ფიტნეს ფეიქები

( სიტყვა)

აი ახალი წლის მერე დავიწყებ ვარჯიშს, მარა ძველით ახალი წლის მერე სჯობს თან დასვენებულიც ვიქნები და ბარემ თებერვალში ძმაკაცის ქორწილს რო გადავიტან მერე დავადგები სპორტდარბაზის გზას ან ჩემი დაბადების დღეც მომასტუმრებინა და მერე უეჭველად დავიკლებ... საბოლოოდ ყველა ორშაბათამდე მიდის, ორშაბათია ის ნანატრი დღე, როცა ვარჯიში უნდა დაიწყო! ოღონდ შემდეგი ორშაბათი, ეს არა...

სანამ ის ნანატრი ორშაბათი დაგიდგებათ და კანის საფარს ცხიმებისგან გაანთავისუფლებთ ანაც კუნთებს დაიზრდით, მანამ სჯობს იმ ცოდნას გადახედოთ რაც ვარჯიშზე გაქვთ, რადგან არასწორ ვარჯიშს ჯობია საერთოდ არ ივარჯიშო.

ფიტნესში უამრავი მითი არსებობს, რაღაცები რისიც ყველას ბრმად სჯერა, ინფორმაცია რომელიც დრომ გააჯერა ჩვენს გონებაში და ხშირად შესაძლოა მწვრთნელისგანაც კი მოისმინოთ ისეთი სიგიჟეები რაც კავშირში არ არის არაფერთან და უბრალოდ ცხოვრებას გირთულებთ.

აი რამოდენიმე მათგანი:

ვარჯიშის დროს წყალი არ უნდა დალიო თუ წონის დაკლება გინდა

თუ დეჰიდრატაციის და ოფლის გამოსვლის ხარჯზე გინდა წონის დაკლება რადგან საშუალო წონაში გამოდიხარ რომელიმე სპორტში და 2 საათში აწონვაა, შენ კი 300 გრამი გაქვს დასაკლები - მაშინ არ ღირს წყლის დალევა, ყველა სხვა შემთხვევაში კი სვით წყალი, რადგან სწორედ ის შლის ცხიმებს და გეხმარებათ კარდიოვარჯიშისას უფრო დიდხანს გაძლოთ ჯიმში.

თუ არ ოფლიანობ ანუ ცუდად ვარჯიშობ

ოფლიანობა ინდივიდუალურია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული მათ შორის წონაზე, ტემპერატურაზე, კონკრეტულ ვარჯიშზე და დიდწილად იმაზე თუ რამდენადაა ადამიანი ოფლიანობისკენ მიდრეკილი.  ასე რომ, მთავარია ვარჯიშს სწორად აკეთებდე, ოფლი მეორეხარისხოვანია (და არც ისე სასიამოვნო).


ამ მუცელს ხო ხედავ? მალე კუნთი იქნება

ქონით გაძეძგილი ღიპი კუნთი არასოდეს იქნება, ცხიმის კუნთად ტრანსფორმაციისთვის საჭირო გზები ჯერ არ მოგვიძებნია თუ სინთოლის გაკეთებას არ აპირებთ კუნთში.  ზრდის პროცესში ცხიმები არ იღებენ მონაწილეობას, ასე რომ თქვენს პუტკუნა მეგობრებს მოუწევთ ჯერ კუნთოვანი მასა აიღონ და მერე ცხიმი დაწვან ან პირიქით.


ცხიმის წვა შესაძლებელია სხეულის გარკვეულ მონაკვეთზე

ცხიმი ერთნაირად იწვება მთელს სხეულზე, ასე რომ ყველა იტყუება ვინც რაიმე ვარჯიშს გასწავლით მუცელზე ცხიმის დასაკლებად. როგორ გგონიათ მუცელზე პრესი გექნებათ და სხეულის სხვა ნაწილები თინეიჯერი ბეჰემოტისას დაემსგავსება?

საეჭვო წარმოშობის ვებსაიტებზე ნანახ რეკლამებში გამოჭენებულ ტრენაჟორებსაც ნუ დაუჯერებთ, რონალდო რაღაც იდიოტური მოწყობილობით არ იყენებს პრესს, დილიდან საღამომდე ენაგადმოგდებული დარბის უამრავი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ.


სიმძიმეებით ვარჯიში წონის კლებას არ უწყობს ხელს

სიმძიმეებით ვარჯიშისას იწვება კალორიები, მართალია იმდენია რა რამდენიც კარდიოვარჯიშებისას, თუმცა თუ წონის კლება გინდათ ნუ აარიდებთ თავს სიმძიმეებით  ვარჯიშს. კარდიოვარჯიშებამდე თუ წონებით ივარჯიშებთ ეს დააჩქარებს ცხიმის წვის დაწყებას კარდიოვარჯიშისას.

 

ყოველ დღე უნდა ივარჯიშო


ტყუილია, მეტწილად კი მაშინ როცა კუნთოვანი მასის მომატებისთვის ვარჯიშობ, რადგან სხეულს დასვენება და აღდგენა სჭირდება, ღმერთმაც კი დაისვენა მეშვიდე დღეს.


მხოლოდ ხილის ჭამით წონას დაიკლებ


ხილი არც მთლად დიეტური პროდუქტია და ჯობია დღის პირველ ნახევარში მიირთვათ, რადგა უმეტესობა შაქარს შეიცავს და მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი საკვებია, წონის კლებას ხელს შეუშლის.


კარგი ვარჯიშის მერე შეგიძლია რაც გინდა ჭამო

ვარჯიშების უმეტესი ნაწილი სამზარეულოში უნდა ჩაატაროთ, მნიშვნელობა არ აქვს მიზანი კუნთოვანი მასის ზრდაა თუ ცხიმის წვა, სწორი კვების გარეშე არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ნაყოფიერად ივარჯიშებთ. ერთი ნაჭერი ტორტით მიღებული კალორიის დასაწვავად თბილისიდან ქუთაისამდე უნდა ჩაირბინოთ ორჯერ.

წონებით ვარჯიში არ მინდა, დავიკუნთები...

ამას ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან მოისმენთ, ესეც დიდი ტყუილია. ქალისთვის კუნთოვანი მასის მატება ვერად უფრო შრომატევადი პროცესი ვიდრე კაცისთვის, რადგან ქალებს 15-20 ჯერ ნაკლები ტესტოსტერონი აქვთ. ბოდიბილდერი ქალები წლობით ვარჯიშობენ და უამრავ დანამატს იღებენ, რომ დაიკუნთონ, პრინციპში არც კაცებისთვისაა მარტივი პროცესი და 2 კილოგრამიანი ჰანტელით ვარჯიში არავის დაკუნთავს, კუნთისთვის ფორმის მიცემას რაც შეეხება კიბატონო, იხარე და იბედნიერე.

წონებით ვარჯიში გაზრდის თქვენი ძვლების სიმკვრივეს, კოორდინაციის უნარს, გაგიძლიერებთ ბალანსს, შემცირდება დიაბეტის, ოლტეოპოროზის, გულის დაავადებების, ართრიტისა და წელის ტკივილის შანსი, ასევე ეფექტურია სტრესთან საბრძოლველად. ასე რომ ნუ იტყვით სიმძიმეებზე უარს დაკუნთვის შიშით.

დილა ვარჯიშისთვის საუკეთესო დროა

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ შუადღის 1-დან 4 საათამდე ვარჯიშიც ისეთივე ეფექტურია როგორც დილით ადრე ვარჯიში, ასე რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ძილს ნუ დაიკლებთ და ვარჯიშამდე სხეულს გაღვიძება აცადეთ.

მოკლედ, თუ აქიდან რომელიმესი მაინც გჯეროდათ და ჩემმა ბლოგმა აზრი შეგიცვალათ, ჩავთვლი რომ კლავიატურაზე თითებუ ტყუილად არ მიტყაპუნებია, კიდევ უამრავი ცრუ ინფორმაცია გადადის თაობიდან თაობამდე, მაგრამ ამაზე შემდეგ ბლოგში.

 




ავტორი

იმიტომ

კომენტარები