გავრილოვის ღამე - ლუკა

( სიტყვა)

გავრილოვის ღამე


პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ცვლილება, მათ შორის პროგრესული და სასარგებლო, არ ღირს არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობად ან მისი რისკის ფასად. ნებისმიერ სიტუციაში, უმაღლესი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.


ახლა გავიხსენოთ “გავრილოვის ღამედ” წოდებული ტრაგიკული 20 ივნისი. რუსეთის დუმის კომუნისტი წევრები, რომლებიც არაფრად აგდებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თბილისში ჩამოვიდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ხელისუფლებამ ისინი ქვეყნის საზღვარზე დაუბრკოლებლად შემოუშვა და უკვე შუადღეს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიხილეთ. საქართველოს პარლამენტში რუსულად წარმართული ასამბლეა და ოკუპანტის მიერ ოკუპირებული თავმჯდომარის სავარძელი აღმოჩნდა ის ზღვარი, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ ხელისუფლებას ვერ აპატია. ნებისმიერისთვის ეს იყო ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი. 


ქართველი საზოგადოების პროტესტმა არ დააყოვნა. წუთებში პარლამენტის შესასვლელსა და სხდომათა დარბაზში სამოქალაქო აქტივისტები გაჩნდნენ. ნათელი იყო, რომ პროტესტი უფრო  გაიზრდებოდა. ასამბლეა შეწყდა, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები სასტუმრო “რედისონში” გააპარეს. მოგვიანებით კი სასტუმროს გამოსასვლელთან იგი “სირცხვილის კორიდორში” მოაქციეს და “მოკითხვები” დააბარეს პუტინთან.


ასე აიძულა საზოგადოებრივმა პროტესტმა ხელისუფლება პარლამენტიდან და შემდეგ სპეციალური რეისით ქვეყნიდან გაეპარებინა კუდამოძუებული რუსი დეპუტატები. ამ რამდენიმე საათში ნათლად დავინახეთ, რომ არის ზღვრები, რომლებსაც არავინ უნდა გადავიდეს და არის საკითხები, რომელებზეც ქართველი საზოგადოება ერთიანია. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი პარლამენტში არ უნდა შემოუშვა, მარტივი ჭეშმარიტებაა ჩვენთვის. 


20 ივნისის მოვლენებზე მსჯელობისას ყველაზე რთული და ამოუხსნელია, თუ ვის რაში დასჭირდა მათი აქ ჩამოყვანა და პარლამენტში დასმა. ამაზე საზოგადოების პასუხის პროგნოზირებას დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება, თუმცა ცხადია, იყო რაღაც მიზანი, რომელიც დღეს ჩვენთვის უცნობია.


ბუნებრივია, ამ უღირსი ფაქტის გამო ვიღაცას პასუხი უნდა ეგო. ასე, რომ გაგრძელდა საზოგადოების პროტესტი პარლამენტის წინ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან 15-20 ათასი ადამინი მივიდა. ხელისუფლება მიხვდა, რომ აქედან მარტივად ვერ “გამოძვრებოდა” და უკვე შუადღეს წამოვიდა განცხადებები, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული პროტოკოლით, გავრილოვი თვითნებურად ავიდა თავმჯდომარის ტრიბუნასთან, სხდომა სხვას უნდა წაეყვანა და ა.შ. თუმცა ცხადი იყო, რომ საჭირო იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცას აეღო ამაზე. 


პროტესტმა ზღვარს მიაღწია, არ დარჩენილა სახლში არავინ, აქციაზე იდგნენ სკოლის მოსწავლეებიც, სტუდენტებიც და პენსიონრებიც. 


ბუნებრივია, აქციაზე იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკოსებიც. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ამ პროტესტის გამჟღერებლები პარლამენტში და ლობირება გაეწიათ მომიტინგეების მოთხოვნებისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ ისურვა ვინმესთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა და დაიწყო საზოგადოებრივი მომიტინგეების დისკრედიტაცია. გამართლებული იყო თუ არა აქციის მონაწილეების პარლამენტში შესვლის სურვილი, დღეს საზოგადოებაში დავის საგანია. ასე, რომ არც არაფერს ვიტყვი ამაზე. 


ხელისუფლებამ მიიღო აქციის დარბევის გადაწყვეტილება. გაუშვეს დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი. ამან მომიტინგეების დიდ ნაწილს უბიძგა, რომ გარიდებოდა აქციას, ნაწილში კი ამ უსამართლობამ აგრესია გააღვიძა. 


“გავრილოვის ღამეს” უკვე მერამდენედ ვიხილეთ გაზის ღრუბლებში გახვეული რუსთაველის მოედანი, მისგან გულწასული ადამიანები, პირბადიანი მომიტინგეები, რომლებიც ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ. დაიწყო რეზინის ტყვიების წვიმა, გამოცხადდა ნადირობა მომიტინგეებზე და არამარტო. სპეცრაზმელები არ ერიდებოდნენ ჟურნალისტებს, ხელებაწეულ მოქალაქეებს. არც მჯდომარე პროტესტმა დაიცვა მომიტინგეები რეზინის ტყვიებისგან. ისროდნენ ახლოდან, თავში დამიზნებით.


რუსთაველის გამზირის ისტორიას კიდევ ერთი სისხლიანი ღამე მიემატა. 


მომიტინგეებზე “ნადირობა” დილამდე გაგრძელდა.


240 დაშავებული, მათ შორის 34 ჟურნალისტი..

305 დაკავებული..

3 დაკარგული თვალი…

2 მომიტინგე კომაში..


საზოგადოებისთვის ეს იყო შოკი. ნათელი იყო, რომ პროტესტი გაგრძელდებოდა, იქნებოდა ახალი მოთხოვნები. ნათელი იყო, რომ ხალხი გაბრაზდა…


საზოგადიოების ერთსულოვნებამ, პერმანენტულმა აქციებმა, შიმშილობამ, საერთაშორისო მხარდაჭერამ და სხვა ფაქტორებმა აიძულა ხელისუფლება პოლიტიკური ფასი გადაეხადა. 


დღეს პროტესტის მე-7 დღეა და რამდენიმე ფაქტი ნათელია:


საზოგადოების ერთიანობამ და საქვეყნო პროტესტმა ხელისუფლება იძულებული გახადა გადაეყენებინა პარლამენტის თავმჯდომარე. 


დაეკმაყოფილებინათ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო სრულად პროპორციული წესით. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად იყოს ასახული პარლამენტში და ქვეყანას არ მართავდეს ერთი პარტია. უბარიერო სისტემა ახალისებს პატარა პარტიებს და აძლევს შანსს, რომ მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში. წლებია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ ოპოზიციური პარტიები, თუმცა ამ მასშტაბის საზოგადოებრივი პროტესტი გახდა ზღვარი, რომელმაც დაათმობინა ხელისუფლებას თავისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო ინსტრუმენტი - მაჟორიტარული სისტემა. 


რა გვასწავლა “გავრილოვის ღამემ” ?

ოკუპაცია არის საკითხი, რომელშიც საზოგადოება არის ერთიანი;

რამდენად შედეგიანია მშვიდობიანი პროტესტის ფორმა; 

რაზეა ხელისუფლება წამსვლელი;

როგორ შეიძლება ხელისუფლება ვაიძულოთ დათმობაზე წავიდეს; 

როგორ მუშაობს სამთავრობო და ოპოზიციური პიარის მანქანები;

ვინ ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ვინ არა; 

რა ხერხებით ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო მუხტი ჩაახშოს ან სხვა მხარეს მიმართოს;


რუსეთისა და გავრილოვისთვის, სამწუხაროდ, ჩვენ 2020 წელს მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და მთავრობას. ეს იმაზე მეტად გვაახლოებს დასავლეთთან და დემოკრატიასთან, როგორც არასდროს. სავარაუდოდ, ამ პროვოკაციის მიზანი რუსეთის რაღაც ინტერესი იყო, თუმცა, რაც არუნდა ყოფილიყო, მათ მიიღეს: ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება; საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოზე; დათმობაზე წასული ხელისუფლება; “გავრილოვის ღამემდე” საქართველოზე უფრო ერთიანი და დემოკრატიული საქართველო. 


ამ ყველაფერზე მახსენდება ბანერი აქციიდან :”მგონი გაიჩალიჩეთ”.


დასაფასებელია ქართველი საზოგადოების მონდომება და თავგანწირვა ამ დღეების განმავლობაში. ის ენთუზიზმი, რომელიც მათ უკვე მე-7 დღეა რუსთაველის გამზირისკენ ექაჩება. 


სამწუხარო კი ის არის, რომ ამ მასშტაბის პროტესტი და ტრაგედია სჭირდება ხელისუფლებას, რომ რაიმე დათმოს და შეცვალოს. არც ერთი მომიტინგის სისხლისა და ცრემლის ფასად არ ღირს ეს ცვლილებები, თუმცა, რადგან ეს უკვე მოხდა, ჩვენი ვალდებულებაა მათი სახელით დავიცვათ იგი.

კომენტარები