GOT - სეზონი 8, სერია 4 (EXPLAINED)

( სიტყვა)

სატახტოთა თამაშების მე-8 სეზონის მე-4  სერია მარტივად ასე შეიძლება დავახასიათოთ: ნონსენსურ მე-3 სერიაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო, დაბალი სტანდარტის პირობებში შეიძლება ფინალური სეზონის საუკეთესო სერიაც კი იყო (ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა).


ნადიმი ვინტერფელში

 

სერია ნამდვილად სასიამოვნო სცენით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ვინტერფელის ომში ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს, მათ ბრძოლა მოიგეს, გამარჯვებას კი ყველაზე მეტად ღვინო უხდება. ნადიმის სცენები საპილოტე სერიას მოგვაგონებს, როცა ვინტერფელმა სამეფო ოჯახს უმასპინძლა, ეს ალუზია მაყურებელში აჩენს ერთგვარ განცდას, რომ ქარიშხალმა თითქოს გადაიარა და სიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა. მე-8 სეზონში უკვე მესამედ ჩნდება ჯონ სნოუს მგელსაზარა, თუმცა ამჯერად მხოლოდ იმიტომ, რომ საბოლოოდ გაქრეს სერიალიდან. ამ ფაქტმა სამართლიანად გამოიწვია მაყურებელთა გულისწყრომა, მათი ნაწილი ხუმრობდა კიდეც, HBO-მ CGI-ს ფული დაზოგაო. მართლაც, მოჩვენება ვინმე დარიო ნაჰარისი ხომ არ არის ასე უაზროდ რომ გაქრეს სერიალიდან ?!


დენერისი კიდევ ერთხელ იჩენს უდიდეს სულგრძელობას, ტარგარიანების დინასტიის დამამხობლის, რობერტ ბარათეონის ბუშს, გენდრის, გვარს უმტკიცებს და გრიგალის კიდის ლორდადაც კი აკურთხებს - ვესტეროსის ისტორიაში ეს ნამდვილად გამორჩეული მომენტია, როცა მონარქი აჯანყებული გვარის შთამომავლებს სწყალობს (შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ ცდილობდა რობერტ ბარათეონი ვისერისისა და დენერისის მოკვლას, ან რუს და რემსი ბოლტონები გადარჩენილი სტარკების)...


ჩემი აზრით, ნადიმის სცენის საკვანძო ეპიზოდი დენერისის რეაქციებია. მიუხედავად უდიდესი დანაკარგისა, იგი კმაყოფილია ღამის მეფის დამარცხებით, თუმცა ჯონის/ეიგონის მიერ გამხელილი სიმართლე სადარდებელში ამყოფებს. მართალია, მან დაიმსახურა ჩრდილოელების სიმპათია და პატივისცემა, თუმცა ამ საქციელითაც კი ვერ უტოლდება ჯონს. ხედავს რა, როგორ აღნიშნავს ყველა ჩრდილოელი გამარჯვებას სნოუსთან ერთად, დენი მშვენივრად ხვდება, რომ ეიგონ ტარგარიანის ამბის გასაჯაროების შემთხვევაში ტახტისთვის ბრძოლაში სერიოზული საფრთხე შეექმნება.


ჯონისა და დენერისის შეხვედრა პრივატულ სივრცეში გრძელდება, ეს იყო ერთგვარი მცდელობა ორივე პერსონაჟის მხრიდან, ურთიერთობა ძველ რელსებზე შეეყენებინათ. ჩვენ ვიცით, რომ სისხლის სიწმინდის შესანარჩუნებლად, ტარგარიანებში ინცესტი “მოსული” იყო, დენი ამ ისტორიებით იზრდებოდა და მისთვის გასაკვირი ამაში არაფერია, განსხვავებით ჯონისაგან. ყველაფრისდა მიუხედავად, ჯონმა დენერისს ერთგულება შეჰფიცა და მზად არის, ტახტი მას დაუთმოს…


ტახტის მემკვიდრე

 

ჯონი თავისი სიტყვის ერთგულია, თუმცა ოჯახიც ძალიან უყვარს, ამიტომ გადაწყვეტს, რომ თავისი ვინაობის შესახებ სანსასა და არიას გაუმხილოს იმ პირობით, რომ ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანენ.


სანსა პეტირ ბეილიშის მოწაფეა, მან მშვენივრად იცის როგორ ადვილად გადადის ინფორმაცია ერთი ადამიანიდან მეორეზე და რაოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას. ისიც მშვენივრად იცის, რომ თუ ეიგონ ტარგარიანის ამბავს ტირიონს მოუყვება, იგი აუცილებლად მიაღწევს ლორდ ვარისის ყურამდე, მისგან კი ადვილად გავრცელდება მთელს სამეფოში.


მრჩეველებმა დედოფალს უღალატეს... უღალატეს იმით, რომ ტახტის ალტერნატიული მემკვიდრის განხილვა დაიწყეს. ის, რომ სანსას ტახტზე ჯონის ასვლა სურს, სრულიად ბუნებრივია, რადგან ჯერ ერთი, ის მისი ოჯახის წევრია, მეორე კი ჯონის გამეფების შემთხვევაში, ჩრდილოეთი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა ტირიონისა და ვარისის ღალატი იმ მიზეზით, რომ დენი შეიძლება “mad queen” გახდეს, სრული აბსურდია, რადგან რეალურად, დენი ვესტეროსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და გულისხმიერი მმართველია, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არც ერთი მონარქი არ აკურთხებდა ლორდად მისი გვარის დამამხობლის ნაბიჭვარს, სწორედ დენიმ შესწირა თავისი არმიის ნახევარი და დრაკონი ჩრდილოეთის გადარჩენას, მან გაათავისუფლა მონები აღმოსავლეთში - მისთვის გიჟობის დაბრალება რბილად რომ ვთქვათ, უმადურობაა. ვესტეროსის ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მეფის სავანე დენერისის წინაპრებმა რამდენჯერმე აიღეს დრაკონების დახმარებით, თუმცა მათთვის გიჟი არავის უწოდებია, შეგვიძლია გავიხსენოთ ასევე მერინის ქრონიკებიც, როცა მონათმფლობელები ჯვარს აცვა დენერისმა, არც ამისთვის უწოდებია მისთვის ვინმეს გიჟი. მგონია, რომ დენის სიგიჟე თითიდან გამოწოვილია და ამ პატარა “შეთქმულებას” ვარისის ან ტირიონის სიცოცხლე შეეწირება.


ჯეიმი და ბრიენი

 

როგორც იქნა რაინდების ძალიან რომანტიკული ურთიერთობის ლოგიკური დასასრული ვიხილეთ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და ჯეიმი სულ ტყუილად გვეგონა, რომ გამოსწორდა. თურმე ისევ ისეთივე ნაბიჭვარია, როგორც პირველ-მეორე სეზონებში იყო. ფან-თეორია რომ ჯეიმი მეფის სავანეში სერსისთან შესარიგებლად კი არა, მის მოსაკლავად მიდის, შეიძლება ჯეიმისა და ბრიენის სასიყვარულო ხაზის ერთადერთი გადამრჩენელი სცენარი იყოს…


რეიგალის სიკვდილი

 

მესამე სერიის მერე რაღა გამაკვირვებს-მეთქი, ვფიქრობდი, თუმცა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შოუს ავტორებმა კინემატიკური სანახაობა ამჯობინეს სცენარის ლოგიკურ განვითარებას. როგორ დავიჯერო, რომ რამდენიმე ათეულ მეტრის სიმაღლეზე მფრინავმა დენერისმა ვერ შეამჩნია კლდის უკან დამალული იურონ გრეიჯოის გემები? ესეც რომ დაიჯეროთ, მაინც გაურკვეველია როგორ ვერავინ მიხვდა, რომ იქ შეიძლებოდა გრეიჯოების გემები ყოფილიყო (მეფის სავანე და დრაკონის ქვის კუნძული ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, თანაც იცოდნენ რომ მათ მეტოქეს “სკორპიონი” ჰქონდათ).


დენის კიდევ ერთი დრაკონის დაკარგვა ნამდვილად ტრაგიკულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება ძალიან მარტივად შეიძლებოდა. იყო ეს სცენარისტების კიდევ ერთი დიდი ჩავარდნა, თუ ვესტეროსის უდიდესი ტვინები მთლად ასეთი ჭკვიანებიც არ არიან? მამენტ, სადაც ის ვერ გათვალეს, რომ აკლდამაში მკვდრები აღსდგებოდნენ…


მისანდეი

 

ტირიონის მიერ საქმის დიპლომატიურად მოგვარების მცდელობა კრახით დასრულდა, მისანდეის თავი მოჰკვეთეს, მისი ბოლო სიტყვა კი იყო - Dracarys.


მაღალ ვალირიულზე Dracarys დრაკონის ცეცხლს ნიშნავს, ეს ის სიტყვაა, რომლითაც დენერისი დროგონს მიმართავს ცეცხლის გამოშვებამდე. ერთი გაგებით, მისანდეის Dracarys შეიძლება ნიშნავდეს დედოფლის მიმართ უკანასკნელად გამოხატულ ერთგულებას, მეორეს მხრივ კი იმას, რომ შენს მტერს ცეცხლი და სისხლი მოუვლინე, როგორც ჩემს ყოფილ ბატონსო…



მიუხედავად იმისა, რომ მთელი ფინალური სეზონის განმავლობაში კრიტიკას არ ვიშურებთ და შოუს შემქმნელებს მკაცრად ვსაყვედურობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ სერიალის ნახვისას მაინც უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ და მოუთმენლად ველით საგის დასასრულის ხილვას. (იქნებ ამის შემდეგ მაინც გამოუშვას მარტინმა წიგნები და ნორმალური სიუჟეტი წავიკითხოთ)...






კომენტარები