1984 დღეს – ანუ სად მივყავართ სოც. მედია შეზღუდვებს

თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, სოციალური მედია გახდა ჩვენი იდენტობის, თვითგამოხატვის და თავისუფლების მარკერი. კლასიკური გაგებით დემოკრატიულ ქვეყნებში, ხელისუფლების დანაწილება სამი მიმართულებით ხორციელდება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. მოგვიანებით, აღნიშნულ სამ შტოს დაემატა მეოთხე, არაოფიციალური ხელისუფლება ანუ მედია. მედიის გავლენა, თავისი გლობალური გაგებით, წარმართავს მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ქვეყანაში, თუმცა ამავდროულად რეგულირდება მკაცრი ეთიკური კოდექსით და ემორჩილება წესებს, რომლებიც დემოკრატიულმა სამყარომ ერთობლივად შეიმუშავა.

კლასიკური მედიის პარალელურად, ინტერნეტის ეპოქაში, სოციალურმა მედიამ განუსაზღვრელი ძალაუფლება შეიძინა. ეს ძალაუფლება მდგომარეობს სოციალური მედიის უნარში, დაამკვიდროს გარკვეული მიმართულებები, წარმოქმნას ახლებური მიდგომები კონკრეტული მოვლენის მიმართ, დააწესოს აზროვნების თავისებური ჩარჩოები. საბოლოოდ, სოციალური მედია განუზომელ როლს ასრულებს დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის თავისუფლებების მანიფესტაციაში გადაიზრდება, ხოლმე. 

შემდგარ და მტკიცე დემოკრატიულ ქვეყნებში სოციალური ქსელი ერთგვარი დისკუსიის პლატფორმაა, გართობის, თავშექცევის და თვითგამოხატვის. ავტოკრატიული რეჟიმები მას მოსახლეობის განწყობის კონტროლის მექანიზმად იყენებენ. ასეთი რეჟიმების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ,,მეგობარი ავტოკრატიული რეჟიმები,, ხშირ შემთხვევაში სოც. ქსელს ოპოზიციური ძალების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. დიქტატურაში საქმე გვაქვს კიდევ უფრო მკაცრ კონტროლთან და დეტალურ მონიტორინგთან, როგორც ეს ლუკაშენკოს ბელარუსში ან სი ძინპინის ჩინეთშია. თუმცა, არსებობს ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც სოც. ქსელების არსებობას საერთოდ არ უშვებს. 

25 მილიონი ჩრდილოეთ კორეელი იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც მხოლოდ  რამდენიმე ათას რჩეულ მოქალაქეს აქვს წვდომა გლობალურ ინტერნეტზე. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, კიმ ჩენ ინის მთავრობის მიერ შემქნილი, მკაცრად შეზღუდული ინტერნეტიც კი მიუწვდომელია. ვინც ახერხებს გლობალურ ინტერნეტზე წვდომას – ამისთვის 1 ან 2 დღიან დეტალურ შემოწმებას გადის და შემდგომ, მხოლოდ სახელმწიფო მოხელის თანდასწრებით აქვს უფლება, განსაზღვული საათებით გამოიყენოს მსოფლიო ქსელი. 

“ინტერნეთთან წვდომის დროს, სახელმწიფო დამკვირვებელი ზის ორ ინტერნეტ მომხმარებელს შორის და ორივეს აკვირდება.. ყოველ 5 წუთში მონიტორი იყინება და იხსნება მხოლოდ დამკვირვებლის თითის ანაბეჭდით”. მოქალაქეს მსოფლიო ქსელთან წვდომის უფლება მხოლოდ 1 საათით აქვს, რის შემდეგაც ის ვალდებულია მიიღოს ახალი ნებართვა. 

კიმ ჩენ ინის რეჟიმი მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც ყველაზე შეზღუდული ინტერნეტ თავისუფლების მქონე სისტემა, რომელსაც ჩინეთისა და ირანის მკაცრად შეზღუდული და კონტროლირებადი ინტერნეტიც ვერ შეედრება.

 

“ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ის, ვინც აწმყოს აკონტროლებს, აკონტროლებს წარსულს”, – თუ ჯორჯ ორუელის ციტატას ტექნოლოგიური რევოლუციის თვალით შევხედავთ, შეგვიძლია ასეც დავინახოთ: ვინც აკონტროლებს სოციალურ მედიას, აკონტროლებს საზოგადოებრივ აზრს. ხოლო ვინც საზოგადოებრივ აზრს აკონტროლებს, აკონტროლებს წარსულს, აწმყოს და მომავალსაც.  

 

საქართველოში სოციალური მედია ერთი მხრივ, თავისუფლების, თვითიდენტიფიკაციის და ადამიანური ისტორიების გაცვლის ველია, მეორე მხრივ კი ორუელისეულ, ალტერნატიული რეალობის შექმნის ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებსაც ვაწყდებით. მაგრამ თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი ინტერნეტ სივრცეში, გლობალიზაციაგავლილ სახელმწიფოში არ არის იოლი და თავისუფლებასთან ბრძოლის გრძელვადიან პროცესს გულიხსმობს. ასეთი პროცესის “წარმატებული” არქიტექტორია პუტინის მთავრობა, რომელმაც წლების განმავლობაში შეძლო როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე მედიისა და კერძო პირების ტოტალური კონტროლის ქვეშ მოქცევა. სწორედ ამ პროცესის თანმდევი ფაქტების უამრავი ანალოგი გვაქვს ქართულ რეალობაში, რომელიც მნიშვნელოვანია განვიხილოთ ჩრდილოელი მეზობლის გრადაციული “მოხარშვის” გამოცდილების გათვალისწინებით. 

 

მორდორის ჩაბნელების შესახებ

წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ვერ მოესწრო სმარტფონს, უსადენო ინტერნეტსა და სოც. მედია პლატფორმებს, თანამედროვე რუსეთი, კერძოდ კი პუტინის ხელისუფლება თავისუფლების ჩახშობის ახალ ინსტრუმენტში სწრაფად გაიწაფა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 90-იანების რუსეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის მეტად მიმზიდველი იყო. რასაკვირველია, წვეულებამ დიდ ხანს არ გასტანა და პუტინის ხელისუფლების მოსვლის პირველივე წლიდან დაიწყო ამ გარემოს გრადაციული განადგურება. პირველი დარტყმები ტრადიციულმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს;

ინტერნეტი რუსეთში არ იყო რეგულირებული ბევრი წლის განმავლობაში პუტინის მოსვლის შემდეგაც. მდგომარეობა მძიმდებოდა ტელევიზიებში, გაზეთები მაღალი ტირაჟით ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო და ისინი გახდნენ კრემლის პროპაგანდის გამხმოვანებლები, მაგრამ ინტერნეტი დიდ ხანს იყო თავისუფალი სივრცე

2012 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის გამოხატვაზე ტოტალური კონტროლის დამყარებას. რუსეთში ტერმინს “უცხოური აგენტი” გააჩნია ისტორიული კონტექსტი, რომელიც დაკავშირებულია სტალინის სასტიკ რეპრესიებთან. ეს იყო “ხალხის მტრის” ტოლფასი იარლიყი, რომელიც საბჭოთა კავშირში ასოცირდებოდა ციმბირში ცალმხრივ ბილეთთან ან უარესთან და რამაც მკვეთრი, თუმცა, რასაკვირველია, უშედეგო რეაქცია გამოიწვია მაშინდელ რუსულ საზოგადოებაში. ირონიულია, რომ ამ დროს ჯერ არავის წარმოედგინა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ეს კანონი არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მედიასა და ინდივიდებსაც შეეხებოდა.

როდესაც ეს მანქანა იწყებს მუშაობას, მას გაჩერება არ შეუძლია და სჭირდება მეტი და მეტი მსხვერპლი. ამიტომ, როდესაც აგენტებად გამოაცხადეს ყველაზე ცნობილი ორგანიზაციები, მათ უნდა მოეძებნათ მეტი, რადგან არ შეეძლოთ უბრალოდ ეთქვათ, „კარგი, სულ ესაა“. მათ უკვე ჰქონდათ გადაწყვეტილი რომ ყოველგვარი თავისუფლება უნდა ჩაეხშოთ და ხალხი შიშში ჰყოლოდათ. მედიას ეს კანონი 2017 წლიდან შეეხო.

ასეთი “მანქანის” მსხვერპლი საქართველოშიც არაერთი პიროვნება თუ ორგანიზაცია გახდა. ის ფაქტი რომ, 2023 წლის 7 მარტს სწორედ ამ კანონის განხილავდნენ ქართულ პარლამენტში, რამდენადმე ამძიმებს იმ აწყმოს, რომელშიც ვიმყოფებით და აბნელებს იმ მომავლის პერსპექტივას, რომელშიც საქართველო თავისუფალი  და დემოკრატიული სახელმწიფოა.

ჩვენთან ამ ფაქტს უფრო ფართომასშტაბიანი და მძლავრი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ქართული ოცნება “უახლესი ქართული ტრადიციის შესაბამისად, სპეცრაზმის, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით” შეხვდა. ამ გამოხმაურების, აქციებისა და მთავრობის პასუხის შედეგად, 7-8 მარტს დააკავეს 133 ადამიანი. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ეს კანონი ვერ მიიღეს, ქართული მთავრობა სხვადასხვა ფორმით მაინც იყენებს იმ ხელსაწყოებს, რომლებიც ასე მარჯვედ შეიტანა კრემლმა საკუთარ არსენალში.

                                

მოხარშული ბაყაყი

რუსეთში, საბოლოოდ, ამ კანონმა ტრაგიკული და მომენტებში, აბსურდული სახე მიიღო. აგენტის სტატუსის მონიჭება ერთგვარი წითელი მარკერით მონიშვნას ჰგავს და გარკვეულ ვალდებულებებსაც კი გულისხმობს; თქვენს ყველა საჯარო აქტივობას, სოციალურ ქსელში პოსტის დადებაც რომ გინდოდეთ, მოგიწევთ დიდი ასოებით გაუკეთოთ წარწერა, რომ ამას წერს „უცხო ქვეყნის აგენტი“. რაც შენს ყველა სიტყვას და აქტივობას ამ ნიშნით დაღავს. კანონი ვრცელდება ყველა სახის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებზე: “წარმოიდგინეთ, რაღაცას წერთ ტელეგრამში, მშობლების ჩატში, უნდა დააფიქსიროთ და ყველას გააგებინოთ რომ „უცხო ქვეყნის აგენტი’ ხართ.” თითქოს მხოლოდ ამ ფაქტის აბსურდულობა არ კმარა, ამ მარკერით თუ “მოგნიშნეს” აუცილებელია ყველა ტიპის ფინანსური ტრანზაქციის, მათ შორის ტუალეტის ქაღალდის ყიდვის აღრიცხვა, შენახვა და ფინანსურ ანგარიშში შეტანა. ამასთან, არასდროს იცი კიდევ რა განსაცდელს მოგიფიქრებთ ხელისუფლება წითელი მარკერით მონიშნულებს: იქნებ “აგენტების” ბინების კონფისკაცია მოახდინოს? ქვეყნიდან გაგაძევოს ან სულაც პატიმრობა მოგისაჯოს? როდესაც ზურგზე სამიზნე გაქვს, თვითგადარჩენა ყოველდღიური საზრუნავია, ხოლო ყველა შენი ნაბიჯი, პოსტი თუ თუნდაც წარმოთქმული ფრაზა აბსურდული სიზუსტით კონტროლდება, რთულია, თავი ორუელის წარმოდგენილ დისტოპიურ რეალობაში არ წარმოგედგინოს. კიდევ უფრო რთულია პატრიოტული სულისკვეთების შენარჩუნება და ფინანსური, ფიზიკური თუ სოციალური თავგანწირვა რეალობაში, სადაც ბოროტებამ უკვე გაიმარჯვა, საზოგადოება კი ამას ძალიან გვიან მიხვდა.

“ამას აკეთებდნენ ნელა, მაგრამ გრადაციულად, ისე, რომ, ხალხი იმ ზღაპარივით იყო, ბაყაყი რომ მოიხარშა წყალში.. ხომ გახსოვთ, წყალი ნელ-ნელა სასიამოვნოდ თბება და ბაყაყს მოსწონს, მაგრამ წყლის ტემპერატურა იმატებს და შემდეგ უკვე დუღს, ბაყაყი კი იხარშება. სწორედ ეს დაგვემართა ჩვენ; ნაბიჯ-ნაბიჯ უარესდებოდა ყველაფერი, ყოველ წელს რაღაც ცოტათი უფრო უარესი ხდებოდა, ცოტათი უფრო ნაკლები თავისუფლება დარჩა, როცა ეს კანონი პირველად შემოიღეს და მხოლოდ არასამთავრობოებს ეხებოდა, ცოტათი კიდევ უფრო შემცირდა თავისუფლება, როდესაც აგენტების რეგისტრაცია დაიწყო, კიდევ ცოტათი შემცირდა თავისუფლება, როცა უკვე მედიასაც შეეხო და ა.შ.” – ამბობს რუსი მედიაკონსულტანტი ვერონიკა დმიტრიევა

 
საურონის თვალი

2015 წელს, ტვერის რაიონში, ანასტასია ბუბეევას მეუღლეს, 40 წლის ელექტრიკოსს სპეცდანიშნულების რაზმი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების თვალწინ აკავებს. მისი დანაშაული? უკრაინული ნაციონალური ჯგუფების პოსტების გაზიარება, რის გამოც მას 1 წელი მიუსაჯეს. შედგომ, როდესაც გამოძიებამ მიაგნო მის მიერ სოცმედიაში გაზიარებულ მიმს – კბილის პასტის სურათს წარწერით: “Squeeze Russia out of yourself!” და გაზიარებულ სტატიას “ყირიმი უკრაინაა”, “დამნაშავის” განაჩენს 1 წელი დაემატა. ალბათ, იფიქრებთ, რომ ცნობილ ინფლუენსერთან გვაქვს საქმე, თუმცა არა – მამაკაცმა პოსტი გააზიარა თავისი 12(!) მეგობრისთვის, რის გამოც 2 წლით საკანში ამოყო თავი. მხოლოდ 2015 წელს, რუსეთში მსგავსი ბრალდებებით დააკავეს 233 ადამიანი და მას შემდეგ კრემლის შემართება მხოლოდ გაიზარდა.

მოსკოვის “most wanted” სიაში აღმოაჩენთ 20 წლის გოგონას, ოლესია კრივცოვას, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული იყო ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, შედგომ კი უფრო სერიოზულ ბრალდებებში, როგორებიცაა რუსული არმიის დისკრედიტაცია და ტერორიზმის მხარდაჭერა. ახალგაზრდა გოგონა აქტიურად აქვეყნებდა და აზიარებდა რუსეთ-უკრაინის ომის საწინააღმდეგო კონტენტს, რამაც მისი თქმით, ასე “შეაშინა” რუსი სამართალდამცავები.

თუმცა ოლესია და მისი ოჯახი კარგად ხვდებოდა, რომ სასამართლო პროცესი მხოლოდ ფარსი იყო, ხოლო გამამართლებელი განაჩენი შეუძლებელი. სწორედ ამიტომ, შინა პატიმრობაში მყოფმა გოგონამ მოიხსნა სათვალთვალო მოწყობილობა, ჩაალაგა ჩანთა და უტელეფონოდ (რომ ვერ ეპოვათ) გადაკვეთა საზღვარი. ახლა ის ლიტვაში, ვილნიუსში ცხოვრობს და კვლავ აქტიურად ეწევა რუსული არმიისა და რეჟიმის მხილებას, ხოლო მოსკოვში ის დღემდე “most wanted” სიაშია.

როგორი წარმოსადგენია, რომ სოც-მედია პოსტის გამო, შესაძლოა, ციხეში ამოყო თავი? როგორ წარმოსადგენია, რომ შენს ოჯახის წევრებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროთ ზედმეტი მოწონების, არასწორი გაზიარების ან თუნდაც ხისტი სტატუსის გამოქვეყნების გამო? არადა, თუ კარგად დავაკვირდებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, შესაძლოა ეს რეალობა არც ისე შორეული ჩანდეს …

საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, მეგობრებისთვის, გააზიარა პოსტი, სადაც გააკრიტიკა, მათ შორის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია პოლიციის თანამშრომლები, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და დააჯარიმა 2500 ლარით. ხომ არაფერს გახსენებთ? მე 40 წლის რუსი ელექტრიკოსი მომაგონა.

ან თუნდაც ქართველი კურიერის, ირაკლი მილაძის ისტორია, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბერს ჩაწერა ვიდეო, სადაც ავტობუსის ზოლში მოსიარულე მანქანების მიმართ პოლიციის მიერ დაჯარიმების შერჩევითობას გაუსვა ხაზი, შემდეგ სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, თბილისის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. ირაკლის თქმით, ამ ამბიდან ორ დღეში, ჯერ 4-მა უფორმო პოლიციელმა ცემა. შემდეგ პოლიციაში წაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწია ორი დღის გატარება. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააჯარიმა 2000 ლარით. ერთ თვეში კი ამ ჯარიმას მეორე 2000-ლარიანი ჯარიმაც დაემატა, ამჯერად Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.

წყალი ნელ-ნელა დუღდება და ჩვენც სულ უფრო ნაკლებად ვგრძნობთ სითბოს და სულ უფრო ახლოს ვართ “მოხარშვასთან”.

რუსეთში არსებულ რეალობასთან მსგავსება ცალსახაა, რეალობასთან სადაც არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა, გავლენა ან პოპულარობა გაქვს – მთავრობის შერჩევით “მართლმსაჯულებას” არ ჰყავს ფავორიტები. ევგენი როიზმანი ამის ცხადი მაგალითია – ეკატერინბურგის მერი, რომელიც 2022 წლის მაისში დააკავეს 2021 წლის სოც. მედია პოსტის გამო.

ის ერთ-ერთი გვიანი მაგალითია იმ ოპოზიცური ფიგურებისა, რომელთა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოკვეთაც კრემლმა ასე ეფექტიანად მოახერხა. 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთში ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაშიც უდიდესი როლი ითამაშა “აგენტების” შესახებ კანონმა. საბოლოოდ, თითოეული მოქალაქისთვის დადგა რეალობა, რომელშიც მთავრობისგან განსხვავებული აზრის გამოხატვა ისეთივე მიუღებელი და საფრთხის შემცველია როგორც ორუელის დისტოპიაში, ხოლო უფროს ძმას არც ინსტაგრამის პოსტი გამოეპარება, არც ფეისბუქის ლაიქი, არც “ანტისახელმწიფოებრივი” შინაარსის მქონე იმეილი და არც პროფილის ფოტოში მოჭარბებული ყვითელი ფერი.

დიახ, საქართველოშიც, ფეისბუქის სტატუსის გამო, შესაძლოა, გამოკითხვაზე დაგიბარონ, როგორც ეს მოხდა ზუკა ბერძენიშვილის შემთხვევაში, ფეისბუქ პოსტის გამო 2000 ლარით დაგაჯარიმონ, როგორც ეს მოხდა ქეთევან გაბიანის შემთხვევაში, ან სულაც მმართველი პარტიის დეპუტატმა დაგირეკოს და საქმე გაგირჩიოს, რაც პირდაპირი თუ ირიბი, მაგრამ საფრთხის შემცველი მუქარაა – რაც თამარ ღვინიანიძის შემთხვევაში მოხდა.

 

საბოლოოდ, რამდენად სასაცილოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს დღევანდელი საქართველოს შემთხვევები ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მდგომარეობასთან და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ბოროტების სავანესთან მიმართებით, უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლების შეზღუდვა ყოველთვის პატარა ამბებით იწყება და როდესაც ამაზე შესაბამისად არავინ რეაგირებს, მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი ტემპერატურის ზრდა და ბაყაყის მოხარშვის სტადიამდე მიყვანა. ამის შემდეგ ომიც მშვიდობაა, თავისუფლებაც მონობა და უმეცრებაც ძალა.