დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში

( სიტყვა)

იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა ერთად ითვლი  გამოჯანმრთელებულებისა და დაავადებულების სტატისტიკას და გვგონია, რომ სახლში დარჩენა ერთადერთი რამაა, რაც შეგვიძლია… ამ ნებითი თუ იძულებითი თვითგამორკვევისა და მომავალზე ფიქრისთვის საუკეთეო დროში, გადავწყვიტე, რამე პოზიტიურზე მესაუბრა. ადამიანებზე, რომელთაც დამღლელი რუტინის ფონზეც კი არ ავიწყდებათ შრომა, მიზნისკენ სწაფვა და დასახული მიზნების ახდენა. 


ჩემი   პირველი რესპოდენტი სოფია კვინიკაძეა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი,  სოფია ქუთაისელია (რაც უკვე საკმარისზე მეტია). თუმცა, გარდა ამისა,  ჩემი უნივერსიტეტელია, კორეული ძალიან კარად იცის, მეტიც, სამხრეთ კორეაში კორეული ენის განხრით სწავლობს მაგისტრატურაზე. დაახლოებით 1 წლის წინ თავის Facebook გვერდზე „Depressed Georgian in South Korea” ვიდეოების ჩაწერა დაიწყო კორეული კულტურის, განათლების, ცხოვრების, ბიჭების, ქუჩების, ჩაცმულობის, გაპრანჭვისდა მოკლედ ყველაფრის შესახებ. ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგოებისთვის, იქცა კორეული ენის სწავლის დაწყების მოტივაციად. იმ გოგონებისთვის, რომელთათვისაც სამხრეთ კორეა იწყებოდა და მთავრდებოდა k-POP-ითა და დორამებით.


ვირუსსა და სამხრეთ კორეაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ვთხოვე, იზოლაციის გასახალისებლად რჩევები მოეცა. კორეა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეული ცხოვრების კალაპოტს, კაფეებში ხალხმა ისევ დაიწყო სიარული, სწავლაც განახლდა... თვითიზოლაციაზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს გამოცდილებაო, რადგან ვირუსის აქტუალობის დროსაც მუშაობა არ შეუწყვეტია. რა თქმა უნდა, სიფრთხილე აუცილებელია, თუმცა ყველაზე სახიფათოდ პანიკას მიიჩნევს-უსაფუძვლო და აზრმოკლებულ პანიკას. 


პირველი კითხვა უცხო გარემოსა და კულტურასთან შეგუების პროცესს ეხებოდა ზუსტად. 


სოფია - შეჩვევა არ გამჭირვებია, ჩემი  ყველაზე ძლიერი ხასიათის თვისება გარემოსთან შეგუების უნარია.  მეგობრები მეხუმრებიან, უდაბნოში რომ გადაგაგდონ აქლემებს დაუძმაკაცდები ერთ დღეშიო. ბავშვობიდანვე ასე ვიყავი, მეორე კლასი დავხურე დედა რომ წავიდა, დავრჩით მე და ბებია, ჩემი და სხვაგან იზრდებოდა. ყველგან მარტო დავდიოდი პირველი კლასიდან. ცეკვა მარტო, ჭადრაკი-მარტო, მუსიკა-მარტო.ძალიან მხიარული ვარ, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, თუმცა ყველაფრის მარტო და დამოუკიდებელ კეთებას ვარ მიჩვეული. ვფიქრობ, ამის დამსახურებაა ადაპტაციის კარგი უნარი რომ მაქვს.


ყველას გონია, მაგრამ საერთოდ არ არის მარტივი ცხოვრება გიყვარდეს 21 წლის ასაკში. ისეთი პერიოდია, უკვე უკან მოხედვას რომ იწყებ და ფიქრობ, რა გაქვს გაკეთებული და რა არა. ყველაზე რთული ამ ასაკში ნათელი და გარკვეული მიზნის ქონაა.


სოფია - არიან ადამიანები, ჩემ ირგვლივ მაგალითად, რომელთაც რომ ვუყურებ, მგონია, რომ ზუსტად იციან, რა უნდათ. ზედმიწევნით აქვთ დაგეგმილი - ჯერ ბაკალავრი, მერე მაგისტრანტი. ასე ნამდვილად არ ვარ. ერთადერთი,  რაც ყოველთვის ზუსტად ვიცოდი არის ის, რომ ძალიან ბეჯითად და გულდმოდგინედ უნდა მეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებდი იმ მომენტში და მიზანი ნელ-ნელა გამოჩნდებოდა უფრო მკაფიოდ და გარკვევით.  ფიზმატში ვსწავლობდი, მათემატიკა კარგად გამომდიოდა და თავიდან ყველას ეგონა, რომ ეკონომიკურზე ან კომპიუტერულ მეცნიერებებზე უნდა მესწავლა. მერე ცოტა ხანში კორეაზე გადავირიე, ძალიან გამიმართლა იმაში, რომ არასდროს მეწინააღმდეგებოდნენ ჩემები, არჩევანის სრული თავისუფლება მქონდა და როდესაც სახლში ვთქვი, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე უნდა ჩავაბარო და კორეული ვისწავლო-მეთქი, მათ მითხრეს -შენ უკეთ იციო.როცა შენით იღებ გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობაც მთლიანად შენზეა. მე ვგრძნობდი ნდობას მათი მხრიდან და ამ ნდობის გამართლება იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია. არასდროს არ მამოწმებდნენ, როდის გავდიოდი სახლიდან, როდის შემოვდიოდი, ერთხელ სცადა დედამ და ახლაც იხსენებს სიცილით ამის გამო რა ამბავი ვუწიე, 2 დღე რომ ცდილობდა შემორიგებას. მეც მახსოვს სახლში ატირებული როგორ მივედი და დიდხანს ვეჩხუბე, იმის გამო, რას ქვია არ მენდობითქო. როცა შვილი მეყოლება, ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე გავზდრი. 


მოკლედ, ეგზისტენციალური კრიზისით საკუთარი სიზარმაცის გამართლება რომ არასწორია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დაღდასმული მოწოდებით -აი,მე უეჭველი ეს უნდა ვაკეთო, ან საერთოდ არ ან იშვიათად იბადებიან. თავად უნდა მოძებნო დასაერთოდაც არაამარტივი. 


სოფია - ვფიქრობ, წარმატებისთვის ენერგიას, ვნებას და მისწრაფებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რამდენიც დისციპლინას. Case by case, ახალს არაფერს ვიტყვი ალბათ, იმით, რომ მგონია ადრე თუ გვიან ადამიანი სტაბილური მუშაობის შემდეგ  მივა იმ წერტილამდე, სადაც უნდა, რომ მივიდეს, დროის ამბავია. მე კი, ძალიან ენერგიული ვარ. სახლში რომ მოვდივარ გვიან საღამოს, მაშინაც კი არ მესვენებინება. ბუნება მაქვს ასეთი უბრალოდ. თორე, მეც ვიღლები და ჩვეულებრივად ვზარმაცობ ხოლმე. მაგალითად, აი, ახლა,  ჩემს სამაგისტრო ნაშრომზე გული მაქვს შეღონებული, ვზივარ, დავჩერებივარ და ვერ ვწერ ვერაფერს. ჩემი საყვარელი ნათქვამია და ვეთანხმები ბოლომდე- სწავლა არის იძულებითი პროცესი- სავალდებულო, ვიღაცისგან დაკისრებულ სწავლას ვგულისხმობ,  ამ შემთხვევაში - სკოლისგან, უნივერსიტეტისგან, რომელიმე კონკრეტული საგნისგან. არ არის აუცილებელი ისიამოვნო, უბრალოდ გააკეთე. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, კორეულის სწავლა მინდოდა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული. ბევრ საგანზე  მქონდა კითხვა, ეს რატო უნდა ვისწავლო-მეთქი, მაგრამ მერე  მივხვდი, რომ ერთი მეორის გარეშე უბრალოდ არ იქნება. ამ წამს, ზუსტად ის ვიცი, რომ რაც შეიძლება მალე მინდა უნივერსიტეტი დავამთავრო და ძალიანაც კი არ მეხალისება ეს სამაგისტრო ნამუშევრები, მძუულს, მაგრამ ვფოკუსირდები იმაზე, რომ ეს ნაშრომი ჩემს საბოლოო მიზანს წაადგება, ჩემს საყვარელ საქმეს ეხმარება, თუნდაც იმაში რომ,რაც შეიძლება, მალე დადგეს.


სოციალურ ქსელში ვიდეოებს ბევრი წერს, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება იშვიათად დაემსახურებინოს ვინმეს. 


სოფია -ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ, ასეთი ახსნა მოვუძებნე, უბრალოდ პოზიტიური, კეთილგანწყობილი დამოკუდებულება მაქვს ზოგადად ადამიანების მიმართ. არასდროს არავისთვის არ დამიცინია, რაც უნდა ქართული ეშლებოდეს, „ლ“ ჰქონდეს, არ ვუყურებ, არ მაინტერესებს ნაკლი, გამკიცხავი მზერა არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ხალხს უშუალო, გულითადი მეგობარი აკლია ცხოვრებაში, ვიღაც შინაური, ისეთი, რომელიც არ იპრანჭება, არ უცხოობს, არის უშუალო და ნებისმიერი სახის, წარმომავლობის, სქესის, ასაკის ადამიანს ერთნაირად ექცევა. ჩემი მთავარი მოტივატორი ბედნიერებაა, ვეძებ ისეთ რაღაცას, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებს, რასაც ჩავთვლი რომ არსებული, ღირებული და სასარგებლოა. არასდროს მიმაჩნდა თავი განსაკუთრებით წარმატებულად და ჭკვიანად, მაგრამ რომ ვხედავ, რამდენი ადამიანი, თინეიჯერი მიყურებს და ფიქრობს, რომ მართლა რაღაც კარგს ვაკეთებ, ან წარმატებული ვარ, მინდება მართლა ასეთი ვიყო.  


რადგან კორეულს მეც ვსვწალობ, ბუნებრივია, რომ კორეულის სწავლის დეტალებზეც ვკითხე. მაინტერესებდა ზოგადად ენის სწავლის ტექნიკაზე რამდენიმე რჩევა. თან ამ თვითიზოლაციის დროს კარგი დრო კია ისე, რომელიმე სასურველი ენის დასაწყებად. 


სოფია - პირველი თაობა იყო ჩემს დროს თავისუფალში კორეულის ფაკულტეტზე, რომელმაც აირჩია კორეული იმის გამო, რომ კორეა უყვარდა და ერთმანეთის შემყურე ვსწავლობდით გიჟებივით, გვქონდა მაღალი და ჯანსაღი კონკურენცია. ერთმანეთთან სულ კორეულად ვლაპარაკობდით,შეყვარებულთან იმდენჯერ ვიჩხუბე მაგის გამო,  თავად მეგრელი, მეგრელებიცით იქცევითო დაგვცინოდა. პირველად რომ შემოვიდა კორეელი ლექტორი, მახსოვს, არაფერი მესმოდა. ამას წინ ის წიგნი გადავშალე, კორეაში ჩამოსვლისას პირველ ლექციებზე რაც მქონდა, და ყველა სიტყვა გამიხაზავს მაშინ, ახლა ვფიქრობდი, ნუთუ ეს სიტყვები არ ვიცოდი-მეთქი. იმდენად თავისთავად მოხდა მათი სწავლა ბუნებრივად, ყოველდღური ცხოვრებიდან. ენის სწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყანაში სწავლის გაგრძელებას, თუმცა მანამდე შეგიძლია ენა გატეხო, მაქსიმალურად ეცადო ლაპარაკს, იკითხო ტექსტები, უყურო სერიალებსა და ფილმებს.


საზღვარგარეთ სწავლას ვინც აპირებთ და აქ ოჯახი ან საყვრელი ადამიანი გრჩებათ ან დატოვების გეშინიათ (ძირითადად, საყვარელ ადამიანზე ვამბობ), თორე დედას არ გადაუყვარდები ისედაც.  დისტანციური ურთიერთობის სირთულეებზეც ვკითხე, რაც, პრიცინპში, კარანტინში მყოფი გულდათუთქული ადამიანებისთვისაც საკმაო აქტუალურია. 


სოფია -ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ დისტანციური ურთიერთობა სავსებით შესაძლებელია. 1 წელი ვიყავი ასეთ ურთიერთობაში, ყოველ საღამოს ველაპარაკებოდით ერთმანეთს, დროში სხვაობა კი იყო პრობლემა, თავიდან ამ ბარიერის გამო ხშირად ფიზიკურად ვერ ვახერხებდით საუბარს, რაც პირველ პერიოდში  მსტრესავდა ხოლმე. მაგრამ მერე პრაქტიკულად შევხედე ამ საკითხსაც, მთავარია, არ მისცე იმის უფლება მონატრებასა და ემოციებს,   შინაგანად რომ მოგკლას.


სოფია უნივერსიტტის დამთავრებას, ცოტა ხნით ისევ კორეაში დარჩენას, კაპიტალის მოგროვებას, საქართველოში დაბრუნებას და საკუთარი საქმის დაწყებას აპირებს. განსაკუთრებით, განათლების სფეროში ხედავს თავის თავს და მოწოდებითაც ასეთია. ბუნებით მოტივატორია, ენერგიული, რომ ელაპარაკები, გინდება, ეგრევე  რამე გააკეთო, წიგნი გადაშალო და იმეცადინო, გაინძრე, ერთი სიტყვით…


ჰოდა, წავედი, მეც ,ახლა,  ვიმეცადინებ კორეულს. 


სწავლა კი არის იძულებითი პროცესი,  მაგრა, კენწეროში გატკბილდება. თან ამ თვითიზოლაციის დროს სხვა რაღა დაგვრჩენია.


დეპრესიული ქართველის სრულიად არადეპრესიულ ვიდეობს თუ ჩაუსხდებით კიდე, დარწმუნებული ვარ, ვეღარც მოიწყენთ. 




ავტორი

თიკო გოგბერაშვილი

კომენტარები