თავსდატეხილი ვირუსი

( სიტყვა)

კორონა ვირუსი დაგვატყდა თავს კაცობრიობას და ვინ იგრძნობდა ამ დარტყმას თუ არა ყველაზე დიდი თავის პატრონი, ანუ მე. სინამდვილეში კი ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სკოლაში აღარ დავდივარ და დედაჩემი, რომელიც ადრე მეუბნებოდა მოეშვი კომპიუტერს გადი გარეთ სუფთა ჰაერი ჩაყლაპეო, ახლა ძალიან კმაყოფილია ჩემი სახლში ჯდომით.


ასეთი კრიტიკული სიტუაციები ახალი მითების შექმნისთვის ზედგამოჭრილი პერიოდია. ახლაც ყველამ ექიმის როლი მოირგო, თითქოს ეპიდემიოლოგები არიან ოდითგანვე და სოციალური ქსელის ფედესტალზე შემდგარები გვიგზავნიან საოცარ მესიჯებს: ნიორი ჭამეთო, ერთი ჭიქა ცოლიკაური ვირუსს კლავსო, ნიღაბი რას გიშველით ნუ აყევით მოდასო... მოკლედ სამედიცინო მითები ურბან ლეგენდებად აქციეს და მეც საქმე გამიჩინეს.   უფრო დიდი შანსია სისულელით დაინფიცირდეთ ვიდრე ვირუსით!


დავითა რისი დავითა იქნებოდა ეს მითები, რომ გაეტარებინა და არაფერი დაეწერა!


მითები კორონა ვირუსზე


სამედიცინო ნიღაბი არ გიშველით


მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები გვირჩევენ ნიღაბის გმაოყენებას, უამრავი ადამიანი გვარწმუნებს, რომ ნიღაბის ტარება არაფრისმომცემია და ჯობია თავები არ დავიტანჯოთ.

სინამდვილეში ნიღაბი მართლაც არ არის რკინის კაცის კოსტიუმი და ყველაფრისგან ვერ დაგიცავთ, რადგან შესაძლოა თვალებიდან გადაგედოთ ან ნიღაბში გაიაროს ვირუსმა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიღაბი ბევრად ამცირებს დაინფიცირების შანსს.  ასევე თუ თქვენ თავად გაქვთ ვირუსის სიმპტომები სამედიცინო ნიღბის გამოყენება დაიცავს თქვენს გარშემომყოფებს დაინფიცირებისგან.


კორონა ვირუსზე უფრო საშიში სეზონური გრიპია


უამრავი ადამიანი რომელიც კორონათი დაინფიცირდება თავს ისე იგრძნობსს თითქოს უბრალოდ გაცივდა, თუმცა ვირუსით გარდაცვალების სტატისტიკა და საერთო პროფილი ამ დაავადებას ბევრად უფრო საშიშად აქცევს.  Covid-19 ანუ კორონა ვირუსი ათჯერ უფრო სასიკვდილოა ვიდრე სეზონური გრიპი, შესაბამისად ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა ადამიანების საპირისპიროში დარწმუნება.


ეგ მარტო უფროსებს კლავს, ახალგაზრდებს რა უნდა უქნას


ახალგაზრდა ადამიანების უმეტესობა, ვისაც არ აქვს სხვა დაავადება, დიდი შანსით კორონა ვირუსისგან არ დაიღუპება, თუმცა Covid-19-ს მაინც შეუძლია დაინფიცირებულის სერიოზულ გართულებებამდე მიიყვანოს და ხელის არდაბანა ანანებინოს.

შესაბამისად ახალგაზრდებმაც ისე უნდა დაიცვან თავი, როგორც ამას უფროსები აკეთებენ, რადგან დაზღვეული ნამდვილად არავინაა.


ნაკურთხი წყალი ბუნებრივი ანტისეპტიკია


ვამპირებს, დემონებს, ავ სულებს, ბოროტ მოჩვენებებს და ყოველგვარ უწმინდურობას თუ ებრძვით შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ვირუსების წინააღმდეგ მაინც სპირტის მაღალი შემცველობის ხელის სანიტაიზერს გირჩევთ.


ვირუსი ლაბორატორიაში გამოიყვანეს


სინმადვილეში ზუსტად არავინ იცის საიდან მოხდა ახალი კორონა ვირუსით ადამიანის დაინფიცირება, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვუჰანის ბაზარზე ღამურების სხვა, მათთვის ბუნებრივ პირობებში უცხო, ცხოველთან მოთავსებამ გამოიწვია ვირუსის ადამიანისთვის საშიში მუტაცია, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით.


არა რადიოაქტიურ ღამურას არ უკბენია ჩინელი მეხანძრისთვის, არც მეცნიერების გამოყვანილი ვირუსია მღრღნელებთან საბრძოლველად და თქვენ წარმოიდგინეთ არც არქეოლოგებს უპოვიათ ვირუსი ძველ სამარხში... მოკლედ იმდენი სისულელე წავიკითხე თავი კიდევ უფრო გამიდიდდა.


ეს ის 5 მითია, რომელისაც ბევრს სჯერა და მგონი ღირდა გამოკვლევად, თუმცა შეიძლება კიდევ უამრავი სისულელე მოისმინოთ და თუ ვირუსისგან თავის დასაცავად ხელის საპნით დაბანა კმარა, ფეიკ ნიუსისგან თავის განძრევა დაგიცავთ.


მოკლედ დაიბანეთ ხელი, გაიკეთეთ პირბადე, გაანძრიეთ თავი და მომავალ შეხვედრამდე!

ავტორი

დავითა

გადამდები დავითა

კომენტარები