განსრულდა ესე ამბავი - GOT მე-8 სეზონი

( სიტყვა)

სატახტოთა თამაშების საფინალო სეზონი ღრმად მოხუცებული ბაბუის უკანასკნელ გზას ჰგავდა. ტკივილისგან დატანჯულს რომ უყურებ და ხვდები, ძველის მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი, მისი სიცოცხლე საცოდაობაა და სხვა არაფერი. იცი, რომ უნდა მოკვდეს, ისიც იცი, სიკვდილი მაგისთვის ტკივილებისგან შვება რომაა და უკვე აღარც შენ შეგიძლია ასეთი დაუძლურებული ახლობლის ნახვა, მაგრამ მაინც გენანება, ძალიან გიყვარს.


მოკლედ, კარგია რომ დამთავრდა, ასეთი გაჩანაგებული სერიალით მხოლოდ უდიდეს იმედგაცრუებასა და ბრაზს ვიღებდით. რაც შეეხება ბენიოფსა და ვაისს, ვაღიაროთ, კარგი სცენარისტები არიან, უკვე დაწერილი ისტორიის სერიალისთვის ადაპტაციას მშვენივრად ახერხებდნენ, მაგრამ აღმოჩნდნენ საშინელი მწერლები, ტიპებმა მოახერხეს, რომ პოპკულტურის მთავარი მოვლენა ერთგანზომილებიან, უსუსურ, არაფრითგამორჩეულ სერიალად აქციეს. კიდე კაი უკვე იშოვეს მილიონები, თორე ამ სეზონის მერე შეიძლება სამსახურის პოვნაც გაუჭირდეთ. (ხუმრობით).


როცა სერიალს მე-3 ეპიზოდის (გრძელი ღამე) გამო სასტიკად ვაკრიტიკებდით, ამბობდნენ, მაიცა კაცო ჯერ 3 სერიაა დარჩენილი, ყველაფერს ახსნიან, აბა ისე ხო არ დატოვებენო. აჰა, გავიდა ეს 3 სერია, დასრულდა შოუ და “ისე დატოვეს”. ღამის მეფის უმარტივესად განადგურების მერე იგივე ხალხი იმასაც ამბობდა, სერიალს სამეფო კარის თამაშები ქვია, ყინულისა და ცეცხლის სიმღერა კი არა, ღამის მეფე აქ მთავარ გმირად არ ითვლებაო, ჰოდა შოუს ერთ-ერთ ბოლო სცენაში სემ ტარლიმ რობერტის ეპოქის შემდეგ ისტორიას სწორედ ყინულისა და ცეცხლის სიმღერა უწოდა. (ჰა ჰა)


ეს ყველაფერი მთლიანად მე-8 სეზონზე, ხოლო რაც შეეხება საფინალო სერიას, შოუს დასასრულს, ყველა პერსონაჟი მეტნაკლებად იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო (აქ ალბათ მარტინის კონსულტაციებმა იმუშავა) - ჯონმა ვერ/არ გამოიყენა თავისი ნამდვილი ვინაობა და ჩრდილოეთში მოკვდება, როგორც სტარკი. გულდასაწყვეტი ნამდვილად არის, თუმცა ვერ ვიტყვით რომ მთლად ლოგიკას მოკლებულია. ჯეიმი ლანისტერმა სიცოცხლე ისე დაასრულა, როგორც ყოველთვის ოცნებობდა, საყვარელი ქალის მკლავებში. დენერისი მამამისის შვილი აღმოჩნდა, გაგიჟდა და სანამ უარესებს იზამდა, მოკლეს. ჩრდილოეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა, სანსა კი მისი მმართველი. არია თავგადასავლების საძიებლად გაეშურა. ვესტეროსის ყველაზე ჭკვიანმა ადამიანებმა, ტირიონმა, სემმა და ბრენდონმა (ვარისი ვერ ჩამევიტანეთ) 6+1 სამეფოს მმართველობის ფორმა მემკვიდრეობითიდან არჩევით მონარქიაზე შეცვალეს. თუმცა, თუმცა… ამ შედეგების ბილდ-აფები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


 


ბრენდონ სტარკი მთელ მე-8 სეზონში დეკორაციად რომ არ გამოეყენებინათ და სამთვალა ყორნის პერსონაჟი კარგად გაეხსნათ, შეიძლება გაგვხარებოდა კიდეც მისი გამეფება. ტიპი მთელი 3 სეზონია იძახის, აღარც ბრენდონ სტარკი ვარ და აღარც ადამიანიო, არ მინდა მე ვინტერფელის ლორდობაო, ჰოდა უცებ, ჰოპ, მეფობა კი მინდა, აბა ამხელა გზა რისთვის გამოვიარეო.  ან საერთოდ, როგორ აირჩიეს ბრანი მეფედ, რატომ დაუჯერა ყველამ ტირიონის ნორმალურთან მიახლოებულ სფიჩს, როცა არც ერთი იქ წარმოდგენილი მხარე ჯუჯას არ ენდობოდა დროის იმ მომენტში ? ან საერთოდ, ასეთი რა ისტორია აქვს სერიალში ბრან სტარკს !? იქვე იყო კაცი, რომელიც მკვდრეთით აღსდგა, გააერთიანა ვაილდლინგები და ვესტეროსელები, ბოლტონებისგან დაიბრუნა ვინტერფელი, გახდა ჩრდილოეთის მეფე, დაარწმუნა მსოფლიო თეთრი მოხეტიალეების არსებობაში და ამით იხსნა კიდეც იგი, - რითი ჯობია ბრანის ისტორია ჯონისას? ახლა შეიძლება მითხრათ, სამთვალა ყორანია და მაგიტომო, ჰოდა მე გიპასუხებთ, საბჭოზე წარმოდგენილი ლორდების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის რა არის სამთვალა ყორანი, მაგრამ მაინც უხმოდ დასთანხმდნენ ბრანის გამეფებას, ნუ რას ვიზამთ, სცენარს ასე სჭირდებოდა და უცბად მოაყომარეს.


ბოლო-ბოლო, როგორია დრაკონების ბუნება? აქამდე გვეგონა, რომ ზრდასრული დრაკონები შეუჩერებელნი იყვნენ, თუმცა ბოლო სეზონებმა პირიქით გვაჩვენეს. ერთ სერიაში დროგონი რამდენიმე გემს და სკორპიონს უფრთხის, ზუსტად მომდევნო სერიაში კი ასეთივე აღჭურვილობის გემების მთელ ფლოტს ანადგურებს. ისიც გაუგებარია, რატომ ანადგურებს რკინის ტახტს, როგორც განუსაზღვრელი ძალაუფლების სიმბოლოს, ვესტეროსში არსებული ყველა უბედურების მიზეზს? როდის მერე დაიწყო დრაკონმა სიმბოლოებით საუბარი? ამის გამო კლავთ, სიმონ, ერთმანეთსო და დაადნო.


დენერისის გაგიჟებაც ერთ სერიაში რომ არ მიეფუჩეჩებინათ და ნორმალური ბილდ-აფით შემოეთავაზებინათ, მისი სიკვდილი შეიძლება კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციურიც კი გამომდგარიყო, მაგრამ აქ იგრძნობოდა, რომ უბრალოდ სცენარს ასე სჭირდებოდა.


სრულიად გაუგებარია, რა მიზნით დაინიშნა ტირიონ ლანისტერი მეფის მარჯვენა ხელად. სერიალის ვერსია გასაგებია, რომ შეცდომები უნდა გამოისყიდოს, თუმცა რა აზრი აქვს ამ ფორმალობას? როგორ შეიძლება ტირიონმა მისცეს რჩევა მაგიურ არსებას, რომელმაც წარსულში მომხდარი ყველა მოვლენა იცის, მისი კონტროლი შეუძლია და ამავდროულად, აწმყოს დანახვაც შეუძლია ?!


სამეფო კარის თამაშების ეპოქა ისე დასრულდა, რომ არათუ უსახო ადამიანების, ღამის მეფის, ტყის შვილებისა და სამთვალა ყორნის საიდუმლოებები ამოხსნა, არამედ ზემოდან დაამატა არალოგიკური, აბსურდული სცენები და ისე ამოგვიცუნცულა სახლში...


მოკლედ, განსრულდა ესე ამბავი, ვითა ს... საშინლად.


იმედია, სადღაც, რომელიღაც პარალელურ სამყაროში მაინც, გოთ-ის ფანები დასასრულით დიდად კმაყოფილნი და აღფრთოვანებულნი არიან.


კიდევ კარგი, გოსთს მაინც ჩაეხუტა...



ბონუსად გიტოვებთ საფინალო სერიის საუკეთესო მიმებს:


 

 

 

 

 

 

 


კომენტარები