,,ჩემი ენა 14 ანბანს შორისაა, ბრატ“

( სიტყვა)

,,ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს,“ - ამბობს ილია.

   

,,ჩემი ენა 14 ანბანს შორისაა, ბრატ,“ - ამბობს ჩემი მეზობელი კახა.

    

,,ეჰ,“ - ვამბობ მე.

    

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ დღესაც ოფიციალურმა მოსკოვმა გადაგვიწყვიტა მოკავშირე ქვეყნების ენებს სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამორთმეოდათ. თუმცა, როგორც ამბობენ, სამშობლოს არვის ვართმევდით და არც არვინ უნდა შეგვცილებოდა.

    

არაფერი აერთიანებთ ადამიანებს ისე, როგორც საერთო ტკივილი და პროტესტი. სწორედ ამიტომ, მთელი საქართველომ დაირაზმა და დაიწყო ის, რაც დაიწყო: რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები და საბოლოოდ, მაინც გავიტანეთ ჩვენი. 1978 წლის 14 აპრილს ქართულს  სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

   

ფაქტი ფაქტად, ხოლო საქართველოს მთებში რომ ,,ზენამ ხმათა ხავერდებისა და ღმერთების ენა“ გააჩინა, ეს საიდუმლო არ არის. მეტიც, სადაც კი შეგვიძლია, ყველგან ვამბობთ, რომ ილიას, აკაკის, გალაკტიონის ენას, რუსთაველისა და სულხან-საბას ხელიხელ საგოგმანებ მარგალიტს ვდარაჯობთ. მაგრამ არის კი ის ჩვენი ენაც? ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწერა. მთავარი სიტყვები უკვე ნათქვამია. რა გინდა, რომ ასეთ დროს გააკეთო?! ველოსიპედს თავიდან ვერ გამოიგონებო, უთქვამთ და ვხვდებით, რომ ,,ლურჯა ცხენები“ თავიდან ვერ დაიწერება. რატომ გავთითოკაცდით? - იკითხავს, ალბათ, ზემოთ ხსენებული ერის ბურჯი და ჩვენც ბრინჯივით დავიბნევით. პირველ რიგში, იმიტომ რომ 2 საუკუნის წინ გარდაცვლილი ადამიანი ჩაგვძახის. მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ენა რომ ხელიდან გვეცლება, ცხადია, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა?! ,,წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.“ აი, ვდგავართ, მივდივართ, მოვდივართ, მაგრამ ეს ენა სულაც არ ყოფილა ქვიშა. ტალახი ყოფილა - როგორც გინდა, ისე მოზელ,. რა ფორმასაც გინდა, იმას მისცემ. საკუთარ სურვილებს მოარგებ, გამოიყენებ და მიაგდებ.

არ მაქვს სტატისტიკა იმისა, თუ რამდენად გავრცელებულია ენაზე ფიქრი. თუმცა, სიტყვაზე მენდეთ, დღე არ გავა, მასზე არ ვიფიქრო.

    

  

 

    

დაისია. მეწამული ფერი დაჰკრავს ღრუბლებს... ბაბუაშენმა კი გასწავლა, ეს ქარს მოასწავებსო. ქარი არ მოგწონს, რადგან სახსოვრად მისი უცებ ჩადგომის შიში გაქვს დატოვებული. ამიტომ, უკმაყოფილო ხარ. არა უშავს. შენამდე მანქანების ხმაური ისმის. არ გაინტერესებს. ირგვლივ სიცარიელეა. შენ შენს საყვარელ წიგნს გული ვერ დაუდე. ,,ტეტრისი“ ითამაშე და ყველა ხელი წააგე. ხოლო შავი ხვრელი სულაც არ ყოფილა იდუმალებით მოცული სილაჟვარდე. სწორედ ის დროა, კაეშანს მიეცე.

      

ეს აბზაცი იმიტომ დავწერე, რომ ძალიან მინდოდა სიტყვა ,,კაეშანი“ გამომეყენებინა. წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც სიტყვა მოგწონს, მაგრამ ხშირად ვერ იყენებ, რადგან ის გაცილებით მარტივმა სინონიმებმა ჩაანაცვლეს. ისეთებმა, როგორებიცაა: ,,სევდა“, ,,დარდი...“ ,,რა კაეშანი, შენი ჭირიმე,“ - იტყვით და მართალიც იქნებით. რა კაეშანი?! არადა, დააკვირდით, როგორი ლამაზი სიტყვაა. თან გულში იმეორეთ და მიხვდებით, რომ მსუბუქი ნაღველი შემოგაწვათ.

      

ქართულმა ენამ ვერ ,,გაუქაჩა“ სამყაროს განვითარების ტემპს. - ეს სიტყვები იმდენად ხშირად მაქვს გაგონილი სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ყველას ჯვარი სწერია. ჩვენ ვამბობთ, რომ ენა დაგვიბერდა, ფეხი ვერ აუწყო სამყაროს რუტინას, რადგან ვიღაცები ყოველდღე ახალ პლანეტებს პოულობენ. ჩვენ კი, ავდექით და მეტროს ქვეგრიალა დავარქვით და სოსისს მოწოწნიკი. სკოლაში გვასწავლიან, რომ ჩვენი ანბანი მსოფლიოს 14 ანბანურ დამწერლობას შორისაა.  მერე კი შვილებს ვუმეორებთ. ისინიც მდუმარედ გვიქნევენ თავს და საკუთარ სოციუმში (აცრ* ბაბლში) ავრცელებენ ამ უდიდეს ამბავს. სინამდვილეში კი იმას გეტყოდით, რომ კაციშვილმა არ იცის, ზუსტად რამდენ ანბანს შორისაა ჩვენი დამწერლობა, რადგან კაციშვილს არ დაუყენებია საკითხი ასე.  ასე. სამყაროში უამრავი დამწერლობა არსებობს და, დიახ, ქართული თავისთავად არის მათ შორის ერთ-ერთი, მაგრამ რატომ მაინცდამაინც 14? იმასაც კი ვერ ვიტყვით, 14 საკრალური რიცხვი არის ქართველებისთვის და ასე გადაწყდაო. 7 ან 9 რომ ყოფილიყო, კიდევ მოვიფიქრებდი რამეს. ბიბლიურ ამბებს დავუკავშირებდი, მაღალმთიანი სოფლების ცრურწმენებსა და ფოლკლორის ნიმუშებს, მაგრამ ახლა რა გინდა, რომ ქნა? რა 14? მაშ, 14?

 

რატომ ვიჯერებთ ყოველივეს ასე გულუბრყვილოდ? ნუთუ ასეთი რთულია იმის შენარჩუნება, რაც ხელის გაწვდენაზეა ჩვენგან?!

 

„მე პირადად ენა იმისთვის მჭირდება, რომ სხვა ადამიანს გავაგებინო, თუ რა მინდა, ხოდა რა მნიშვნელობა აქვს, ვიტყვი ,,ლიმონით“ თუ ,,ლიმნით“?  საბოლოოდ, მაინც ხომ ის გამოდის, რომ ჩაი მინდა?“ - ამბობს ჩემი ზემოთ ხსენებული უბნელი კახა, რომელსაც დილიდან ,,ჩიკუშკა“ არაყი აქვს ჩადგმული. ეს უბრალოდ პოზაა, თორემ ვუყურებ და წვეთი არ აქვს დალეული. კახას თვალში ავტორიტეტი მაქვს. ამიტომ, ხანდახან კროსვორდებსაც კი მავსებინებს ხოლმე. მაგრამ რაღაცნაირები არიან ასეთი კაცები. ერთხელაც ისეთ კითხვას გისვამენ, ხვდები, რომ პასუხის გასაცემად გონება უნდა მოიკრიბო და ყველაფერი უნდა დადოთ ბიჭებმა. თან ასეთი კაცები რაღაცნაირად გიყურებენ - ჯოკერის თამაშის დროს რომ ეწევიან. მათი ჩამოსვლის დროს ცალი თვალი მოჭუტული აქვთ,  სიგარეტის ბოლმა თვალი რომ არ აუწვათ. აი, დაახლოებით ეგ სახე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ოღონდ სიგარეტისა და კარტის გარეშე. კახა უბრალოდ ასეთია. ამ დროს ხვდები, შანსი არაა კახას აუხსნა, რომ ყველაფერი პირობითია; რომ ფიუსეისა და თესეის თეორიებს არც ისეთი განსხვავებული საფუძვლები არ აქვს, რომ ყველაფერი ქარია და ჩვენება. აბა, რანაირად აუხსნი, რომ თუკი პირობითობა დაირღვევა, დროთა განმავლობაში სულ სხვა შესატყვისებზე გადავალთ, რაც განადგურებას უქადის მრავალხმიან ენას. ვერ უპასუხებ, რადგან კახას ყოველთვის ექნება კოზირი სახელოში. ასეთი კაცია.

 

ჩემი ნება რომ იყოს, სიას ჩამოვწერდი : ,,99 ენა, რომელიც უნდა ისწავლო, სანამ ცოცხალი ხარ“ და 99-ვე პოზიციაზე ქართულს დავაყენებდი. არ ვიცი, ჩემში ხანდახან პატრიოტული სულისკვეთება იღვიძებს, თუ რა ხდება, მაგრამ ახლა მინდა გარეთ 1978 წელი იყოს. მე უნივერსიტეტის ეზოში ვიდგე, აქციის მონაწილეებს ველოდებოდე და ხელში სქელტანიანი შინდისფერი წიგნი მეჭიროს. ოღონდაც ეს მომაშორეთ - რომ ზიხარ, წერ და ხვდები, კიდევ რამდენიმე სუფთა ქართული წინადადება, ნეოლოგიზმების, ბარბარიზმების გარეშე და სადაცაა თვალი აგითამაშდება.

 

დღეს დედაენის დღეა. ერთხელაც, ადგა იაკობ გოგებაშვილი და ასე ვასწავლოთ ჩვენს შვილებსო. მას მერე ვსხედვართ და ხან რა ლექსს ვიგონებთ, ხან - რას, მაგრამ შედეგი მაინც ერთია. ისინი სწავლობენ და როცა ბავშვების ანთებულ თვალებს ვხედავ, როცა იაზრებენ, რა ლამაზია ჩვენი დამწერლობა, ვხვდები, რომ ტყუილად არ გვიარსებია. ვხვდები, რომ დადგება დღე (ეს ცოტათი ლეილა კაკულიას სტილში გამომდის), როდესაც იბერია გაბრწყინდება და რადგან მეორედ მოსვლაც ქართულადაა ნაწინასწარმეტყველები, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მეტი ქართული სჭირდება სამყაროს. ესაა მთავარი, რისკენაც უნდა მივილტვოდეთ.

    

,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“

      

*აცრ - ასევე ცნობილი, როგორც

 

ავტორი

კოღიტო

იცხოვრე, რომ უსმინო

კომენტარები