გავრილოვის ღამე - აქ და ამჟამად

( სიტყვა)

ბავშვობაში "მე საქართველოსთვინა აი ქვას შევჭამ" ტიპი ვიყავი. თოვლის პაპასაც კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვთხოვდი. ამით არ ვტრაბახობ, ცხადია, ჩემი აზრები სოციალიზაციის შედეგი იყო და არა ჩემი თანდაყოლილი პატრიოტიზმის.

 

მერე, გაგიკვირდებათ და გავიზარდე. "გავცივდი" ... ვისწავლე სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კულტურები...  ჩემი პატარა პათეტიზმები სამშობლოზე  ჩემში ჩავახშე და ვცდილობდი ინდივიდუალისტურად და ცივი გონებით მეცხოვრა. დავცინოდი "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ" და "ქართული ღმერთების ენაა" ადამიანებს და თავს ვუმეორებდი, რომ ყველა დედამიწელები ვართ, ქვეყნებს შორის საზღვრები პირობითია და ერთი პატარა ომიც რომ მომხდარიყო ჩემს დაბადებამდე შესაძლოა ეს პოსტი კეიტოს, კაწუშას ან ქეითს დაეწერა.

 

თუმცა ეს არ მომხდარა და გამარჯობა, მე ქეთო ვარ და იმის გამო რომ ქვეყნის მმართველები მხოლოდ მასშტაბებით აზროვნებენ და ცალკეული ადამიანების პირადი ისტორიები არ ადარდებთ, თერთმეტი წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს , ყოველღამე ვტიროდი მამაჩემზე, რომელიც ტყვედ ჰყავდათ ცხინვალში, გუშინ კი ჩემი მეგობრები დააბრმავეს....

 

და მე გავედი.... გავედი და ბრბოსთან ერთად ვყვიროდი და ვტიროდი საქართველოს... ჩემს საქართველოს. ჩემს ნაცემ და დაჭერილ  მეგობრებს, მამაჩემს , რომელიც 2008 წელს ცხინვალში ტყვედ ყოფნის დროს  ქართველ მკვდრებს მარხავდა და საფლავებს ნიშნავდა, ჩემს დევნილ კლასელ მიშოს, რომელიც გაკვეთილებზე ჩუმჩუმად ტიროდა ხოლმე, გორში, ჩემი სახლის ტყვიისგან დახვრეტილ კედლებს, ჩემი აფხაზი მეგობრის გალში დაბრუნების ოცნებას ვტიროდი, იმ პოლიციელებს ვტიროდი ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსულ ბავშვებს  ტყვიები რომ ესროლეს...

 

უსუსურობისგან და დაუცველობისგან ვტიროდი, რადგან შეიძლებოდა გუშინ მე დავებრმავებინე ჩემს სახელმწიფოს. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთთან არსებული ლოიალური პოლიტიკა გავაპროტესტე. რუსეთთან, რომელიც საუკუნეებია ჩვენი მტერია ცხადად თუ ლატენტურად, საუკუნეებია ტერიტორიებს გვართმევს, ჩვენს საქმეებში ერევა და მისთვის ღირსეული პასუხების გაცემის მაგივრად თავს ვუხრით - კიდევ რამეს ხომ არ ინებებთო.

 

მართლა არ ვიცი რა უფრო უარესია, გავრილოვის პარლამენტში შემოშვება თუ ახალგაზრდებზე ფიზიკური ძალადობა. ის ვიცი რომ ორივე მონებმა გააკეთეს - რუსების მონებმა.


ამ სამ დღეში ჩემში ისევ პატრიოტმა ბავშვმა გაიღვიძა. მართალია რაც კარგები ვართ ქართველები არ ვართ და არც  ღმერთები ლაპარაკობენ ქართულად, მაგრამ არავის აქვს უფლება თავისუფლება წაგვართვას და სახლებიდან გამოგვყაროს. ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ყველა დედამიწელები ვართ, საზღვრებიც და სამშობლოც პირობითია, მაგრამ რადგან აქ დავიბადე ჩემი საქართველო ჩემი ბავშვობაა, დედაჩემია, ჩემი მეგობრებია, ჩემი შეყვარებულიაჩემი ეზოა... და ასე ყველას ჩვენჩვენი სამშობლოები გვაქვს.. და არავის უნდა მივცეთ უფლება ერთი მოგონება მაინც დაგვიმახინჯოს რომელიც მასთან გვაკავშირებს. ერთმანეთს პატარა საქართველოები უნდა გადავურჩინოთ..

 

მხოლოდ  ერთად დგომით მოვიგებთ ომს. თავისუფლება ძვირი ყოფილა, თუმცა ბრძოლას  ყოველთვის აქვს აზრი..

 

ალბათ ისევ პათეტიკური ვარ, მაგრამ ამ ორი დღის შემდეგ შეუძლებელია ემოციების რაციონალურად შენიღბვა.

 

#putinkhuilo

ავტორი

ქეთო ლაზარაშვილი

კომენტარები