გავრილოვის ღამე - ლექსო

( სიტყვა)

„ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?“

„ვეფხისტყაოსნის“ დაწერიდან 9 საუკუნე გავიდა, თუმცა ქართველები ისევ იმ „პასპორტის“ ძებნაში ვართ, მსოფლიოს რომ ვეტყვით, ესაა ჩვენი წასულიც, აწმყოც და მომავალის ბილეთიც დამოუკიდებელ და თავისუფალ ხალხშიო.

„ძველებთან“ სატრაბახოც გვაქვს, ჩვენც დავფრინავთ „36 მანეთად“, თუმცა იმ განსხვავებით,რომ მოსკოვებისა და ხარკოვების გარდა, იტალიასა და გერმანიაში მივდივართ, თან არც ქართული ბანბანერკა არ მიგვაქვს და არც ცუდი ლუდით ვართ გაჭყეპილები. პირიქით, სასწავლებლად, საკუთარი და ქვეყნის განვითარებისთვის მივფრინავთ დედა ქუთაისიდან შორეული ევროპისაკენ - თან რომ ახლოა,მაგრამ მაინც ძალიან შორს.

რამდენი ქვეყანას ვტოვებ, ყოველთვის თან მაქვს საქართველოსა და ევროკავშირის დროშიანი ალტერები და მავთულხართიანი საპასპორტე.                                                                      ყველას ვეუბნებით, - აგერ,ძმაო,ჩემი ქვეყბის 20% ოკუპირებულიაო ,მაგრამ მიუხედავად საბჭოთა კავშირში ტყვეობისა და თანამედროვე რუსული ჩექმისა, მაინც სუვერენული ქვეყანა ვართ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხალხითთქო.

ერთმა ჩემმა ჩეხმა მეგობარმა, სიგარეტის მოწევისას ზოგადსაკაცობრიო თემებზე რომ ვლაპარაკობდით, თქვენი პირველი ნაბიჯი კონსტიტუცია იყოო, ყველაფერს ველოდი ჩვენი კონსტიტუციის სხენების გარდა, ვიდექი და ვუსმენდი. - დახვეწილი, თანამედროვე, ბევრ ახლანდელ კონსიტუციაზე პროგრესული და საზოგადოებას მორგებულიო. წარმოდგენა არ მქონდა,რა იცოდა იმ დროინდელ ხალხზე,მაგრამ ისე ტკბილად მომხვდა გულზე,რომ ხელი არ შევუშალე,ის კი აგრძელებდა, რუსეთისთვის ფურცლის ნაგლეჯი, თქვენთვის კი პირველი კლასის მატარებლის ბილეთი ევროპული ქვეყნების რელსებზეო. სამ დღეში საჩქაროდ  შედგენილი სახელმწიფოს უმთავრესი დოკუმენტი, თბილისის გარშემო ბობოქარი ომის თანხლებით ცხვირწინ ავაფარეთ მსოფლიოს და ვანახეთ,რომ ერიც ვართ, ტერიტორიაც გვაქვს, ნებაც და როგორც შემდეგ სუფრაზე ბიძიები გვკითხავნდნენ, პასპორტიც ადგილზეა.

მატეუშთან საუბრის შემდეგ, თბილისისასკენ ფრენისას ჩავფიქრდი. „წითლების“ დროსაც, ნახევარი საუკუნის წინ, როდესაც „მავანნი ამა ქვეყნისა“  საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფსევდო-კონსიტუციას ცვლიდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროტესტის ახალი ტალღა წამოვიდა. ვერ ავიტანეთ ქართული ენის სახელმწიფო ენად გაუქმების ინიციატივა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა,იყო მიტინგი, თავისუფალი და ეროვნული აზრი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამოვიღეთ ხმა, არ შეგვეშინდა და მათაც უკან დაიხიეს. არავინ იცის, ჩვენი შეეშინდათ, კეთილი ნება გამოხატეს და დაგვითმეს თუ რა, თუმცა შედეგი ერთი იყო , ქართველმა უარაღო, შიშველხელება ახალგაზრდობამ თავისი გაიტანა და ქართული ენა,მართალია რუსულთან ერთად,თუმცა მაინც სახელმწიფო ენად დარჩა.

მას შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ დრო დადგა, დეინერისის დრაკონივით გარს ცეცხლში ბუგავდა იმ დროის ვესტეროსსა და კართს , მოსკოვის ლოკომოტივსა და მოსკოვის დინამოს.

 ბურთს ისე ლამაზად აგორავებდნენ, ჰომეროსსაც კი შეშურდებოდა „ილიადაში“ აღსაწერად, ხოლო დამარცხებული მოწინააღმდეგეები ნისლიან ალბიონზე ისეთ დღეში ვარდებოდნენ, შექსპირის ყველაზე დრამატული სონატა მიმიქარავს შესადარებლად. ვიწრო წრეში „დინამოს“ ყველა საქართველოს ნაკრებს ეძახდა, ყველა ქართველი იქ იყო, ყველა ერთი იდეით, რომ დაკარგული თავისუფლება მოედანზე გვეპოვნა და 90 წუთით რეალობას მოვმწყდარიყავით.  ყოველი გამარჯვება ეროვნულ ნაპერწკალს აღვიძებდა და ბედნიერი იყო ერი თვითმყოფადობით, გამარჯვებით, საკუთარის და არა „ამხანაგობის“ წარმატებით. თუმცა, საუბედუროდ უცხოური გაზეთები მაინც რუსებად გვთვლიდნენ :

  • საიდან ხარ?
  • საბჭოთა კავშირი
  • ჰოდა, რუსი ხარ !
  • იდი.....

ასეთი იყო ჩვენი პასუხი, არავის აინტერესებდა საქართველო და ჩვენი ქვეცნობიერი სურვილი დამოუკიდებლობისა, თუმცა ჩვენ ხომ მაინც ვიკლავდით ჟინს და „დინამო“ მაყურებელს ვეღარ იტევდა.  წარსულის ნაგავსაყრელზე გადასაშვებ დროში თბილისის დინამო იყო ვან გოგიც, და ვინჩიც, ბოტიჩელიც,შექსპირიც.

მას შემდეგაც გავიდა დიდი დრო და ჩვენც „პასპორტად“  წარსულს ვიშველიებთ, ზეზვასა და მზიადან მოყოლებული, ღვინისა და თაფლის სამშობლოდ ქცეულმა ქვეყანამ ახლახანს, ფრანკფურტის ფესტივალზე ვთქვით, „ვეფხისტყაოსანია“ ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიცო. ომიც ბევრი გვქონია, გაჭირვებაც, მეგობარსაც გულიანად ვეხმარებით და მტერსაც საკადრის პასუხს ვცემთო. რომ დავუფიქრდეთ, ქვეყანაში არც ენა გვაერთიანებს, არც პოლიტიკა, არც რელიგია, არც სპორტი, არც ხელოვნება , თუმცა ერთად-ერთი,რაც ყველა ქართველის სისხლშია, შოთას შექმნილი „ქართველიაო“. გაჭირვებისას, ყველაზე რთულ დროს რომ წამოდგება და იმდენს იზავს,კუდით ქვას ასროლინებს ყველას, მაგრამ სანამ სასიკვდილოდ არ დაიჭრება,მანამდე ვერ მოეგება გონსო.                                                                                                                                                                  

ტყუილად კი არ მოხდა თავისუფლებისთვის ომი 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე,ტყუილად კი არ იბრძოლეს 78 წელს ქართული ენის გადარჩენისათვის, ტყუილად კი არ გამოაცხადეს 21 წლის კონსტიტუცია სახალხოდ, ტყუილად კი არ იბრძოდა ახალგაზრდობა რუსული ჩექმის პარლამენტისგან გამოსადევნად.

კი, ამ დღესაც, 20 ივნისსაც ჩავწერთ ჩვენი ისტორიის ოქროს ასოებით, რადგან ახალგაზრდობამ გამოთქვა პროტესტი, მშვიდობიანი და თან აქტიური რუსეთის წინააღმდეგ.

სწორედ ესაა შოთა, მარადიული ბრძოლა, იმედი და სიყვარული.

სწორდეს ამიტომაა მთავარი ქუჩა და ამიტომ იბრძვის ისიც გადარჩენისთვის, იმისთვის რომ საფლავი მაინც ვიპოვნოთ და გავიგოთ, ვინ იყო რუსთველი.

თუმცა, სანამ ვიპოვნით, კარგი იქნება მთაწმინდაზე თუ ერთ პატარა ქვას დავდგავთ და ყოველი გამვლელი ფეხებს არ შეაწმენს მეტროს წინ მდგარ უშველებელ ძეგლს... მატეუში რომ ჩამომივა, ავიყვან და ვეტყვი, ესაა ის კაცია,  ენის ბორძიკითა და ჟესტიკულაციით რომ გითარგმნიდი სტროფებსთქო...

 

ავტორი

იმიტომ

კომენტარები