გაბრაზებული კაცის პროტესტი

( სიტყვა)

მე ვთვლი, რომ იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელშიც ვცხოვრობ. მჯერა, რომ პოლიტიკა მნიშვნელოვანია და დიდწილად მასზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების დონე. რთულია სახელმწიფოსთან ურთიერთობა, იმდენად რთული, რომ პროტესტი ჰობად მექცა, თუმცა სხვა გზას ვერ ვხედავ. 


20 ივნისის მოვლენებმა და მოწოლილმა ბრაზმა მიმიყვანა პარლამენტის წინ. სახელმწიფომ არ მიიღო ჩვენი პროტესტი და ტყვიები დაგვიშინა, გვცემა, თვალები დაგვთხარა, ერთი სიტყვით სახელმწიფომ დაგვანახა, რომ არაფრად აგდებს მოქალაქეების აზრს.


პირველად ვიგრძენი მაშინ ამ მასშტაბის უსამართლობა და ჩემნაირი ბევრი იყო. აქციაზე ყოველ დღე მივდიოდით და პროტესტს გამოვხატავდით. ხელისუფლებამაც იგრძნო ჩვენი შემართება და გამოგვიცხადა, რომ დააკმაყოფილებდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, გადადგამდა ისტორიულ ნაბიჯს და ქვეყანა გადავიდოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციას სხვა მოთხოვნებიც ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ ხელისუფლების მხრიდან მაჟორიტარული სისტემის დამახინჯებულ ქართულ პრაქტიკაზე უარის თქმა უდიდესი მიღწევა იყო, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს და მას უფრო მრავალფეროვანსა და დაბალანსებულს გახდიდა. ასეც იქნებოდა, ბევრი სხვა დაპირების მსგავსად ესეც ტყუილი, რომ არ აღმოჩენილიყო. 


ჩვენთვის გაუგებარი პოლიტიკური თამაშების წყალობით, “ბატონმა” მოახერხა ის, რომ ეს სანატრელი პროპორციული სისტემა ვერ მივიღეთ. უბრალოდ ადგა და გადაგვაგდო. მე და ჩემი უამრავი თანამოქალაქე, ძალიან გავბრაზდით. ვიგრძენით, რომ თურმე ტყუილად გვეგონა, რომ საქართელოს პოლიტიკური სისტემა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ გვექნებოდა მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი და მესიის მოლოდინი გაგვიქრებოდა, ყელში ამოსული ერთმანეთის “მტრის ხატი”, რაიმე ღირებული პოლიტიკური დისკუსიით შეიცვლებოდა.

ტყუილად მეგონა, რომ ახალ პარტიებს გაეხსნებოდათ გზა, პოლარიზებული საზოგადოება შეიცვლებოდა და შეიქმნებოდა პლატფორმა ახალი იდეებისთვის, სიახლისა და განვითარებისთვის. ტელევიზორიდან მოსმენილმა ფრაზამ - “ქართულმა ოცნებამ პროპორციული სისტემა ჩააგდო”, ყველაფერი წამში დაანგრია. იმედგაცრუებაზე მეტი იყო ის, რაც ვიგრძენი. უცებ ჩამოიშალა ის ყველაფერი, რაც იმედს მაძლევდა, რომ აი შემდეგ წელს უკვე სხვანაირ საქართველოში ვიცხოვრებთ ყველა და მეამაყებოდა, რომ მეც მქონდა მასში წვლილი შეტანილი. ერთი ხელის მოსმით იმ სისტემაში კი არ დაგვაბრუნა, რაც აქადე იყო, არამედ უფრო უკან, უფრო მონობისკენ - იქ, სადაც თვისუფლება უბრალოდ უადგილო ცნებაა. 


ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთა ვერავინ - გააერთიანა უკლებლივ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია არის, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოდ ამ დანგრეული იმედის დასაბრუნებლად. არ შემრცხვება აქციაზე ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილთან ერთად დგომა, იმიტომ, რომ ეს პროტესტი არის მთელი საზოგადოების.

14 ნოემბერი, რომელიც ისტორიაში უნდა შესულიყო, როგორც პოლიტიკური ცვლილებების დღე, ქართულმა ოცნებამ ისტორიაში შეიყვანა, როგორც საზოგადოების მოტყუებისა და ღალატის დღედ.


მთელი საზოგადოების მოტყუება ღირს პოლიტიკური ფასი. მმართველი პარტია არ აპირებს, ამიტომ საზოგადოებამ უნდა აიძულოს იგი გადაიხადოს ამ ტყუილის ფასი. 


პარლამენტის წინ ისევ დაიწყო ჰობად ქცეული პროტესტი!

კომენტარები