სტიპენდიის შესაძლებლობები

( სიტყვა)

„საზღვარგარეთ მინდა სწავლა“ - ამ ფრაზას ბევრი სტუდენტისგან მოვისმენთ და ეს არცაა გასაკვირი. საზღვარგარეთ განათლების მიღება  ძალიან მიმზიდველი პერსპექტივაა და ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა მაინც ბევრი ფიქრობს, რომ ამგვარი პერსპექტივა ფინანსებისა და კონკურენციის გამო ძალიან რთულდება და თითქმის შეუძლებელია, რაც არ არის სწორი.


უცხოური განათლების მიუწვდომლობაზე მითს ძველი საბჭოური განათლების სისტემა და გამოცდილებაც ამყარებდა, როცა 2000 დოლარად და 1 გემრიელ ტორტად შეგეძლო ინჟინერიც ყოფილიყავი, ექიმიც, აუზის მწმენდავიც და მუსიკოსიც, სადაც შრომა ერთეულებს უფასდებოდათ და შესაბამისად, ეს ყველაფერი ახალგაზრდა თაობისთვის დემოტივატორი იყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ  კი ბევრი რამ შეიცვალა. დღეს, დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა ვართ, ჩვენივე მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, სადაც მთავარი მხოლოდ მონდომებაა. 


სწორედ ამიტომ, ვეცადეთ თავი მოგვეყარა  იმ პროგრამისთვის, რომლებიც დაფინანსების რეალურ შანსებს იძლევა და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებს სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ ცოდნაც დაეხმარება:


საერთაშორისო სტიპენდიების ფორუმი (worldscholarshipforum.com)


ეძებთ სტიპენდიებს? მაშინ, ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც თავს უყრის ერთად სხვადასხვა შესაძლებლობას ეს საერთაშორისო სტიპენდიების ფორუმია. ის არის საძიებო სისტემა, რომელიც სტუდენტებს არამარტო სასურველი სტიპენდიის, არამედ გრანტის, სტაჟირების, უფასო ონლაინ კურსების და სხვა მრავალი სასარგებლო ინფორმაციის მოძიების საშუალებას აძლევს. ფორუმს აქვს თავისი გვერდი Facebook-ზე, საიდანაც შეგიძლია  გამოიწერო სიახლეები ყოველდღიურად, ასევე ვებ-გვერდი და სულ ახლახანს დაემატა აპლიკაცია „Scholarship Finder”. მოკლედ, ჩაუჯექი!


განათლების საერთაშორისო ცენტრი


სულ რამდენიმე დღეა განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 6 სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა:


  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში


განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დღემდე 850 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.


თუ გინდა მეტი გაიგო, ეწვიე მათ ოფიციალურ ვებ-გვერდს.


ერასმუს მუნდუსი


ერასმუსი ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც სთავაზობს ახალგაზრდებს გაცვლით კურსებს, ერთი ან ორი სემესტრის გატარებას რომელიმე სხვა უნივერსიტეტში ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თან მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნების კრედიტები მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილად გეთვლება და წელი არ გეკარგება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ისწავლო უცხოეთში, მოიპოვო სტიპენდია და ფაქტობრივად უფასოდ იცხოვრო. ამ პროგრამაში მოსახვედრად, სურვილისა და დროის გარდა, საჭიროა, უკვე ირიცხებოდე რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე.

 

გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. თუ შენი უნივერსიტეტი, რომელშიც ახლა სწავლობ, ჩართულია Erasmus mundus -ის პროგრამაში, შენ ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას შეძლებ.

 

რაც მთავარია, ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობით საქართველო წლებია ინარჩუნებს ერთ-ერთი წარმატებული და ლიდერი ქვეყნის პოზიციას - მაგალითად: 2018 წლის მონაცემებით, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების რაოდენობის კუთხით. საქართველო პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის პირველ ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს, ასე რომ, დარწმუნდი, რომ შანსები საკმაოდ მაღალია. დეტალები კი შეგიძლია გაიგო აქ.


შენი უნივერსიტეტის შემოთავაზებები


საქართველოს კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიანთ სტუდენტებს მოკლევადიან თუ გრძელვადიან გაცვლით კურსებს სთავაზობენ. მოკლევადიანი კურსები შეიძლება მოიცავდეს საზაფხულო კურსებს, გრძელვადიანი კი სწავლების მინიმუმ 1 სემესტრს. ამისთვის უნდა მიმართო საკუთარი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას და ცოტა უფრო მეტად გაარკვიო ის შესაძლებლობები, რასაც უნივერსიტეტი გთავაზობს.

 

საელჩოები


ხშირად შეამოწმე საქართველოში სხვადასხვა საელჩოს ვებგვერდი - ისინი  წელიწადში ერთხელ მაინც აცხადებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და სხვ. შეგიძლია გახდე ისეთი წარმატებული პროგრამების სტიპენდიანტი, როგორიცაა Global UGRAD, რომელიც სრულად აფინანსებს ერთი სემესტრით სტუდენტების ამერიკაში სწავლებას. ასევე ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, როგორებიცაა Fulbright, Chevening, John Smith Fellowship, IREX და სხვ.

 

თუ არ გახსოვს წინა პარასკევ საღამოს რას აკეთებდი, სექტორი 3-ის სტუმრები ამ თემებზე საინტერესო შეხვედრას ესწრებოდნენ. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა განათლების შესაძლებლობებსა და სტიპენდიებზე ვრცლად ისაუბრეს. შეხვედრის ვიდეო კი შეგიძლია ნახო აქ.


ასევე...

 

არის კიდევ რამდენიმე საინტერესო პროგრამა, როგორებიცაა:

  • მევლანას გავლითი პროგრამა თურქეთში, რომელიც სრულად ფინანსდება თურქეთის მთავრობის მიერ. მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა დაწესებულების სტუდენტებს, თუ მევლანას პროექტის ფარგლებში გაფორმებულია უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისს.
  • DAAD -  პროგრამა, რომელიც გერმანიაში ხორციელდება, როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენებზე.
  • Visby - შვედეთის გრანტები მაგისტრატურისთვის. იჩქარეთ, აპლიკაციების მიღება ამჯერად 20 თებერვალმდე გრძელდება.

 

Google და მისი ჯანი

 

მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანა საერთაშორისო სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა სახის გრანტს/სტიპენდიას სთავაზობს. ამისთვის უბრალოდ საჭიროა სასურველი უნივერსიტეტი დაგუგლო, შეამოწმო სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდი, სოციალური ქსელი, გაეცნო მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში დაეკონტაქტო პასუხისმგებელ პირს. თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს გამოყოფილი გარკვეული რაოდენობის თანხა ბიუჯეტიდან საერთაშორისო სტუდენტების დაფინანსებისთვის, მათ შორის არის ამერიკის Ivy League-ის სასწავლებლებიც, რომლებიც მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებენ განათლების ხარისხით.

 

ჩვენ ვეცადეთ. ახლა შენი დროა!

 

 

ავტორი

სექტორი 3

კომენტარები