შურისმაძიებლები: დასასრული (Fan Theories)

( სიტყვა)

26 აპრილს მსოფლიო მარველის კინოსამყაროს ახალ შედევრს Avengers: endgame-ს იხილავს, რომელიც “შურისმაძიებლებისა” და “უსასრულობის ომის” შემდეგი ეპიზოდია. ფანები სულმოუთქმელად ელიან იმის გაგებას, თუ რა ბედი ეწიათ მათ საყვარელ გმირებს. თრეილებერიც უკვე ვნახეთ და დროა იმ თეორიებზე ვისაუბროთ, რომლებსაც თითოეული მარველის  ფილმის გამოსვლამდე გვთავაზობენ ხოლმე მარველის ფანები.
 

თეორიათა მრავალფეროვნება მკითხველს საგონებელში აგდებს. მაგალითისთვის, არსებობს სცენარის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი, სახელად თანუსი, რომლის მიმდევრებსაც სჯერათ, რომ ენთმენი დაპატარავდება, თანოსის ანალურ ხვრელში შეძვრება და, როგორც კი ამ უკანასკნელის სხეულში შეაღწევს, გაიზრდება და ვილიანს სიცოცხლეს გამოასალმებს. სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ მარველის ფილმში რომელიმე პერსონაჟის სიკვდილის მიზეზი ანალური ინტერვენცია იქნება, თუმცა დამეთანხმებით, რომ ნამდვილად სახალისო თეორიაა.

აი სცენარის განვითარების 10 შესაძლო ვარიანტი, რომელებიც შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს:


1.დროში მოგზაურობა

 

რეალურად, თეორიათა უმრავლესობაში, დროში მოგზაურობაა ჩართული - დროში უკან დაბრუნება და თანოსის მოკვლა მანამ, სანამ ის ქვებს შეაგროვებს ან თითებს დაატკაცუნებს.

შესაძლოა, შურისმაძიებლებმა თანოსს დროის ქვა გამოსტაცონ და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნონ ან ენთმენი კვანტურ რეალობაში გადავიდეს, რომელშიც დრო და სივრცე არარელევანტურია და თანოსი მოკლას წარსულში - მანამ, სანამ რესურსების სასრულობის იდეა მოუვა აზრად.

ფანების ნაწილი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ტონი სტარკის მიერ “კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომისთვის” შექმნილ B.A.R.F ტექნოლოგიას გამოიყენებენ, დროში უკან დაბრუნების სიმულირებას მოახდენენ, რათა გაიგონ რეალურად სად შეცდნენ (ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ ვარსკვლავურ ლორდად წოდებული პიტერის ბრალია ყველაფერი).


2.სტივ როჯერსი მოკვდება

 
კეპი სხვა დროის ადამიანია, მიუხედავად უამრავი ცდისა, ოცდამეერთე საუკუნეში თავი ისე ეგრძნო, როგორც სახლში, მან ეს მაინც ვერ შეძლო. საბოლოოდ, მთელი ქვეყანა გადაიკიდა და მეგობრებიც კი დასაჭერად დასდევდნენ.

სტივი შურისმაძიებლების მამოძრავებელი ბირთვია, მას სულ შეეძლო დემორალიზებული წევრების ერთად შეკრება და მათთვის მოტივაციის მიცემა. მოკლედ, იდეალური გმირის სახეა, თუმცა მის ბოლოდროინდელ აუტსაიდერობას ვერსად გავექცევით. ფანების ნაწილის აზრით, პერსონაჟმა თავი ამოწურა, მისი გამოკლება საერთო განტოლებიდან კი ახალი შეჯიბრი იქნება დარჩენილ პრესონაჟებს შორის, რათა მოიპოვონ განახლებული შურისმაძიებლების მეთაურის ტიტული.

ამბობენ იმასაც, რომ როჯერსი მოკვდება, თუმცა კაპიტანი ამერიკა დარჩება და მის “კოსწიუმს” სხვა მოირგებს. მარველის კომიქსებში სემ უილსონსაც და ბაკი ბარნსსაც აქვთ ეს როლი მორგებული სხვადასხვა დროს, ასე რომ, შეიძლება ეს ბოლო ფილმია, რომელშიც როჯერსი თავისი ძალითა და სულისკვეთებით მიიპყრობს მაყურებელთა ყურადღებას.



3.ტონი სტარკი მოკვდება

 
რობერტ დაუნი უმცროსმა უკვე ათ ფილმში შეასრულა ტონი სტარკის როლი 11 წლის განმავლობაში. მისი პერსონაჟის წვლილი მარველის კინოსამყაროს განვითარებაში უდიდესია, სწორედ მან დაიწყო MCU და, ფანების ნაწილის აზრით, სიმბოლური იქნება მისი დაღუპვა 22 ფილმში.

თუმცა, ზუსტად ვერავინ გეტყვით, თუ როგორი სიკვდილი ელის ტიტულოვან შურისმაძიებელს, თავს გაწირავს საყვარელი ქალისთვის თუ ძველი მეგობრის, კეპისთვის, მიუხედავად იმ უთანხმოებისა, რაც ამ ორს აქვს? ყველა კითხვას პასუხს პრემიერა გასცემს, თუმცა ტონის დაღუპვა მაინც დიდი დარტყმა იქნება პერსონაჟების უკვდავობაში დარწმუნებული ფანებისათვის.

 

4.არავინ მოკვდება

 

არც ისე ლოგიკასმოკლებული თეორიაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თან თუ მარველის პერსონაჟების დაღუპვის სტატისტიკას გადავხედავთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი პერსონაჟის გამოთიშვა პოტენციური შემოსავლის ხელიდან გაშვება იქნება. პერსონაჟის მოსპობაზე მომგებიანია მისი უკანა პლანზე გადაწევა და კამეოებისთვის გამოყენებაა, რაც შემოსავლის მომტანიც იქნება და ფანებიც ნაკლებად განაწყენდებიან.

ჩემი აზრით, ვიღაც მაინც აუცილებლად შეუერთდება სტენ ლის, რაც მარველის კინოსამყაროს ზოგად სურათს გააუმჯობესებს და DC-ის ფანებიც შეწყვეტენ “ბავშვურიას” ძახილს.

5.გამორა შეაჩერებს თანოსს

 

მაყურებელთა ნაწილის აზრით, გამორა არ მომკვდარა, ის სულის ქვაშია ჩაკეტილი და დიდ როლს ითამაშებს ახალ ფილმში. შესაძლოა, ქვიდან გამოღწევა და თანოსის მოკვლა შეძლოს ან მისმა გავლენამ ნახევარი სამყაროს გამანადგურებელ თანოსს გული მოულბოს. ისიც შესაძლებელია, დის სიკვდილისათვის (და არამარტო) შურისმაძიებელმა ნებულამ განგმიროს “ვილიანი”. სიმართლე გითხრათ, არც ის მჯერა, რომ ნებულა თანოსის მოკვლას შეძლებს და არც ისეთი მარტივი მგონია სულის ქვიდან გამოღწევა, როგორც ეს შეიძლება მავანთ ეგონოთ, თუმცა, ჩემი აზრით, გამორა ნამდვილად ცოცხალია, ისევე, როგორც სხვა ფერფლად ქცეული პერსონაჟები.

6.ყველაფერს თანოსი გამოასწორებს

 
უსასრულობის ომი უფრო მეტად თანოსის ისტორიაა, ვიდრე შურისმაძიებლების. ის მთავარი მსახიობია და არსებობს მოსაზრება, რომ თავის გაფუჭებულ საქმეს თანოსივე გამოასწორებს. ის თანაბრად მოგვევლინება, როგორც გმირი და ვილიანი.

თანოსი არასოდეს ყოფილა კომიქსის კლასიკური ბოროტმოქმედი, იგი არ იბრძოდა თავისი თავისთვის, რესურსების სასრულობის იდეა დაიჯერა და თავი იმ იარაღად წარმოიდგინა, რომელსაც სამყარო გამოიყენებდა გადასარჩენად. თანოსმა გამორაც კი გაწირა, ერთადერთი არსება, რომელიც უყვარდა. მე მის ბრძოლაში ბევრად მეტ თავგანწირვასა და მიზანსწრაფულობას ვხედავ, ვიდრე ნებისმიერი “ცუდი ბიჭის” ისტორიაში.

ფილმის ბოლოს, როცა ახალგაზრდა გამორა თანოსს ეკითხება, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი, თანოსი არაფერს პასუხობს, ასე რომ, არ არის გამორიცხული, არაორდინარული ვილიანის ისტორია არაორდინალურადვე დასრულდეს..

7.ტონი მისი და პეპერის თინეიჯერ შვილს შეხვდება

 
2018 წელს, რამდენიმე გამომცემლობა წერდა იმაზე, რომ კეტრინ ლენგფორდი მარველის კინოსამყაროში საიდუმლოდ დაიქირავეს როლის შესასრულებლად, მსახიობმა ფოტოც კი გამოაქვეყნა, რომელშიც თმა წითლად აქვს შეღებილი. ამ თეორიის მიხედვით, ლენგფორდი ტონის თინეიჯერი შვილის როლს შეასრულებს.

უსასრულობის ომში, ტონი თავის პირველივე, სცენაში პეპერს ეუბნება, რომ მის სიზმარში ის ორსულად იყო. პეპერი ორსულობას უარყოფს, თუმცა იქნებ არ იცოდა? ან უბრალოდ სიურპრიზის გაკეთება უნდოდა? მთელი ფილმის განმავლობაში ამ საკითხს არავინ დაბრუნებია და, ფანების ღრმა რწმენით, ეს მხოლოდ იმიტომ არ მომხდარა, რომ დროის რესურსი ისედაც შეზღუდული იყო. სავარაუდოა, რომ პეპერის ორსულობის შესახებ ენდგეიმში შევიტყობთ და თუ დროში მოგზაურობაც იქნება ჩართული, ტონი თავის თინეიჯერ შვილს იხილავს.

8.ყველა პარალელურ სამყაროშია

 
როცა თანოსმა თითები დაატკაცუნა, სამყაროში არსებული სიცოცხლის 50 პროცენტი მოსპო, თუმცა, ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ფერფლადქცეულები უბრალოდ პარალელურ სამყაროში არიან, რომელშიც პიტერ პარკერი და დოქტორი სტრეინჯი უკვე ცდილობენ იპოვონ გამოსავალი სიტუაციიდან.

 

ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ MCU ორად გაიხლიჩება და პარალელურად იარსებებს, რაც აბსურდია. სიმართლე გითხრათ, არც დაფერფვლაა მაინცდამაინც პარალელურ სამყაროში გადასვლისთვის დამახასიათებელი ტრანსფორმაცია.

9.ყველა სულის ქვაშია

 
ფანები საყვარელ გმირებს ვერ ელევიან და ცდილობენ გამოსავალი იპოვნონ. ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი არის იდეა, რომ დაფერფლილები უბრალოდ სულის ქვაში არიან გამოკეტილნი, როგორც (შეიძლება) გამორა. ერთი შეხედვით, ყველაფერი იხსნება და პერსონაჟების დაბრუნების იმედიც ჩნდება, თუმცა, საქმე ის არის, რომ მიუხედავად წითელი თავისქალას კამეოდან მიღებული ინფორმაციისა, მაინც არავინ იცის ზუსტად, თუ როგორ მუშაობს სულის ქვა. შესაძლოა, მას გამორას სული აკონტროლებს და სწორედ მან გადაარჩინა სამყაროს ნახევარი დაღუპვას. როგორ? სულები “დაასეივა”.

10.თანოსი ფილმის პირველ ნაწილშივე მოკვდება

 

უსასრულობის ომის დროს, შურისმაძიებლებთან არ იყო კაპიტანი მარველი და თორმა “სთორმბრეიქერი” ფილმის ბოლოსკენ მოიპოვა. მარველი ენდგეიმში თავიდანვე გამოჩნდება, თუ შავი ქვრივის თრეილერში ნანახ ვარცხნილობას დავუჯერებთ და გმირები მარტივად შეძლებენ თანოსის დამარცხებას, თან უკვე იცის თორმა, თუ სად უნდა ესროლოს თანოსს თავისი იარაღი. ამ თეორიის თანახმად, ნახევარი სამყაროს გამანადგურებელს პირველ 20 წუთში მოეღება ბოლო, დარჩენილ დროს კი გმირები იმის ძიებას დაუთმობენ, თუ როგორ დაიბრუნონ მეგობრები.

როგორც ხედავთ, ფანების ფანტაზია მართლაც უსაზღვროა. დამიჯერეთ, კიდევ უამრავ საინტერესო და შემაძრწუნებელ თეორიას გადააწყდებით ფანების ბლოგებსა თუ ფორუმებზე. ზოგი შესაძლო სცენარი ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, არსებობის უფლება ყველა მათგანს აქვს. უტყუარ პასუხებს მხოლოდ ფილმი გაგვცემს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბილეთებს ან ფილმის პირატულ ვერსიებს დაველოდოთ და ვისიამოვნოთ.

 

ავტორი

ჩელე

კომენტარები