გავრილოვის ღამე - ნიკუშა

( სიტყვა)

  20 ივნისი ზაფხულის ერთი უბრალო, ცხელი დღე უნდა ყოფილიყო, თუმცა სანამ ამ დღის ამბებს მოვყვებოდე, წინა საუკუნეში უნდა გადავინაცვლო.

  საქართველოს ისტორიაში სისხლიანი ასოებით ჩაწერილი 1989 წლის 9 აპრილი, ყველა ქართველისთვის არის როგორც უდიდესი ტკივილი, ისე უდიდესი სიამაყე, რადგან შეუძლებელია გახსოვდეს, შესწრებოდი ან კადრები გენახა ამ დღისა და ტანში ჟრუანტელს არ დაეარა, შეუძლებელია არ გვეამაყა იმ ადამიანებით, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ მოსალოდნელი საფრთე, თუმცა მზად იყვნენ საკუთარი სამშობლო სიცოცხლის ფასად გამოეგლიჯათ ოკუპანტის კლანეჭებიდან. იმ დღეს ბევრი ახალგაზრდა დაგვიობლეს, მრავალი მშობელი დაგვიტოვეს უშვილოდ, მრავალი მოქალაქე დღემდე ებრძვის ამ დღით მიყენებულ ზიანს, თუმცა ჰქონდა თუ არა ამ ბრძოლას აზრი, ეს არასდროს არავის უკითხავს, რადგან იმ დღეს ჩვენმა გმირებმა „ერთმორწმუნეებისგან“ დაგვიხსნეს.

  20 ივნისს კი გავიღვიძე და დავინახე რომ ერთმორწმუნეობის სამიტთან დაკავშირებით 9 არილის მემორიალთან არსებულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავჯდომარის სკამზე იჯდა იმ ქვეყნის პარლამენტის, იმ იდეოლოგიის მომხრე პარტიის ლიდერი (სერგეი გავრილოვი), რომლისგან თავის დასახსნელადაც შეიღება წითლად ოთხმოცდაცხრაში რუსთაველის გამზირი, ხოლო ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ამ მარაზმის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი.

  ამ კადრის ნახვის შემდეგ უნივერსიტეტში ქართული საკონსტიტუციო სამართლის ლექციაზე წავედი (რომლის აზრს დიდად ვეღარ ვხედავდი) და მოუთმენლად ველოდი საპროტესტო აქციის დაანონსებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ამბავი მარტივად არ ჩაივლიდა. 2 საათის შემდეგ კი აქციის ანონსი ვნახე. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემნაირი აზრის მქონე ხალხი არსებობდა, თუმცა უბედური იმით, რაც ქვეყანაში ხდებოდა.

  საბედნიეროდ, არამხოლოდ უბრალო მოქალაქეებში, პარლამენტშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტს არ შეეგუვნენ და სერგეი გავრილოვით წარმოდგენილი ოკუპანტი პარლამენტის შენობიდან გააგდეს, სხდომა ჩაიშალა, ჩვენს ერთმორწმუნე მეგობარს კი პროტესტანტთა მეოხებით ბაბუის საფლავის მონახულება არ დასცალდა.

 რაღა თქმა უნდა, მისი წასვლა საკმარისი არავისთვის არ იყო... ოფიციალურად აქცია 19:00-ზე დაანონსდა, თუმცა სახლში ვერ გავჩერდი და ნახევარი საათით ადრე მივედი. ხალხი საკმაოდ იყო და რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ჩვენი მშობლების თაობა, მოხუცები. გრძელთმიანი ბიჭები, თავგადაპარსული გოგოები, ფერად და მუქ ფერებში გამოწყობილი ადამიანები, საყურებიით შემკული თუ ტრადიციული „ნანეტით“ დამშვენებული მამაკაცები, ყველანაირი გარეგნობის მქონე ადამიანს ნახავდით, თუმცა ემოცია ერთი იყო - იმედგაცრუება. იმედგაცრუება, რადგან ამდენი ბრძოლის, ამხელა მსხვერპლისა და ტანჯვის შემდეგ, რუსს პარლამენტში აღარავინ ელოდა. სხვა დროს ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები გვერდიგვერდ იდგნენ და ეს მათ დისკომფორტს არ უქმნიდა, რადგან ახლა სულ ერთი იყო ყველაფერი გარდა ქვეყნისა. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა, დაგვენახებინა როგორც ჩვენი ხალხისა და ხელისუფლებისთვის, ისე მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რომ არ ვეგუებოდით განკაცებულ რუსეთს პარლამენტში გავრილოვის სახით და ამის გამო ვითხოვდით პასუხისგებას კონკრეტული პირის მხრიდან, რომელიც რეალურად საჭადრაკო დაფის ერთ-ერთ პაიკს წარმოადგენდა.

   დრო გადიოდა, პასუხი კი არ ჩანდა. ის სახეები, რომლებიც აქამდე იმედგაცრუებას გამოხატავდნენ იცვლებოდა და ეს ცვლილებები კარგს არაფერს მოასწავებდა. 8 ათასამდე ადამიანი ვიდექით და ვუხმობდით მთავრობას, სხვადასხვა ადამიანის მიერ გამოთქმული ერთიანი აზრით ვითხოვდით პასუხებს ჩვენს კითხვებზე, თუმცა პასუხები არ ჩანდა და ყოველი გასული წამის შემდეგ ხალხში ”ტემპერატურა“ იწევდა, იწევდა იმიტომ, რომ ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავუძლოთ გაჭირვებას, თუმცა ვერასდროს ვიტანთ ღირსების შელახვას. ტემპერატურა იწევდა იმიტომ, რომ ვერ ვითმენდით შეურაცხყოფას, სულში ჩაფურთხებას და თამამ თითის ქნევას. ყველა იმედგაცრუებული სახის დაძაბულ ნაკვთებში გარდაქმნა მიდიოდა  და სიტუაცია მხოლოდდამხოლოდ ნაპერწკალს ელოდა.

  ყველასთვის მოულოდნელად პარლამენტის შესასვლელთან კვამლი ავარდა და ხალხი გამოეცალა. ეს პირველი ნაბიჯი იყო. ცრემლსადენი გაზით ჩვენი დაშლა სცადეს. წამიერმა გაოცებამ გადაირბინა ყველა შეკრებილის სახეზე და ხალხმა პარლამენტში შესვლის მცდელობა დაიწყო. ვხედავდი სპეცრაზმელებს, რომლებსაც არ უნდოდათ ეს ხალხი შეეკავებინათ, რადგან ისინიც ისევე იყვნენ შეურაცხყოფილნი, როგორც ჩვენ. ვხედავდი ხალხს, რომელთა მაკონტროლებელი ემოცია ბრაზი იყო. მთელი მონდომებით ცდილობდნენ იმის გაკეთებას, რაც მათთვისვე წარმოუდგენელი იყო. სპეცრაზმელებს ართმევდნენ ეკიპირებას, რომელიც შემდგომ ისევ მათივე თანამშრომლებთან მიჰქონდათ, ეს ყველაფერი აშკარა გამოხატულება იყო უკიდურესი მდგომარეობისა, რადგან ხალხმა უბრალოდ აღარ იცოდა რა შეიძლებოდა ღირსების აღსადგენად გაეკეთებინა.

   გასროლის ხმამ უკვე დამარწმუნა იმაში, რაც აქციაზე მისვლისას წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაიშალა ჰაერში, თუმცა ამჯერადაც წარუმატებლად, ხალხი გაჩერებას არ აპირებდა, ამის შემდეგ კი აირი პირდაპირ ეპიცენტრში მოხვდა. ერთი წამით მაღლა ავიხედე და დავინახე ადამიანი, რომელიც ასტრონომიული სიმშვიდითა და ნეტარებით ტენიდა გაზის სასროლად განკუთვნილ იარაღს. ხოლო შემდეგ დავინახე როგორ განიცდიდა ორგაზმს მისი გასროლისას. ამ დროს კი გვესროდა ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაცვას ვცდილობდით. ადამიანებს, რომლებმაც ვერ ავიტანეთ პარლამენტის თავჯდომარედ ქვეყანა, რომელმაც წაგვართვა ტერიტორიების მეხუთედი, ხოლო მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე წაგვართვა უამრავი ქართველი, ზედ დაყოლებული ნამდვილი ქართული მენტალობითა და პრინციპით. ჩვენ კი დაგვიტოვა ის, რაც ხალხს მათ ერში ეზიზღებოდა. თუმცა მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მონატრებულ საქმეს ასრულებდა და ჩვენ მისთვის კომპიუტერულ თამაშში მორბენალი ზომბები ვიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, ის მარტო არ იყო.

  გასროლას თავიდან არ შევუშინდით, ვცადეთ ადგილზე დავრჩენილიყავით, თუმცა რაოდენობა დიდი იყო, ხოლო ინტოქსიკაცია მაღალი. გაქცევა მოგვიწია, თუმცა გაზი თვალებს გვიწვავდა და გზას კარგად ვერ ვხედავდით, ხოლო სირბილისას ჩასუნთქულ ჰაერს მხუთავი აირი მოყვებოდა და მთელ სხეულს გვიწვავდა. მოგვიწია პანიკაში ჩავარდნილი მეგობარი პარლამენტის შენობის უკანა მხარეს მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანამდე ხელით მიგვეყვანა. სანამ ექიმებთან დატოვებულ მეგობარს ველოდებოდი, ტელეფონზე ზარი გაისმა, რომელიც შემდეგი 10 წუთი აღარ გაჩერებულა. მირეკავდნენ მეგობრები, ნათესავები და მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, ყველა წამოსვლას მთხოვდა, თუმცა ჩემი აზრი მათსას არ ემთხვეოდა. შემდეგ მამამ დამირეკა, რომელიც მეუბნებოდა, რომ მანქანით მომაკითხავდა, კვლავ წინააღმდეგი ვიყავი. ბოლოს კი ტელეფონში დედის ტირილი და აკანკალებული ხმა გავიგონე: „წამოდი, თორემ მოვკვდები“.  ვერ შევძლებდი, რომ დედა ამ მდგომარეობისთვის გამემეტებინა... არც ჩემი მეგობრის დაბრუნება შეიძლებოდა ეპიცენტრში, რადგან თვალები ექიმთა დახმარებით ძლივს გაახილა. წამოსვლა მომიწია... ფიზიკურად მოვდიოდი, მაგრამ გონებით პარლამენტთან ვრჩებოდი, საშინლად მრცხვენოდა იმ ადამიანების, რომლებიც თითქოს ბრძოლის ველზე მივატოვე, მე კი უკან ვიხევდი. სახლში მოვედი და გაფითრებულ დედას ჩავეხუტე, ერთადერთი რისი თქმაც მოვახერხე ეს იყო - „დამშვიდდი“. ტელევიზორთან დავჯექი და ვუყურებდი, როგორ მისდევდნენ ჩემს თანამოქალაქეებსა და თანამოაზრეებს, რომლებიც ეს-ესაა ჩემს გვერდით იდგნენ. დავინახე როგორ ესროდნენ რეზინის ტყვიებს, როგორ ახრჩობდნენ გაზით გაუჩერებლად, როგორ უვლიდნენ თავზე, როგორ ურტყავდნენ ხელკტებს, როგორ უსაფრდებოდნენ სკვერებში და როგორ არ აძლევდნენ გაქცევის საშუალებას. გული მეგლიჯებოდა, ვერ ვისვენებდი მაგრამ სახლიდან ვერ გავდიოდი, მრცხვენოდა საკუთარი თავისა და საკუთარი ქვეყნის, მრცხვენოდა იმ დაღუპულების, რომლებიც 2008 წელს, 1990 წელსა და 1989 წელს იმ ნაციასა და იმ პოლიტიკას შეეწირნენ, რომლის დასაცავადაც ახლა ჩვენ გვესროდნენ.

  გათენებამდე ტელევიზორს არ მოვშორებივარ, გამთენიისას კი ენერგია გამოცლილს ჩამეძინა, გამეღვიძა თუ არა, კვლავ ტელევიზორს მივუჯექი... ის, რაც ჩვენთვის საკმარისი იქნებოდა 20 ივნისს, სამწუხაროდ, 21-ში მოხდა. პარლამენტის თავჯდომარემ პასუხისმგებლობა აიღო და პოსტი დატოვა, თუმცა ახლა ეს ალბათ უკანასკნელი იქნებოდა, რაც აქციის მონაწილეებს გვადარდებდა. მისი გადადგომის შესახებ განცხადებას მოჰყვა სიტყვები „პოლიციამ გამოიჩინა თმენის ვალდებულება“ და ამ მომენტში მივხვდი, რომ ჩვენ ყველას ძალიან დაგვაგვიანდა. დაგვაგვიანდა მაშინ, როდესაც რუსული იანდექს ტაქსი გაპოპულარულდა და პროტესტის მაგივრად მისი გამოყენება დავიწყეთ. დაგვაგვიანდა მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქე შსს-სა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნეს, დაგვაგვიანდა მაშინ, როდესაც ხორავას ქუჩის სასამართლო განხილვა ვიხილეთ. დაგვავაგვიანდა მაშინ, როდესაც უშვილოდ დარჩენილი მაჩალიკაშვილის საქმე ჩავყლაპეთ. ქართველმა ხალხმა მართლაც გამოიჩინა თმენის ვალდებულება და ძალაინ დიდი ხანი ითმინა უნიათობა, თუმცა საბოლოოდ ბრალი ჩვენ დაგვდეს და ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა მოგვიჭრეს, უკვე ვეღარაფერი გაგვაჩერებდა.

ავტორი

იმიტომ

გავრილოვის ღამე - ლუკა

გავრილოვის ღამე - ლექსო

კომენტარები