9 აპრილი, ტრაგედიით დაწყებული თავისუფლება

( სიტყვა)



30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო.  9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ვთანხმდებით, რომ ,,საბჭოელებმა'' უმოწყალოდ დაარბიეს. როგორც გვეუბნებიან, დაიღუპა 21 ადამიანი.  ასევე, მოიწამლა, დაიჭრა და დასახიჩრდა რამდენიმე ასეული მოქალაქე. ასეთი იყო საბჭოთა მმართველობის პასუხი თავისუფლების მოთხოვნაზე.

 

ძალიან საინტერესოა, რამდენად ვიაზრებთ ახალგაზრდები 9 აპრილის მიზეზებსა და შედეგებს. ვიცით თუ არა, რას ითხოვდა  პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი და  რა შეცვალა ამ დღემ საქართველოსთვის.

 

რადგან 9 აპრილს თავისუფლებისთვის სტუდენტები იბრძოდნენ  და მსხვერპლთა შორისაც უმრავლესობა სტუდენტი იყო, გადავწყვიტე მათი ფიქრები გამეგო.

 

მოდი, ცოტა ხნით ჩავიხედოთ თანამედროვე ახალგაზრდების გონებაში.

 

“1989 წლის 9 აპრილს, თბილისში იმართებოდა ანტისაბჭოთა აქცია. მიმდინარეობდა შიმშილობა. აქციას ხელმძღვანელობდნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები. პროტესტი მიმართული იყო აფხაზეთის სეპარაციის წინააღმდეგ, რომლის პროვოცირებაშიც გარკვეულ როლს სსრკ-ც თამაშობდა. აქცია დაარბიეს ღამით, იარაღით, ტანკებით, ქიმიური ნივთიერებებით. დაშავდა უამრავი ადამიანი, დაიღუპა ოციოდე.”

 

“30 წლის წინ, ამ დღეს, საბჭოთა წითელი არმია სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან დემონსტრანტებს. ასევე, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.”

 

ზოგმა სამოქალაქო ომი დაწყოო, ზოგმაც ბებიაჩემის წლისთავიო,  ზოგმაც ფაშიზმზე გავიმარჯვეთო. რას არ გაიგებს კაცი.

 

ერთმა კი საერთოდაც... არა, თავად უნდა ნახოთ:

 

“- რა იცით 9 აპრილის შესახებ?

-ყველაფერი, გარდა იმისა, რაც არ ვიცი 9 აპრილის შესახებ, მათ შორის, რაც ვიცი, რომ არ ვიცი და რაც არ ვიცი, რომ არ ვიცი.”

 

საინტერესო ფიქრები გვაქვს, ხო იცი, შენ.

 

“… 9 აპრილი ასოცირდება რუსის ჯარის მიერ დარბეულ მშვიდობიან აქციასთან, დაღუპულ ადამიანებთან… თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან... ღირსებასა და უსამართლობასთან… წარმომიდგება უამრავი ტანკი რუსთაველზე, ეროვნული ტრაგედია… ტრაგედია და ცვლილება… მხუთავი აირის გაშვება რუსთაველზე, პატრიარქის სიტყვა - ქაშუეთში წავიდეთო, ტიტები და რუსთაველზე დაყრილი ფეხსაცმელები…”

 

ზოგის გონებაში რას არ ნახავ.

 

“მახსენდება მამაჩემი, რომელიც ამ დღეს ცრემლსადენი გაზით მოწამლეს. მისი მიზანი ყოველთვის იყო ქვეყნისა და საზოგადოების მორალური თავისუფლება. ის დღესაც ცდილობს ამ მიზნის მიღწევას.”


 

 

მელომანებს „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ უქრით გონებაში. ზოგი ტკბილ დასვენებას იხსენებს.

 

დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებულებს, სხვების და გასაკვირად, გონებაში ცვლილებები და ტრაგედია გვიტივტივებს.

 

“... ბრძოლისუნარიანობა დაუბრუნა ქართველ ერს… ამ თარიღმა შეცვალა საქართველოს აწმყო და მომავალი… ცნობიერებასა და აზროვნებაში დიდი გარღვევა მოხდა... ამ თარიღმა დაუდო სათავე ბოროტების იმპერიის დასამარებას… გამოაჩინა ხალხის ძალა, თუნდაც ტოტალიტარულ სისტემაში და ხაზი გაუსვა იმჟამინდელი რეჟიმის სისასტიკეს… ხალხს დაანახა,რომ ჯერ კიდევ ვარსებობთ... დაგვანახა, რომ ბრძოლა შეგვიძლია... ის, რომ არასოდეს უნდა დანებდე… ნიადაგი შეამზადა დამოუკიდებლობისთვის... ხალხში ეროვნული მუხტი გააღვიძა და ირიბად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა… თავისუფლების ხარისხი… მეტი თავდაჯერებულობა მისცა ხალხს…”

 

მგონია, ეს ყველა სტუდენტის ფიქრების შეჯამებას ჰგავს და, მოდი, ამით 9 აპრილზე ჩვენი თაობის აზრები დავასრულოთ:

 

“ამ თარიღმა შეცვალა მრავალი ადამიანის ცნობიერება და მათი მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ზრუნვა გახდა.”

 

და ბოლოს, ძალიან მიხარია, რომ ქართველმა სტუდენტებმა ვიცით, რა მოხდა 9 აპრილს და ამიტომაც ვერ ნახავთ სტუდენტებს მსგავს აქციაზე. ?


 

 

კომენტარები