20 ივნისი – ხალხის ღამე

არ თოვდა, არც თბილისს ებურა თალხი
დუმდა მთავრობა, ყვიროდა ხალხი…

მთავრობის დუმილი სპეცრაზმის მწყობრმა ნაბიჯებმა და ფარებზე ხელკეტების ბრახუნმა დაარღვია. ცრემლსადენმა გაზმა და რეზინის ტყვიებმა გააკვირვა შეკრებილები, აბა პარლამენტის შენობას რა გააკვირვებს?! აქ ისეთები მომხდარა…

რამ გააკვირვა შეკრებილები? ჩვენი თაობა ასე არასოდეს დაურბევიათ და სანამ იმას იკითხავს ოდნავ ტენდენციური მკითხველი — რამ გაგაკვირვათ ბიჭო, 2007 წლის 7 ნოემბერს სად იყავით, ხალხს რო სცემდნენ და ასისხლიანებდნენო… 2007 წელს, 12 წლის ვიყავი, იქ შეკრებილებიდან უმეტესობა ოდნავ მეტის ან ნაკლების, ჰოდა რავიცი ალბათ სკოლის ბუფეტში ვიყავით ფუნთუშის რიგში…

20 ივნისს გავრილოვის ღამე დაარქვეს, რადგან ყველაფერი გავრილოვის საჯდომის ირაკლი კობახიძის სკამზე მოთავსებით დაიწყო. მე თუ მკითხავთ, ამ ორის საჯდომი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ სახეებია განსხვავებული და რუსი დეპუტატის ამჟავებული სახის ხილვამ, არავინ გაგვახარა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ქართულმა მხარემ მომიწვიაო — იძახდა ბატონი სერგეი. ჰოდა ჩვენც მივედით პარლამენტთან, ჩვენი მთავრობისთვის სტუმარ-მასპინძლობის ელემენტარული წესების ასახსნელად. იქ კი ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით გაგვიმასპინძლდნენ.

არც გემრიელი იყო და არც სასიამოვნო, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამათთვის რამის ახსნა და ჩვენება მარტივი იქნებოდა. თავადაც შეშინებულები იყვნენ და ჩვენც გვეშინოდა, მაგრამ ეს შიშები ერთმანეთისგან განსხვავდება. მათ თავიანთი პოზიციებისა და ძალაუფლების დაკარგვა აშინებდათ, ჩვენ რაღაც უფრო ღირებულის, მინიმუმ ერთმანეთის დაკარგვა.

ამიტომ მგონია, რომ 20 ივნისი ხალხის ღამეა და არა გავრილოვის, ხალხის გაერთიანებისა და პროტესტის ღამე. ასეთი არაერთი ყოფილა. გავრილოვის ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და არც იქნება. რადიკალებად შეგვრაცხა ერთმორწმუნე სერგეიმ, ჩვენი ხელისუფლებაც არ ჩამორჩა და გადატრიალების მოწყობა უნდოდათ, პარლამენტი უნდა აეღოთო. არადა უბრალოდ გვინდოდა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ ქედს არავის მოვუხრით და თავზე არავის დავისვამთ; რომ ოკუპაციას არასოდეს შევეგუებით და ყოველთვის შევებრძოლებით; რომ მთავრობა არ არის ჩვენი სახე. მე ეს მინდოდა და ჩემს მეგობრებსაც, უმეტესობასაც ეს სურდა.

2021 წლის 20 ივნისს 2 წელი გადის იმ აქციის დარბევიდან, რომლის დროსაც მთელი რიგი სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს სამართალდამცავებმა, პარლამენტში კი ორი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებზე ამნისტიას აცხადებს. ხელისუფლება ყველაფერს გახარიას აბრალებს, გახარია ხან ვის, ხანაც ვის…

არაფერი შეცვლილა, რეალურად არც არავინ დაუსჯიათ. ჩვენ კი ვსხედვართ ახალი «20 ივნისის» მოლოდინში. იმ დღის მოლოდინში, როცა მთავრობა ახალ, გაუგონარი მასშტაბის სისულელეს ჩაიდენს და მოგვიწევს ისევ ერთად დავდგეთ, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ ცრემლს ისინი დაღვრიან, ვინც ხალხის ნებას არ ითვალისწინებს.