არც ისე გრძელი ღამე - განხილვა

( სიტყვა)

საიდან დავიწყო არც კი ვიცი… მერე ამისთვის არ გვეცლება, ამიტომ ახლავე გეტყვით, რომ მე-3 ეპიზოდი სამეფო კარის თამაშების ისტორიაში მრავალი თვალსაზრისითაა გამორჩეული. სერიის გადაღებები ზედიზედ 55 ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ლეგენდარული მიგელ საპოჩნიკი ხელმძღვანელობდა. ემილია კლარკის თქმით, მუშაობა -14 გრადუსში უწევდათ, რაც გადაღების პროცესს ძალიან ართულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ამ ეპიზოდის გადაღება დაახლოებით 15 მილიონი დოლარი დაჯდა და მასში 750-მდე მსახიობი მონაწილეობდა.


მე-3 ეპიზოდში შედგა სამეფო კარის თამაშების საგის მთავარი დაპირისპირება, რომელსაც 10 წელი ველოდით, თუმცა მაყურებელთა უმრავლესობისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, აღნიშნული დაპირისპირება ძალიან დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. გაჩნდა უამრავი კითხვა: რას აკეთებდა წითელი ლედი ვოლანტისში მთელი მე7 სეზონის განმავლობაში? რატომ არ გამოჩნდა რიკონ სტარკი ან რომელიმე ნაცნობი სახე აკლდამის სცენაში? საერთოდ რატომ დაეთმო ამხელა დრო აკლდამის ეპიზოდს, თუ არცერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი არ უნდა მომკვდარიყო? რატომ არ აქვთ მგელსაზარებს უფრო შინაარსობრივი დატვირთვა? რატომ გაუმხილა ჯონ სნოუმ თავისი ნამდვილი ვინაობა დენის დიდ ბრძოლამდე, თუ ეს ომი მაინც არაფერს შეცვლიდა?


თითქმის ყველა ფან-თეორია, რომლებიც მკვდარ-ცოცხლების ბრძოლას შეეხებოდა, იქნებოდა ეს 20 წლის წინანდელი წიგნის მიხედვით შედგენილი თუ რედითის გუშინდელი პოსტი, გაცილებით უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ნამდვილი სცენარი.  


დასაწყისი


 



სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, სერიის დასაწყისი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. რეჟისორებმა მოახერხეს და  ვინტერფელში მყოფთა სახეებზე იდეალურად აღბეჭდეს სიკვდილის შიში, პერსონაჟთა ამგვარი ემოციები მაყურებელსაც ეხმარება სრულად გაისიგრძეგანოს მკვდართა არმიისგან მოსალოდნელი საფრთხე, რომ ეს ღამე შეიძლება ჩვენი საყვარელი პერსონაჟებისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.


ვინტერფელში დაბრუნებულმა წითელმა ლედიმ დოთრაკიელთა არახები ააგიზგიზა და ომიც დაიწყო. მათ სურდათ, რომ ვინტერფელის გალავანთან, დაცვის სისტემებთან მოახლოებული მტერი უკვე დასუსტებული ყოფილიყო, გასაგებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, შენზე რაოდენობით 5-ჯერ მეტ მეტოქესთან ღია ველზე შებმა, რბილად რომ ვთქვათ, სულელური ნაბიჯია. ასე და ამგვარად, ერთი შეტევის დროს პოეტურად, თუმცა მაინც უაზროდ დაიღუპა დოთრაკიელთა მთელი მოდგმა.


ჟანრების ცვალებადობა  


 


“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა მაყურებელში ინტერესი. წინასწარვე ვიცოდით, რომ თითქმის მთელი ეპიზოდი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის ბრძოლას უნდა დათმობოდა, - მუდმივი ბატალიები კი დამღლელი და მოსაბეზრებელია. გვინდოდა, მოგვეყოლა თანმიმდევრული ისტორია და ეს უბრალოდ იარაღების ჭახა-ჭუხი არ ყოფილიყო.  თავიდანვე შევთანხმდით კონცეტრული წრეების არსებობაზე, უნდა განადგურებულიყო ვინტერფელის დაცვითი სისტემები, ჩამოშლილიყო კედლები, მკვდრები უფრო და უფრო უნდა მიახლოებულიყვნენ ციხის შუაგულთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მაყურებლის განწყობის შესაქმნელად განათება იყო. ბრძოლა იწყება მთვარის შუქზე, თუმცა ღამის მეფის მოსვლასთან ერთად იწყება შტორმი. შემდეგ ვხვდებით თხრილების აალების სცენას, რომელიც მთლიანად ანაცვლებს სილურჯეს და სწორედ ამ მომენტიდან ყველა პერსონაჟისთვის ჯოჯოხეთი დგება.” - ამბობს დანიელ ვაისი.


“როცა ვიზუალურად განსხვავებულ სცენებს ხედავ, თითქოს ეპიზოდს თავიდან უყურებ და ეს მაყურებლისთვის ნამდვილი შვებაა, თუმცა გვინდოდა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავსულიყავით და გადავყვიტეთ, რომ თითოეულ მონაკვეთს თავისი ჟანრი ჰქონოდა. I ნაწილი (მკვდრებთან შეტაკების მოლოდინი) დაძაბულობისა და მზადების პროცესია, მონსტრთან შესახვედრად საუკეთესო მომზადება კი მაშინ ხდება, როცა თავად მონსტრს ვერ ხედავ. II ნაწილი იწყება მაშინ, როცა არია ვინტერფელის ბიბლიოთეკაში შედის და ეს უკვე ჰორორის ჟანრია. III ნაწილი კი ექშენის ჟანრის ფილმია, რომელიც ჯონ სნოუს ინდივიდუალურ ბრძოლებთან ერთად ვითარდება და ღამის მეფის სიკვდილით სრულდება” - საპოჩნიკი.


სტარკების აკლდამა

 


სტარკების აკლდამის ეპიზოდი ნამდვილად ლოგიკური და ბუნებრივი იყო, თუმცა მაინც ჩნდება რამდენიმე შეკითხვა. ვინტერფელელებმა მშვენივრად იციან, რომ ღამის მეფეს გარდაცვლილთა წამოყენება შეუძლია, თუმცა ქალები და ბავშვები მკვდრებით სავსე აკლდამაში მაინც ჩაუშვეს, ნუთუ არც ერთი პერსონაჟი გამოდგა საკმარისად ჭკვიანი, რომ ეს არც თუ ისე რთული მიგნება გაეკეთებინა !? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამ ეპიზოდში რიკონ სტარკი რომ გვეხილა, სცენა გაცილებით ეპიკური იქნებოდა.


ბატალური სცენები


 


მე-3 სერიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად ბატალური სცენები მიმაჩნია, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ, მთლად ეგეთი მაგარიც არ ყოფილა. კიბატონო, გრძელი იყო და თანაც საკმაოდ რეალური, თუმცა ზოგჯერ ისეთი სიბნელე იყო ლეპტოპთან ერთად ტრიუკების კეთება მიწევდა რამე რომ დამენახა. საბრძოლო ტაქტიკები საშინელი იყო: როგორც უკვე ვთქვი, ვესტეროსის გამორჩეული მებრძოლები, დოთრაკიელები, საზარბაზნე ხორცად იქნენ გამოყენებულნი. ჯონი და დენერისი კარგა ხნის განმავლობაში უთავბოლოდ დაფრინავდნენ ღრუბლებში და არც ახსოვდათ ხოლმე მიწაზე მიმდინარე ომი, ვინტერფელის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი (ქალები, ბავშვები, ტირიონი და ვარისი) ნამდვილ სასაკლაოში ამოკეტეს, მერე კი დენერისი სრულიად უმიზეზოდ იჯდა შუა ბრძოლის ველზე და ვერც კი შეამჩნია დროგონს ზურგზე მკვდრების მთელი კოჰორტა რომ ააღოღდა. ღამის მეფემ და ვერცერთმა მისმა გენერალმა ვერ შეამჩნია უკნიდან მოპარული პატარა გოგო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სერიაში, მკვდრებიც და ცოცხლებიც სულელებივით იქცეოდნენ. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რომ მე-3 სერიია ბენიოფისა და ვაისის შექმნილია, ვიფიქრებდი, რამე ძერსკი ექსპერიმენტია და ისეთ ტიპს დააწერინეს სცენარი, სერიალი საერთოდ რომ არ აქვს ნანახი მეთქი.

არც ისე გრძელი ღამე


 


სერიის (და შეიძლება მთლიანად სერიალის) მთავარი ეპიზოდი არია სტარკის მიერ ღამის მეფის მკვლელობა იყო და სწორედ ამ ეპიზოდზე გავამახვილებ ყურადღებას… შვიდი სეზონის განმავლობაში ვისმენდით, რომ ზამთარი ახლოვდება, და რომ მხოლოდ ზამთრის უნდა გვეშინოდეს, რადგან მოვა 100 ფუტის სიმაღლის თოვლი, მზე წლების განმავლობაში გაქრება, ბავშვები დაიბადებიან და მოკვდებიან წყვდიადში, თეთრი მოხეტიალეების ზეობა თაობების განმავლობაში გაგრძელდება, მეფეები თავიანთ სასახლეებში გაიყინებიან, მწევრები - გალიებში, ცხენები - თავლებში, მკვდარ ცხენებზე ამხედრებული თეთრი მოხეტიალეები კი ყინულის გიგანტური ობობებით ინადირებენ, - ეს ყველაფერი ძილისპირული ისტორია აღმოჩნდა, რადგან ჰოპ, და არია სტარკმა საგის ყველაზე დიდი ვილეინი იმავე ილეთით გამოასალმა სიცოცხლეს, რომელიც რამდენიმე ეპიზოდის წინ ბრიენს გაუკეთა. ბრძოლა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ველოდით დაასრულა არია სტარკმა, რომელიც, ალბათ, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო (შეგახსენებთ, რომ ღამის მეფეს უკან 10-ზე მეტი თეთრი მოხეტიალე მოჰყვებოდა, კიდევ უფრო უკან კი ასობით მკვდარი ჯარისკაცი იდგა, მათი შეუმჩნევლად გავლა კი უსახო ადამიანებისთვისაც კი წარმოუდგენელი მისიაა).


ღამის მეფის სთორილაინი დასრულდა ისე, რომ ჯერ-ჯერობით მის შესახებ ახალი არაფერი გაგვიგია. ვლადიმერ ფურდიკის პერსონაჟის მიმართ კვლავ რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ ღამის მეფე ისე მარტივად დამარცხდა, რომ რეალურად 7 სამეფოს ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია, მაშ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, საერთოდ რა საჭირო იყო ჩრდილოეთის კედელი და ღამის საგუშაგო ?


1-4 სეზონების განმავლობაში თვალს ვადევნებდით სატახტოთა თამაშებს, მის ფონზე კი ვხედავდით ჩრდილოეთში აღზევებად დაუმარცხებელ ძალას, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის წარმოადგენდა იმხელა საფრთხეს, რომ მასთან შედარებით სამეფო კარის თამაშები საბავშვო გასართობი გეგონებოდათ, თუმცა ეს საფრთხე განეიტრალდა ისე, რომ ნახევარ სამყაროს არც კი უგემია მისი რისხვა.


მხოლოდ მე-3 ეპიზოდის პრელუდია რად ღირდა: მე-8 სეზონის პირველ და მეორე სერიებში ვიხილეთ განწირული, სასოწარკვეთილი, სიკვდილთან მებრძოლი პერსონაჟები, თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაში მხოლოდ რამდენიმე, ისიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი დაიხოცნენ - ჯორაჰ და ლიანა მორმონტები, ბერიკ დონდარიონი, მელისანდრა, ედ ტოლეტი და თეონ გრეიჯოი - რეალურად, მათ სიკვდილში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ყველამ ვიცოდით ეს პერსონაჟები მე-8 სეზონის ბოლომდე რომ ვერ გადარჩებოდნენ.


საკმაოდ სუსტად იყო წარმოჩენილი გრძელ ღამეში ბრენდონ სტარკის როლი. საერთოდ გაუგებარია რას აკეთებდა სამთვალა ყორანი გრძელი ღამის დროს, სად გაუშვა ყორნები, სად და რატომ იმოგზაურა ? ან რითი დაეხმარა ეს ყველაფერი ცოცხლებს ომის მოგებაში? - სერიის ეს ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს…


საერთოდ რა როლი აქვს სერიალში მელისანდრეს? მთელი ეს სინათლის ღმერთის, მკვდრეთით აღდგომებისა და ნაწინასწარმეტყველევი პრინცის ამბები იმიტომ შეითხზა, რომ მე-8 სეზონის მე-3 ეპიზოდში ხმლები აენთო და არიასთვის ეთქვა, წადი ღამის მეფე მოკალიო !?


საერთოდაც, როგორ მოკლა არიამ ვალირიული ფოლადით ღამის მეფე, როცა ვიცით, რომ მას დრაკონის ცეცხლი ვერ კლავს, ვალირიული ფოლადი კი დრაკონის ცეცხლისგან იწრთობოდა ?!  ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ამ ხანჯლის წარმომავლობაში ვიპოვოთ, - სერიალიდან ვიცით, რომ ის ტარგარიენებს ეკუთვნოდა. ციტადელში სემის ყოფნის დროს კი გავიგეთ, რომ ძველი ტარგარიენები დრაკონის მინით ხშირად აფორმებდნენ სხვადასხვა იარაღს ისე, რომ არც იცოდნენ მისი ნამდვილი დანიშნულება. შესაძლოა, ეს ხანჯალიც დრაკონის მინით არის გაფორმებული, ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო რეალური ხდება - ღამის მეფე მოკვდა იმ იარაღით, რომლითაც შეიქმნა.


რომ შევაჯამოთ, ეს ის არ იყო, რასაც მე-3 ეპიზოდისგან ველოდით. ჩვენ ველოდით მთავარი, ღირებული, მნიშვნელოვანი პერსონაჟების სიკვდილს და მთავარი სთორილაინის, მკვდრებისა და ცოცხლების, კულმინაციას, ეს კი მოხდა ყველაზე ბანალური გზით, რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა.


ღამე არც ისეთი გრძელი აღმოჩნდა, როგორც გვპირდებოდნენ, ამიტომ, ჩემი აზრით, სერიალის მე-4 ეპიზოდი HBO-მ ბოდიშით უნდა დაიწყოს, შემდეგ კი უამრავი ფლეშბექი შემოგვთავაზოს, რომელთა წყალობითაც საბოლოოდ ამოვხსნით ღამის მეფისა და ტყის შვილების, უსახო ადამიანებისა და სხვათა საიდუმლოებებს...

GOT - სეზონი 8, სერია 4 (EXPLAINED)

GOT - სეზონი 8, სერია 2 (EXPLAINED)

კომენტარები