ყველა გადამგდების წინააღმდეგ

( სიტყვა)

იმდენი ხანია რაღაცებს ვაპროტესტებთ პარლამენტთან, რომ უკვე საყვარელი ადგილიც კი მაქვს. ადგილი რომლიდანაც ვაკვირდები ადამიანებს და ვხვდები, რომ მიუხედავად ამდენი განსხვავებისა, მაინც არის რაღაც. რაღაც, რაც გვაერთიანებს, გვაიძულებს ჩვენი თბილი საწოლებიდან გამოვძვრეთ და პარლამენტის წინ ვიდგეთ. ჩემი ღრმა რწმენით ეს რაღაც არის ბრაზი და საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც ახლაც კი გაბრაზებული ადამიანები დგანან პარლამენტის წინ.

რამ გაგვაბრაზა? რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ლიბერტარიანელები და ლეიბორისტები ერთნაირად გაბრაზდნენ? ირმა ინაშვილიც გაბრაზდეს და ნიკა მელიაც?

პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან. ნიკიტა ხრუშოვი ამბობდა, მაშინაც დაგპირდებიან ხიდების აშენებას, როცა მდინარე არსად არისო და მართლაც, გადახედეთ რა მესიჯ ბოქსები აქვთ პარტიებს. ვიღაც პენსიას სამ მილიარდ ლარამდე ზრდის, დანარჩენები ჯერ დაუბადებელ ბავშვებსაც ასაქმებენ ან ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ზრდიან საქართველოს, მაგრამ ასე არასოდეს ვღიზიანდებით. არ გამოვდივართ პარლამენტის წინ და თავს საფრთხეში არ ვიგდებთ.

რა მოხდა ახლა განსაკუთრებული? ბიძინა დაგვპირდა პროპორციულ არჩევნებს და გადაგვაგდო, მაგრამ ეს არ იყო ისეთი დაპირება, როგორიც, მაგალითად, საარსებო მინიმუმზე ორჯერ მეტი პენსია ან უფასო გულის ოპერაციები. ეს იყო საოცრად გაღიზიანებული ადამიანების მონაპოვარი, სახელმწიფოსთვის გამოგლეჯილი თავისუფლების ნაწილი, რომელიც 20 ივნისის პროტესტით მოვიპოვეთ და უეცრად აღმოჩნდა, რომ მწარედ მოგვატყუეს. ისე მოგვექცნენ, როგორც პატარა ბავშვს. მოტყუებით გვაჭამეს ბორში და დესერტად გახარია დაგვინიშნეს პრემიერად.

მოკლედ, გადაგვაგდეს. ბიძინამ გადაგვაგდო. თავანი ჰქონდა და არ ჩააბარა. როგორც უბანში იტყოდნენ “გაპროჭდა”. ხოდა გვინდა გადამგდები მმართველი? პოლიტიკოსების ცხოვრება ორი ასპექტისგან შედგება: პირველია დაპირებების გაცემა, ხოლო მეორე მისი შესრულება. ამ ორი კომპონენტიდან მთავარი მაინც შესრულებაა, რადგან  რაც არ უნდა კარგი ნამცხვრის გამოცხობას გპირდებოდეს მცხობელი, თუ იცი, რომ არ შეუძლია ან არ იზამს, სჯობს ნამცხვარი სხვას შეუკვეთო.

ბიძინა არის პოლიტიკოსი, რომელიც სიტყვას ამბობს და არ ასრულებს, მერე კი ცდილობს იაფფასიანი სპექტაკლებით დაგვაჯეროს, რომ თურმე მას ძალიან უნდოდა შეესრულებინა სიტყვა, მაგრამ თავისი გუნდის წევრებმა არ მისცეს ამის საშუალება. ადამიანებმა, რომლებიც ივანიშვილისგან ნებართვის აღების გარეშე ტუალეტშიც იშვიათად შედიან…

სახელმწიფო ზოგადად ცუდად ექცევა ადამიანებს. როცა მთავრობაში ცუდი მმართველები და გადამგდები პოლიტიკოსები არიან, სახელმწიფო ორმაგად ცუდად გვექცევა, ძალდობის მაჩვენებელი იზრდება, გვცემს, გვაჩუმებს, თვალებს გვთხრის და დაგვცინის. დაცინვა იყო გახარიას გაპრემიერმინისტრება, დაცინვა იყო კალაძის შუა თითი, დაცინვაა კრიტიკულ მომენტში დაპირების გაცემა და მერე ფეხებზე დაკიდება.

ნაციონალების კი არა, კაციჭამია დათვების გვერდით დავდგები აქციაზე, ოღონდ ნორმალურ სახელმწიფოში ვიცხოვრო. ისეთ ქვეყანაში, რომელშიც სხვა მთავრობებისა და სასამართლოს ლანძღვის დამოუკიდებლად მართლა განიხილება რაღაცები პარლამენტში.


არ გთხოვთ სამშობლოს სიყვარულს. ზოგადად როგორ შეიძლება ადამიანს რაიმეს სიყვარული მოსთხოვო ან დააძალო? უბრალოდ დაფიქრდით: ჩვენი ბაბუები საბჭოეთს შეეწირნენ, მამები სამოქალაქო ომს. ჩვენ პარლამენტის წინ ვდგავართ ყოველდღე და იქნებ სიბერეში მაინც მოვესწროთ ნორმალურ ქვეყანას ან ჩვენი შვილები მაინც არ გაიზარდონ საგიჟეთში. თქვენს თავებზე იფიქრეთ, შვილებზე და საყვარელ ადამიანებზე.

რაც შეეხება ზოგადად პროტესტს და მის წარმატებას, აპოლიტიკურ ადამიანებს იდიოტებს ეძახდნენ ძველ საბერძნეთში და შეუძლებელია ამგვარი პროტესტი აპოლიტიკური იყოს.

20 ივნისსაც ვიდექი და დღესაც წავალ აქციაზე, ნაციონალების, ლეიბორისტების, რესპუბლიკელების და ყველას გვერდით დავდგები, ვინც ჩემთან ერთად გაბრაზდება და არ შეეშინდება ამ ბრაზის გამოხატვა, რადგან არ აქვს მნიშვნელობა იდეოლოგიებს, ყველა ერთიანდება გადამგდების წინააღმდეგ!

ავტორი

ჩელე

კომენტარები