გავრილოვის ღამე - თიკო

( სიტყვა)

#20ივნისი.

18:30

გამოცდიდან დაბრუნებული და საოცრად დაღლილი,სოციალურ ქსელს გიჟივით ვსქროლავ. ვერ გამიგია,რა ხდება,თანაც მესიჯებს ვიღებ: "წამოდი აქციაზე"!!!

არ ვიცი რა ხდება. მეგობარს ვწერ,ის კი სიტუაციას მიხსნის. გავრილოვი ჩამოსულა და ჩვენმა საყვარელმა ხალხმაც,უმასპინძლა. ხალხი გამწარებულია. არავინ არავის არაფერს არ შეარჩენს.

19:00

უკვე აქციისკენ მივისწრაფვიგაბრაზებული ვარ,თუ ნაწყენი,თუ რას ვგრძნობ,ეგ კი არ ვიცი,მაგრამ ნერვები მაქვს დაწყვეტილი. 'რისთვისაც ამდენი ხანი ჩემი წინაპრები იბრძოდნენ;(გაცვეთილი ფრაზები),რასაც ამდენი ხანი გავიძახდით,რუსეთი ოკუპანტიაო,ერთ დღეში გავრილოვი ჩამოდის და საქართველო ფაქტობრივად რუსეთი ხდება. ერთი ხელის მოსმით,საქართველოს გაქრობას ცდილობენ და ერს და მთლიანი საქართველოს ისტორიას,სარკასტულად უყურებენ. არ ვიცი,შეიძლება ვაჭარბებ,მაგრამ მე უკვე ამას ვფიქრობ. 2008 წელი,5 აგვისტოდან მოყოლებული,ის დღეები მახსენდება,რა გაგვიკეთა იმ ნაგავმა ხალხმა და მიკვირს,ძალიან მიკვირს,რას ვუყურებდით,ან რა გამოვიარეთ რვა წლის ბავშვებმა?! ან,როგორ...

განა,დღესაც ამას უნდა ვუყურო?

20:00

უკვე იქ ვარ. ხალხს ვხედავ და მსიამოვნებს. ნელ-ნელა ავლაპარაკდი,ჟურნალისტებში გავერიე,ხალხს გამოველაპარაკე... მშვიდობიანი აქციაა,ვერაფერსაც ვერ დამიშავებენ! აი,თქვენც ნახავთ,ეს ყველაფერი იქამდე მივა,რომ იქნებ რამე მოილაპარაკონ,იქნებ ბოდიშიც მოიხადონ ისევ და... თუმცა,ვის რაში სჭირდება ბოდიში?

პატარა ბავშვებიც იქ არიან. მშობლებს კისერზე შემოსკუპებულებს,საქართველოს დროშებს აფრიალებენ.

უამრავი ადამიანია აქ. ისიც კი,ვინც პოლიტიკას საერთოდ არ ეხებოდა,ან თუნდაც,სულაც არ დარდობდა იმაზე,თუ რა ხდებოდა საქართველოში. დღეს ყველა ერთიანია.

ღიმილით ვდგავარ.

დღეს ყველაფერი გამოგვივა.

22:00-?

დრო მერევა. ქაშვეთთან ჩასვლა მომიწია და მაღაზიაში შევედი,ხალხისგან მესმის,"აუ,დღეს აქ რა ამბები იქნება?!". მეცინება,ესენი კიდევ გადატრიალებაზე ფიქრობენ?! მშვიდობა იქნება. მე მჯერა ამის.

ნელ-ნელა,ჩემი ტელეფონი არ ჩუმდება და ჯერ ჩემი და რეკავს,წამოდი,აღჭურვილობა შემოაქვთ,არა მგონია კარგი ამბავი იყოსო... მე კიდევ ვამშვიდებ,არაფერი მოხდება,ისეთი მშვიდობაა,ჰიმნსაც ვმღერით-თქო.

მერე ჩემი უნივერსიტეტის ბავშვები ვნახე და მიხაროდა. თურმე,რამდენს აღელვებს,თურმე რამდენს უყვარს სამშობლო! ამდენი ლოზუნგის შემხედვარეს,ერთი რამე ჩამიჯდა ჭკუაში - დღეს აქ ვიდგები,ბოლომდე...

მშვიდობა ბოლომდე აშკარად არ მოგვყვება.

რაღაც ირევა. დედაჩემის ზარები ერთი წამითაც არ წყდება. აღელვებულია და არ მიყვება რა ხდება. რას ამბობენ ისეთს,რასაც მე ვერ ვხედავ?! მე კიდევ ვამშვიდებ,მოვდივარ-მეთქი და აუჩქარებლად ვბრუნდები აქციაზე,მაგრამ...

უკვე ზუსტად არ მახსოვს რა როგორ ხდება. ჩემს მეგობარს ხელს ვუშვებ შემთხვევით,თანაც როდის ვერ ვიგებ. შეშინებული,ამდენ ხალხში ძლივს ვპოულობ,თანაც მესმის:"ფუ ამათი,გაზს უშვებენ მგონი".

მეტროში ასე მგონია შეუძლებელია ჩასვლა. რუსთაველამდე ფეხით ძლივს ჩავდივარ და უამრავ სპეცრაზმს ვხედავ,კიდევ ემატებიან... პოლიციელები მობილურში არიან ჩაყუდებულები. ოხ,როგორ გვეხმარებიან?!

წეღან ვინ იყო ჰაერში,თავში რა ან ვინ მოგხვდებოდა ვერ გაიგებდი,გაზიცო და ესენი?!

ხელყუმბარები,რეზინის ტყვიები...

აი,კალაძე ალაპარაკდა! აცხადებს,კანონი დაიცავითო. პროვოკაციას ნუ წამოეგებით,მეორე მხარე ამ აზრზეა და საბოლოოდ რა ხდება?

პატარა ჭკუიდან გადაგვარებული ბავშვები,ისევ გვარამიასა და ვაშაძეს აბრალებენ აქციის არეულობას,ისინი რომ არა,არც არაფერი მოხდებოდაოარადა წამოსვლამდე კარგად მესმოდა,როგორ ყვიროდნენ: "არ აყვეთ პოლიციას,ხელები ჰაერში აწიეთ მშვიდობის ნიშნად!"

და ყველაზე საინტერესო ფაქტი? გიორგი თარგამაძე,გრიგოლ ვაშაძე,ირაკლი ოქრუაშვილი,ზურაბ ჯაფარიძე ერთად და კიდევ სხვა მრავალი,ერთ აქციაზე დგანან და ერთ რამეს აპროტესტებენ...

არის რამდენიმე დაშავებულიო. ხალხი სასწრაფომდე მიჰყავთ...

გვარამია გაფრინდაშვილს უყვირის,ჩამოდიო. იქით,მელაძე იხრჩობა და მაინც არ ანებებს თავს,ბოლომდე მიყვება თავის საქმეს. პირველი არხის ჟურნალისტიც დაშავდა... განა მარტო ესენი? ყოველი ჟურნალისტის შემხედვარე,სიხარულით ვივსები!

ხალხი აბუნტდა. აი,ეს არის,როცა ქვეყნის ღირსება ჩვენ მოგვწვდა. ჩვენ გვეხება და არა მარტო პარლამენტს,ან თუნდაც ეკლესიას. დღეს ყველა ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ.

სპეცრაზმს სასაცილოდ არ ვყოფნით. ყოველ უკან დაბრუნებაზე,ისევ უმოწყალოდ ისვრიან.

ამისთვის არ უბრძოლიათ აქამდე,რომ ვიღაც ნაგავი გავრილოვი ჩვენ ასე მოგვქცეოდა,არც დღეს დავიხევთ...

არ ცხრებიან. იქ დგანან და თვალებს იხრუკავენ,სპეცრაზმელებს ზედ აფრინდებიან. არ ეშინიათ.

ვხედავ,რომ ბრბოს გვეძახით,ვინც იქ ვიდექით,მაგრამ ბრბო კი არა,ზუსტად ის ხალხი ვიდექით,ვინც ღირსებას იცავდა...

ხალხი უფრო დაშავებულია,მაგრამ უკან დახევას არავინ აპირებს.

ვათევ ღამეს,შემდეგი ფიქრებით - ეს ასე არ ჩაივლის,აი ახლა იმას მივაღწევთ,რაც გვინდოდა. ამას უკვე ვერავინ შეაჩერებს.

საქართველო ღირსებას დაიცავს.

ჩვენ ერთნი ვართ.

ჩვენ საქართველო გვქვია. დამოუკიდებელი და ერთიანი,რომელიც რუსეთს არასდროს დაემორჩილება.

ავტორი

იმიტომ

კომენტარები