GOT: სეზონი 8, სერია 5 EXPLAINED

( სიტყვა)



როგორც ერთმა ჩრდილოელმა ბუშმა ერთ კარგ კაცს უთხრა, თუ გგონია, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული აქვს, ე.ი. საკმარისი ყურადღება არ დაგითმიაო - ჩემი აზრით, ამ ფრაზით მე-5 ეპიზოდი კარგად შეფასდება. შეიძლება ეს სერია მე-7 და მე-8 სეზონებში ყველაზე უფრო მარტინისეული იყო კიდეც,თუმცა მათი შინაარსობრივი ხარისხიდან გამომდინარე, ეს, ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავს.


დასაწყისი



 


ზოგადად, როცა ვამბობთ, რომ სამეფო კარის თამაშები თავის თავს აღარ ჰგავს, ამის მიზეზთაგან ერთ-ერთად მოვიაზრებთ დარღვეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. უწინ, როცა პერსონაჟი რაიმე შეცდომას დაუშვებდა, მას აუცილებლად უწევდა ხოლმე ამისთვის პასუხისგება, - რობ სტარკის დიპლომატიურმა შეცდომამ გამოიწვია წითელი ქორწილი, ნედ სტარკს “ნეკას” ნდობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ა.შ. როცა ზემოთ ვახსენე, ეს სერია შეიძლება ბოლო სეზონებს შორის ყველაზე მარტინისეული იყო-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი, ვარისმა დაუშვა მიუტევებელი შეცდომა, სცადა დედოფლის ღალატი და დაისაჯა კიდეც, თუმცა…


აქამდე ჯორჯ მარტინის თითოეულ წიგნს მინიმუმ 1 სეზონის საეთერო დრო ეძღვნებოდა ხოლმე, ამ დროში რეჟისორები მშვენივრად ახერხებდნენ გამართული შინაარსობრივი ხაზის გაყოლას და პერსონაჟების ხასიათების კარგად გახსნას, ახლა კი 6 სერია ამის გასაკეთებლად, როგორც კარგად გამოჩნდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ლორდ ვარისის სიკვდილში არ იყო არანაირი build-up.  ვესტეროსის ერთ-ერთი საუკეთესო ინტელექტუალი ლამის დარბოდა და გაიძახოდა დედოფლის გადატრიალება მინდაო - დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რეჟისორებს უნდოდათ რამდენიმე საკვანძო პერსონაჟის მოკვლა, თუმცა სათანადო შემზადებისთვის უბრალოდ დრო არ ეყოთ, სწორედ ამიტომ გაჩნდა ფანებში უკმაყოფილება, თორემ ვარისი რომ მოკვდებოდა ეს რამდენიმე წელია, მელისანდრას წინასწარმეტყველებიდან ვიცით.


ტირიონი დიდი დილემის წინაშე დგება, დაუჭიროს მხარი მის ფაქტობრივად ერთადერთ მეგობარს (თუ ჯეიმის არ ჩავთვლით) თუ დაიკავოს დედოფლის მხარე. კლასიკურ ტირიონს, წესით, მოვლენების შესაძლო განვითარებების წარმოდგენა არ უნდა გასჭირვებოდა და ვარისის ცოცხლად დაწვაც არ უნდა დაეშვა. ზოგადად, ვესტეროსის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მე-8 სეზონში სულელური ოპტიმიზმით გამოირჩევა, ჯერაა და სერსის სიტყვებით დარწმუნებას ცდილობს, რომ ომი თავიდან აირიდოს, მერე კი არწმუნებს თავის ძმას, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს სერსისთან ერთად, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მათ მოსაკლავად ასასინი დაიქირავა. იდეალიზმი ძალიან კარგია, თუმცა პრაგმატულ ტირიონთან არაფერი ესაქმება…


მიუხედავად ყველაფრისა, ომის პრელუდიის სცენების დროს რაღაც-რაღაცების დალაგება მაინც მოხერხდა. ტირიონმა ჯეიმის გასათავისუფლებლად თავი გასწირა, ეს ერთის მხრივ დაფასება იყო იმისა, რომ ჯეიმი ოჯახში ერთადერთი იყო, რომელიც ტირიონს მონსტრად არ თვლიდა. მეორე მხრივ კი, მე-4 სეზონის სიკეთის დაბრუნება იყო, როცა ჯეიმიმ გარისკა თავისი სიცოცხლე ტირიონის გასათავისუფლებლად - ან კიდევ ორივე ერთად.


მეფის საბიჯელის დაცემა


 


ის განმარტება, რომ დენი მეგობრების დაკარგვის გამო გაგიჟდა (მან სულ მოკლე პერიოდში დაკარგა მისანდეი, ჯორაჰი, რეიგალი, ამას ემატება ჯონ სნოუს ამბავი) ჩემთვის საკმარისი საერთოდ არ არის. გავიხსენოთ რა შეემთხვათ სტარკებს, მათ მამა თვალწინ მოუკლეს, არაადამიანურად დაუხოცეს დედა და ძმა, ნახევარი სიცოცხლის გატარება მალვაში მოუწიათ, ჯონი საერთოდ მოკლეს კიდეც, თუმცა ისე არცერთი მათგანი გაბოროტებულა, რომ უდანაშაულო ხალხზე ეძია შური. დენერისი კი არა, თვით აერის ტარგარიანიც არ გაგიჟებულა ერთ ღამეში, მისი ფსიქიკური აშლილობა წლობის განმავლობაში არსებული პარანოიის შედეგი იყო.


შოუში იყო უსუსური მცდელობა ეჩვენებინათ დენერისის იზოლირებულობა და მარტოსულობა, თუმცა გავიხსენოთ, რომ დენი არის მმართველი, რომელიც დოთრაკიელებს უკრძალავდა დამარცხებული ტომების დაჩაგვრა-დამცირებას, ათავისუფლებდა მონებს და სჯიდა მათ ბატონებს, დენერის ტარგარიანი იყო მონარქი, რომელიც აფასებდა თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და აღიარებდა მათ თანასწორობას(გავიხსენოთ, მან დრაკონები ჯაჭვებით დააბა, როცა ერთი ბავშვი შეჭამეს).ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ დრაკონის ქვაზე მისი და ოლენა ტაირელის დიალოგი, როცა დენი ამბობს: “მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ფერფლის დედოფალი ვიყო”, გასაგებია გენური ინჟინერიაც, რომ ტარგარიენები მენტალურად არამდგრადი ადამიანები არიან, “ყოველთვის, როცა ტარგარიენი იბადება, ღმერტები მონეტას აგდებენ…” - მიუხედავად ყველაფრისა,ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი უცბად შოუს უდიდეს ვილეინად მოგვევლინა.სერიალში არ იყო საკმარისი build-up იმისათვის, რომ დენერისი ეიგონ დამპყრობელის მსგავსი შეუბრალებელი მონარქი გამხდარიყო, რომელიც არავის პატიობდა დაუმორჩილებლობას.


რაც შეეხება უშუალოდ მეფის საბიჯელის დაცემას, კითხვები აქაც უამრავი გაჩნდა. თუ ეურონ გრეიჯოიმ წინა სერიაში (მე-4) 3-დან 3-ივე შუბი გაარტყა რეიგალს, 10-ჯერ მეტი სკორპიონით როგორ ვერ მოახერხა დროგონის დაჭრა მაინც ?  რას ემსახურებოდა ოქროს კომპანიის გადმოსხმა დასავლეთიდან? 20,000 ჯარისკაცი, რომელიც ესოსს აზანზარებდა, რამდენიმე წამში სრულად განადგურდა ისე, რომ ხმლის გაქანებაც კი ვერ მოასწრეს.


მე-5 ეპიზოდის სცენარის მიხედვით, სერსი ლანისტერი იმდენად სულელია, რომ ეგონა, დრაკონების წინააღმდეგ შანსი ექნებოდა. შანსი კი არა, გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ სათადარიგო გეგმაც კი არ შეიმუშავა. იგი ისტორიულ ჰარენ შავს ჰგავს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მისი სასახლის (ჰარენჰოლის) სქელი კედლები ეიგონ დამპყრობლის დრაკონებისგან დაიცავდა. ეიგონი შეჰპირდა, თუ არ მაგ კოშკებს თავზე დაგანგრევო. ბოლოს ასეც მოხდა, ჰარენი თავის “უსაფრთხო” კედლებში ცოცხლად ამოიხრუკა.  


ტექნიკური თვალსაზრისით, "ზარები" ფენტეზის ჟანრის ისტორიაში გამორჩეული სერიაა. როცა დასაწყისში აღვნიშნე, სამეფო კარის თამაშებში ვიზუალი შინაარსში გაიცვალა-მეთქი, ამას ვგულისხმობდი. სერიაში მრავლადაა ეპიკური სცენები, ულამაზესი კადრები და ბრუტალური ბატალური ეპიზოდები. მაყურებელი მთელი ემოციითაა ჩაბმული მეფის საბიჯელის დაცემის სცენებში, რადგან არიას პერსპექტივიდან იდეალურად ჩანს დენერისის შეუბრალებლობის შედეგები.


დუელები


 


რემზი ბოლტონი უფრო საშინელი ადამიანია თუ ეურონ გრეიჯოი ? ზედმეტი ფიქრის გარეშე, რემზი. თუ ბოლომდე ვერ გაიგეთ რატომ დავსვი ეს შეკითხვა, გაგახსენებთ, ვაისი-ბენიოფი ამტკიცებდნენ, ეურონისგან ისეთი ვილეინი გამოვთალეთ, რემზი პატარა ბავშვი მოგეჩვენებათო… საბოლოო ჯამში, ჯეიმი ლანისტერისა და ეურონის ეპიკურ დუელში ეს უკანასკნელი ისეთივე fuckboy-დ კვდება, როგორადაც სერიალში გამოჩნდა.


ალბათ, ერთადერთი რამ რაც ამ სერიაში რეჟისორებმა იდეალურად გადმოგვცეს, ძმები კლიგეინების ჯახი იყო. დანგრეული Red Keep-ის, ლაჟვარდოვანი ცისა და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონის ფონზე ისინი ერთმანეთს Mortal Kombat-ში შეებნენ. მათი ბრძოლა ნამდვილად შესანიშნავი იყო, ამ დუელის დროს დაიდო სწორედ ის ხარისხი, რომელსაც სამეფო კარის თამაშების საფინალო სეზონისგან ველოდით და ეს მაყურებელს ძალიან გვჭირდებოდა.


ლანისტერები


 


1 კვირის წინ რომ გეკითხათ, მტკიცებად დავიწყებდი, ჯეიმი მეფის საბიჯელში სერსის მოსაკლავად მიდის-მეთქი (მიუხედავად იმისა, რომ ვალონქარის ხაზი სერიალში უბრალოდ დაიკიდეს), რადგან მჯეროდა, რომ ჯეიმის პერსონაჟის 7 წლიან განვითარებას რაღაც დატვირთვა უნდა ჰქონოდა და წყალში არ უნდა ჩაყრილიყო. კარგი იქნება თუ გავიხსენებთ ბოლტონების სასახლეში აბაზანის სცენას, სადაც ჯეიმი გულს უშლის ბრიენს და ეუბნება, გიჟი მეფე ათასობით უდანაშაულო ადამიანის გადასარჩენად მოვკალიო, მაგრამ “ზარების” სერიაში ტირიონთან საუბარში აშკარად აღნიშნავს, ფეხებზე მკიდია დაიხოცება თუ არა ეგ ხალხიო. ფუჭად ჩაიარა ბრიენის რაინდად კურთხევის ცერემონიამ, მასთან ძილმა, მკვდრებთან ბრძოლაზე შენახულმა სიტყვამ და სხვა კეთილშობილურმა საქციელებმა. მათი სიკვდილი ნამდვილად ეპიკური იყო, ჯეიმიმ ის აღსასრული მიიღო, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა - საყვარელი ქალის მკლავებში, თუმცა რამდენად ეკუთვნოდა ასეთი რომანტიკული სიკვდილი სერსი ლანისტერს, ამაზე დავა შესაძლებელია…


ისევ გაურკვეველი რჩება, რატომ აღადგინა სინათლის ღმერთმა ჯონ სნოუ მკვდრეთით, რას აკეთებს ბრან სტარკი, ვინ არიან უსახო ადამიანები და თავად ჯაქენ ჰაგარი, კვლავ ვერაფერი ახალი ვერ შევიტყვეთ ვერც ღამის მეფეზე და ვერც რაიმე ფლეშბექი ვიხილეთ, წინ მხოლოდ 80 წუთი დაგვრჩა...


კომენტარები