ქურდული სამყარო

( სიტყვა)


ორი ფოლადის არგუმენტი არსებობდა ჩემი ბავშვობისას: “ტელევიზორში ვნახე” და “კაი ბიჭს აქვს ახსნილი”. მართალია, ეკრანიდან მომზირალ, “კოსწიუმში” გამოწკეპილ ადამიანებს დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდათ, თან იმავე ეკრანზე ჩვენს საყვარელ მულტფილმებსა თუ ფილმებს ვუცქერდით, თუმცა კაი ბიჭი კაი ბიჭია რა, თუ თქვა, ზნაჩიტ, ეგრეა. როგორც მიხვდით, მეორე არგუმენტი ხშირად პირველზე მყარი იყო, რადგან პირველის ავთენტურობაში ეჭვის შეტანა შეიძლებოდა, მეორისაში კი არა.

–ჩვენ რო ჩავჯექით და შენ რო დგახარ, არ მოსულა ეგრე...
–რატო არ მოსულა?!
–კაი ბიჭს აქვს ახსნილი და არ მოსულა.


და აქ მორჩა ბაზარი. ვინ კაი ბიჭს, როგორ ახსნა ან საკუთარი ჰიპოთეზა ემპირიულად როგორ დაასაბუთა... არ შეიძლება ამის კითხვა, მთავარია, ახსნა და მორჩა. ჰო, ბავშვური მიდგომაა, თუმცა მეც ბავშვობაზე ვყვები. ქურდული სამყარო ის ფენომენია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო და ყველა შეცვალა რაღაც დოზით: შეცვალა ურთიერთობის ფორმა, ადამიანების დამოკიდებულება შეცვალა რაღაცების მიმართ და, საბოლოოდ, თავადაც შეიცვალა.

კანონიერი ქურდის ხსენებაზე თითქმის ყველა ოთხმოცდაათიანელი ტიპს წარმოიდგენს, თუმცა ეს კულტურა ბევრად უფრო ძველია. მკვლევართა დიდი ნაწილი ამ ინსტიტუტის წარმოშობის თარიღად მეოცე საუკუნის დასაწყისს ასახელებს, მაგრამ ზუსტი დრო მაინც უცნობია. კრიმინალები გაერთიანებისკენ არიან მიდრეკილი, რადგან მათი მტერი, სახელმწიფო, ბევრად ძლიერია. იტალიური კოზა ნოსტრა ან კამორა, ჩინური ტრიადა, იაპონური იაკუძა... ყარაჩოღელებიც და კინტოებიც შეგვიძლია ორგანიზებულ კრიმინალად შევრაცხოთ… სამხრეთ ამერიკულ ბანდებზეც, ალბათ, ყველას გსმენიათ.


 


ერთ მშვენიერ დღესაც, სოციალიზმის პირობებში, როცა ხალხს არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ ციხეებშიც უჭირდა, მივიღეთ კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ადრეც იყვნენ, რა თქმა უნდა, თუმცა ახლა ისინი ქურდული ქცევის კოდექსმა გააერთიანა. იმ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, თითქოს სოციალისტურმა ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი აღნიშნულს, რათა ციხეები ეკონტროლებინა, თუმცა კონტროლის მექანიზმი თავად გახდა უკონტროლო.  რაც შეეხება ღირსების კოდექსს, მას რამდენიმე ძირითადი პუნქტი ჰქონდა: ქურდები ერთმანეთს კეთილსინდისიერად უნდა მოქცეოდნენ, არ უნდა ემუშავათ, არც პოლიციასთან თანამშრომლობა შეიძლებოდა, აუცილებელი იყო ბანქოს თამაშის ცოდნა და იკრძალებოდა ოჯახის ყოლა.


რა თქმა უნდა, დრომ კოდექსი და თვითონ გაერთიანებაც ნაწილობრივ შეცვალა და, საბოლოოდ, ეს ტიპაჟი მივიღეთ: ოთხმოცდაათიანელი პირი, რომელმაც მოშლილი სასამართლო სისტემა ჩაანაცვლა და თან საკმაოდ ეფექტურადაც.


როგორც ჭორი იცვლება გავრცელებისას, ისე იცვლებოდა ის თეზისები ქურდულ სამყაროზე, რასაც ბავშვები ვიგებდით და ნუ იფიქრებთ, თითქოს ყველას, ვინც ცდილობდა მათთვის მიებაძა ან ისე გადაეწყვიტა კონფლიქტი, როგორც ამას უფროსები აკეთებდნენ, ქურდობა უნდოდა ან მოსწონდა - უბრალოდ, სხვა გზა არ იყო, ვიღაცებს ბიზნესის წილებს ართმევდნენ, ვიღაცებს - ბულკის ფულს.


ბევრი ქალი აქტივისტი მოგიყვებათ, თუ როგორ უჭირდა ბავშვობისას, როცა საკუთარ სხეულს ეგუებოდა და რა რთულია გოგოს ცხოვრება, მაგრამ არც ერთი კაცი გეტყვით,  როგორ აიძულეს ხელი დაერტყა თავისი მეზობელი ბიჭისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა ირიბად დააფიქსირა მოსაზრება, რომ მისი სიტყვის არ სჯეროდა. კაცები არ მოგიყვებიან, მაგრამ არც ბიჭებს აქვთ ადვილი გზა გასავლელი და ამ გზაზე ქურდული მენტალიტეტის გავლენა ძალიან დიდია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი იყო, როცა მე ბავშვი ვიყავი და, იმედი მაქვს, შემდეგ ცოტა შემცირდა.


სახლი სახლია და რომ გამოდიხარ, ქუჩაა. ვიღაცებს ეცინებათ, სასაცილოა ბავშვური გარჩევები და მათი რწმენა-წარმოდგენები გარესამყაროზე, მაგრამ იქ თუ ვერ გაძელი, წასულია შენი საქმე. რამე იარლიყი თუ მოგაკერეს, დარჩები ეგრე, ოცი წლის მერეც ფუფულოშნიკი იქნები, სიკვდილამდე… მერე მკვდარი ფუფულოშნიკი. აი, ისეთია, ვინმე რომ ჩაიფსამს და არასოდეს ავიწყდებათ. გამოსაშვებ საღამოზეც, შეიძლება, ვინმემ ღვინით სავსე ჭიქით გაიხსენოს ეს "სახალისო" ისტორია.


ჩემი სკოლის წინ, მიტოვებული შენობა იყო, დიდი ეზოთი, დაბალი ღობითა და ღია ჭიშკრით. ძველი ჰიდროტექნიკუმი მოგვიანებით რაღაც კოლეჯად გადააკეთეს და, საბოლოოდ, მიატოვეს. ახლა კი, მგონი, საპატრიარქოს აჩუქა მერიამ. ამ ადგილს „გიდროს” ვეძახდით. თუ ვინმეს რამე ჰქონდა გასარჩევი, ყველა მანდ გადადიოდა გაკვეთილების შემდეგ და ისეთი ხმები ისმოდა ამ კომპლექსის წიაღიდან, გეგონება ლომებს ათვინიერებენო. ვინ ვის ეძიძგილავებოდა და რატომ, ხშირად არ ვიცოდით. მერე ვისხედით ტალახში ამოგანგლულები, მაისურშემოხეულები და ვფიქრობდით იმ ისტორიაზე, რომელიც ამ დახეული ტანსაცმლის გასამართლებლად უნდა მოგვეფიქრებინა.

მართალია, ვეფხის ტყავით მოსილი ტარიელიც კი ტირის, თუმცა ეგ მხოლოდ წიგნია... სინამდვილეში, კაცები არ ტირიან და არც სირთულეებზე საუბრობენ, ნუ, თუ ვარჯიშს ან მძიმე საგნის აწევას არ ეხება საქმე.  ნუ იფიქრებთ, თითქოს ბავშვების აღზრდის ახალი მეთოდის შემუშავება მსურს ან მინდა კაცთა მოდგმა შეგაცოდოთ. არა, უბრალოდ კაცებსაც უჭირთ ხოლმე რაღაცები. გრძნობებში გამოტყდომა და ინტერიერის დიზაინის შერჩევა არა, ისეთი მარტივი ცხოვრებისეული რაღაცები, როგორიც ქალებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენც გვიწევს საკუთარ სხეულებთან შეგუება.


ყველაფერი, შეიძლება, ისე არ იყოს, როგორც თქვენ გგონიათ. კაცებიც ტირიან, დალევენ სამ ჭიქას, ჩართავენ გოგი დოლიძეს და წავიდაა...

ავტორი

ჩელე

გავრილოვის ღამე - ჩელე

თამაზ ნოდია

კომენტარები