გავრილოვის ღამე- კოღიტო

( სიტყვა)

ორშაბათს საწოლიდან რომ ავდექი, ზუსტად ათი ნაბიჯი გადავდგი და ჩავიკეცე. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ფონზე მესამე დღეს ძვლივს-ძვლივობით მოვახერხე ფეხზე წამოდგომა და ექიმთან წასვლა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რომელი ამბავი იყო უფრო თავზარდამცემი - ის, რომ ხერხემალზე დიდი პრობლემა მაქვს თუ ის, რომ აგვისტოს ომიდან მხოლოდ და მხოლოდ 11 წლის შემდეგ რუსი დეპუტატი პარლამენტში დავისვით. არ ვიცი რატომ მიკვირს იქ, სადაც ადა მარშანიები და ემზარ კვიციანები სხედან რამე ასეთი, მაგრამ მაინც გამიკვირდა და გავბრაზდი.

გავბრაზდი იმაზე, რომ პარლამენტში ის ადამიანი გვიზის, ვისი თანამემამულეებიც ყოველდღე გვიწევენ საზღვარს.

გავბრაზდი იმაზე, რომ მთელმა მთავრობამ ერთმანეთს გადახედა და ვერავინ მიხვდა, ვისი ბრალი იყო.

გავბრაზდი იმაზე, რომ ეგონათ რომ დავიჯერებდით, რომ არავინ არაფერი იცოდა.

გავბრაზდი იმაზე, რომ რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ ჩაივლიდა.

იმაზეც გავბრაზდი, რომ ურა-პატრიოტები, იმის ნაცვლად რომ საკუთარ პარლამენტში მოპარპაშე რუსი გაეპროტესტებინათ, ლგბტ ადამიანებს დასდევდნენ.

გავბრაზდი საკუთარ თავზეც, რადგან ყველაზე ცუდ დროს გადაწყვიტა ცუდად გამხდარიყო და საწოლს მიჯაჭვოდა. 8საათიდან ჩემი ფეისბუქის თაიმლაინი რუსთაველის გამზირს დაემსგავსა. ვკითხულობდი სტატუსებს, ვუყურებდი ლაივებს და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, იყო კრიტიკა. ვხედავდი, როგორ იდგნენ ჩემი მეგობრები იქ, ვხედავდი რის ფასად უჯდებოდათ ეს ყველაფერი, ამ დროს კი ვიღაც ლამარა დეიდა იმაზე ფიქრობდა, რომ თუ ახლა რუსებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდებოდა, ქობულეთის სეზონი ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა.

,,სიმშვიდე იყო ძაან, ისეთი სიმშვიდე რომ როცა ისროლეს, ნინოს ეგონა ფოიერვერკები გაუშვეს, რამდენიმე წამში მივხვდით რაც ხდებოდა" - მომწერა გუშინ ღამით ჩემმა მეგობარმა და მეც ავტირდი, ოღონდ გაზი აქ არაფერ შუაში იყო.

ავტირდი იმიტომ, რომ სახელმწიფომ გაგვიმეტა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს დარბევა და წესით, ახლა ხალხისგან არაფრის იმედი უნდა ჰქონდეთ. იმედია, ხვდებიან, რომ თვალის ჩაპაჭუნება უკვე გაცვეთილი ფანდია და ბოდიშზეც აღარ წამოვეგებით.

გუშინ ვერ დავიძინე.

სულ იმ გოგოზე მეფიქრებოდა, საერთოდ რომ არ აპირებდა იქ დგომას. პოლიტიკურ პოზიციებზე კი არა, ინდივიდებზე მეფიქრებოდა. წარმოიდგინეთ, ერთხელაც ქუჩაში გადიხართ და სახლში ცალი თვალით ბრუნდებით. სახელმწიფო კი გეუბნება, რომ ეს სწორედ ასე უნდა ყოფილიყო.

დღეს საწოლიდან რომ ავდექი და ხერხემლის დასაფიქსირებელი ქამარი გავიკეთე, მივხვდი რომ მხოლოდ ერთადერთ ადგილას უნდა ვყოფილიყავი და მტკიცე ნაბიჯებით გავეშურე. არ ვიცი რა უნდა მექნა რამე რომ მომხდარიყო, ყველა ჩემმა მეგობარმა მითხრა, წესიერად ვერ დადიხარ, რამე რომ მოხდეს, რას იზამო, მაგრამ მაინც წავედი. და ის, რაც ვნახე ღირდა წამოდგომად - ერთი იდეით მოტივირებული უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც აპროტესტებდნენ მხოლოდ ერთს - რუსეთს. ვიდექი და ვფიქრობდი, რომ არასდროს მომბეზრდება ,,ჯოს" ძახილი და ჰიმნის სიმღერა, რომ რამდენჯერაც პუტინ ხუილოს იტყვიან, სწორედ იმდენჯერ დავუკრავ ტაშს, რომ შემიძლია ვიდგე, ძალიან მტკიოდეს ყველაფერი, მაგრამ ისიც ვიცოდე, რომ ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნისთვის ხდება. რომ დადგება დღე, როცა შვილიშვილები მომისხდებიან და მე მოვუყვები, როგორ იდგნენ საქართველოს გულანთებული შვილები და როგორ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის!

 

 

პ.ს. ქალბატონო დეიდებო, მოგიტყანთ ჩორნი ბუმერზე აცეკვებული ბუნგალოები.

ავტორი

კოღიტო

კომენტარები