თამაზ ნოდია

( სიტყვა)


ჩეხმა ვიქტორ ლუსტიგმა ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა, თავისი თაღლითობით  მსოფლიო გააოცა ფრენკ აბიგნეილმაც, ფერდინანდ დემარამ ცხოვრების მანძილზე თითქმის ყველა პროფესია მოირგო, თანაც ისე, რომ მხოლოდ ბიბლიური კოლეჯის დიპლომი ჰქონდა, ხოლო ფოთელმა თამაზ ნოდიამ, მაგადანში, რუსებს ინგლისურის ნაცვლად მეგრული ასწავლა.


ეს ამბავი 1974-79 წლებში მოხდა, ფოთიდან საშოვარზე წასული თამაზი მაგადანის ოლქში მოხვდა, სადაც ვასილ ივანიჩ გომონოვი, ყოფილი პირველი მდივანი, გაიცნო. როგორც თავად ნოდია იხსენებს, ქართველები ძალიან ყვარებია ვასილ ივანიჩს და სწორედ მან შესთავაზა, დარჩი, იმუშავეო, თუმცა თამაზმა ყველა შემოთავაზებული სამსახური იუარა. ბოლოს, მასპინძელმა ჰკითხა, იქნებ, უცხო ენა იცი რამეო და აქედან დაიწყო ყველაფერი. ვასილ ივანიჩმა 5000 მანეთი მისცა მომავალ მასწავლებელს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში წავიდოდა, ოჯახს ფულს დაუტოვებდა, თავად კი ჭაჭის არყითა და ჩურჩხელებით დახუნძლული დაბრუნდებოდა მაგადანის ოლქში.

5000 მანეთი კარგი ფული იყო, რომც გაქცეულიყო, თაღლითობა მაინც შემდგარი იქნებოდა, მაგრამ თამაზმა ჭკუა იხმარა - მოსკოვში გადაფრინდა, მასწავლებლის დიპლომი იყიდა და უკანვე დაბრუნდა მაგადანში.


ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ქართული ანბანის შესწავლა დააწყებინა დაწყებით კლასებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დავალებას თავი გაართვეს, თამაზი მეგრული ენის საფუძვლებსაც გადაწვდა. საბოლოოდ, 5-6 თვის შემდეგ, მოსწავლეები უკვე გამართული მეგრულით საუბრობდნენ.


წლები გადიოდა და მოსწავლეებიც იზრდებოდნენ. ერთხელ, ნადირობიდან დაბრუნებულ მასწავლებელს ახარეს, თქვენი მოსწავლე, ნინაკა, ლომონოსოვის უნივერსიტეტში წავიდა გამოცდების ჩასაბარებლადო. ანუ ინგლისურად უთხრეს: "ნინაკაქ მოსკოვშა მიდართუ ოგურეფუშა-ო". თითქოს თავში დამარტყეს და ტკივილი ფეხებში გამივიდაო, სწორედ ასე აღწერს ბატონი თამაზი თავის მდგომარეობას მოცემულ მომენტში.


 

რაც შეეხება ლომონოსოვის უნივერსიტეტში წასულ, ფრიადოსან ნინაკას, მცირეოდენ პრობლემებს წააწყდა. კერძოდ, ინგლისურის მასწავლებელს მისი "მუჭო რექ?" არ ესმოდა, ნინაკას კი მასწავლებლის "How are you?". სიმართლე ითქვას, ვერც გერმანულის პედაგოგის "Wie geht es dir?" გაიგო და ვერც ფრანგულის მცოდნე ქალბატონის "Comment vas-tu?". სამწუხაროდ, ვერც მათ გაიგეს, რისი თქმა სურდა ნინაკას და, მეტიც, ისიც კი ვერ დაადგინეს, რა ენაზე საუბრობდა გოგონა. იქნებ, სასულიერო პირსაც კი მოუხმეს იმის გასარკვევად, დემონი ხომ არ ჩაუსახლდა და ძველ არამეულად ხომ არ საუბრობსო. როცა არც ეგზორციზმმა და არც ენათმეცნიერებამ გაჭრა, გოგონას დიპლომში ჩაიხედეს და პედაგოგის გვარი, ნოდია, ამოიკითხეს. ყველაფერს მალევე აეხადა ფარდა, ხოლო თავად ბატონი თამაზი, მეგრული ენის გავრცელებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო, 8 წლით გამოკეტეს ციხეში.


კიდევ ერთი  კურიოზული შემთხვევა მოხდა ოთხმოცდაათიანებში, ზუსტად რომელ წელს არ მახსოვს, პრინციპში რა აზრი აქვს დავუშვათ 94 წელს, ხაბარკოვსკში ლიმონის გასაყიდად ჩასულ ზუგდიდლებს ეული ჩუქჩა შეუჩნდა, დამიკელი ლიმონზე ფასიო არ ეშვებოდა. ერთმა გამყიდველმა მეგრულად გადაულაპარაკა მეორეს არ დავუკლებო, თან საკმაოდ მადიანადაც შეაგინა პოტენციურ მყიდველს და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩუქჩამ მეგრული გინებითვე უპასუხა და ნუ იქ რო ჩხუბი ატყდა და ჩუქჩა 5 წუთი ჰაერში ყავდათ ამაზე აღარ მოვყვები და ალბათ იმასაც მიხვდით ვისი მოწაფე იქნებოდა ეს უკანასკნელი.


მეგრელი მიუნჰაუზენის ამბავი ბევრს მოგონილი ჰგონია, თუმცა ეს ასე არ არის, თამაზ ნოდია ფილარმონიაშიც კი გამოდიოდა თავისი დაუჯერებელი ისტორიის მოსაყოლად. თქვენ კი ძვირფასო მკითხველო, თუ კი ოდესმე ჩუკოტკის უკაცრიელ სტეპებზე სეირნობისას, ჩუქჩების მეგრული ბაასი მიიბყრობს თქვენს ყურადღებას, ნუ გაგიკვირდებათ, იცოდეთ, რომ ისინი თამაზ ნოდიას ინგლისურის კლასის კურსდამთავრებულები ან მათი შვილები არიან, რომლებსაც შეიძლება ახლაც ჰგონიათ, რომ ინგლისურად ლაპარაკობენ და ნუ დაიღლებით მათთვის სიმართლის გამჟღავნებით.

ავტორი

ჩელე

ქურდული სამყარო

კომენტარები