გავრილოვის ღამე - მაია

( სიტყვა)

თანამედროვე ეპოქაში ცხოვრებამ გამოიწვია, რომ სამოქალაქო აქტივიზმის ფორმები შეიცვალა, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალურ სივრცეში, აქვე ვაზიარებთ საკუთარ ხედვებს, დამოკიდებულებას, გამოვხატავთ პროტესტს, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, ხელს ვაწერთ პეტიციებს, ვწერთ რეკომენდაციებს და შემდგომ „ფეისბუქ-თაგის“ გამოყენებით ვნიშნავთ შესაბამის სტრუქტურებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს და ხშირად მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით, გვგონია, რომ ეს საკმარისია, ასე უფრო მარტივია გამოხატო მოქალაქეობრივი პოზიცია, გააკრიტიკო სახელმწიფო, მაგრამ არ გადადგა უფრო ქმედითი ნაბიჯები. ამ ქვეყანაში სულ უფრო რთულია ფართომაშტაბიანი დემონსტრაციის გამართვა, მიზეზი მარტივია, ხალხი ნიჰილიზმითაა შეპყრობილი, მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ყოველდღიურად გადასაჭრელი ყოფითი პრობლემები უდგას, ის, რა თქმა უნდა წუხს შრომითი უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მშენებლის, შახტაში დაღუპული მაღაროელის, ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანბელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის და სხვა ამდაგვარი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც რთულად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სოციალური სივრციდან გადმოინაცვლოს ქუჩაში და მოითხოვოს რეალური ცვლილებები.

თუმცა 2019 წლის 20 ივნისს მივიღეთ სხვა მოცემულობა, დილით მასმედიის საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის მიერ საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სხდომის თავმჯდომარის ადგილის დაკავების შესახებ  მოსახლეობის ობიექტური პროტესტი და საყოველთაო მღელვარება გამოიწვია. მალევე ფეისბუქის მეშვეობით დაიგეგმა აქცია საქართველოს პარლამენტთან, მოსაზრებების სოციალურ ქსელში გაზიარებასთან ერთად აუცილებლად ჩავთვალეთ გამოვსულიყავით ქუჩაში.

სხდომის წამყვანის სავარძელში კომფორტულად მოკალათებული გავრილოვის ფოტო დილით ვნახე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ პოლიტიკოსის სადაურობა, დამოკიდებულება, ყურადღება არ გამიმახვილებია და უნივერსიტეტში წავედი, ბიბლიოთეკის დარბაზში მშვიდად მეცადინეობას ვაპირებდი, კომპიუტერის ეკრანს დაჟინებით მიჩერებული ჩემი კურსელები რომ დავინახე, აღშფოთებულნი იყვნენ, ადგილს ვერ პოულობდნენ, საჭირო სიტყვები ვერ მოიძიეს მომხდარი შეეფასებინათ და ეს მართლა ასე იყო, მტრის გაუგონარ ირონიას ჰქონდა ადგილი. ჩვენ, საუკუნეების მანძილზე გვყავს უცვლელი დამპყრობელი ჩრდილოელი მეზობლის სახით, მეფის რუსეთი, საბჭოთა რუსეთი და პუტინის რუსეთი დროსა და სივრცეში განსხვავებული ფორმით არსებული სახელმწიფოებია, რომელთათვისაც იმანენტური მახასიათებელია იმპერიალიზმი. აგრესორი სახელმწიფო კლავს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს,  ჩვენ არ გვავიწყდება 2008 წლის აგვისტოს გმირები, დემონსტრაციულად მოკლეს ოთხოზორია, წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს არჩილ ტატუნაშვილი  და ამის ფონზე ლამის საზეიმო მიღება გავუმართეთ რუსულ დელეგაციას, ამის საპასუხოდ 7 საათზე გამართულ აქციაზე ხმამაღლა და ერთიანად ვუთხარით ხელისუფლებას რომ ეს იყო სირცხვილი!

ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით გადალახა წითელი ხაზები, ჩვენ შეურაცხგვყვეს, ხელდასმულმა მმართველებმა საკმარისი პრინციპულობა ვერ გამოავლინეს, უგულვებელჰყვეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინტერესი, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც აგვისტოს ომში პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს, აღიარებს რა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, არათუ  მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, არამედ   მართმადიდებლობის საპარლამენტტაშორისო მორიგი ასამბლეის გასამართად პარლამენტის სხდომათა დარბაზი შესთავაზეს. მე არ ვიცი, რას ფიქრობდა მაშინ საკანონმდებლო ორგანოს წევრი  ქუცნაშვილი, რამდენად არ მოელოდა ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის თავმდჯომარე კობახიზე რომ გავრილოვი არც მეტი, არც ნაკლები სხდომის თავმჯდომარის სავარძლიდან გადაწყვეტდა ასამბლეისთვის მიმართვას ან რამდენად უნდა ვენდოთ ამ ფაქტით უმრავლესობის წევრებში გამოწვეულ აღშფოთებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია ეს იყო სამარცხვინო და მოღალატეობრივი საქციელი,  პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილება კი მორიგი არა ადექვატური ნაბიჯი. რისთვის ვიდექით იქ, ცვლიდა თუ არა მოცემულობას ჩვენი მანდ ყოფნა, პასუხი ერთია და პასუხი დადებითია. ჩვენ, ყველამ ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, დიახ შენ (ვინც ახლა ამ წერილს კითხულობს) და მე ერთად უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე, შენ და მე ერთად უნდა ვაიძულოთ ხელისფლებას გააცნობიეროს საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, შენ და მე უნდა ვიყოთ პოლიტიკური პროცესის მონაწილე, ბოლო პერიოდში ეს სიტყვა გვაშინებს ყველაზე მეტად, პოლიტიკა არ გვინდა, მაგრამ ყველაფერი მაინც აქამდე დაიყვანება. პურის ფასი რომ იზრდება რისი ბრალია ნეტავ, წამლებზე ხელმისაწვდომობა რომ არ გვაქვს ჯანდაცვის პოლიტიკა ხომ არ განსაზღვრავს მაგას, საატესტატო გამოცდების გაუქმება რას მივაწეროთ, ჰოდა იმის თქმა მსურს, რომ პოლიტიკა განსაზღვრავს ყველაფერს და პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე. რუსთაველის გამზირმა, რომელიც არა ერთხელ გამხდარა საზოგადოებრივად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროცესებზე მოქალაქეთა დამოკიდებულების გამოხატვის ადგილი გააერთიანა ყველა, სრულიად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები, იქ შეკრებილებს გვქონდა კონკრეტული მოთხოვნები, მშვიდობიანი და არა ძალადობრივი, რაც გამოიხატებოდა იმაში რომ კონკრეტულ პირებს აეღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაეტოვებინათ თანამდებობები, აქციაზე ყოფნისას ყოველთვის სხვა მუხტი და ენერგია შეიგრძნობა, აცნობიერებ რომ ხარ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი და რომ ეს ისაა, რასაც აუცილებლად სიამაყით მოუყვები მომავალ თაობას და აუცილებლად სიამაყით მოიგონებ, რომ იდექი ხალხთან, რომელსაც სწამდა იდეალების და იყო პრინციპების ერთგული. ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს, რომ შეკრებილებს რაიმე პარტიული მოტივი გვამოძრავებდა ან პირადი გამორჩენის მიღების მიზნით ვიყავით მისულები, 18-20 წლის გოგო-ბიჭები ვდგავართ აქ, რადგანაც გვჯერა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას, გავაცნოთ მათ რა არის ამ ეტაპზე საზოგადოების დაკვეთა, დავანახოთ რომ არაფრისმთქმელი ბოდიშის მოხდაში არ არსებობს გამოსავალი მათვის გამოუვალი მდგომარეობიდან. ჰო, გუშინ ბევრს წერდნენ გამოხატვის თავისუფლებაზე, შუალედურ პოზიციას ახმოვანებდნენ, აქვთ შეკრების უფლება, მაგრამ მათი ქმედებები ცდება გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საზღვრებსო, იცით გეტყოდით თქვენს მიერ სახელმწიფო დაწესებულების შტურმით აღებად მოხსენიებული ქმედება დემონსტრატებისა იყო გაუთვიცნობიერებელი და მე გულწრფელად მჯერა, რომ თითოეული იქ მყოფი ადამიანი პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუციებს და იაზრებს მათი არსებობის მნიშვნელობას დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, მაგრამ ამის საპასუხოდ გამოყენებული ძალა და მექანიზმები რამდენად თანაზომიერი იყო. უიარაღო მომიტინგეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლას რა ამართლებს?!  პოლიციური სახელმიწფოდ ჩამოყალიბება ნამდვილად არ იყო ის მოდელი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამები მოიაზრებდნენ. წარსული მძიმე გამოცდილებიდან უნდა გამოგვქონდეს დასკვნა და ქმედებით ვამტკიცებდეთ საპირისპიროს. 

ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების ფონზე იწერება საქართველოს ახალი ისტორია, რომელსაც აუცილებლად ეყოლება თავისი გმირები და ანტიგმირებიც, იქ მყოფნი ადამიანები აუცილებლად ვიქნებით ამ ისტორიის ნათელ მხარეს, ჩვენი თანამებრძოლი მეგობრები, რომლებიც ბოლო წუთამდე არ იხევდნენ უკან სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, რომლებმაც თავისი მძიმე ფასი გადაიხადეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იმსახურებენ ჩვენს უდიდეს პატივისცემას მათი მხრიდან გამოვლენილი ამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.  ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები, რადგან როგორც ილია იტყოდა:“ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდ-ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი.“
გამოჩნდა ხსნის გზა და ის ჩვენშია, იმ ახალგარზდა გოგო-ბიჭებშია არაფერს რომ არ შეუშინდნენ და სიცოცხლის ფასად ბოლო წუთამდე იდგნენ აქციაზე, იმ ხალხშია, ვისი პროტესტიც გასცდა გამოხატვის ვირტუალურ ფორმებს და რეალურ სივრცეში გადმოინაცვლა. ამ დღეებში განსაკუთრებული ემოციის მომტანი აქციაზე შესრულებული ჰიმნი აღმოჩნდა, თითქოს ყველანი დავუფიქრდით და ზუსტად შევიგრძენით მისით გადმოცემული სათქმელის ნამდვილი არსი და მნიშვნელობა, თავისუფლების სადიდებელი წარმოვთქვით და ყველამ ჩავუთქვით იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის ხელისუფლებაც იმოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სადაც ახალგაზრდები ქუჩაში კვლავ გამოვლენ რაიმეს გასაპროტესტებლად, რაც წარმოადგენს კიდევაც დემოკრატიული პროცესების ელემენტობრივ შემადგენელს, იმ შიშის გარეშე, რომ სახელმწიფო ძალას გამოიყენებს მათ წინააღმდეგ და გაიღვიძებენ მოცემულობაში, როცა სამყაროს აღიქვამენ ცალი თვალით!

 

მაია თოდუა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი

ავტორი

იმიტომ

კომენტარები