უელბეკისეული ოდისეა

( სიტყვა)


 თბილისი, ზაფხული, 2018. სადღაც 20 ივნისია და ქანცგამძვრალი მივრბივარ მელიქიშვილზე, მერე ჭავჭავაძეზე. სულ ახლახან გამოაცხადეს, რომ მიშელ უელბეკთან შეხვედრის მოსაწვევები მისი წიგნების პირველ 100 თუ 200 მყიდველზე გაჩუქდებოდა. მივვარდი გაოფლილი და გახვითქული. უშველებელ რიგს ველოდი, მაგრამ, მგონი, ჩემ გარდა სულ 3 ადამიანი იყო მაღაზიაში იმავე მიზნით მოსული. ნუ, გული დამწყდა, მაგრამ თან გამიხარდა. აი, რაღაც ძალიან წინააღმდეგობრივი გრძნობა რომაა ხოლმე, ისეთივე, როგორიც მიშელ უელბეკის წიგნები. ჰოდა, შევარჩიე წიგნიც - „რუკა და ტერიტორია“. ნუ, პინციპში, არც ჰქონდა აზრი, რომელს ვიყიდდი, მთავარი იყო, ის სანატრელი მოსაწვევი მიმეღო. როგორც იქნა გადმომცეს ეს დალოცვილი. ალბათ, „კოსმოსური ოდისეის“ დასაწყისის მუსიკა მოუხდებოდა მაგ მომენტს, მაგრამ ეგ ყველაფერი ჩემს გონებაში დარჩა. ამ მოსაწვევზეც ისეთივე ნაგლი, ცინიკური ღიმილი ჰქონდა ჩვენს მიშელს, როგორც ყველგან და ყოველთვის. თითქოს თვითონ სულ სხვა განზომილებიდანაა და ჩვენს ცხოვრებას დასცინის, თან ადამიანების უსუსურობასა და გულუბრყვილობაზე ეღიმებაო. თან, ხომ იცით, ისე, ულვაშებში.  


დადგა შეხვედრის დღეც... რა თქმა უნდა, ჩემი ადგილი სადღაც მეხუთე ლოჟაში თუ აივანზე იყო, ძლივს რომ ხედავ სცენას და მიშელსაც. კიდევ კარგი, რაღაც ძალიან დიდ სავარძელში ჩააჯინეს, თორემ ინტუიციით მომიწევდა მაგის გარკვევაც. დაიწყო სტერეოტიპული, ბანძი კითხვები, როგორც ყოველთვის. ეს ვითომ „ჰოსტი“ რასიზმსა და ისლამზე და რაღაცებზე უსვამდა ძააან, ძააან ყვითელ შეკითხვებს. ბოლოს, როგორც იქნა, სტუმრების დრო დადგა, მაგრამ სანამ მე ჩემი მეხუთე სართულიდან ქვემოთ ჩავიდოდი კითხვის მისაწოდებლად, კი გავიდოდა სტუმრების დროც. მერე ისიც ვიფიქრე, თვითმფრინავით ხომ არ ჩავუშვა-მეთქი.  საბოლოოდ, არაფერიც არ ვქენი. შეხვედრა მორჩა. მერე იყო საათნახევრიანი რიგები ხელმოწერისთვის. ბატონი უელბეკი, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს წარმოდგენებსა და მოსაწვევზე, იჯდა განიერ, დაახლოებით ორმეტრიან მაგიდასთან, გვერდზე ნახევრად დაცლილი ლუდის ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქა ედგა და იმის იქით კიდევ ლუდის ქილა. ისევ ისეთი ცინიკური, ულვაშებქვეშა ღიმილით იყურებოდა. ყველას, ვინც კი წიგნს მიაწვდიდა, ჯერ ხელს მოუწერდა და მერე თვალებში შეაცქერდებოდა და ისევ ისე უღიმოდა. ჰოო... ჩემი ჯერიც დადგა. ამ საათ-ნახევრის განმავლობაში, სულ დავგეგმე, რა უნდა მეთქვა ფრანგულად, რომ ძალიან ვაფასებ მის შემოქმედებას და რაღაცები. ბოლოს, ჩემი გატეხილი ფრანგულით კი ვუთხარი „ბონ სუაღ“ მეთქი, მანაც ხელი მომიწერა, ამომხედა, „მეღსიო“ და გამოვბრუნდი.


გამოვედი, მოვდივარ რუსთაველზე, ვიკეთებ ყურსასმენებს და მოვსეირნობ. ეგ ის მომენტია, როცა ხვდები, სად იყავი. ხო არ ღადააოოობ?! მიშელ უელბეკს შევხვდიიიი!


ჩემი და მიშელის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა პირველად „ელემენტარული ნაწილაკები“ ჩამივარდა ხელში. სადღაც 16-ის ვიყავი, მგონი. ერთი 30 გვერდი წავიკითხე და მატარებელში მასტურბაციის სცენა რომ გამეჩითა, ვიფიქრე, ეს რაღაც ძაან გარყვნილება ყოფილა-მეთქი და გადავდე. თან არც მესმოდა ეს ტერმინები ბიოლოგიიდან, ქიმიიდან და, რავიცი, კიდევ საიდან. იმის მერე წლები გავიდა და მხოლოდ მეორე კურსზე დავუბრუნდი უელბეკს - „პლატფორმა“ დავიწყე. დავიწყე და რა დავიწყე... ის პერიოდი მქონდა, რომ ვერ წყვეტ კითხვას. ყველგან ვკითხულობდი: სახლში, გზაში, ლექციებზე. თან ქართველი ხალხის ამბავი კი იცით და მეტროში რომ ამოვიღებდი და დავიწყებდი კითხვას, მიტყდებოდა, ცოტა არ იყოს, ვინმეს რომ დაენახა, რას ვკითხულობდი, რას იფიქრებდნენ?


ცივილიზაციის ახალ „პლატფორმაზე“ ყველაფერი რაციონალური და ორგანული, პირველყოფილია. ზუსტად ამიტომ სექსუალური ტურიზმი ყვავის მერკანტილისტურ და კონსომატორ ევროპაში. ჰო, შეიძლება, ბეგბედერის ჰგავს, მაგრამ უელბეკის სამყარო ნაკლებად ამაზრზენია. ისე ნელ-ნელა გაპარებს თავის ფილოსოფიასა და ნიჰილიზმს, ისე ბუნებრივად, რომ მერე ყველა და ყველაფერი გკიდია. ისე აღმოაჩენ, რომ შენც ამ გაუფასურებული სამყაროს ნაწილი ხარ, ვერც ხვდები. ფული და სექსია ყველაფრის საწყისი და დასასრულიც. კითხულობ, კითხულობ მიშელის წიგნს და მერე გახსენდება წინასიტყვაობა: „ეს წიგნი ეძღვნება ადამიანს“. სადღაც შუაში რომ მივედი და გადავშალე წიგნი და ისევ ეგ წარწერა დავინახე პირველ გვერდზე, ვიფიქრე მიშელ, ხომ კარგად ხარ? სადაა აქ ადამიანი? მაგრამ ფინალი ხო ისეთი აქვს, საერთოდ რომ ვერ მიხვდები, რა შეიძლება მოხდეს და, უცებ, ფშიუუუ... ისეთებს ახეთქებს, აი, ამას მარტო უელბეკი თუ იზამდაო, ამბობ. ჰოდა, სადააო ადამიანი? აი, ამ გათახსირებულ სამყაროში რომ ადამიანს აღმოგაჩენინებს, ეგეთი წიგნია „პლატფორმა“. ასე რომ, სპოილერები არ გვინდა, წაიკითხეთ!!!


 


მასტურბაცია მატარებელში ხომ გახსოვთ, აი, ეგაა „ელემენტარული ნაწილაკები“. ჰო, ეგეთი სცენები „პლატფორმაშიც“ ბევრია, უბრალოდ, ის ჩამრჩა, ალბათ, გონებაში. ისე, უელბეკის წიგნების კითხვა პორნოს ყურებას ჰგავს. უბრალოდ, რაც უფრო მეტს და მეტს კითხულობ, მით უფრო იზრდება ზიზღის გრძნობა ადამიანების მოდგმის მიმართ. მერე იმასაც აცნობიერებ, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და ეგ უფრო ტეხავს. კაცობრიობაზე ხომ გული გერევა საერთოდ. ვვითარდებით, ვვითარდებით, მაგრამ ემოციები გამქრალია საერთოდ და ასე, ცარიელი სხეულებივით ვმოძრაობთ. მივაღწიეთ ყველანაირ სექსუალურ თავისუფლებას, ყველაფერი გვაქვს და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს... მაგრამ ეს ყველაფერი თან არაფერია. მოზღვავებული აგრესია კი თანდათან მუდმივი ხდება. ყველა გაბრაზებულია ყველაზე იმიტომ, რომ მუდმივად აკლიათ რაღაც. არც იციან, რა აკლიათ, ვისგან ან რანაირად უნდა შეივსონ ეს დანაკლისი. მერე კი იწყება ყველანაირი დაუკმაყოფილებლობა, ნიჰილიზმი, დეპრესია და, ხშირად, ფსიქიკური აშლილობაც კი. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურობაა, ბუნებრიობა. წიგნის დასასრული არ მახსოვს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ უელბეკის ნებისმიერი ნაწარმოების წაკითხვისას აუცილებლად უნდა გაიარო შემდეგი ფაზები:


აღვირახსნილი თავისუფლების შეგრძნება. აი, ის პირველყოფილი შეგრძნება, ბავშვობაში ყველაფერს რომ ამტვრევდი, ამსხვრევდი და გსიამოვნებდა. ისე, ყველა ბავშვი ანარქისტია, ჩემი აზრით, მაგრამ მერე ვიზრდებით და ეგეთები აღარ მოსულა. აი, უელბეკი კი მაგ შეგრძნებას გიბრუნებს;


მერე გეუფლება შეუვალი ნიჰილიზმი, საკუთარი თავისა და სამყაროსადმი ზიზღი. „არაფერი გვეშველება“ შეგრძნება. ისეთი უსუსური ხარ, რომ ხელი ჩაიქნიე ყველაფერზე, თან ამ უმოქმედობას აანალიზებ და გინდა უბრალოდ იჯდე, არაფერი აკეთო;


მერე იწყება ყველაზე მაგარი ეტაპი. ეტაპი, რომლის გამოც ღირს მთელი ამ ფაზების გავლა. შეგრძნებებისა და ემოციების ხამი ხდები. ამ დროს 13 წლის შტერ თინეიჯერს ემგვანები,  ჰორმონების მოძალების გამო, ყველაფერს ძალიან აღმატებულ ხარისხში რომ აღიქვამ. ეს ფაზა რაღაცით near-death experience-საც გავს, (მე კი არ მქონია, მაგრამ...) მერე რომ გინდა ყველაფერი მოასწრო… ყველაფერს სხვანაირად აფასებ. მოკლედ, ძაან სტერეოტიპულად რომ ვთქვათ, YOLO (you only live once) ხდება შენი ცხოვრებისეული ფრაზა.  


ამჟამად, ისევ მომაკლდა ეგ ცხოვრებისეული მოტივაცია და იმ ხელმოწერილ წიგნს მივუბრუნდი. ჯერ პირველი ფაზის დასაწყისში ვარ, მაგრამ ახლა  უკვე ვიცი, რას უნდა ველოდე ბატონი ცინიკური ღიმილისაგან. მოკლედ, ჩემს მესამე უელბეკისეულ ოდისეას გახსნილად ვაცხადებ!

ავტორი

ანიე ვარდა

კომენტარები