თვითიზოლირებულის დღიური

( სიტყვა)

“აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო,
გალიაში ბულბულები ზიან…”
ბიძინა კვერნაძე

რომ ჩამოვფრინდით პასპორტ კონტროლამდე ორი ექიმი დაგვხვდა, სავარაუდოდ სტუდენები, წინ კამერისმაგვარი აპარატი ედგათ, ჩემი ღრმა რწმენით სითბური დეტექტორი უნდა ყოფილიყო, მგზავრების სხეულის ტემპერატურის დასადგენად. ჩემი მეგობარი გააჩერეს, გვერდით გაიყვანეს და რადგან წინ მედგა მეც გავყევი. სანამ შვიდი ნაბიჯი გადავდგით და დანარჩენ მგზავრებს ოდნავ მოვშორდით უკვე წარმოვიდგინე როგორ გვკეტავდნენ სადმე იაფფასიან სასტუმროში 14 დღით და პაკეტებში ჩატენილ პიურეს გვაჭმევდნენ, მერე ალბათ ლაივებს ჩავრთავდი ყოველდღე  და იქნებ ნანუკას შოუშიც ამომეყო თავი ან ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მიმეღო მონაწილეობა (მონაწილეობა თუ არა ჟიურიში მაინც დამსვამდნენ).


ჰოდა ამ ხალათანმა ბიჭმა შეხედა ჩემს მეგობარს, ცუდად ხო არ ხარო, ამან არაო, ჩაფიქრდა ხალათიანი და რამოდენიმე წამში გვეკითხება რამე ისეთ ქვეყანაში ხო არ იყავითო, თან ეჭვიანი თვალებით გვიყურებს. გულში კი ვიფიქრე რამე ისეთ ქვეყანაში ვიყავით კი არა ახლა ჩამოვედითთქო, მაგრამ მეგობარმა არაო და გამოგვიშვა ამანც, თან ხელები დაიბანეთო თუ რაღაც ჭკვიანური რეკომენდაცია მოგვცა.


მიუხედავად იმისა რომ თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ მაქვს, მაინც სახლში ჯდომა ვარჩიე,  ცხრა აეროპორტზე გადამხტარი ადამიანი სარისკოათქო ვიფიქრე. თან ჩემი ჩამოფრენიდან 2 დღეში  ესპანეთიც რისკ ზონაში შეიყვანეს და აგერ უკვე მეშვიდე დღეა რაც სახლიდან ვმუშაობ.


ვიღაცები ამბობენ თვითიზოლაცია შინაპატიმრობააო და მწარედ ცდებიან, შინაპატიმრობის დროს არსებობს მაკონტროლებელი ძალა, განაჩენის გამომტანი, რომელიც ყურადღებას აქცევს აღსრულებას, თუ სახლიდან გახვალ კარგი არაფერი მოხდება, თვითიზოლაციისას კი ბადრაგიც შენ ხარ და პატიმარიც!  პედრო კალდერონ დე ლა ბარკა ამბობდა უდიდესი გამარჯვება ის არის, რომელსაც საკუთარ თავზე მოიპოვებო და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის ბარკა, აგერ უკვე მეშვიდე დღეა რაც ვიმარჯვებ ჩემსავე თავზე და სახლში ვარ გამოკეტილი.


საკუთარ თავზე გამარჯვებას ერთი დიდი მინუსი აქვს, გამარჯვებულიც შენ ხარ და დამარცხებულიც, მაგრამ მე დამარცხებულს ნამდვილად არ ვგავარ, ადიალებში შეფუთული ცხელ ჩაის მივირთმევ და ნეტფლიქსის ბნელი კუნჭულების გამოკვლევას ვაგრძელებ, შენახული სტატიების ნახევარი წავიკითხე და ფარდებზე ორნამენტების რაოდენობაც ზეპირად ვიცი.


გრაფმა მონტე-კრისტომ   14 წელი გაატარა ტყვეობაში ციხესიმაგრე „იფში“, მე 14 დღე უნდა გავატარო ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში და აქ ნამდვილად არ არის შეშლილი აბატი ფარია, რომელიც დამალული განძის ადგილსამყოფელს მიმასწავლიდა, აქ არც პარასკევაა, რომ რობინზონ კრუზო ვიყო და არც თივით გამოტენილი ხელბურთის ბურთი მაქვს, როგორც ტომ ჰენქსს ფიმში გარიყული. მოკლედ ცოტას ვადრამებ, მაგრამ რაც ადამიანებს მოვშორდი აგრესიული ვხდები თანდათან. დღეს მაგალითად ეზოში ბავშვები ხმამაღლა თამაშობდნენ, ფანჯრიდან გადავხედე და ძიაკაცის ხმით დავშალე... რას მიშლიდნენ? არც არაფერს მაგრამ მე მათზე ვზრუნავ სახლიდან არ გამოვდივარ და ეს პატარა დამპლები დგანან და თამაშობენ...


ხუმრობა იქით იყოს და უკვე სტაჟიანი ტვითიზოლირებული ვარ, თვითიზოლირებულებში ავტორიტეტით ვსარგებლობ, შვიდი დღე ცოტა ხომ არ არის?! ჰოდა ყური დაუგდეთ სიტყვას ჩემსას თვითიზოლირებულნო ამა ქვეყნისა:


შეიძლება თქვენც დარწმუნებული ხართ იმაში რომ არაფერი გჭირთ, როგორც მე, თუმცა სიფრთხილე კარგი რამეა და 14 დღე თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის გაწეული არც ისე დიდი მსხვერპლია. ბუდა შვიდი წელი იჯდა ერთი ხის ქვეშ და ჩვენც გავძლოთ როგორმე 14 დღე სახლში. კოლექტივიზმს და აი ჩვენ სამყარო უნდა გადავარჩინოთ პათოსს ვერ ვიტან, არც იმას გეტყვით, რომ ხელები უნდა დაიბანოთ, პანიკაში ყოფნაც თქვენი უფლებაა და ისე გიქნიათ ოთახის კედლები შეგიჭამიათ, მაგრამ ყველა ზეთს, მარილს, კარტოფილს და ლობიოს მაინც ნუ იყიდით, სხვებსაც გვშია ეს დედამოტყნული.

ავტორი

ჩელე

გავრილოვის ღამე - ჩელე

თამაზ ნოდია

კომენტარები