ჩემი (ჩვენი) აგვისტოს ომი

( სიტყვა)

მახსოვს აგვისტოს ცხელი მშვიდი საღამო. მახსოვს სამარისებური სიჩუმე და სიბნელე. მახსოვს როგორ ვისხედით ეზოში მე, ჩემი დები, დედა, მამა და ერთი-ორი მეზობელი. ვისხედით და ველოდით. რას? კაცმა არ იცის. უბრალოდ ველოდით. მახსოვს, რომ ვიყინებოდით კიდეც ამ ხვატში, სიცივისგან კი არა ზაფრისგან, როცა ვერტმფრენი გადაიფრენდა ხოლმე ჩვენს თავზე. ხო, ვისხედით ასე გაყინულები სიბნელესა და სიჩუმეში. ხმას ვერავინ იღებდა. მარტო ჩვენ კი არა მთელი საქართველო ეგრე იჯდა სიბნელეში და სიჩუმეში. და სადღაც ატოცთან ისმოდა იმათი ტანკების და ქართველების განწირული ხმა.


მაშინ 10 წლის ვიყავი თუ 11-ის, ბორჯომში ვისვენებდით მე, ჩემი დები, დედაჩემი, ბიცოლაჩემი და ჩემი პატარა ბიძაშვილი. არასოდროს დამავიწყდება ბიძაჩემის მესიჯი: „ომი დაიწყო.“ ეს იყო სულ. პირველი დღე. მერე იმ დღესვე საღამოს ისეთი რამ მოხდა, ეგეთი მაშინაც და ახლაც მარტო ფილმებში გექნებათ ნანახი. შავი თოვლი წამოვიდა. გაგეცინებათ, მაგრამ მართლა შავი თოვლი იყო. საშინელება, უბედურება და კატასტროფა. მერე რომ გავიზარდე და წავიკითხე, იმათ თურმე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე გადაწვეს და იმის ფერფლი მოდიოდა. ფერფლი მოდიოდა კი, მარტო პომპეი თუ წარმოიდგენდა ასეთ რამეს, არა?! ჰმ.. არაა, ეს ხდებოდა 2008 წელს საქართველოშიც. მეორე დღეს ბიძაჩემი ჩამოვიდა და თბილისში წამოგვიყვანა. ვინც ნამყოფი ხართ ამ გზაზე, გეცოდინებათ, გორი უნდა გაგვევლო. ხო, ის გორი ცეცხლი რომ ეკიდა ყველაფერს და ყველა მხრიდან რომ ისინი ბომბავდნენ. როგორც კი მოვადექით გორს, დაიწყო მანქანების ულევი კოლონა. სადღაც მიდიოდნენ, მოდიოდნენ თბილისისკენ. ალბათ. ან სად უნდა წახვიდე ომის დროს? მაშინ საცობში რომ ვიდექით, ისე უმწეოდ ვიგრძენი თავი. არამარტო ჩემი თავი, უმწეოდ მომეჩვენა იქ მდგომი ყველა მანქანის მგზავრი. ან რა უნდა ქნა. ფიქრობ, ფიქრობ და ვერ ხვდები, სად უნდა წახვიდე. უკვე გორიდან გამოსვლისას უკან გორაზე დიდი კვამლი შევამჩნიეთ და თვითმფრინავმაც თავზე გადაგვიფრინა.


ჩამოვედით და ისეთი ჩუმი ღამეები არ მახსოვს. ღამე შუქს საერთოდ არ ვანთებდით და ფანჯრებიც სულ ღია გვქონდა, რომ დავებომბეთ, ნამსხვრევები მაინც არ დაგვჭრიდა. დაძაბულობა, დაძაბულობა ყველგან, თითქოს ხეებიც კი დაძაბული იყო, ნიავი არ იძროდა, ფოთოლი არ შრიალებდა. თითქოს დედამიწამ შეისუნთქა ყველაფერი და ელოდება, როდის შეძლებს უკან ამოხეთქოს ისევ ყველაფერი. მესამე დღეს ისევ ბიძაჩემი მოვიდა ჩვენთან მანქანით. აქ რას აკეთებთ თურქეთში მაინც გადავიდეთო. მამაჩემიც ფიქრობდა სოფელში „გახიზვნაზე“.

საინტერესოა, როგორ იქცევიან ადამიანები კრიტიკულ სიტუაციებში. სულ ეცლებათ ხელიდან ის თავიანთი ცხოვრებისეული ძალაუფლება და სიამაყე, „ჩვეულებრივი“ ადამიანები ხდებიან, რომლებიც საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების გადარჩენაზე ფიქრობენ. თუმცა, რა აზრი ჰქონდა ამას ვერ ვხვდებოდი. ვერც ახლა ვხვდები. გაექცე ომს? ცოტა ირონიულია. მაინც ყველგან მოგვწვდებოდა ომი. ეს ხომ მხოლოდ ერთეულების ომი არ იყო, ეს ჩვენი ომი იყო, ყველასი.


მერე მახსოვს უამრავი კადრი და ულევი სისხლი, ტანკები, იარაღი, ჯარისკაცები, ხელმოკვეთილი და დაჭრილი ქალები, გამქრალი და დახოცილი ჯარისკაცები, ბავშვების ხელში აფეთქებული სათამაშოები, შავი, დამწვარი ხეები, ცოცხალი ჯაჭვი, საქართველოს დროშები, გამარჯვება?! არა, ეს არ იყო გამარჯვება, ან ვინმე არის კი ომში ოდესმე გამარჯვებული? უსახლკაროები, გორიდან ჩამოსული ნათესავები, მაკარონის უდიდესი პაკეტები, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პატარა ოთახში ჩამწკრივებით ჩაძინებული ადამიანები. და მერე?!

მერე ისევ სიჩუმე და დავიწყება.


აღარავის ახსოვს ომი, ყველამ დაივიწყა, იმ ადამიანების გარდა ვინც იმათ გაბმულ მავთულხლართებს საკუთარი სახლის ფანჯრიდან უყურებს და ყოველ ღამე იმ იმედით იძინებს, რომ „იქით“ არ მოხვდება, „იმათ მხარეს“. იმათ მხარეს კი თითქმის მეოთხედი საქართველოა. ისიც საქართველოა, ოღონდ ჩვენი არა.

მერე „მე გადმოვცურე ენგური“ და დავინახე როგორია აფხაზეთი. ეკრანის მიღმა, მაგრამ მაინც დავინახე როგორია იმათი საქართველო, რომელიც მანამდე ჩვენი იყო. როგორია ჩვენი სახლები იმათ მხარეს, ჩვენი მიწა, რომელზეც იმათ ენაზე მოლაპარაკე ხალხი არ გვიშვებს. დავინახე ისიც, რომ იმათი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი და სანატრელია. მერე იყო ლაშქრობები ჩვენს მთებში და მუდმივი შიში გზის არევისას იმათ მხარეს არ მოვხდეთ. არადა ვიცით, რომ ჩვენი მთებია, ოღონდ იმათ მხარეს. მაგრამ იქ თუ მოხვდი მერე ვეღარ დაბრუნდები ისევე, როგორც ვერ დაბრუნდა ბევრი.


მერე დავინახე ბევრი ჩემნაირი, რომელსაც არ უნდა, რომ ჩვენს სახლებში ისინი ცხოვრობდნენ, ჩვენი ხალხი სხვაგან ცხოვრობდეს იმათ გამო, რომლებსაც არ უნდათ, იმათი დეპუტატები ჩვენს პარლამენტში თავმჯდომარეების სკამებზე, არ უნდათ ჩვენი ტერიტორიიდან გატაცებული ხალხი, არ უნდათ მოკლული ახალგაზრდები და ყოველ ღამე გადმოწეული მავთულხლართები, არ უნდათ ერთმორწმუნე მატყუარა და მოღალატე მეგობარი. იმიტომ, რომ ეს არ არის იმათი საქართველო, საქართველო ჩვენია.


2008 წლის 7 აგვისტოს დილის 4 საათისთვის მე-19 დივიზიის 693-ე მოტომსროლელთა პოლკმა გადმოკვეთა როკის გვირაბი. ცხინვალის რეგიონში ცეცხლი, არტილერიის გამოყენების ჩათვლით, გაგრძელდა 7 აგვისტოს დილას და შუადღეს. 14:00 საათზე ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტი სოფელ ავნევში მოექცა ძლიერი საარტილერიო დარტყმის ქვეშ, რის შედეგადაც დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. საღამოს საარტილერიო ცეცხლი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რის შედეგადაც ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების უმეტესობა დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა. 7 აგვისტოს 23:35 გაიცა ბრძანება შეჩერებულიყო რუსული კოლონების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე, შეჩერებულიყო ქართული და ოსური სოფლების დაბომბვა სამოქალაქო დანაკარგის მინიმალიზაციით. 7-12 აგვისტოს ომი ქართული ქალაქების, გორისა და ფოთის ბლოკადით დასრულდა, საბოლოოდ კი საფრანგეთის შუამდგომლობით ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად 170 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 1964 დაიჭრა, 9 დაიკარგა, 42 ტყვედ ჩავარდა.


საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დიახაც, რუსეთი ოკუპანტია.

ავტორი

ანიე ვარდა

კომენტარები