არამწეველებიც კვდებიან ადრე

( სიტყვა)

ორიოდე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და იქაც, სადაც სამზე მეტი კედელია, მოწევა არ შეიძლება. ხალხი ამ გადაწყვეტილებამ ორ ნაწილად გაყო: კანონის ერთ მხარეს მოხვდნენ მწეველები, რომლებიც თავგამოდებით იცავდნენ საკუთარ უფლებებს და წუწუნებდნენ იმაზე, რომ ზამთარში მოსაწევად გარეთ მოუწევდათ გასვლა, მეორე მხარეს კი გუგული მაღრაძის ამ გენიალური მიგნებით კმაყოფილი არამწეველები გამაგრდნენ. ბრძოლა წესების გარეშე იყო. ორივე მხარე თავდაუზოგავად ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას, თუმცა ეს ის ომი იყო, სადაც მეგობრობა ვერაფრით გაიმარჯვებდა და, საბოლოოდ, ამ პაექრობაში არამწეველებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვეს.

თუმცა გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც. ნებისმიერ თქვენგანს ერთხელ მაინც ექნება წაკითხული ფეისბუქის ფეიჯ-ფეიჯ ნატარები და ხელიხელ საგოგმანები ფრაზა, რომ რა აზრი აქვს, რომ მართალი ხარ, თუკი შენი საყვარელი ქალი ტირის. ხოდა, სწორედ ასე დაემართათ არამწეველებსაც (საიდან სადაო, წმინდაო საბაო).


 

მეგობრებთან ერთად ბარში ვარ, ვსვამ, ვცეკვავ, შიგადაშიგ ვამბობ რომ ქართულები და ჩქარები მირჩევნია. ვერთობი. მგონია, რომ სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებს, თვალებს მიჭრელებს განათება, მაგრამ პარასკევი საღამოა და ეპატიება. ვიღაც ტიპი ტეკილას მასხამს თმაზე, თან ამბობს, ამის დაქცევას ოჯახის დაქცევა მერჩივნაო და ვხვდები, ჩემიანია. ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი დღეც გათენდება, მაგრამ დღევანდელი, რა თქმა უნდა, გვირჩევნია და კაციშვილს არ ვაქცევთ ყურადღებას, საკუთარ თავებში ვართ და სახეზე გვაწერია, რომ სამყარო გაცილებით უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო, პარასკევი საღამოები რომ არა. მერე ვიღაც მუსიკის აპარატში ლარიანს აგდებს და ჰოტელ კალიფორნიას რთავს, შენ ქართული ვარიანტი გახსენდება (ვინც არ იცით, შეგიძლიათ ძველი სასტუმრო დააიუთუბოთ (დაგუგლვის პარალელური ფორმაა) და, რაც შემდეგ მოხდება, ყველას გაგაოცებთ), მაგრამ მაშინვე ივიწყებ და ძველ, კარგად დავიწყებულ ჰანგებს აყოლებ მოძრაობას და ჭაჭის ჭიქას. სიმღერა სევდიანია, შენ - არა. მთელი ბარი მღერის - ცოტათი მორცხვები ცოტათი ჩუმად. ბარისკენ ბრუნდები, რომ სასმისი შეივსო და, სანამ ბარმენს ეპრანჭები, ყურს რაღაც გჭრის. ხვდები რომ რაღაც ისე ვერაა, რაღაც ძალიან დიდი მოხდა, მნიშვნელოვანი და ისეთი, რომ არ უნდა გამოგრჩენოდა. ტრიალდები. ადგილზე შეშდები. ეს ის არ არის, რაც გსურდა. ირგვლივ სიცარიელეა, მუსიკის აპარატი თავისით გადავიდა სხვა სიმღერაზე და ხმა კაციშვილმა არ ააყოლა, იმიტომ რომ აღარავინაა. ბარი ცარიელია. არა, არც ძალიან ცარიელი, ბნელ კუთხეებში ვიღაც ტიპებს სძინავთ და შენ ერთი გაფიქრება კი ფიქრობ, როგორ ინანებენ ხვალ დილით რომ ყველაფერი გამოტოვეს, მაგრამ მალევე იშორებ გონებიდან ამ ფიქრებს, რადგან შენ უფრო დიდი საფიქრალი გაქვს - სად წავიდნენ შენი მეგობრები?! რატომ მიგატოვეს?! წამში გონება გინათდება და ხვდები, რომ ახალი კანონის გამო არიან გარეთ.

სიმართლე გითხრათ, ყოველ ასეთ წამს კაეშანი მიპყრობს. მე ვდგავარ ოთახში, ირგვლივ უცნობი ადამიანები ირევიან, ცეკვავენ, მღერიან, სვამენ, ხუმრობენ, ჭორაობენ, შენ კი ყველა ფილმში რომააა, ის კადრი ხარ - ტიპი რომ გაჩერებულია, არაფერი ესმის და დანარჩენი ყველაფერი ძალიან ჩქარა მოძრაობს.


იდექი ახლა და როგორც გინდა, ისე გააგონე ხმა, რომ არასწორი იყავი, როდესაც მწეველების გარეთ გაყრას ითხოვდი. დააჯერე ახლა, რომ გირჩევნია თმაში სიგარეტის სუნი გქონდეს, ვიდრე აქ მარტო იდგე. გინდა ვიღაც მოვიდეს, მხარი მოგიწიოს და შენც იმ პატარა ბავშვივით აქვითინდე, რიგში რომ დედამ უთხრა, ახლავე მოვალო და დედა არა, მაგრამ ამის რიგი კი მოვიდა, გარშემო მდგომი დეიდები რომ სისინებენ ტუალეტის ქაღალდი რამ დაავიწყაო, შენ  კი ცოტაც და ჩაიფსამ შიშისა და უმწეობისგან. დგახარ და არ იცი რა აკეთო, ფეისბუქი სქროლო თუ აქეთ-იქით იყურო, ვითომ ძალიან სხვაგან ხარ, უკვე იმ ფაზაში, დაკვირვების პროცესი რომ გსიამოვნებს. მაგრამ შინაგანი შფოთვა არ გაჩერებს. შენს მეგობრებს უყურებ, ისინი ეწევიან, რაღაცებზე ხუმრობენ, შენ რომ ბიჭი მოგეწონა, მაგან ვიღაცა გოგოს სანთებელა გაუწოდა და იმანაც ნება-ნება აანთო, სათვალის გარეშე კი ვერ ხედავ, მაგრამ რაღაცა მზერა უეჭველად იქნებოდა. წყალში ჩაიყარა შენი სასიქადულო ხუმრობები და ლამაზი ისტორიები, აღარავის ახსოვხარ, იქ სულ სხვა სამყაროა.

 

ილიას დროს რომ ეს კანონი ყოფილიყო, ხიდჩატეხილობის პრობლემას სულ სხვა ინტერპრეტაცია მიეცემოდა. ეროვნულების თემების წერაც გაცილებით სახალისო იქნებოდა, სად ქალთა და სად მწეველთა და არამწეველთა სახეები ვეფხისტყაოსანში.

შენი მეგობრები ბარში ბრუნდებიან. სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებთ და შენ ხვდები, მხოლოდ ჯინ-ტონიკის ბრალი არაა, შენ ლუდის მთლიანი შემადგენლობა უკვე წაკითხული გაქვს და კარგი კითხვითაც იცი, ისინი კი რაღაც თემას აგრძელებენ, შენ ვერ ეწევი (ვერც თემას და ვერც სიგარეტს), ეკითხები, ისინი გიყრუებენ და თან ჩუმად ამბობენ, არაფერი, არაფერი ისეთიო, თან გაჩუმებენ, კარგად რომ გაიგონ სხვა რას ლაპარაკობს ამ ,,ისეთარაფერ თემაზე“. შენ ცოტათი გეტირება და ხვდები, ეს ყველაფერი ერთ დღესაც ცხოვრებას დაგინგრევს.

დგახარ, შენს თმას ისევ ატმის შამპუნის სუნი აქვს, ტანსაცმლის  სამჯერ გარეცხვა არ დაგჭირდება სახლში რომ მიხვალ, მაგრამ უყურებ შენს მეგობრებს, რომლებმაც უამრავი რამ დაგეგმეს სიგარეტის მოწევისას... იმ გოგოსაც ხედავ, შენი ბიჭის მხარზე რომ უდევს ხელი და ხვდები, არაფერში გჭირდებოდა  ეს უმაქნისი სუფთა ჰაერი, რომელიც უფრო გახრჩობს, ვიდრე სიგარეტის კვამლი.

ავტორი

კოღიტო

იცხოვრე, რომ უსმინო

კომენტარები