Isolation is New Black - Directed by Mariam Japaridze

( სიტყვა)

5 აპრილი, 2020

37 კვირა და 1 დღე 


ჩემი ამბავი ბევრისგან განსხვავებულია.


დავრჩი სახლში, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე საყოველთაო მოწოდებები დაიწყებოდა.


დავრჩი იმიტომ, რომ ორსულად ვარ.


ჰო, ორი სული ადამიანი განსაკუთრებით პატიოსნად ვიცავთ წესებს. 


საოცარია, რა ძალა აქვს ამ მდგომარეობას. მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, ოჯახში მყოფი საბჭოთა და  90-იანი წლების თაობები, „კორონიანელთა“ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის მოლოდინში ვართ და ძალიანაც გვახალისებს ეს ამბავი. 


ორსულობის ბოლო კვირებს ვითვლი და ისიც პიკს ემთხვევაო, ასე გავიგე. რა საინტერესოა, ცხოვრებაში 2-3 ჯერ შეიძლება ორსულად იყო (გამონაკლისებს არ ვამბობ) და ისიც მსოფლიო პანდემიას რომ ემთხვევა, საფრთხე თითოეულს რომ გვეხება,  რანაირი არასასიამოვნო დამთხვევაა. მაგრამ რაღაც ძალა თუ ინსტიქტი მიბიძგებს, რომ სრულიად განსაკუთრებულ მოვლენად მივიღო ეს და არ დავიძაბო.


დღეს დედამთილი მეუბნებოდა, ისე, რომ მახსენდება მეც ასე მარტივად ვუყურებდი მშობიარობის ამბავსო. საერთოდ არ ვდარდობდი, შენსავითო. 

თურმე, ბავშვის მამა ნიკუშაც, 28 წლის წინ კომენდანტის საათის დროს დაბადებულა. კარანტინის გამკაცრებისთანავე ეს ამბავი გავიგე და ბევრი ვიცინე, მამა-შვილის პირველი მსგავსება კომენდანტის საათებში დაბადება რომ არის უკვე. ისე, ასეთი ტრადიციის გაგრძელებას მაინცდამაინც არ ვინატრებდი. 


მაგრამ, ამ წარსულმა გამოცდილებამ აშკარად გამამხნევა.


არც ვდარდობ. უბრალოდ ცოტათი მწყინს. 


მერე რა, რომ კომენდანტის საათია და შეუძლებელია, განსაზღვრო, როდის უნდა დამეწყოს მშობიარობა.


სამაგიეროდ ვიმედოვნებ, რომ კომენდანტის საათის დედლაინებში ჩავჯდები და მშვიდად მივალ მელიქიშვილიდან ღუდუშაურამდე.


და მშობლები მაინც მოახერხებენ მოსვლას.


თუ არ ჩავჯდები ვადებში და ეგეც არ არის პრობლემა. კიდევ უფრო მეტი საინტერესოობა და ექსტრიმია. გზად აგერ იმ მაგალითებსაც გავიხსენებ, სხვა მშობიარეები პატრულმა რომ მიაცილა კლინიკამდე. რაღაცნაირად გულის ამაჩუყებელია და ამის ნაწილი რომ ვიქნები, ეგეც ტკბილად მოსაგონია. 

მერე რა, რომ ტანსაცმლისა და საჭირო ნივთების ყიდვა ვერ მოვასწარი.


როცა დავაპირე, მაღაზიები დაკეტეს, მალე კი ონლაინ გაყიდვებიც აკრძალეს...


სამაგიეროდ კარგმა ადამიანებმა საჩუქრებით გამახარეს. ონლაინ-მიტანებით მოასწრეს. წინდახედულმა დედამაც იზრუნა ჩემზე.


ბებიამაც გადმოალაგა ტკბილი მოგონებებისთვის შენახული ნიკუშას 28 წლის წინანდელი ბოდეები, თავისი ხელით შეკერილი, გამიმზიურა, გამიმზადა და გამომიგზავნა.


ანუ 28 წლის წინანდელი, ჩემი ქმრის ჩემი ბავშვისთვის. 


ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ეს ბოდეები დამჭირდებოდა? სულ მეცინებოდა, მაგრამ ამ გაჭირვებამ კი დამანახა ბებიის  გადასაყრელად ვერგამეტებულ ბოდეებში ჩაფუთნული სიყვარული შვილიშვილისადმი და ისიც, თუ როგორ უცბად იქცა ეს სიყვარული შვილთაშვილისთვისადმი გაუცნობიერებელ სითბოდ და მზრუნველობად. 


მე კი ძალიანაც გამიხარდა.


მერე რა, რომ ჩემი მეგობრები, ამდენი ხანი რო ველოდებოდით ამ პატარას, ვერ მოვლენ ჩემს გასამხნევებლად.


ვერც ერთად შეიკრიბებიან და ვერც მესტუმრებიან, არ ვიცი რამდენი ხნით.


თან იბნევიან, არ იციან როგორ გამამხნევონ ამ დროს. ასეთი გამოცდილება, ხომ ძალიან უცხოა ჩვენთვის, ყველასთვის. 


სულ მიჩვეულები ვიყავით, რომ აბა ჰე, დაიწყო, ვის გყავთ მანქანა, ჩამისვით, უნდა დავლიოთ, შევიკრიბეთ, აბაა რა ხდება, რამდენ თითზეა (ისე, ეს რა უხერხული კითხვაა :დ), ცოტაც... ცოტაც... და გაჩნდააააა, ბედნიერება, ჩახუტება, გადაკოცნა იცოცხლე უფ იმდენი. მოკლედ, ეს ემოციები ყველამ ვიცით. 

მაგრამ ახლა ემოციები თვითიზოლაციის პირობებში, გთხოვთ. 


საბედნიეროდ, ონლაინ შესაძლებლობები უსაზღვროა - ონლაინ სივრცეში შეკრების იმედით კი მეგობრებსაც, ნათესავებსაც და ძვირფას ადამიანებსაც არ უნდა გვენაღვლებოდეს ჟამიანობა, როცა ახალი სიცოცხლე დაიბადება.


ეს იმ ონლაინ-სიხარულის პირველი გაკვეთილი იქნება, რომელიც ყველანაირ უარყოფით განწყობებს უეცრად გააქრობს და მხოლოდ ბედნიერებით გაგვაძლიერებს. 


ციფრული სამყაროს ეპოქაში, ორსულობის ლამაზ-ლამაზი ფოტოები რომ არ მექნება არც ბუნებაში, არც გარეთ და არც შიგნით, მაგაზეც არ ვდარდობ. ნიკოლოზის ფოტოგრაფიის ნიჭით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნით ოჯახი და ალბათ არც ღირს რამე ვცადოთ.


რაღაცნაირად სევდიანია ხომ ეს ყველაფერი? მაგრამ იმედი კორონამდელი რეალობის დაბრუნების ხომ გვაძლებინებს. და აუცილებლად ასეც იქნება. კორონას ჟამიანობაც დადგება და ეს სევდაც გაქრება. სიხარულის გაზიარებისას ერთმანეთსაც ჩავეხუტებით, შევიკრიბებით ბევრნი ერთად და სიხარულით აღვნიშნავთ ახალ-ახალ ბედნიერებებს.  


და საერთოდ, ეს რომ ჩემს თავს ხდება, ცუდი სულაც არ არის...


ამ დროს თავს უბრალოდ განსაკუთრებულად ვგრძნობ.


დამამშვიდებელია ისიც, რომ დედობის ბედნიერების მოლოდინი მართლაც რომ მარტივად გადაგორებადს ხდის ამ მძიმე და რთულ პერიოდსაც კი. 

ეს ორსულობის საოცარი გამოცდილებაა კარანტინის ჟამს.


და ეს გამოცდილება ჩემია. 


პ.ს. აი შვილის ბოდეების შენახვაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ამ ამბავს კი შვილიშვილებს აუცილებლად მოვუყვები. 


კომენტარები