Humans, we did it

( სიტყვა)

ადრე ერთი მუსიკა ამოვიჩემე, სულ ვუსმენდი. ახლა აღარც მახსოვს - არც სახელი, არც არტისტი. მხოლოდ იმიტომ მახსოვს იმ მუსიკის სიკარგე, რომ მასზე დაწერილი ერთ-ერთი კომენტარი ჩამრჩა გულში: „humans, we did it“. პირველად ამ კომენტარმა მაგრძნობინა ადამიანების რასასთან მიკუთვნებულობა. ყველა ადამიანური ხარვეზი დამავიწყდა და მენტალურად ჩამოვყალიბდი კაცობრიობის ერთ-ერთ, რიგით ჯარისკაცად. მსგავსი გრძნობა იმის მერე რამდენჯერმე განმეორდა. მაგალითად, მაშინ, Space X-მა რომ ჩიპებს „made on the earth, by humans” დააწერა. და ახლა ვგრძნობ იგივეს.


ასე არსაიდან აღმოვჩნდით კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს, გარდამტეხ მომენტში. საშიშ და ამავდროულად საინტერესოში. ამ მნიშვნელოვან დროს ძალიან რთულია მომავალზე ფიქრი, რა - როგორ იქნება, მაგრამ თვითიზოლაციაში საფიქრალი დრო ბევრი გვაქვს.


ძალიან, ძალიან ბევრ რამეზე შეიცვლება აღქმა: ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, მეცნიერებაზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე - რაღა დარჩა? არც არაფერი. მთავარია ეს ცვლილება სწორად იყოს მიმართული და დავაფასოთ არა აბსტრაქტულად ან მატერიალურად, არამედ ემოციურად - თუნდაც ყველა ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის უკან იდგება: მეცნიერი, დეველოპერი და ა.შ. ისედაც სულ გვესმოდა ტერმინები „თანამედროვე მედიცინა“, „21-ე საუკუნის ტექნოლოგიები“ და ახლა, როცა უკვე არსებული განვითარების დონე ამხელა რისკის ქვეშ ბევრად მიზერულად წარმოგვიჩნდება გონებაში, რადგან ყველამ კარგად გავიგეთ, თუ რა მარტივად შეიძლება კაცობრიობის დასრულება ციდან მეტეორების ვარდნის გარეშე, ხვალვე, ბუნებრივად ადამიანი გახდება მეტად პროდუქტიული. პროდუქტიული აქამდეც იყო, ცხადია. უბრალოდ, ეჭვი მაქვს, პროდუქტიულობა თავის თავში გაიერთიანებს ემოციასაც. ბუნებრივი ამბავია ეს, რამდენჯერაც კაცობრიობას დაერხა, მხოლოდ მაშინ გახსენებია ადამიანს ემოცია, თანადგომა, სიმშვიდე. და ამ სამყაროში, როდესაც ყველაფერი იმდენად დაჩქარდა, რომ ადამიანს ზემოთჩამოთვლილი ყველა დაავიწყდა, კაცობრიობის ეს ხარვეზი - ვირუსის სახით, ჩვენზე იმოქმედებს ისე როგორც არასდროს.


რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ ვარაუდია. ჩემი, სუბიექტური, დამაიმედებელი ვარაუდი. თავს საერთოდ არ ვთვლი ადეკვატურად, ასე, ერთ ნაწერში ჩამოვარაკრაკო თუ რას მოიმოქმედებს შვიდ მილიარდ ადამიანზე მეტი, მაგრამ მე ვხედავ მილიონიან ქალაქს, თბილისს, რომელსაც მუდმივად აბრალებენ არარაციონალურობას, არაადეკვატურობას, დაუმორჩილებლობას და რომელიც დღეს მოქმედებს ერთიანად, როგორც ეს იყო 13 ივნისს. ხალხი რჩება იზოლაციაში, ორგანიზაციები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე (<3) და ის მესამე აბსოლუტურად underrated ადამიანი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ყველაფერს აკეთებენ კრიზისის სამართავად.  ზოგ-ზოგიერთი ვერ ელევა 20 ევროში დათრეულ ბილეთებს, თორემ საზოგადოება ნამდვილადაა ჩართული პრობლემის მოგვარებაში.


მეტი არც არაფრის თქმა მინდა. მხოლოდ და მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ საინტერესო დროში ვცხოვრობთ და ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ამ მოვლენებზე დაკვირვება შეგვიძლია. თორემ, უკვე ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელები უნდა დავიბანოთ, ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოვერიდოთ, მოგზაურობისგან თავი შევიკავოთ და გადავიტანთ, აბა რას ვიზამთ. ასეთები გადაგვიტანია? მთავარია ორგანიზებულობა, რაციონალურობა და მოთმინება. რომელიღაც ევროპული ქვეყნის - რომელიღაც ლიდერმა თქვა, სახლში დავრჩეთ დღეს, რომ ჩავეხუტოთ ერთმანეთს ხვალო. წარმოიდგინეთ, რამდენად განვითარდება კაცობრიობა, როცა დაამარცხებს ამ გამოწვევას. თქვენ კი, ძვრიფასო მკითხველო, შეგეძლებათ იამაყოთ, რომ ხართ და იქნებით ამ კაცობრიობის ნაწილი. ჰოდა, humans, let’s do it.


სპორტი და პოლიტიკა

რჩევები აბიტურიენტებს

კომენტარები