ვინ არიან Tbilisi Open Air-ის LineUp-ერები?

( სიტყვა)




ფესტივალების სეზონი მოდიიის! რა არის ზაფხული Open Air-ის, Line up-ზე მოწუწუნე ხალხისა და პონტის გამო წამოსულების გარეშე? ზუსტად! არც არაფერი. ხოდა, თურმე უკვე ამ ფესტივალს 10 წელი შეუსრულდა. იუბილარ Line up-ს მთელი საქართველოს ფესტივალ-საზოგადოება ელოდა. დოკუმენტური მოკლე ფილმიც კი გადაიღეს. დიდი აჟიოტაჟი იყო.  19-ში, ფაბრიკაში, პრეზენტაცია გაიმართა, თავისი პერფორმანსებითა და პატარ-პატარა არტობებით. დაიდო Line Up და, როგორც ყოველთვის, დაიწყო კრიტიკაც: ,,ეს რა არიიის“, ,,10 წლის თავზე ეს გეკადრებათ?!“, ,,4GB-ზე წავიდეთ, ჯობია“, ,,ესენი ვაბშე ვინ არიან?“ და ა.შ. ასეა თუ ისე, მე კი ვიყიდე უკვე აბონემენტი და... მაგრამ ხალხი შოკშია! ვიდრე ყველა გაიგებდეს ამ არტისტებზე და ფესტივალამდე მათი სიმღერების დაზეპირებას დაიწყებდნენ, მოდი, გადავხედოთ, ვინ არიან Open Air-ის LineUp-ერები.


Michelle Gurevich


 

 

მიშელ გურევიჩი ერთ-ერთი სუბჰედლაინერია Line Up-ში. ხო, ვიცი, როცა მისი სახელი გესმით, ფიქრობთ, ეს ვინ რუსი ტიპი ჩამოყავთო, მაგრამ ასე არაა. გურევიჩი კანადელი სედქორ არტისტია. ნუ, პრინციპში, აქვს რუსული წარმომავლობა, მაგრამ მართლა კარგია (მიუხედავად იმისა, რომ თავის ინსპირაციებში ალა პუგაჩოვასა და ქსავიე დოლანს ახსენებს). 2004 წელს დაიწყო მუსიკის კეთება თავის საძინებელში და Chinawoman დაირქვა.  ვისაც კარგი მელანქოლიური მუსიკა გიზიდავთ, ეს რუსი-კაცი-მომღერლის-სახელიანი ქალბატონი ნამდვილად მოგეწონებათ.


აუცილებლად მოსასმენი: Party Girl, Russian Ballerina, Pure at Heart, Kiss in Taksim Square.


Rhye

 

ჩემი და ამ არტისტის ურთიერთობა ინსტაგრამით დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც Rhye-ს ათასი ფოლოუერიც არ ჰყავდა. ახლახან აღმოვაჩინე, რომ ეს კანადელი მუსიკოსი ისევ მაფოლოუებს. დაუჯერებელი ამბავია, არა? ხო, ეს ამბავი ჩემი ცხოვრებისეული მიღწევების ტოპ 3-ში შედის. მაიკ მილოშისა და რობერტ ჰანიბალის კოლაბორაცია მალევე გახდა პოპულარული, შესრულების არაორდინალური მანერის გამო. მართალი რომ ვთქვა, თავიდან ვერც კი მიხვდებით, რომ ეს კაცის ხმაა. ახლა მხოლოდ მაიკი მღერის, მაგრამ ისევ ულამაზესი მოსასმენია. უფრო ალტერნატიული R&B, downtempo მუსიკაა. აი ისეთი, შეყვარებული წყვილები (ან უბრალოდ წყვილები) რომ ცეკვავენ ხოლმე. ასე რომ, მოკიდეთ ვინმეს ხელი და წამოდით, მოუსმინეთ Rhye-ს.


აუცილებლად მოსასმენი: The Fall, Open, Song for You, Please.


Mogwai

 

გრძელი ინსტრუმენტული, ისევ ცოტა მელანქოლიური კომპოზიციები - ესაა მოგვაი. პოსტ როკისა და ექსპერიმენტული როკის ფლეილისთებში ხშირად არის ხოლმე Take Me Somewhere Nice, პესიმისტური ნახატით: გოგო, რომელსაც თავზე აკვარიუმი აფარია, შიგნით კი ოქროს თევზები დაცურავენ. ეს ილუსტრაცია ზუსტად აღწერს იმ შეგრძნებებს, რაც მოგვაის მოსმენისას გეუფლება. აი, ისეთი არტისტია, ნიჰილისტი თინეიჯერები რომ უსმენენ ხოლმე. ,,ყველაფერი მკიდია, ჩემი სამყარო მაქვს, რომელიც ბევრად ლამაზია, ვიდრე რეალური“ - ეს უნდა ერქვას, მე თუ მკითხავ, ამ ბენდს. მაგრამ მაინც კარგი სახელი შეურჩიეს - „მოგვაი“ ჩინურად მონსტრს, ბოროტ სულს ნიშნავს. მოუსმინეთ და შეაფასეთ.


აუცილებლად მოსასმენი: Take Me Somewhere Nice; I Know You Are, But What I am? ; May Nothing But Happiness Come Through Your Door.


UNKLE

 

ბრიტანული მუსიკალური კოლაბორაცია, რომელიც ჯეიმზ ლაველმა 1992 წელს დააარსა, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ალტერნატიული როკის ნაზავი. მასში დღემდე ათობით არტისტი იყო ჩართული, მათ შორის DJ Shadow, ტომ იორკი, რობერტ დელ ნაია და ა.შ. UNKLE-ს მუსიკას თითქოს Chemichal Brothers-ის მსგავსი, ფსიქედელიური ელფერი აქვს. UNKLE-ის კომპოზიციები, ამავდროულად, წარმოსახვითი, სიზმრისმაგვარი და თან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.


აუცილებლად მოსასმენი: Be There, Looking for the Rain, The First Time Ever I Saw Your Face, Eye for an Eye.


David August

 

დევიდ ოგუსტი ერთ-ერთია, თუ ერთადერთი არა, რომელსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, ზედმეტად კარგადაც კი. დევიდ ნატკემპერი ჰამბურგელი მუსიკის პროდუსერი და ვუნდერკინდია, რომელმაც ელექტრონული მუსიკის კეთება 16 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოს სტუმრობაც უკვე ოთხჯერ მოასწრო სხვადასხვა ფესტივალსა და ივენთზე. Deep House არტისტმა 2018 წელს ახალი, ძალიან საინტერესო ალბომიც გამოუშვა, სახელად D’ANGELLO. ალბომი კინემატოგრაფიულ სამპლინგზეა დაფუძნებული და უფრო contemporary electronic სტილში გადის. მოკლედ, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებსაც კარგ რამეს უმზადებს Open Air, ამიტომ, გირჩევთ, ამ სიმპატიური გერმანელი ბიჭის სეტები არ გამოტოვოთ.


აუცილებლად მოსასმენი: Epikur, Velvet, Moving Day, D’ANGELLO.


1200 Mics by Riktam

 

Garden Stage ფესტივალის ყველაზე ფერადი წერტილია. ამ სცენის წლევანდელი ჰედლაინერია 1200 Mics by Riktam. ჯგუფი 1999 წელს დაარსდა იბიცაში, თუმცა 2016 წელს დაიშალა და ახლა მხოლოდ რიკტამი ეცდება ფსიქედელიური ტრანსის ატმოსფეროს შექმნას. ასე რომ მოიმარაგეთ ნეონები, დაიჭირეთ ფსიქედელიური რიტმი და მოემზადეთ psychedelicous განზომილებაში სამოგზაუროდ.


აუცილებლად მოსასმენი: Ecstasy, Hashish, The Rush, Tribute to Bansi.


The subways

 

მიწისქვეშეთელი ტრიო, ბრიტანული 2000-იანების სიმბოლო,  ფესტივალს როკის სულს შთაბერავს. მათი დეკადისწინანდელი ტრეკები ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პანკ როკის შესრულება ჯერ კიდევ Green Day-ისა და Nirvana-ის დროს დაიწყეს, ასე რომ რაღაც მეამბოხე ცეცხლს უნდა ველოდოთ სცენაზე, ამერიკულ ფილმებში აღწერილი თინეიჯერული ბენდების მსგავს რევოლუციას დრამის ჯოხების ტრიალით, ტანსზედა სიშიშვლით, გიტარის დამსხვრევებითა და მუსიკოსების ხალხში გადმოხტომებით. მუსიკა ხომ ათავისუფლებს!


აუცილებლად მოსასმენი: Rock & Roll Queen, Oh Yeah, Kiss Kiss Bang Bang, Somewhere, We Don’t Need Money to Have a Good Time.


Franz Ferdinand

 

და ბოლოს, შარფებიანი ბოიბენდი გლაზგოდან, ბოუის სტილის მექანიკური პოპ-როკ არტისტი, 2000-იანების პანკ-ფანკის რენესანსის ერთ-ერთი გადარჩენილი წარმომადგენელი. „ჯგუფი, რომელზეც გოგონებს ცეკვა უნდებათ“ - ეს ფრანც ფერდინანდია. ალექს კაპრანოსმა, ნიკ მაკართიმ, ბობ ჰარდიმ და პოლ ტომსონმა 2002 წელს შექმნეს ბენდი, რომელიც მალევე იქცა პოსტ-პანკის ახალი ტალღის სიმბოლოდ. თუმცა, სულ ახლახან, ბენდი ლეგენდარული წევრის გარეშე დარჩა. ეს უკანასკნელი ორმა ადამიანმა ჩაანაცვლა: გიტარისტმა, დინო ბარდოტიმ და მულტი-ინსტრუმენტალისტმა, ჯულიან კორიმ. ბოლო ალბომი, „Always Ascending”, არის „პოპ სიმღერის გეომეტრიული დიაგრამა“ ელექტრონული მუსიკის მოსასხამში შემოსილი. ალბომი ირონიულობასა და სევდას შორის იმკვიდრებს ადგილს და ჩვეული მარადმწვანე, ინტელექტუალური ექსცენტრიულობით უბრუნდება მსმენელს.


აუცილებლად მოსასმენი: Take Me Out, The Dark Of The Matinée, Love Illumination, Always Ascending


მგონი, მართლა კარგი გამოვა ეს 3 დღე, თან, როცა უკვე იცი, ვინ არიან ჰედლაინერები. მანამდე კი, Tbilisi Open Air 2019-ის აუცილებლად მოსასმენი ფლეილისთი ჩემგან საჩუქრად: http://bit.ly/openair2019


ავტორი

ანიე ვარდა

უელბეკისეული ოდისეა

კომენტარები