გავრილოვის ღამე - ნატალია

( სიტყვა)

დედამიწაზე ჯერ სულ ოცი წელია, ვარსებობ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსეთი ჩემი ქვეყნის, საქართველოს მტერია. იმასაც მოვკარი ყური, რომ ქართველები ყოველ ჯერზე დაუღალავად ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენს მიწას საქართველო რქმეოდა და თავისუფლად გვესუნთქა ჩვენკენ მონაბერი ჰაერი. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და 2008 წლის აგვისტოში, 9 წლის მე, შევეჯახე ფაქტს, რომელიც იქამდე მხოლოდ აბსტრაქცია იყო ჩემთვის. ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი და, სიმართლე გითხრათ, არც პატრიოტული სულისკვეთება ჩქეფდა მაშინ ჩემში. უსაშველოდ გრძელმა ხუთმა დღემ და ღამემ ჩემთვის ჩემს საწოლზევე გადაიარა - მოკუნტული ვიწექი და გაუჩერებლად ვტიროდი, რადგან არ მინდოდა, დედის და ცომივით ფუმფულა ძმის სისხლიანი სახეების ნახვა, არ მინდოდა, მამა ომში წაეყვანათ და მერე გამეგო, რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი. ყველა ჩემი შიში სხვა, ჩემსავით უდანაშაულო ადამიანებისთვის იქცა რეალობად, თუმცა არც მე დავუტოვებივარ „მოძმე ერს“ უსაჩუქროდ - ომი დასრულებულად რომ გამოცხადდა, შეკრული მუშტით ცრემლიანი თვალი მოვისრისე და პირველად ვიგრძენი, როგორი მძიმე იყო სიძულვილი.


                                                                         * * *
რამდენიმე დღის წინ, სტატია რომ შემხვდა, ვინაა გავრილოვიო, თითი პირდაპირ სახეში გავკარი და ავსქროლე, რაში მაინტერესებს-მეთქი. ზოგადად, პოლიტიკაში დიდად არასდროს ვერეოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემ გარეშეც გაართმევდნენ თავს და თუ ვერ გაართმევდნენ, ვერც მე ვუშველიდი საქმეს. ყველაფერი გუშინ შეიცვალა, როცა თითქმის სახლში მისულს, მეორე პოსტი შემომხვდა რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებით - თურმე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასკუპებულა და იქიდან რუსულ ენაზე წარუმართავს სესია, ჩემთვის მანამდე უცნობ, საერთაშორისო მართლმადიდებლურ ქვეყანათა ასამბლეაზე. სათაური წავიკითხე, ფოტოს შევხედე და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვცდილობდი იმის გადახარშვას, რაც მოხდა - რუსი გავრილოვი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით შევიდა და თავმჯდომარის სკამიდან კიდევ ერთხელ, რუსულად გვითხრა, რომ ბატონი საქართველოსა და რუსეთს შორის - რუსეთია. თავზარი დამეცა, მარშრუტკიდან ჩახტომა და ფეხით გაქცევა მინდოდა პარლამენტთან. მაშინ არც აქციის მასშტაბის შესახებ ვიცოდი რამე და არც ვინმეს კომენტარი მქონდა მოსმენილი მომხდართან დაკავშირებით, მხოლოდ შიშველი ინსტინქტი მამოძრავებდა - სასწრაფოდ ყველასთვის მეთქვა, რომ რაც მოხდა, შეურაცხმყოფდა და ამ სირცხვილის ჩამორეცხვაში მათი დახმარება მჭირდებოდა.

  
რამდენი უსამართლობა მომხდარა და რამდენი აქცია გამართულა, მაგრამ ან ლექცია მქონდა, ან არავინ მომყვებოდა, რადგან ან არ ეცალათ, ან უბრალოდ ეზარებოდათ... მოკლედ, ბევრ უსამართლობაზე დამიხუჭავს თვალი და ამით ნამდვილად არ ვამაყობ, მაგრამ 20 ივნისი სხვა შემთხვევა იყო. ათობით მეგობართან საუბრის მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა მათგანი პარლამენტთან გადიოდა, რადგან ყველა ისე უდუღდა სისხლი, როგორც მე.

   
დედას რომ ვუთხარი, აქციაზე მივდივარ-მეთქი, ნერვიულობა დაიწყო, სიტუაცია არ აირიოსო. მე გამეცინა, რა უნდა მოხდეს, მშვიდობიანი აქციაა, უბრალოდ ის უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეურაცხყოფას არ ავიტანთ-მეთქი და წამოვედი.
პარლამენტის შენობას რომ გავუსწორდი, ტელეფონს დავხედე - რვის ერთი წუთი იყო. ნახევარი სივრცე უკვე შეევსოთ აქციის მონაწილეებს და, რადგან ვიცოდი, როგორ გვიყვარს ქართველებს დაგვიანება, მივხვდი, რომ კიდევ ბევრი მოვიდოდა და გული მომეცა. თავიდან ყველა ფუსფუსებდა, იყო უამრავი ბავშვი, მოღიმარი უფროსები. არავის აინტერესებდა, ვის ეცვა მოკლე შორტი და ვის სად ეკეთა საყურე. არც ღიად გამოხატული სექსუალური ორიენტაცია გამხდარა ვინმესგან აგრესიის მიზეზი. განუწყვეტლივ ვათვალიერებდი ხალხს და ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენ შეურაცხყოფილ, მაგრამ ძლიერ და ბედნიერ ქართველს ვხედავდი ერთად. თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით, აღარაფრის მეშინოდა. ისიც კი დავიჯერე, რომ ერთმორწმუნე რუსეთს ჩვენი დანახვა დააფიქრებდა პოლიტიკის შეცვლაზე.

   
დრო გადიოდა. სულ უფრო და უფრო იზრდებოდა საქართველო პარლამენტის წინ. მეგობრებთან ერთად ვცდილობდი კიბეზე ასვლას, რომ უკეთ გაგვეგო, რისკენ მოუწოდებდნენ ხალხს მიკროფონებიდან. ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ იქ ასვლა საფრთხის შემცველი შეიძლებოდა ყოფილიყო.

   
საკმარისად ახლოს რომ მივედით, უკვე ათის ნახევარი იყო. ბედნიერებისგან ვცქმუტავდით, გვიხაროდა, რომ სამშობლოს გვერდში ვედექით. სიტუაცია მდორედ, მაგრამ სასიამოვნოდ მიედინებოდა. დედამ რომ დამირეკა, კიდევ ერთხელ დავამშვიდე, მესამე საათი ხდება, რაც აქ ვართ და სრული სიმშვიდეა, შენ კიდე გეშინოდა-მეთქი. იმ დროისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, კერძოდ, კობახიძის გადადგომა იყო. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე მყოფები ვაგრძელებდით თავისუფლების სიყვარულით სავსე ჰაერის სუნთქვას.
ამასობაში, მიკროფონთან ულტიმატუმი წამოაყენეს, ერთ საათს ვაძლევთ კობახიძეს, თუ არადა, მერე ჩვენ ვიცითო. ვიფიქრე, ერთი საათი დიდი დროა, თან ხალხის გაღიზიანებას არ დაუშვებენ, მოცემულ დროში მოთხოვნას დააკმაყოფილებენ-მეთქი. ამ ფიქრებში გართულმა, უცებ, პარლამენტისკენ ნასროლი ბოთლები შევნიშნე. გამიკვირდა, მაგრამ ეს ერთჯერად ხულიგნობად ჩავთვალე. აი, ყველა ნასროლი ბოთლი უკან მთელი ძალით რომ გვესროლეს, მაშინ ცოტა შემეშინდა. გოგოებს ვუთხარი, მგონი, ჯობს, გვერდით გადავიწიოთ-მეთქი, მაგრამ ეგ არც ისე მარტივია, როცა 360 გრადუსით ხალხის სქელი, ასობით შრე გახვევია. გავიჭედეთ. უცებ ვიღაცამ ბოლო ხმაზე იღრიალა, შევედითო. სანამ გავიაზრებდი, მშვიდობიანი და ღიმილიანი ხალხის აქცია როგორ იცვლებოდა გაღიზიანებული, შეურაცხყოფილი და პასუხგაუცემელი ხალხის შურისძიებად, სიტუაცია უკვე უკონტროლო იყო. გვერდით მდგომი კაცი გვარწმუნებდა, ჩვენთან ერთად შემოდით შენობაში, ორგანიზაციიდან ვართ და დაცვა გვყავს, სპეცრაზმი ვერაფერს დაგიშავებთო. მე და ჩემს ორ მეგობარს მაშინვე გული მოგვეცა, ბოლომდე ერთად ვიდგეთ, თუ აქამდე მოვედითო, მაგრამ მერე უცებ მივხვდი, რომ იმ კაცს ორგანიზაციის სახელიც კი არ უთქვამს და წინა ადგილებს ჩვენ, 20 წლის ახალგაზრდებს გვითმობდა. გაუაზრებლად წამოვიყვირე, არ შევიდეთ-მეთქი. ერთ-ერთი მეგობარი ჩუმად იყო, მეორე შემეწინააღმდეგა. უკვე ისე ვიჭყლიტებოდი, თავს ვეღარ ვიტყუებდი, თითქოს არაფერი ხდებოდა. შარვლის ჯიბიდან გაბმულად ბღუოდა ტელეფონი, ალბათ, დედა რეკავდა, მაგრამ სუნთქვის ადგილიც არ მქონდა, ტელეფონს როგორ ვუპასუხებდი? ღრიალითა და მუჯლუგუნებით მივყავდით ხალხს პარლამენტის შესასვლელისკენ. რამდენიმე მოქნეული მუშტიც დავინახე და ჩახუთულობისგან გულშეწუხებული ადამიანებიც. წინ კი რამდენიმე ახალგაზრდა განწირული ყვიროდა, არ შეხვიდეთ, ყველას დაგაკავებენო. უკნიდან უყვიროდნენ, შიშის დედას შევეცით, ყველაფერი იმის ბრალია, რომ გეშინიათო და უფრო გაძლიერებულად მოგვაწვნენ. მოვახერხეთ და ჩვენ სამი თითქმის ჩახუტებულები ვეწინააღმდეგებოდით ბრბოს დინებას. იმდენად არ მჯეროდა იმ კონტრასტული ცვლილების, რაც საზოგადოებამ განიცადა და იმის, რომ მე ამ ცვლილების ეპიცენტრში ვიდექი, სიცილი დავიწყე. არადა, ვგრძნობდი, როგორ მიმდიოდა ფერი.

    
ალბათ, უკვე მეათე წუთი ილეოდა, რაც ერთმანეთზე მიჯრილები ვცდილობდით პოლიციის წინ არ აღმოვჩენილიყავით, ვიღაც მწვანე მაისურიანი ბიჭი რომ გადაგვეფარა. ტიროდა და ხალხს ისევ თხოვდა, არ შეხვიდეთ, სპეცრაზმელები დგანანო. ერთ მომენტში ხელი თავზე დამადო და უკვე სერიოზულად შეშინებულს, ამაზეც არაადეკვატური სიცილი მქონდა პასუხად. ხალხი პოლიციას ფარებს ართმევდა და ბარიერებთან ერთად დაატარებდა ზარ-ზეიმით. ვგრძნობდი, რომ სიცილის მიზეზი არ მქონდა.

   
ტელეფონი ისევ რეკავდა, როგორღაც ვუპასუხე. დედა იყო. ტიროდა. ტელევიზორს ვუყურებ, ახლავე სახლში წამოდიო. მე ისევ ვამშვიდებდი, ცოტა კი აირია სიტუაცია, მაგრამ მე მოშორებით ვდგავარ, არამიშავს-მეთქი. როგორ არაგიშავს, გხედავ, რომ ხალხში იჭყლიტებიო. ტელეფონი სასწრაფოდ გავთიშე, თითქოს დედას ბრალი იყო, რომ დამინახა. გვანცამ ნერვიულად თქვა, ვაიმე, სად ვართო. პერწომ ნუ გეშინიათ, ერთად ვართ და არაფერი მოგვივაო. ნელ-ნელა უკან ვვარდებოდით, მე კი კარგად მახსოვდა, რომ იქ ასასვლელად ათობით საფეხური ამოვიარეთ და თუ იქ ფეხი დამიცდებოდა, ისე გადამთელავდნენ, ვერავინ გაიგებდა. მერე ვიფიქრე, გვანცა ტანით ჩემზე პატარაა, რომ ჩავარდეს, უფრო დაშავდება-მეთქი და ხელი მხრებზე მოვხვიე. მესამე ორივეს გვამშვიდებდა, გიჭერთო და მართლაც მასე იყო, მაგრამ წყლიან საფეხურზე პირველად მას დაუცდა ფეხი. არ წაიქცა, თავი შეიმაგრა. მერე მე წამოვედე რაღაც სადენს, მაგრამ არც მე წავქცეულვარ, დამიჭირეს. საბოლოოდ, მოვახერხეთ და მოსწორებულ ადგილას შევჩერდით. რომ მივხვდი, წაქცევას გადავრჩი, მერეღა გამახსენდა, რომ აქციაზე ვიყავით და კიბის ზემოთ ავიხედე - ხალხი უკვე პოლიციის პირისპირ იდგა. იქ დგომაც არ დაგვცალდა დიდხანს, რამდენიმე საფეხურით მაღლა მდგარი რკინის კონსტრუქცია გადმოიხარა და იძულებულები გავხდით, იქიდანაც გავქცეულიყავით.

   
დედამ კიდევ ბევრჯერ დამირეკა და გაუთავებელი თხოვნების შემდეგ, აქცია დავტოვე. სახლში რომ მივედი, 11 საათი იყო. მაშინვე ლაივი ჩავრთე. უკვე ცრემლსადენ ხელყუმბარებზე საუბრობდნენ. ხო ვიცოდი, რომ სიტუაცია აირია, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენად. ცრემლსადენს რეზინის ტყვიები მიემატა, ტყვიებს - წყლის ჭავლი. ხალხი არ ნებდებოდა. ვხედავდი იარაღის წინ ხელგაშლილ კაცს და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეეძლო კობახიძეს ეთქვა, ოღონდ ეს ყველაფერი შეწყვიტეთ, ახლავე გადავდგებიო. ვუყურებდი, როგორ წაიქცა თავის საშველად გაქცეული გოგო შუა გზაში და არ მჯეროდა, რომ მთავრობა მაინც ცდილობდა თავის მართლებას.

   

მერე დამეძინა...

    
მალევე გამეღვიძა. ისევ ტელევიზორს მივუჯექი. ჯერ კიდევ მიჭირდა აღიარება, რომ ვიღაც რუსის გამო ისევ ქართველები ებრძოდნენ ერთმანეთს. ყოველი ახალი კადრი უფრო მამძიმებდა. იყო ათასი „ვაიმე“, „ღმერთო“ და „ნწნწნწ“. მერე უცებ თანატოლი გოგო დავინახე, გამოთხრილი თვალითა და გაქვავებული გამომეტყველებით. გული ამიჩქარდა, ხმა ჩამივარდა, აღარც „ვაიმე“ მითქვამს, აღარც „ღმერთო“ და აღარც „ნწნწნწ“. ყველაფერი ზედმეტი იყო. ხელი თვალზე ავიფარე, ის სამყარო რომ მენახა, რომელშიც გუშინდელის მერე უნდა იცხოვროს, თან მარტო იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ბევრი დაშავებულიდან ამ ერთს მხოლოდ იმიტომ გამოვარჩევ, რომ ყველაზე მეტად სწორედ მასზე მეტკინა გული. იმიტომ, რომ 2008 წელს, შეიძლება, ის გოგოც ჩემსავით ისრესდა ცრემლიან თვალს ხელით.
მერე რა მოხდა? კალაძემ და ქუცნაშვილმა განაცხადეს, პოლიციას არ უძალადია, აბსოლუტურად თანაბარი ძალით იბრძოდნენ ხალხთანო, მაგრამ ადამიანებმა მაინც დაკარგეს თვალები... ჩვენ არც ხელყუმბარები გვისვრიაო ბახტაძემ თქვა, მაგრამ მაინც ასობით ადამიანი მოიწამლა ცრემლსადენი გაზით. გავრილოვმა, საერთოდაც, აქციის მონაწილეები დააკავეთო და მთავრობამ, კი ბატონო, მაგაზე გაწყენინებთო? აღარ გავაგრძელებ, შემდეგ განვითარებული მოვლენები ყველამ კარგად იცით.

    
                                                                       * * *
დღეს აქციაზე ვეღარ მივდივარ, მაგრამ ჩემ მაგივრად იქ ათასობით ადამიანი დგას, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც. უცნაური ისაა, რომ უკვე აღარ ვიცი, მიხაროდეს თუ არა, ჩემი მეგობრები ღირსეული მოქალაქეები რომ არიან. ასეთებს ხომ ცალი თვალის ამოღებით უკეთებენ მარკირებას?

My name is Blurryface and I care what you think

სოციალური შფოთვა

კომენტარები