რა მოხდა ჩილეში? ანუ კაპიტალიზმის 4 მხედარი

( სიტყვა)

ჩილეში დატრიალებული მოვლენებს პოლიტიკური კომპასის ყველა შტო სათავისოდ იყენებს, ზოგი ცდილობს პინოჩეტში ბოროტი და სისხლისმსმელი კაპიტალისტი ან კაპიტალისტური ამერიკის იმპერიალისტური ზრახვების აღმასრულებელი დაინახოს, ზოგი კი მასში თავისუფალი ბაზრის მესიას ხედავს.

ვეცადე მაქსიმალური სიზუსტით გადმომეცა შიშველი ისტორიული ფაქტები, დასკვნა კი მკითხველზეა დამოკიდებული.

1970 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები ჩილეში, სადაც ხმების 36.2 პროცენტი აიღო კანდიდატმა სახელად სალვადორე ალიენდე, მართალია ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო, თუმცა შედარებისთვის მეორე ადგილოსანმა ხორხე ალესანდრიმ ხმების 34.9 პროცენტის შეგროვება შეძლო. ალიენდეს უპირატესობა არ იყო საკმარისი პრეზიდენტის სტატუსის მისაღებად, ჩილეს კანონმდებლობა კი მეორე ტურს არ ითვალისწინებდა, ნაცვლად მეორე ტურისა უნდა შეკრებილიყო კონგრესი, რომელიც აირჩევდა პრეზიდენტს მოცემული კანდიდატებიდან და როგორც წესი კონგრესი სულ იმას ირჩევდა ვისაც უფრო მეტი ხმა ჰქონდა, რაც დამეთანხმებით ლოგიკურია.


ვინ იყო ალიენდე?


სალვადორე 1908 წელს დაიბადა ვალპარაისოში და 1933 წელს დაფუძნებული ჩილეს სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, შემდგომში კი მისი თავმჯდომარე გალხდათ. ალიენდე თავგამოდებული მარქსისტი იყო, ხშირად ვერ მალავდა აღფრთოვანებას ფიდელ კასტროს პერსონის მიმართ და საბჭოთა კავშირთან მისი დაძმობილების გეგმებიც არავისთვის იყო დამალული.


სწორედ ამიტომ ალიენდეს წარმატება არჩევნებში სიხარულს როდი იწვევდა რიჩარდ ნიქსონში, რომელიც მოგეხსენებათ ოვალურ კაბინეტს იკავებდა 1970 წელს. ნიქსონს ნამდვილად არ უნდოდა მეორე კუბა ამერიკის კონტინენტზე. CIA-ის დოკუმენტებში, რომელთა დიდ ნაწილსაც უკვე 1975 წელს მოეხსნა გრიფით საიდუმლოს სტატუსი, ჩანს თუ როგორ ცდილობდნენ ამერიკელები, კონკრეტულად კი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ხელი შეეშალათ ალიენდეს გაპრეზიდენტებისთვის. როგორც ამბობენ ნიქსონმა პირადად ჰენრი კისინჯერს დაავალა მისიის შესრულება, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის პოსტს იკავებდა.


შტატები აფინანსებდა ოპოზიციურ გამოცემებს და ჟურნალისტებს, უკვეთავდა სტატიებს, განაწყობდაბიზნესმენებს ალიენდეს პერსონის წინააღმდეგ (თუმცა ისედაც არ აკლდათ ანტიპათია სოციალისტი კანდიდატის მიმართ, რომელიც თითქმის ყველაფრის ნაციონალიზაციას აპირებდა) 

 სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როცა ჩილეს სამხედრო ძალების მთავარსარდალი, რენე შნაიდერი, გატაცების მცდელობისას მოკლეს 1970 წლის 25 ოქტომბერს. გამტაცებელთა ჯგუფი ამერიკელებთან დააკავშირეს, რადგან შნაიდერი ალიენდეს მომხრედ ითვლებოდა, საბოლოოდ კონგრესის მილიტარისტული ფრთა ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ განეწყო და საბოლოოდ, 3 ნოემბერს, სალვადორე ალიენდე, 4 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,  გახდა პირველი დემოკრატიულად არჩეული ამრქსისტი ლიდერი ლათინურ ამერიკაში.


KGB თავისი ნებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს არასოდეს გაასაჯაროვებდა და ალბათ ვერაფერს გავიგებდით ალიენდესა და საბჭოეთის კავშირზე ბატონი ვასილი ნიკიტიჩ მიტროხინის გარეშე,  რომელიც საბჭოთა კავშირიდან დიდ ბრიტანეთში გაიქცა. ეს რკინის ფარდის ბანალური გარღვევა იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა დეტალი, მიტროხინი უშიშროების მაღალჩინოსანი და არქივარიუსი გახლდათ, მან KGB-ს ოპერაციების თითქმის 30 წლიანი ისტორია პირდაპირ MI6-ს ჩააბარა. შემდეგ კი ქრისტოფერ ენდრიუსთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი სახელად მიტროხინის არქივი.


მოკლედ მიტროხინის ჩამოტანილი მასალის გადაქექვის შემდგომ ირკვევა, რომ ალიენდეს საბჭოთა კავშირი აფინანსებდა, ისინი მას არა მხოლოდ ფინანსებს არამედ სამოქმედო ინსტრუქციებსაც აწვდიდნენ. საუბარი იყო დაახლოებით მილიონ დოლარზე, რომელიც საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ, საბჭოეთის გეგმა კი მარტივი იყო: ჩილე უნდა გამხდარიყო მეორე საბჭოთა სატელიტი ამერიკის კონტინენტზე.


ჩილეს გზა სოციალიზმისკენ - ასე ერქვა პროგრამას, რომლის იმპლემენტაციაც ალიენდემ გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო. მოახდინა ბანკების, სატელეფონო კომპანიებისა და დიდი ინდუსტრიების ნაციონალიზაცია, მთავრობა ახდენდა სრულად ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებას, დაიწყო ფასების კონტროლი. მსხვილ მეწარმეებს, რომელთა დიდი ნაწილიც შტატებიდან იყო ჩამოერთვათ ბიზნესები. რაც მთავარია 7-14 წლის ბავშვებს ურიგებდნენ ნახევარ ლიტრ უფასო რძეს.


პოპულისტური დანაპირებების შესასრულებლად საჭირო თანხები ჩილეს არ ქონდა, ამიტომაც ალიენდემ ჭკუა იხმარა და ფულის ბეჭდვა დაიწყო, რა გასაკვირია, რომ ფინანსურმა კრიზისმა მალე გააცნო თავი ჩილელებს.


მემარცხენეთა უმრავლესობა ალიენდეს რეფორმების წარუმატებლობას იმით ხსნის, რომ ალიენდე არ გახლდათ ერთპიროვნული მმართველი, ის კოალიციური მთავრობის სათავეში იყო, ხოლო ასეთ რადიკალურ რეფორმებს კი ერთპიროვნული მმართველობა და კონტროლი სჭირდება ხელისუფლების ყველა შტოზე. მემარჯვენეები კი წარუმატებლობას ელემენტარული ეკონომიკით ხსნიან.


ალიენდემ უამრავი შეცდომა დაუშვა მმართველობისას და ეს მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს როდი ეხება, როგორც პოლიტიკოსი ის საკმაოდ სუსტი ფიგურა იყო, ნაკლებადცნობილი უნივერსიტეტის მომაბეზრებელი აკადემიკოსის შთაბეჭდილებას უფრო დაგიტოვებდათ ვიდრე მმართველისას. მან კარგად იცოდა, რომ პენტაგონი აქტიურად მუშაობდა მისი და მისი მომხრეების წინააღმდეგ, კუბაზე ვიზიტისას საჯარო გამოსვლაშიც კი აღნიშნა ეს ფაქტი, თუმცა არსად ჩანს, რომ როგორმე ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს ან ემზადებოდა რამისთვის.


სალვადორემ ჩილეში ფიდელ კასტროც კი დაპაიჟა და სამი კვირით მასთან ამყოფა, რასაც მისი ოპონენტების გულისწყრომა მოყვა. კასტრო თავად შეესწრო თუ როგორ სასტიკად დაარბიეს სოციალისტებმა ცარიელი ქვაბების მარში. ეს იყო პროტესტი სიღარიბის და პირველადი გმაოყენების საგნების დეფიციტის წინააღმდეგ, ქალები მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში და ცარიელ ქვაბებით ხელში გამოხატავდნენ პროტესტს.


ალიენდეს კიდევ ერთი მთავარი შეცდომა რა თქმა უნდა გენერალი პრატცის შემდეგ ავგუსტო პინოჩეტის დანიშვნა იყო ჩილეს ჯარების უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე. პინოჩეტი მანამდე დედაქალაქის გარნიზონის ხელმძღვანელი იყო, ეს გარნიზონი კი ყველაზე პრესტიჟული გახლდათ ჩლეს არმიაში.

სანამ უშუალოდ ხუნტაზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა გავეცნოთ ჩილეს არმიას, არმიას რომელიც არასოდეს დამარცხებულა, მათ გამარჯვებულებმა დატოვეს ბრძოლის ველი ბოლივიასთან და პერუსთან კონფლიქტისას და ორჯერ ჩაახშეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა ქვეყნის შიგნით.


სამხედრო მოსამსახურეთა ნახევარი შეძლებულო ოჯახებიდან იყო, დარჩენილთა უმეტესობა კი საშუალო ფენის წარმომადგენლებიი გახლდნენ, სწორედ მათ შეეხო განსაკუთრებით მტკივნეულად ალიენდეს რეფორმების უმეტესობა.


1973 წლის 10 სექტემბრის ღამეს, როცა 11 სექტემბრის დილა უნდა გათენებულიყო, ჩილეს არმიის რადისიხშირეზე უცნაური შეტყობინება გაისმა, უცნობმა რადისტმა გადმოსცა მხოლოდ ორი სიტყვა: „სანტიაგოში წვიმს.“ ეს გახლდათ სიგნალი შეთქმულებისთვის და დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაგეგმილი სამხედრო გადატრიალება.


ვალპარაისოს პორტთან ჩილეს სამხედრო ფლოტი გადიოდა წვრთნებს, სწორედ აქ შედგა პუტჩის პირველი აქტი.  მეზღვაურები და ოფიცრები, ვინც შეთქმულებს მხარი არ დაუჭირა შეთქმულებმა ადგილზე დახვრიტეს და ზღვაში გადაყარეს, შემდეგ გემები ვალპარაისოს მიუახლოვდნენ, ქალაქი დემონსტრაციულად დაბომბეს და დესანტი გადასხეს.


დილის ექვს საათზე უკვე პრეზიდენტის სასახლეშიც იცოდნენ ფლოტის აჯანყების შესახებ, რაც ალიენდესთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გადატრიალებამდე სამი დღით ადრე პრეზიდენტი ფლოტის ადმირალს, გენერალ მირინოს შეხვდა და საკმაოდ დაძაბული საუბრის შემდეგ უთხრა ფლოტთან ომის მდგომარეობაში ვარო, გადატრიალება დიდად არ უნდა გაკვირვებოდა. პრეზიდენტის სიტყვებს მირინომ მშვიდად უპასუხა, რომ ჩილეს ფლოტს არც ერთი ბრძოლა წაუგია არსებობის მანძილზე.


რადიოში რვა საათისთვის ხუნტის ხელმძღვანელის, ავგუსტო პინოჩეტის ხმა გაისმა, რომელიც ალიენდეს მოუწოდებდა ძალაუფლება სამხედროებისა და კარაბინიერებისთვის დაეთმო. ხუნტა სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მარქსიზმთან ბრძოლის შედეგებზე და თავს განამთავისუფლებლად აცხადებდა.

პრეზიდენტმა მალევე უპასუხა პინოჩეტს რადიო პორტალესის ეთერში და განაცხადა, რომ არ დათმობდა იმ ხელისუფლებას, რომელიც მუშებმა მისცეს. რამოდენიმე წუთში ავიაციამ რადიოს შენობა დაბომბა, თუმცა პრეზიდენტი იქ უკვე აღარ იყო.


ალიენდე ლა მონედას საპრეზიდენტო სასახლეში გამოიკეტა თავისი დაცვის 40 წევრთან ერთად. მანამდე კი სამხედროებმა წინააღმდეგობის ყველანაირი ადეკვატური საშუალება მოსპეს, ადგილზე დახვრიტეს პრო სამთავრობო ოფიცრები, ხოლო გენერლები კი დააკავეს.


9 საათზე ალიენდეს პინოჩეტმა დაურეკა, შესთავაზა თვითმფრინავი და ნებისმიერ ქვეყანაში უსაფრთხო გადაბარგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შტურმით დაემუქრა. პრეზიდენტმა პუტჩისტი უარით გაისუმრა, 10 წუთში კი ერთადერთი დარჩენილი პრო-სამთავრობო რადიოს ეთერში მიამრთა ხალხს, მადლობა გადაუხადა არჩევისთვის და დაემშვიდობა. რა თქმა უნდა რადიოს შენობა მალევე დაბომბეს, შემდეგ შტურმით შეიჭრნენ და ყველა თანამშრომელი დახვრიტეს.


რამოდენიმე წუთში დაიწყო კიდეც შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ავიაციამ უზუსტესი იერიში მიიტანა შენობაზე (ამერიკელი პილოტები მართავდნენ გამანადგურებლებს). დღის 2 საათზე პუტჩისტებმა პირველი სართული დაიკავეს.


ალიენდემ დაცვის წევრებს მოუწოდა დაეტოვებინათ ლა მონედა, რადგან ხსნა მართლაც არსად იყო. ხუნტას ვერაფერი შეაჩერებდა.  სალვადორე თავის კაბინეტში შევიდა, ფიდელ კასტროს ნაჩუქარი Ak-47 აიღო და სიცოცხლეს გამოესალმა. დაცვის წევრებმა პრეზიდენტის ცხედარი ხელახლა შემოსეს, საპრეზიდენტო ლენტი გაუკეთეს და სავარძელში ჩაასვენეს. კაბინეტში შეჭრილმა ჯარისკაცებმა უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტი დაცხრილეს, გაკვეთამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 30 შემავალი ჭრილობა გამოავლინა.


ითვლებოდა, რომ ექს-პრეზიდენტი ხუნტამ მოკლა, თუმცა ეგსგუმაციისა და ხელახალი ექსპერტიზის შემდეგ, ალიენდეს გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა ითვლება. დღესაც არიან ისინი, ვისაც არ ჯერა ამ ვერსიის, რადგან აბსურდად მიიჩნევენ ადამიანმა თავი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლას.


პრეზიდენტი მოკვდა, გაუამრჯოს ხუნტას! ძალაუფლება გადაეცა 4 გენერალს, ანუ როგორც მე მათ ვეძახი კაპიტალიზმის 4 მხედარს. ესენი იყვნენ ფლოტის მთავარსარდალი, საავიაციო ძალების მთავარსარდალი, საპოლიიო ძალების მთავარსარდალი და რა თქმა უნდა სახლმელეთო ძალების მთავარსარდალი ავგუსტო პინოჩეტი.


გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დაიწყო ნადირობა ალიენდეს მხარდამჭერებზე. ხუნტამ ხუმრობა: კარგი კომუნისტი მკვდარი კომუნისტი - ძალიან სერიოზულად მიიღო. აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს. პინოჩეტი საჯაროდ აცხადებდა, რომ დაძაბულობის შემოტანა ჩილეში მოსკოვს სურდა და ის არ მისცემდა კომუნისტებს ამის საშუალებას.


მასობრივად ანადგურებდნენ სოციალისტურ ლიტერატურას. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ჩილეში მუშაობდა, შეამჩნია, თუ როგორ წვავდნენ ჯარისკაცები წიგნებს სახელად „კუბიზმი“, ის შეეცადა ახსნას, რომ ეს წიგნი კუბასთან და მით უმეტეს კასტროსთან არანაირ კავშირში იყო, თუმცა გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა ჟურნალისტი მოკლეს.


კომუნისტებზე ნადირობის ფარგლებში აწამეს 27 ათასზე მეტი, ხოლო მოკლეს 3 ათასამდე ადამიანი. პინოჩეტი გადატრიალებიდან 1 წლის მანძილზე იყო ხუნტის ხელმძღვანელი, 1974 წელს კი თავადვე შეიცვალა თანამდებობის დასახელება და ჩილეს პრეზიდენტი გახდა.


ჩილეში ინფლაცია მძვინვარებდა, იყო პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი,  ადამიანები მასიურად შიმშილობდნენ. ავგუსტო, როგორც სამხედრო, კარგად ხვდებოდა, რომ ეკონომიკისთვის პროფესიონალებს უნდა მიხედედათ და სწორედ აქ ერთვებიან თამაშში სახელგანთქმული ჩიკაგოს ბიჭები, ნობელის პრემიის ლაურიატის, მილტონ ფირდმანის მოსწავლეები, რომლებმაც ჩილე სიღარიბის ჭაობიდან ამოიყვანეს და მისი ეკონომიკა სამაგალით გახდა სხვა ქვეყნებისათვის.


მართალია მალევე შეწყდა ჩილეში კომუნისტებზე ნადირობა, თუმცა პინოჩეტი მაინც სისხლისმსმელ დიქტატორად დარჩა ყველას თვალში. 1990 დათმო პრეზიდენტის პოსტი, მას შემდეგ რაც რეფერენდუმში ხალხმა უარი უთხრა საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებაზე, თუმცა მიიღო სამუდამო სენატორის წოდება.

ბრიტანეთში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანელი პროკურორის ორდერით დააკავეს და ბრალად მასობრივი მკვლელობები, მოტაცება, შანტაჟი და ყველაფერი ის დასდეს, რასაც მართლაც აკეთებდნენ მისი დამქაშები. გენერლის ადვოკატები საქმეში გაწაფულები იყვნენ და სიმართლე ითქვას პინოჩეტის ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაკავება არც ისე კარგი იდეა გახლდათ, რადგან ჩილემ ბრიტანელების მხარე დაიკავა ფოლკლენდის კონფლიქტისას და საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებდა რკინის ლედისთან.


2005 წლის დასაწყისში, როცა ავგუსტო 89 წლის იყო, ჩილეს უზენაესმა სასამართლომ მინც გადაწყვიტა მისი გასამართლება 1975 წელს, 119 აქტივისტის მკვლელობის გამო. თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და პინოჩეტი სრულად გაამართლეს. 2006 წელს, უკვე 90 წლის ავგუსტო შერაცხადად ცნეს და ფინანსური დანაშაულისთვის უნდა გაესამართლებინათ, როცა გულის ინფარქტმა ლეგენდარული გენერალი ლოგინად ჩააგდო. 2006 წლის 10 დეკემბერს ავგუსტო პინოჩეტი გარდაიცვალა.


საინტერესოა, რომ პინოჩეტი დაკრძალეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ როგორც სამხედრო ძალების მთავარსარდალი. მისი ცხედარი სამხედრო აკადემიაში ესვენა, რომელთანაც უამრავი მისი მომხრე თუ მოწინააღმდეგე იკრიბებოდა, პოლიციას არაერთხელ მოუწია ძალის გამოყენება დემონსტრანტების დასაშლელად.


მოვლენების შეფასება თქვენი ნებაა, იყო პინოჩეტი კომუნისტებთან მებრძოლი თავისუფლების ანგელოზი, თუ ბოროტი კაპიტალისტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფაქტი ფაქტად რჩება, პინოჩეტმა ჩილე გარდაუვალი სიღარიბისგან იხსნა, თუმცა ამისთვის გადახდილი ფასი საკმაოდ დიდი იყო.


არც ერთი ქუჩა ჩილეში პინოჩეტის სახელს არ ატარებს.


სალვადორე ალიენდე, კომუნისტებს როგორ ენდე?

ავტორი

ჩელე

კომენტარები