორიაში მხოლოდ 7%-ს ჰქონდა.


თქვენ რა ჩაგიდენიათ იდეალური სამოტივაციოს დასაწერად? გუგლში მოგიძებნიათ თემფელითი? თუ მეგობრისთვის გითხოვიათ უკეთ დაწერილი ვარიანტი? მაგალითად მარიამი, ყველა უნივერსიტეტისთვის ცალკე ხვეწდა დიზაინს და ფერებსაც უნივერსიტეტის საიმიჯო ფერების მიხედვით არჩევდა. 


ეს მარათონი ლატარეას გავდა და იმისთვის, რომ შეენიშნათ, მხოლოდ GRE-ში მაღალი ქულის აღება არ იყო საკმარისი. ადგა და იმ უნივერსიტეტების ლექტორებს მიწერა მეილები, რომლებშიც გეგმავდა სწავლის გაგრძელებას. თან, მანამდე ამ ლექტორების წიგნები წაიკითხა, დააკონსპექტა, მათი ნაწერებიდან გამომდინარე, ლექტორების პერსონალური პროფილები შექმნა, დააკვირდა რა მოსწონდათ, რომელ სიტყვას იყენებდნენ ყველაზე ხშირად, როგორი იუმორის გრძნობა ჰქონდათ და ტექსტებიც ამის მიხედვით შეადგინა. This is what we call high level of stalking, მეგობრებო.  


„შედეგად, ყველა ლექტორმა მიპასუხა, თან საკმაოდ დიდი ტექსტებით. Moral of the story, be creepy. პირველი პასუხი თებერვალში მომივიდა. პირველივემ მითხრა, სრულად გაფინანსებთ და სტიპენდიას გაძლევთო, სამსახურის ეზოში ჩავედი და იმ სიმღერას მოვუსმინე, გადაღლილი ბრეიქებზე რომ ვუსმენდი ხოლმე. ვიცოდი, მოვიგე“.


კოლუმბიის უნივერსიტეტის პასუხის ნახვის დროს დამართნილ ეიფორიას ახლაც ვერ იშორებს და ბოლომდე ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ყველაფერი, რაც ერთი წლის წინ ჩაწერა დღიურში, აიხდინა. 


როგორც ამბობს, მიზნისაკენ სწრაფვას ორი ყველაზე დიდი მტერი ჰყავს - სიზარმაცე და წარუმატებლობის შიში. წარუმატებლობის შიში კი არა, იმის თქმა - მაინც არ გამომივა და რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერსო. სიზარმაცის დამარცხება უფრო ადვილია - „რამდენიმე ხერხი მქონდა, მაგალითად - ჩემს თავს ვუმეორებდი, მომდევნო ერთი საათი ასეც გავა და ისეც, ახლა კი შემიძლია მაგ ერთ საათში 30 სიტყვის სწავლა მოვასწრო, ან შემიძლია ინსტაგრამი ჩამოვსქროლო და საბოლოო ჯამში ვერაფერი მივიღო. სულ მოქმედებდა და პროკრასტინაციას მამარცხებინებდა. მეორე ხერხი იმ დღეებისთვის მქონდა, როცა დილით ვიღვიძებდი და არაფრის თავი არ მქონდა. ვამბობდი, მარტივი რომ იყოს, ყველას გამოუვიდოდა, მეთქი. თავს ვუმეორებდი ციტატას, რომელიც რაღაც პოდკასტში გავიგონე და თავში გამიჯდა - ‘The main difference between amateurs and pros is that pros put commitments over feelings’. ცხადია, სულ მოტივირებული არ დავდიოდი, ხანდახან ვიღვიძებდი და მზად ვიყავი, 3 თვე დამეძინა, ხანდახან საერთოდ აღარ მინდოდა აღარაფრის გამოსვლა. მაგრამ სულ მახსოვდა, ემოციები და გრძნობები წარმავალია, დღეს ასე გრძნობ თავს, ხვალ სხვანაირად. მიზანი კი ერთია, კონსტანტა, არ იცვლება და არ მერყეობს. შესაბამისად ვდგებოდი ლოგინიდან იმიტომ, რომ პატივი მეცა ხვალინდელი ჩემი თავისთვის“. 


როგორც ამბობს, ძალიან ბევრი ადამიანი აყენებდა ეჭვქვეშ როგორც მის ოცნებებს, ასევე მის უნარებს. უსმენდნენ და ეუბნებოდნენ, ცაში ხომ არ დაფრინავ, რა კოლუმბიის უნივერსიტეტზე ლაპარაკობო. თუმცა, პასუხი მის Facebook-ის Bio-შივე ამოვიკითხე. აქ მას ანა ბოლეინის სიტყვები აქვს ამოწერილი, რომელიც ინგლისის დედოფალს ოთახში ჰქონდა გაკრული:


Ainsi sera, groigne qui groigne


ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, მაინც ასე იქნება ყველაფერი.  (ასე -ანუ როგორც მე მინდაო) 


ეს რომ ვუხსენე გაეცინა. „კარგად დააკავშირე, არ მიფიქრია მაგაზე. ისე, მასეთმა ციტატებმა იყო, ბოლოს ისე რომ დაამთავრებინეს, როგორც დაამთავრა (თავი მოჰკვეთეს). კიდევ კარგი მე-16 საუკუნეში არ ვართ“. 


ადრე მეგონა, რომ რაღაც დიად, სწორ მიზანს რომ იპოვი, ხელში დაიჭერ, ეგრევე მოტივირდები და ამის მერე მთელი ცხოვრება ივლი მოტივირებული მეთქი, ეგრე არ არის.


„ჰო,  შეიძლება ერთ დღეს ფრთები გქონდეს გამობმული, გეგონოს, რომ წინ ვერაფერი დაგიდგება, მეორე დღეს კი უსუსურად იწვე საწოლში დილით და გაღვიძებაც არ გინდოდეს, მაგრამ პირველივე ჯერზე, როგორც კი საწოლიდან ფეხს გადმოდგამ, თამაშის წესები შენს სასარგებლოდ იცვლება. ასეა ყოველთვის, როცა გადაწყვეტ, რომ ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, შენზეა დამოკიდებული“.


მეც მჯერა, რომ სადმე რამე ვარსვკლავთწყობა თუ არსებობს, რომელიც ადამიანების წარმატება-წარუმატებლობის საკითხებს წყვეტს, ისიც სწორედ ასეთ ადამიანებს წყალობს. 

 

გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ მარიამთან საუბრის მომდევნო ერთი კვირა ჩემთვის ბევრად უფრო პროდუქტიული იყო და ,შესაბამისად, თავს უკეთ ვგრძნობდი, რადგან ნაკლებად მაწუხებდა ის დანაშაულისმაგვარი განცდა, თავში რომ ვახსენე. ეს ისტორია ახლოს მოვიდა  ჩემს ფიქრებთან და ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ნიუსფიდზე ყველა რაღაცის კეთებას ასწავლის და მოტივაციების გარდა, არავინ არაფერზე ლაპარაკობს. 


ვფიქრობ,  ადამიანის გადასაწყვეტია სამოტივაციო წიგნებში ამოკრეფილ ინსპირაციულ ფრაზებს  მხოლოდ ფრაზებად და ლექციების ჰედლაინებად დატოვებს თუ არა. ალბათ, მე თვითონ სულ მოტივაციაზე იმიტომ მეწერინება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოვიხელთე. მაგრამ ასე ვერც მოვიხელთებ - გასაკეთებელ საქმეს მხოლოდ გაკეთება  თუ უშველის. მარიამი კი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ “IT always seems impossible until it is done”.

ავტორი

თიკო გოგბერაშვილი

კომენტარები